Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარანი "ცანკას ღვინო" - მცირე მარნების ანთოლოგია (77)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
- მარანი „ცანკას ღვინო“ კახეთში, კონკრეტულად კი საგარეჯოს რაიონის სოფელ ქვემო ყანდაურაში მდებარეობს. მარანი ოფიციალურად 2020 წელს დავარეგისტრირეთ, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საკმაოდ დიდი დრო, ენერგია და შრომა დაგვჭირდა.
მიზეზი ბავშობის ოცნებებიდან იწყება, თუმცა რეალურია უფრო, თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი ბებია-პაპის და მშობლების გავლენა და დამსახურებაა. არ არსებობს დღე ვენახის, ვაზის, ღვინის გარეშე. პაპა მუხის კასრებს ამზადებდა. მთელი დღე აუჩქარებლად, მოთმინებით მუშაობდა და თან თავს იწონებდა მარანში გადამხდარი ამბების მოყოლით. ეზოც გაჟღენთილი იყო გამომშრალი ხისა და ღვინის სუნით. ჩემი ოჯახის საქმიანობა, საუბარი, კამათი იწყება და მთავრდება ვაზით, ვენახით.
ჩემი მთავარი ინსპირატორი მაინც მამაჩემია. ერთხელ თქვა, აი, ვენახში რომ შევდივარ, ყურძნის მტევანს, ვაზს რომ ვეხები ყველა პრობლემა მავიწყდება, მაშინ ვგრძნობ ყველაზე მძაფრად სიცოცხლის მნიშვნელობასო. (ეს შეგრძნებები ნამდვილად მემკვიდრეობითია). ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოჯახის ერთგული შრომა და ვაზის, ღვინის მოფრთხილება, სიყვარული მთავარი საფუძველია ჩვენი პატარა მარნის დაარსებისა.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
- ამჯერად გვაქვს რქაწითელი, რომელსაც ქვევრში, ტრადიციული კახური მეთოდით ვაყენებთ და საფერავი. არის გამორეული სხვადასხვა ჯიშის ვაზები (ზოგიერთს ვერც ვცნობთ), მაგალითად,  „ვარდისფერი რქაწითელი“, რომელიც წელს პირველად დავწურეთ ცალკე და უგემრიელესი, მსუბუქი და არომატული ვარდისფერი ღვინო მივიღეთ შედეგად. ჩვენი მთავარი მიზანია რქაწითელისა და საფერავის ჯიშებზე აქცენტისგაკეთება. ვგეგმავთ კონკრეტულად საფერავის ვენახის გაშენებას და ბიომეურნეობაზე გადასვლას. არ ვაპირებთ დიდ ამბებს შევეჭიდოთ, უბრალოდ გვინდა, რომ რაც გვაქვს ხარისხიანი და ჯანსაღი იყოს.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
- ამ ეტაპზე გვაქვს ქვევრის რქაწითელი მშრალი.ვარდისფერი რქაწითელი და საფერავი მშრალი.
ჩვენი ვენახები გზიდან მოშორებით არის, ტყესთან ახლოს და ეს ეხმარება ვაზს სისუფთავის შენარჩუნებაში, არომატების მიღებაში.ჩემი ფავორიტი ღვინო, ჩვენი მარნიდან, „ცანკას საფერავია". საოცარი, მკვეთრი და დასამახსოვრებელი გემოები აქვს.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- ჯერ ახალი ვართ ბაზარზე, ჯერჯერობით ღვინოს ფესტივალებზე და ონლაინ შეკვეთებით ვყიდით. ჩვენი მარანი სტუმრებსაც იღებს და ადგილზეც იყიდება ღვინო.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
- კონკრეტულად რომელიმე მაღაზიაში არ შეგვაქვს, თუმცა ჩემმა გერმანელმა მეგობრებმა და ნაცნობებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ჩემი ღვინის შეძენა უნდოდათ და გავუგზავნეთ საქართველოდან.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
-  სირთულეები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. მაგალითად, ფასები ღვინის ინვენტარზე. თავის დამკვიდრება ბაზარზე და ა.შ. თუმცა ყველაფერი მიიღწევა შრომით და შეუპოვრობით.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

-  რა თქმა უნდა, ამ კუთხით ბევრი აქტივობა: ფესტივალები, სხვადასხვა ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. სამწუხაროდ, პატარა ქვეყანა ვართ და მიუხედავად ჩვენი ღვინის და ვაზის მდიდარი კულტურისა, მაინც უცხოები ვრჩებით ბევრი ქვეყნისთვის.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- იმას, რასაც ჩემს თავს ყოველ დღე ვუმეორებ: ყველაფერი გამოვა, მთავარია საქმის სიყვარული, შრომა და რწმენა.

მარნის მისამართი: საგარეჯოს რაინო, სოფელი ქვემო ყანდაურა

ტელეფონი: 599374592  (WhatsApp 571 331479)

ელფოსტა: tsankawine@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:  Tsankas Wine - მარანი ცანკას ღვინო

© ღვინის კლუბი/vinoge.com     

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული