Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეგრული ღვინო - დადიანებიდან – ჯიშურ მრავალფეროვნებამდე

მალხაზ ხარბედია

ნოემბრის ბოლოს “ღვინის კლუბი” სამეგრელოში გავემგზავრეთ ექსპედიციაზე. ნოემბრის ბოლო ის პერიოდია, როდესაც სამეგრელოში ოჯალეშის რთველია გაჩაღებული. მართალია სიტყვა “გაჩაღებული” ზუსტად ვერ ასახავს თანამედროვე მდგომარეობას, რადგან საუბარია უმცირეს რაოდენობებზე და პატარ-პატარა “კუნძულებზე” გაშენებულ ვენახებზე, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ მალე ვითარება შეიცვლება. “ღვინის კლუბი” სწორედ იმ იმედით დადის რეგიონებში, რომ მალე ქართული მევენახეობის ყველა კუთხეში გაჩნდება დამოუკიდებელი ცენტრები, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ჯიშებზე და ტრადიციებზე იქნება ორიენტირებული.

სამეგრელოში პირველ რიგში მარტვილის მონასტერს ვესტუმრეთ. ჭყონდიდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე პეტრე მართალია მარტვილში არ დაგვხვდა, მაგრამ მისი შეწევნით ჩვენმა ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა. ღამე იქვე მარტვილის მონასტერში გავათიეთ, დილით კი, სალხინოს გზას დავადექით, სადაც ღვთისმშობლის შობის მონასტერში უკვე მამები გველოდნენ.

სალხინო მეგრული მეღვინეობის ცენტრია. ასე იყო საუკუნეების მანძილზე და ასეა ახლაც. მართალია აქ ბევრი რამეა შეცვლილი, მაგრამ ტრადიციის უწყვეტობა მაინც სახეზეა. ღვინოს აქ დღესაც აყენებენ. ოჯალეშიდან ბერები გემრიელ მშრალ ღვინოს წურავენ, რომელსაც სალხინოშივე აძველებენ, ძველ, დადიანების მარანში. ეს მარანი ბოლო წლებში აღადგინეს, შეიძლება ითქვას, ახლიდან ააშენეს, მარნის გარშემო ახალი ვენახებიც ჩაყარეს მამებმა, თუმცა ყურძნის ძირითად ნაწილს მაინც მოსახლეობისგან იბარებენ.

ცხადია, ოჯალეშის წარმოების აღდგენით დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ მამების მონდომება საქმეს ვერ უშველის. ადგილობრივმა ხელისუფლებმაც და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მხარეში მეღვინეობა აღორძინდეს. სულ რაღაც 2-3 მცირე მარნის გამართვა და რამდენიმე ჰექტარზე ახალი ვენახების გაშენება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქმე დაიძრას. მითუმეტეს, ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია განსაკუთრებულ პროდუქტზე, ოჯალეშზე, რომელსაც არც ლეგენდა აკლია და ხარისხითაც გამორჩეული დგება, რაც საშუალებას მისცემს მომავალ ფერმერს სარფიანად გაყიდოს თავისი ნაწარმი. ამისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო სამუშაოები არაა საკმარისი, საჭიროა ნივთიერი დახმარებაც, რომელიც პირველ ეტაპზე ძალიან დაეხმარება დამწყებ მევენახეს.

ამ თემას ჩვენ კიდევ არაერთხელ შევეხებით, მანამდე კი თვალი მინდა გადავავლოთ მეგრული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს, რომელიც ალბათ ერთ-ერთ ყველაზე არქაულ კერას წარმოადგენს საქართველოში. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთის შესახებ ვიცით, ასევე ხშირად საუბრობდნენ აქაურ ღვინის კულტურაზე ევროპელი მოგზაურებიც და ამ კულტურის ნიშნები დღევანდელ ყოფაშიც ჩანს.  

            დავიწყოთ იქიდან, რომ სამეგრელოს ტრადიციული მევენახეობა სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რასაც აღმოსავლეთ საქართველოში ან თუნდაც იმერეთში მისდევდნენ. საქმე ისაა, რომ XIX საუკუნის 70-80-იან წლებამდე აქ დაბლარ ვენახებს თითქმის ვერ ნახავდით. ვენახების ლამის 100% ხეებზე იყო გაშვებული, მხოლოდ მაღლარის სახით გვხვდებოდა და აქაური ღვინო, ჯიშური მრავალფეროვნების და ტექნოლოგიის გარდა, კიდევ ამიტომაც განსხვავდებოდა საქართველოს დანარჩენი ღვინოებისგან.

            მაღლარის ვაზი ყველაზე ხშირად თხმელაზე და ხურმაზე იყო გაშვებული, ასევე კარგი იყო იფანი, რცხილა, თუთა და ხილის სხვა ხეები. მთიან ადგილებში ვაზი შედარებით დაბლა იყო გაშვებული, ბარში კი უფრო მაღალზე. დასამწიფებლად ყურძენს ხეებზე ძალიან დიდხანს ტოვებდნენ ხოლმე, საგვიანო ჯიშების კრეფას დეკემბრის დასაწყისიდან იწყებდნენ, იყო შემთხვევები, როდესაც თებერვლამდე დაუტოვებიათ მტევნები. ამის შესახებ, 1896 წელს ერმილე ნაკაშიძის მიერ გამოქვეყნებულ მოზრდილ ნარკვევში ვკითხულობთ, ამავე ნარკვევიდან ვიგებთ, რომ პირველი დაბლარების გაშენება სამეგრელოში სალომე დადიანის მეუღლეს, პრინც აშილ მიურატს და თავად დიმიტრი დადიანს დაუწყიათ და თავიდან ბევრ წინააღმდეგობასაც შეხვედრიან.

მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ დაბლარი დაუშვებელი იყო სამეგრელოში, ამბობდნენ, დაბლარზე მოწეული ყურძნიდან უინტერესო და უკბილო ღვინო დგებაო. მაგრამ რამდენიმე ადამიანის ძალისხმევამ მალე დაარწმუნა ყველა, რომ დაბლარის ყურძნიდან ისეთივე შინაარსიანი ღვინო დგებოდა, როგორც მაღლარიდან. ამას ამბობდა თავად ერმილე ნაკაშიძეც, რომელმაც ზუსტი მონაცემები შემოგვინახა იმ წლების შესახებ. მისი კვლევიდან ვიგებთ, რომ  1875 წელს გურია-სამეგრელოში საერთოდ არ იყო დაბლარი და 20 წლის განმავლობაში ამ მხარეში 370 ჰექტარი დაბლარი გაშენდა. პირველ რიგში რა თქმა უნდა გურიაში იაკობ მარისა და სამეგრელოში აშილ მიურატის თაოსნობით.

            მიურატის მიბაძვით სხვებმაც გააშენეს ვენახები. თავიდან, როცა დაბლარის მოვლა არავინ იცოდა, მომვლელებად იმერლები ჩამოჰყავდათ, რომლებიც კარგად ერკვეოდნენ ამ საქმეში და რამდენიმე წელიწადში სამეგრელოშიც დაეუფლნენ მევენახეობის ყველაზე კულტურულ ფორმას. სხვათა შორის, უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ახლაც, სალხინოში ახალშენ ვენახებს წარმოშობით იმერელი ბერები უვლიან.

            აშილ მიურატი ღვინით სერიოზულად 1889 წელს დაკავდა. მას მეურნეობა ორგან ჰქონდა მოწყობილი, ზუგდიდთან, ჭკადუაშში და სალხინოში. სალხინოში საუკეთესო კირქვიანი ნიადაგებია ოჯალეშისთვის და დადიანების სასახლესთან ახლოს, იმ ადგილებში, სადაც ადრე მთლიანად მაღლარზე, მხოლოდ ხურმის ხეებზე იყო გაშვებული ვაზი, მიურატმა მთლიანად დაბლარზე გაუშვა ოჯალეში. პრინცმა თურმე დაახლოებით 15 ჰექტარზე გაკაფა ეს ხეები და ახალი ვენახი ჩაყარა, რომლითაც შემდეგ საბჭოთა პერიოდშიც სარგებლობდნენ. ვენახები ტერასებად იყო განლაგებული თურმე, მცირედი დაქანება კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ჰქონდა. გარდა ოჯალეშისა, მიურატმა კრახუნას (კრახუნა მართალია ისეთი ძლიერი ვერ იყო, როგორც იმერეთში, სვირში, მაგრამ ბევრის აზრით, სამეგრელოში მისგან იმერულზე უფრო არომატული ღვინო დგებოდა), ციცქას, შავასა და რკოს ნერგებიც გამოიწერა იმერეთიდან (ბაღდათიდან), ზურაბ ყიფიანის ვენახებიდან, ასევე საფერავი და ჩხავერი, ევროპული ჯიშები, მათ შორის, კაბერნე ფრანი, კაბერნე სოვინიონი, მურვედრი და ფოლ-ბლანში. მოაწყო ამერიკული საძირეების საშენიც, რათა ფილოქსერასგან დაეცვა ვაზი. მიურატმა 4 წელიწადში, 1893 წელს პირველი ოჯალეშიც დააყენა, რომელიც ტფილისში პროფესორმა მარიონმა გასინჯა და თქვა, რომ ის საუკეთესო ღვინო იყო, რაც კი მას კავკასიაში დაულევია.

ჭკადუაშში აშილ მიურატს მუხის კასრების სპეციალური საამქრო ჰქონდა გამართული, სადაც მრავალნაირი ჭურჭელი მზადდებოდა, მუხის სადუღარი როფები, ვედროები, კასრები, მისი მარნები აღჭურვილი იყო კლერტგამცლელებით, საჭყლეტებით, წნეხებით, პომპებით და მრავალი სხვა ხელსაწყოთი. სალხინოში ორი მარანი იყო, სადაც ძირითადად ოჯალეში დგებოდა. დღევანდელი ახალი მარნის გვერდით დღემდეა შემონახული ძველი ქვევრების უძვირფასესი კვალი, რომელიც დადიანების ძველი მარნიდან შემორჩა. ეს ქვევრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზთა გამო დაზიანდა, დღეს კი ღია ცის ქვეშაა მოქცეული. როგორც მამებმა გვითხრეს, დაგეგმილია ძველი ნამარნევის მინით გადახურვა, რაც ნაშთებს დაიცავს კიდეც და ტურისტულ დანიშნულებასაც მისცემს.

გიგანტური, 300 კოკიანი ქვევრით იყო განთქმული თავად სალხინოს სასახლეც, რომელსაც “ქვევრის სასახლესაც” უწოდებდნენ და რომელზეც იონა მეუნარგიაც წერდა თავის წიგნში დადიანების შესახებ.

 ცხადია, ოჯალეში წამყვანი ჯიში იყო სამეგრელოში, მას მეორე სახელიც ჰქონდა, შონური, ანუ სვანური და იგი ყველაზე მეტად გავრცელებული იყო მდინარე ტეხურისა და აბაშის ხეობაში, სოფლებში სალხინო, წაჩხური, თამაკონი, ვახა, თარგამაული, აბედათი, სკურდი, გურძემი, ნახუნაო... როგორც სალხინოში, დანარჩენ სოფლებშიც ძირითადად სულ კირქვიანი ნიადაგია და სავენახე ადგილები ყველგან მზისკენ იყო მიფიცხებული.

ერმილე ნაკაშიძე ოჯალეშს ბურგუნდიულს ადარებდა. სხეულიანი, მაგარი, ძალიან სასიამოვნო არომატის ღვინოაო. ხშირი გადაღებით კიდევ უფრო მაღალი ხარისხის დგება, დიდხანს ინახება და ტრანსპორტირებას კარგად უძლებსო. ოჯალეშს საბჭოთა პერიოდშიც აწარმოებდნენ 1933 წლიდან მოყოლებული, ოღონდ, ძველი ოჯალეშისგან განსხვავებით, ამას ნახევრადტკბილად აყენებდნენ, ხოლო შემდეგ პასტერიზაციას და სხვ. მრავალ ფოკუსს უტარებდნენ, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევდა. საბჭოთა პერიოდშივე ჩაანაცვლა მეგრული ოჯალეში ცაგერის რაიონში დაკრეფილმა ორბელურმა ოჯალეშმა, რომელიც არსებითად სულ სხვა ჯიშია.

სალხინოში რა თქმა უნდა ჩვენც გავსინჯეთ ოჯალეში, ახალგაზრდა, ახლად დადუღებული წლევანდელი ღვინო ცოცხალი ჟოლოსფერით. ღვინო არ გამოირჩეოდა ფერის დიდი ინტენსივობით, ხასიათდებოდა ძალიან სასიამოვნო მჟავიანობითა და ახალი სურნელებით. ძალიან საინტერესო იქნება რა დადგება მისგან გაზაფხულზე, სააღდგომოდ, როცა ტრადიციულად ფასდება ხოლმე წინა წლის ღვინო. იმედი გვაქვს ღვინოს “ახალი ღვინის ფესტივალზეც ვიხილავთ”. ასევე გავსინჯეთ 2007 წლის ოჯალეში, დამდგარი, დაძველებული ღვინო, რომელიც დროთა განმავლობაში ალბათ კიდევ განვითარდება. სამომავლოდ “ღვინის კლუბი” გეგმავს სპეციალური დეგუსტაციაც მიუძღვნას ოჯალეშს, სადაც სალხინოს მარანში დაყენებული ეს ღვინოც იქნება წარმოდგენილი.

სხვა ჯიშებიდან აღნიშვნის ღირსია გოდაათური, კიდევ ერთი გამორჩეული წითელყურძნიანი ვაზი, რომელიცმაგარ, მუქი შეფერვის ღვინოს იძლეოდა, იყო ძალიან არომატული და ხარისხით არაფრით ჩამოუვარდებოდა ოჯალეშს. გოდაათური ძირითადად გავრცელებული იყო სოფლებში – აბედათი, ჟოლევი, ფოცხო, ლესიჭინე, ახუტი, უშაფათი, ხორში, ეკი, ნოქალაქევი. ასევე წითელი ჯიშებიდან გავრცელებული იყო – პუმპულაში, ხარდანი, ტოროკუჩხი, პანეში, კიკაჩა, კოლოში და მრ. სხვ.

თეთრი ჯიშებიდან ჭვიტილური იყო ყველაზე ცნობილი. იგი სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელში მოყავდათ, სადაც კი მევენახეობას მისდევდნენ, თუმცა საუკეთესო ღვინოები დგებოდა წალენჯიხაში, საჩინოში, მუხურსა და სალხინოში. ასეთივე გავრცელებული იყო ჩეჭიფეში, რომელიც, ჭვიტილურისგან განსხვავებით ძალიან ადრეული ჯიში იყო და ფერისცვალობას უკვე მწიფდა. ერმილე ნაკაშიძის ნარკვევში ასევე მოყვანილია 50-ზე მეტი სხვა მეგრული ჯიშის დასახელებაც, რომელსაც თან ახლავს გავრცელების ზუსტი არეალი, ანუ იმ სოფლების სია, სადაც ეს ჯიშები მოყავდათ. ჩვენთვის, “ღვინის კლუბისთვის” ეს ინფორმაცია უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს, რადგან სამომავლოდ, სწორედ ამ სოფლებში უნდა დავაბრუნოთ ის გადაშენებული ჯიშები, რომელთაგან ზოგიერთი დღემდეა შემორჩენილი, ბევრი კი სულ ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა სხვადასხვა საკოლექციო ნაკვეთში. “ღვინის კლუბი” აქტიურად თანამშრომლობს საგურამოს “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრთან”, სადაც არაერთი მეგრული ჯიშია დაცული და  სამომავლოდ პირველ რიგში ალბათ სწორედ ამ ჯიშებს დავაბრუნებთ მშობლიურ ადგილებში.

© ღვინის კლუბი/Weekend



მარტო გურიაში და სამეგრელოში 100ზე მეტი წითელი ყურძნის ჯიში ყოფილა ცნობილი, ივ. ჯავახიშვილის მიხედვით. დასავლეთ საქართველოს ჯიშების აღდგენა-რეაბილიტაცია ნელა მაგრამ მაინც მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ ტოლს არ დაუდებენ კახურ ჯიშებს თუკი ეღირსათ ზუსტად მისაღებ მიკროკლიმატში აღდგენა/ჩამოყალიბება. თუ მოხვდით დასავლეთში, შემოიარეთ საყვავის ტყეში. მდებარეობს ჩოხატაურის რაიონში, სუფსის ხეობის სამხრეთ კალთებზე, სოფ. ბუკისციხეს, დაბლაციხეს და საჭამიასერს შორის. ერთერთი მეტად გავრცელებული ვერსიით ეს რეგიონი, სუფსისა და ხევისწყლის ხეობები, ჩხავერის, სხილათუბნის და ჯანის სამშობლოდ არის მიჩნეული.


zalian gamixarda ojaleshis garda sxva megruli jishebis arsebobis gageba, imformaciis uqonlobis gamo arcki carmomedgina saertod tu arsebobda am dalocvil kutxeshi sxva kurznis mokvanis sashualeba. tu sheizleba momacodot imformacia sad sheizleba gavarkvio senakis raionshi sofel nosirshi romeli jishis kurzeni sheizleba gavaxaro. cinascar did madlobas mogaxsenebt


ძალიან საინტერესო სტატიაა.ოქტომბერში ჩემს მეგობართან ვიყავი სტუმრად წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში (უბანი _ ლესალე). იქ თავი მოაქვს ყველას ადესათი (ვნახე აგრეთვე თეთრი ყურძენიც _ "ნოვა". მე რომ ჩემს მასპინძელს ვუთხარი, ადესა ღვინო არაა მეთქი, ჯერ შეიცხადა, მერე თავის მეგობარს (აგრონომის განათლებით)დაეკითხა და მანაც იგივე რომ უპასუხა, დამეთანხმა. მოვიკითხე, ადგილობრივი ძველი ჯიშები თუ არის მეთქი სოფელში. ჭვიტილური ჰქონია ერთ-ორ კაცს, თვითონ კაჭიჭი აღმოაჩნდა 3 ძირი. მე ვურჩიე, რომ მარტვილში წასულიყო და ნამდვილი მეგრული ჯიშის ვაზი გაეშენებინა მამულში. ამას წინათ წავიკითხე, რომ კონსტანტინე გამსახურდია კოლხურ კოშკში სტუმრებს თავმომწონედ აუმასპინძლდებოდა თავის ეზოში მოწეული და ზვიადის მიერ დაწურული ადესათი. როდესაც ტრადიციების დამცველი ასეთი პიროვნებაც კი ვერ არჩევს ნამდვილ ღვინოს ფსევდოღვინისგან, ე.ი. ჩვენთან საზოგადოდ ცოდნის დონე ამ სფეროში არადამაკმაყოფილებელია.


დიდი სიამოვნებით შევიძენდი კაჭიჭის ნერგებს, თუ მიმასწავლიდით სად და რომელ თვეში უნდა შევიძინო, ვაპირებ იმერეთში ქუთაისთან ახლოს, კერძოდ ხონში. წინასწარ დიდი მადლობა.


კაჭიჭი აფხაზურია. მე იმერული ჯიშებიდან გირჩევდით რომელიმეს...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული