Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია - ძველი სამყაროს პასუხი

 

ღვინის ბაზარზე აღიარებული სახელის ფორმირების რთული გზა, ან, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ბრენდის შექმნა, ერთ-ერთი იმ თემათაგანია, რომლებიც წითელ ზოლად გასდევს ჰიუ ჯონსონის წიგნს "ღვინის ისტორია", და რომლის რჩეული თავების პუბლიკაციასაც ამ სტატიით ასრულებს ჩვენი გაზეთი. და მაინც, არც ერთ კრიტიკოსს, რომელიც ჟონგლიორობს ეპითეტებით და სვამს მუხაში დაძველებულ შარდონეს ან ერთ ძვირფას ბოთლს მეორეზე ნახევარი ბალით მაღალ შეფასებას აძლევს, არ ავიწყდება, რომ ღვინო ბუნების ერთ-ერთი საოცრებაა. 10 000-წლიანი ისტორიის განმავლობაში მისი ცხოვრების, განვითარებისა და დაძველების უნარი აიძულებს ადამიანს გამოარჩიოს ის სხვა დანარჩენი პროდუქტისგან. ძველ დროში ღვინოს ღვთის წყალობად მიიჩნევდნენ, ზოგიერთები კი დღესაც პირდაპირ ამბობენ, რომ "ღვინო - ღმერთია".

            ფესვებთან განშორება
 
        მას შემდეგ, რაც ახალ სამყაროში მწარმოებლებმა შეძლეს ისეთი ღვინოების მიღება, რომელთა გემო და არომატი ბევრი რამით ჰგავდა ძველ კლასიკურ ფრანგულ ღვინოებს, ძველი სამყაროს მეღვინეების წინაშე საკმაოდ რთული საკითხი წამოიჭრა: უნდა მისდიონ თუ არა ტრადიციებს, რომლებსაც თითქმის უკვე აღარ ენდობოდნენ, თუ, უარი ეთქვათ მათზე და ფეხი აეწყოთ დროისთვის? უნდა მიჰყოლოდნენ თუ არა მსოფლიო ღვინის ბაზრის ახალ ლიდერებს - ამერიკელებსა და ავსტრალიელებს?
            სიამაყე და პატრიოტიზმი მათ ერთ მხარეს ეწეოდა, ბაზრის მოთხოვნილებები - მეორე მხარეს. იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი სახელები ნეონის ბრწყინვალებით მოციმციმე სარეკლამო დაფებზე დაენახათ, ამერიკაში ემიგრაციაში გამგზავრებულ ხმელთაშუა ზღვისპირეთის მეღვინეებს უარის თქმა მოუხდათ თავიანთი სამშობლოს ტრადიციებზე. ფართო მოხმარებისთვის განკუთვნილი ამერიკული ღვინოების თითქმის უკლებლივ ყველა მწარმოებელი წარმოშობით იტალიელია. ძმებმა ერნესტ და ჯულიო გალოებმა (Gallo) 50 წელიწადში შექმნეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მეღვინეობის კომპანია, რომელშიც იწარმოება და ჩამოისხმება კალიფორნიული ღვინის ყოველი მეოთხე ბოთლი. მეორე მხრივ, მარტინისა (Martini) და მონდავის (Mondavi) სახელები იქცნენ ფრანგული სტილის მაღალხარისხიანი ღვინის საერთაშორისო სიმბოლოებად. მაგრამ სადღაა კალიფორნიული Barolo, Barbaresco და Brunello? და, თუ ასე მივყვებით, სად წავიდა ტემპრანილიო და პარელადა, რომლებიც ლოგიკურად ესპანეთის შენატანი უნდა ყოფილიყო? იმის მაგივრად, რომ კალიფორნიაში ხმელთაშუა ზღვის ბრწყინვალე ღვინის საწარმოებლად თან წაეღოთ საუკეთესო ვაზები, ემიგრანტები ამ სახელებს არქმევდნენ ნებისმიერ იაფფასიან, ჩვეულებრივ ტკბილსა და ხშირად ცქრიალა ღვინოს.
            თავად იტალიასა და ესპანეთს შეუძლიათ აწარმოონ საუკეთესო კალიფორნიული ღვინოების დონის შარდონე და კაბერნე. პიემონტელი ანჯელო გაიას (Gaja) მიერ წარმოებული შარდონე და ბრწყინვალე Sassicaia ტოსკანის სანაპიროდან არ გვაძლევს ამაში ეჭვის შეტანის საბაბს. ისევე როგორც ტორესის (Torres) ღვინოები, რომლებმაც რევოლუცია მოახდინეს კატალონიაში. მაგრამ რაოდენ ტრაგიკული იქნებოდა, ყველაფერი ბრმა მიბაძვით რომ შემოფარგლულიყო და ამ ღვინოების უძველესი წინამორბედები, რომლებიც ბერძენი და ფინიკიელი კოლონისტების დროს გამოჩნდნენ, ისტორიის მიღმა დარჩენილიყვნენ. საუკეთესო მეღვინეები ალბათ ვერ შეეგუებიან ამ აზრს. ახლა ისინი წონასწორობის დაცვით თითქოს ახალსა და ძველ სამყაროებს შორის გაბმულ წვრილ მავთულზე გადიან.
           
მტრების სტრატეგია
 
საუკეთესო ნიმუშებისთვის მიბაძვაში ან თვით ასლის გადაღებაში, არაფერია დასაგმობი და... ახალი. ძველი ბერძნები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ზუსტად აღედგინათ აღთქმული მიწის ღვინის გემო და არომატი და ამზადებდნენ "ბიბლიურ" ღვინოს. ხმელთაშუა ზღვისპირეთში კი შუა საუკუნეებში ამზადებდნენ ტკბილ და მაგარ ღვინოს, რომელსაც აქ ბერძნულს "უწოდებდნენ".
ასწლეულების მანძილზე ღვინოებს არქმევდნენ ყურძნის ჯიშების სახელს და ამგვარად განსაზღვრავდნენ მათ სტილს. მალვაზია და მუსკატელი, ეს არის ყურძნის ჯიშები, და ასევე ჰქვიათ სახელგანთქმულ ღვინოებსაც, მიუხედავად წარმოშობის ადგილისა.    
            როდესაც მეღვინეობის პიონერებმა ახალ სამხრეთ უელსში ან სანტა-კლარაში პირველი ვენახები გააშენეს, მათ აზრადაც არ მოუვიდოდათ თავიანთი მშრალი თეთრი ღვინოებისთვის "შაბლის" ნაცვლად რაიმე სხვა სახელწოდების მოფიქრება, მაშინ როდესაც წითელ ხილის არომატებიან ღვინოებს უბრალოდ "ბურგუნდიულს" უწოდებდნენ. სამყარო ისეთი უზარმაზარი ჩანდა, რომ შანსი, ისინი ვინმეს ფრანგულად მიეჩნია, თითქმის ნულის ტოლი იყო. ამიტომ, კიდევ რა შეიძლებოდა დაერქმიათ სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივი გამაგრებული solera-სთვის, თუ არა ხერესი? და რას ეძახდნენ ყველა ქვეყანაში ცქრიალა ღვინოებს, თუ არა შამპანურს?
ყოველ შემთხვევაში, ამერიკაში ერთ ღვინოს მიენიჭა სახელწოდება "ცქრიალა კატავბა". ეპოქაში, რომელიც წინ უსწრებდა "მშრალი კანონის" ხანას, ბევრი მეღვინე იყენებდა ისეთ სახელწოდებებს, როგორიცაა "ნატიფი ძველი კაბერნე კლარეტი".
მართალია, მეღვინეობის საფუძვლების შესახებ ლიტერატურაში 1950-იან წლებამდე კვლავინდებურად განიმარტებოდა, რომ კაბერნე "საფრანგეთში ბორდოს რაიონის წითელი ყურძნის ელიტარული ჯიშია", ხოლო შარდონე - "დიდებული ფრანგული თეთრი ბურგუნდიული ღვინოების ერთადერთი წყარო". ამგვარად, კაბერნესა და შარდონეს, ისევე როგორც ოდნავ მოგვიანებით სოვინიონ ბლანის, რისლინგის, გევიურცტრამინერის, პინო ნუარის სახელის დარქმევა დაიწყეს მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის ქარხანაში დამზადებული ღვინის კატეგორიებისთვის.
 
 
საპასუხო დარტყმა
 
დადგა დრო, როცა ევროპას თავისი პოზიციები უნდა დაეცვა.
ფრანგებს ხელს აძლევდა ასეთი ვითარება - თუმცა იმ დროს ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებდა ამას. მათ საერთოდ არ აშინებდათ პერსპექტივა, რომ აღარ იქნებოდნენ ისეთი ღვინის ექსკლუზიური მიმწოდებლები, რომელიც გათვალისწინებული იყო ყველაზე დახვეწილი გემოს დასაკმაყოფილებლად. ისინი მშვენივრად აცნობიერებდნენ, რომ მათ ყველაზე გულწრფელი კომპლიმენტი უთხრეს და, უფრო მეტიც, არავის არ შეეძლო ამ ვითარებიდან მეტი სარგებლის მიღება, ვიდრე თავად მათ. რამეთუ ღვინოში ყველაზე მთავარი მისი ინდივიდუალობა, ბაზარზე მისი ცნობადობაა.
და მაშინ მათ თავში აზრად მოუვიდათ კანონმდებლობის შექმნის იდეა, რომელიც ისეთი ძნელად შესაცნობი საგნის წარმოებას, ხარისხსა და სახელწოდებას გააკონტროლებდა, როგორიც ღვინოა. XX საუკუნის დასაწყისამდე ყოველი რეგიონი ღვინის წარმოებასა და ხარისხს ამ ნატიფ საგანზე საკუთარი, ადგილობრივი წარმოდგენებიდან გამომდინარე აკონტროლებდა. ერთია სახელმწიფო კანონმდებლობის შექმნა, რომელიც შეიცავს ზოგად სიტყვებს პროდუქტის სისუფთავის მხარდასაჭერად და მისი ფალსიფიკაციის საწინააღმდეგოდ, როგორც ეს მოხდა გერმანიაში 1901 და საფრანგეთში 1905 წლებში, და სულ სხვაა კანონის ჩარჩოებში ადგილობრივი ტრადიციების ჩატენვის მცდელობა.
გერმანიამ, როგორც ვხედავთ, დროში უპირატესობა მიიღო. რაც შეეხება თავად კანონის ეფექტურობას, მასში იმდენი აბდა-უბდა ფორმულირება და განსაზღვრება იყო, რომ გერმანელი კანონმდებლები დიდი ხნის განმავლობაში იძულებული იყვნენ მუდმივად ერკვიათ და დამატებები შეეტანათ მათში. სამაგიეროდ, ფრანგებმა, თუმცა ისინი დროში ჩამორჩებოდნენ, თავიანთი ჩრდილოელი მეზობლებისგან განსხვავებით, კანონმდებლობის მკაფიოდ ჩამოყალიბება შეძლეს. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც 1930-იან წლებში რამდენიმე ისტორიულ რეგიონს "selos de origen-ის" სტატუსი მიანიჭა, იყო პორტუგალია. იტალიასა და ესპანეთში ყველაფერი იმით შემოიფარგლებოდა, რომ ყველაზე ცნობილი ღვინის მწარმოებლები გაერთიანდნენ ასოციაციაში, რომელიც თავიანთი მარკების დაცვისა და დაწინაურებისკენ იყო მიმართული. ესპანეთში ეს იყო რიოხა (1926 წელს) და ხერესი (1933 წელს); იტალიაში კი, ბუნებრივია - კიანტი.
იტალიის მთავრობა საზღვრების მონიშვნაში არ ჩაღრმავებულა, იგი შემოიფარგლა მხოლოდ "სპეციალური და მუდმივი დახასიათებების" იურიდიული განმტკიცებით, რომლებსაც უნდა ფლობდეს Chianti. ფლორენციასა და სიენას შორის მდებარე ცენტრალური ოლქის მწარმოებლებმა სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი. 1924 წელს მათ დააარსეს Consorzio del Vino Chianti Classico, სამი წლის შემდეგ კი იგივე გააკეთეს მათმა ჩრდილოელმა მეზობლებმა, რომლებმაც დააფუძნეს კონკურირებადი კონსორციუმი, რომლის ემბლემა გახდა "putto" - ქერუბიმი.
 
ბორდო: კვლავინდებურად მიიწევს წინ
 
ბორდოს თითქოსდა შეუცვლელ ცის კამარაზე 1950-იან წლებში გამოჩნდა ახალი თანავარსკვლავედი: ლიბურნელი ღვინით მოვაჭრის, ჟან-პიერ მუეს (Moueix) იმპერია (მხოლოდ ეს სიტყვაა შეეფერება), რომლის გამჭრიახობის წყალობითაც, პირველად ისტორიაში, შესაძლებელი გახდა სენტ-ემილიონისა და პომროლის (სწორედ მან შექმნა Château Pétrus-ი) სტატუსის აწევა მედოკის დონემდე.
მუემ პომროლის პოტენციალი გააცნობიერა 1930-იან წლებში. იგი რეალისტურად აღწერს მის უდიდეს უპირატესობებს, რაც გამოიხატება ახალგაზრდულ ასაკში ადგილობრივი ღვინოების მიმზიდველობაში და კომუნებისა და კლასიფიკაციების კომპლექსების ნაყოფთან შედარებით მათ შეცნობაში. მან თავისი საქმე დაიწყო დეპრესიის წლებში, ერთი მუჭა ნიმუშით გავიდა ჩრდილოეთ საფრანგეთისა და ბელგიის ტრადიციულ შეზღუდულ ბაზარზე, და ამის შემდეგ მან და მისმა ვაჟებმა დაიპყრეს მსოფლიოს ძირითადი ბაზრები. მისი კომპანია აკონტროლებს ან მართავს ორივე რეგიონის საუკეთესო მამულებს, ხოლო დანარჩენი მამულების მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი ღვინოების რეალიზებას სწორედ მისი მეშვეობით ახდენს.
 
იტალიის დანარჩენ ტერიტორიაზე ანარქია გამეფებული იყო 1963 წლამდე, როდესაც მთავრობამ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა "ჰერაკლეს მე-13 გმირობის" ჩადენა - მან ხელი მიჰყო სახელწოდებების შეთანხმების, რომ არაფერი ვთქვათ "ტრადიციული" ღვინოებისთვის რეგლამენტების დაწესებაზე, რომელთა სისტემა მინოტავრის ლაბირინთს ჩამოჰგავს. ეს სამუშაო დღემდე არ არის დასრულებული და, შესაძლოა, არც არასოდეს დასრულდეს. ფერმერებს შორის შეთანხმების მიღწევას შეიძლება დასჭირდეს ათი წელი; რომის ბიუროკრატიასთან ბრძოლას - კიდევ ხუთი წელი. და, მიუხედავად ამისა, საქმე მაინც წინ მიდის.
იტალიის, ესპანეთისა და პორტუგალიისთვის მთავარი დილემა იმაში მდგომარეობდა, რომ თავიანთი ტრადიციების დაცვით (საკუთარი კანონებისადმი მორჩილებითა და ყურძნის ცნობილი ჯიშებით საყოველთაო გატაცების იგნორირებითაც კი), მათ ექმნებათ იმის საშიშროება, რომ მიაკუთვნებენ იმ მწარმოებლების რიცხვს, რომლებიც ღვინოს განდობილთა ვიწრო წრისთვის ამზადებენ. მაგრამ ახალი სამყაროსთვის ფრანგული წარმოშობის ღვინოების ახალი ვერსიებით კვალში ჩადგომით, არანაკლები საფრთხე ემუქრება მათ ისტორიულ ინდივიდუალობას. რამეთუ ახლა ისინი თავიანთ სახელს იცავენ საერთაშორისო კონკურსებზე, წარმოადგენენ რა იქ ღვინოებს, რომელთაც პეციფიკური იტალიურისა ან ესპანურისა არაფერი არ სცხიათ.
 
იტალიური დომხალი
 
ამჟამად იტალიაში 220-ზე მეტი Denominazione di Origine Controllata-ა, რომელთა კანონებით განისაზღვრება არა მხოლოდ ღვინის ზუსტი რაოდენობა და სიმაგრე, მოსავლიანობა, იმ ყურძნის ჯიში და აღმოცენების ზონა, რომლისგანაც აწარმოებენ DOC-ის კლასის ღვინოებს, არამედ მათში სრულადაა აღწერილი თვისებები, რომელთა აღწერაც არასოდეს მომხდარა ფრანგულ კანონებში, და რომლებსაც ელოდება მყიდველი. ეს არის ყოველი ღვინის შემადგენელი "სპეციალური და მუდმივი მახასიათებლები": ფერი, არომატი და ბუკეტი.
            სამწუხაროდ, საუკეთესო იტალიელი მწარმოებლები, ხედავენ რა, რომ "ტრადიცია" სრულებითაც არ არის ორიენტირი სწრაფად ცვალებად დროში, თავიანთი საუკეთესო ღვინოების უმეტესობას ამზადებენ DOC-ის კანონმდებლობის ფარგლებს გარეთ. რა საჭიროა, არწმუნებენ ისინი ყველას, წვრილი შროფტით დაწერილი წესების დაცვა და ტრადიციული ღვინის განსაზღვრებასთან შესაბამისობა, როდესაც თითქმის დაკარგულია ტრადიციისადმი მოთხოვნილება და პატივისცემა? საუკეთესო იტალიური ღვინოების დაახლოებით ნახევარი დღეს მათივე მწარმოებლების მიერ ყველაზე დაბალ - სუფრის კატეგორიამდეა ჩამოქვეითებული. ამავე დროს, მათი ფასი იზრდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ღვინოები ნამდვილად სჯობს DOC-ის “ფარგლებში” დამზადებულებს.
            როგორ ფიქრობთ, სად მდებარეობს დღესდღეობით ტექნიკური აღჭურვილობით მსოფლიოში მეღვინეობის საუკეთესო მამული? არა, არც კალიფორნიასა და არც ავსტრალიაში, არც არგენტინის ვრცელ ვაკე ადგილას, არამედ ტოსკანაში - რაიონში, სადაც არათანაბარი ლანდშაფტისა და უწესრიგოდ მზარდი ვაზის, ზეთისხილისა და ალვის ხეების ფონზე უჩვეულოდ გამოკვეთილი გაკულტურებული ყურძნის თავად იდეაც კი სიახლეს წარმოადგენს.
მამულის ყველაზე მაღალი ბორცვის წვერს, რომლისკენაც მივყავართ კვიპაროსების მუქ ხეივანს, აგვირგვინებს ქვის ეტრუსკულ ნანგრევებზე აშენებული ძველებური ლომბარდიული კოშკი. შესაძლოა, სანაპიროზე ბერძნების გადმოსვლამდე აქ მამაკაცები და ქალები ღვინოს ძვირფასი ქვებით მოოჭვილი თასებით სვამდნენ და თან სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდათ. ხოლო ვაკის დამრეც დაბლობზე გადაჭიმული იყო მომავლის ხუთი აკრი: მოგუგუნე ტუმბოებისა და მოციმციმე პულტების ფოლადის სამყარო, რომელშიც ღვინოს კომპიუტერების კონტროლქვეშ აწარმოებენ; სადაც ხელკასრებისა და როფების უნაკლოდ თანაბარ რიგებში მხოლოდ და მხოლოდ კონდიციონირებული ჰაერი უბერავს.
Castello Banfi ამერიკელებს ეკუთვნის და ამერიკული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი; დანარჩენი ყველაფერი აქ იტალიურია. ეს მამული ლოგიკური შედეგია ღვინის ძველ სამყაროზე ახლებური შეხედულებისა, რომელიც ტექნოლოგიაში ხედავს ტრადიციისკენ დასაბრუნებელ ბილიკს.
და მაინც, Castello Banfi-ს მთავარ ამოცანას წარმოადგენს Brunello, საერთაშორისო კატეგორიის "ლუქსის" კლასის ღვინო, რომელსაც ძირითადად აწარმოებენ კიდევაც ამ მამულში.
 
წარმატების ნახევარგზაზე
 
მომავალი მაინც ინდივიდუალურ და დასამახსოვრებელი ბუკეტის მქონე ღვინოებს ეკუთვნის, იმისდა მიუხედავად, რამდენად სწრაფად ხდება მომხმარებლის მიერ მათი იდენტიფიკაცია. დღეს საშიშროება ემუქრება, და ამჯერად პოლიტიკის გამო, გერმანული მეღვინეობის თვითმყოფადობას, რომელიც გარკვეულ დრომდე ბრწყინვალე რეპუტაციით სარგებლობდა. 1970-იან წლებში გერმანულმა ღვინომ საზოგადოებრიობის თვალში საგრძნობი დაცემა განიცადა იმის გამო, რომ მისი ნათლად გამოკვეთილი ხასიათი ნელ-ნელა იშლებოდა.
ღვინის შესახებ რადიკალურად ახალი, 1971 წლის კანონით დასაშვები გახდა ღვინის ხარისხზე კონტროლში პოლიტიკის ჩარევა. ამრიგად, ფერმერების სიამოვნებისა და მათთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, მაგალითად, დაწეულ იქნა სიმწიფის მინიმალური სტანდარტები. რისლინგის ჯიშის ყურძნის უფრო უბრალო და თან არცთუ ისე არომატული მიულერ-ტურგაუთი შეცვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა ხარისხიან მეღვინეობას. თუკი ადრე Spჰtlese-სა და Auslese-ს კატეგორიის ღვინოების დამზადება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მაღალი კლასის მეღვინეებისთვის, ახლა დაწეული სტანდარტების წყალობით მათი წარმოება ნებისმიერ ზერელედ ნასწავლ მოხელეს შეეძლო. ამგვარად თამასის დაწევით გერმანიამ მოიპოვა ახალი საექსპორტო ბაზრები, თუმცა მათ იაფფასიან ტკბილ და წყალწყალა ღვინოებს აწვდიდა.
საბედნიეროდ, გერმანელ მომხმარებელს არ ხიბლავს "ტკბილი წყალი", ისინი კვლავ და კვლავ ითხოვენ, რომ მათი ღვინო ისეთივე მშრალი და ენერგიით სავსე იყოს, როგორც ადრე. ძველი დროიდან მოყოლებული, ისინი გამოირჩეოდა გაჯერებული გემოთი და დამწიფების უნარით, რასაც ჩვენი წინაპრები ყველაზე მეტად აფასებდნენ რეინის ღვინოებში. მევენახე უნდა დასჯერდეს გაცილებით მცირე მოსავალს, რომელშიც მას გაცილებით მაღალი ფასის მოთხოვნა შეუძლია.
იტალიისა და ესპანეთისგან განსხვავებით, გერმანელმა სინდიკატებმა, აღმოაჩინეს რა მეღვინოების ეროვნული კანონმდებლობის არაეფექტურობა, მიმართეს ძველ მოდელს, რომელიც ეფუძნებოდა პრინციპს "თავად დაეხმარე საკუთარ თავს". მაგალითად, რეინჰაუში Charta Association-ი იმეორებს ძველ ტრუიზმს, რომ შეუძლებელია ხარისხის დადგენა კანონმდებლობით: იგი უნდა გამომდინარეობდეს თავად მწარმოებლისგან.
ასეთივე ტენდენცია ვლინდება იმ ქვეყნებშიც, სადაც ღვინის მოხმარება კვლავინდებურად არ არის ტრადიციული. მათ თავისუფლად ეყოფოდათ 1950-იან წლებში გამოჩენილი ცნობილი ღვინოების სუსტი ასლები, როგორებიცაა Mateus-ი და Lancers-ი, იუგოსლავიური Riesling-ი ან Liebfraumilch-ი. ესენი ითვლება დამწყებთა ღვინოდ, რომლებიც შემდგომში აირჩევენ გამოკვეთილი ინდივიდუალობის მქონე საუკეთესო ღვინოებს.
დღეს რესტორნების სტუმრები იქ, და თვით იაპონიაშიც კი, რომელიც ღვინის მოყვარულთა საზოგადოებას სულ ახლახან შეურთდა, გაცილებით ფართო არჩევანს ელოდებიან, ვიდრე ოდესმე. 1980-იან წლებში იაპონელებმა ისწავლეს ნეიტრალური კუპაჟირებული ღვინოების დალევა, რომელთა იმპორტირება დიდ კასრებში ხდებოდა (წარწერით "დამზადებულია იაპონიაში"). ღვინის იაპონელი დამფასებლების მზარდი მადისთვის თვალყურის დევნება იგივეა, რაც ფილმის ყურება კადრების სწრაფი მონაცვლეობის რეჟიმში. დღეს იაპონელები ფლობენ მამულებს ბორდოში და ღვინის ქარხნებს კალიფორნიაში, ხვალ კი გამოჩნდება ნამდვილი იაპონური შარდონე, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.
 
ახალი "ტრადიციები"
 
თანამედროვე მყიდველისთვის მიმზიდველი ღვინოების ძიებისას, პორტუგალიამ და იტალიამ მოახდინეს იმის დემონსტრირება, თუ რისი მიღწევა შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც მიმართავ მეღვინეობის ტრადიციების თავისუფალ ინტერპრეტაციას. 1950-იან წლებში გამოჩენილი Mateus Rosé წარმოგვიდგა პორტუგალიური vinho verde-ს კარგად მოფიქრებულ მოდერნულ ვერსიად. გადაჭარბებული იქნებოდა მისთვის დაგვერქმია ახალი "რიბადავია", მაგრამ მსუბუქი, ოდნავ ცქრიალა ღვინის თავად იდეას ჭეშმარიტად ეთნიკური ფესვები აქვს.
ამერიკაში საყვარელი Lambruscо წარმოადგენს მდინარე პოს ხეობის ოდნავ სახეშეცვლილი ტრადიციების განსახიერებას, განსხვავდება რა მათგან წინასწარ განჭვრეტისა და ხარისხის კონტროლის უნარით.
მხიარული ქაფიანი ტკბილი ღვინის თავად იდეა ტიპურად იტალიურია.
 
და ყველაზე მთავარის შესახებ
 
მეღვინეობის სიცოცხლისუნარიანობა გახლავთ სწორედ ის აზრი, რომელიც ასრულებს "ღვინის ისტორიას". ღვინოს არასოდეს არ ჰყოლია იმდენი თაყვანისმცემელი, კრიტიკოსი, მეგობარი და მტერი, რამდენიც XX საუკუნის ბოლო ათწლეულებში. თავდაპირველად ხმელთაშუა ზღვისპირეთის ხალხებისა და დანარჩენი სამყაროსთვის ყოველდღიური სასმელი, წარმოუდგენელი ინტერესის, ჟინისა და კამათის საგნად იქცა.
მეღვინეობის მთელი ისტორიის მანძილზე ღვინის მაღალი ხარისხის ნიშნები იყო მისი თავისებურებები, სხვანაირად რომ ვთქვათ, "სპეციფიკური თვისებების" კრებული. და რაც უფრო მეტი იყო ეს თვისებები, მით უკეთესი იყო ღვინოც. ეტიკეტზე ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია ღვინის ღირებულებას რამდენჯერმე მაღლა სწევს. ეს წესი ნებისმიერ დონეზე მუშაობს: სამარკო შამპანური ან პორტვეინი არასამარკო კუპაჟზე ძვირად ღირებულია; კონკრეტული ყურძნისგან დაწურული გერმანული ღვინო უკეთესია რეგიონის ღვინოზე, ანუ "bereich-ზე"; ხოლო გვიანი მოსავლის ყურძნის ღვინო ჩვეულებრივ დროს აღებული მოსავლისგან დამზადებულ ღვინოზე ძვირი ღირს. ყოველ ქვეყანაში, ყოველ რაიონშიც კი, აქცენტი კეთდება რომელიმე განმასხვავებელ ნიშანზე - როგორიცაა ნიადაგი, ყურძენი, სიმწიფე, წელიწადი, - რომელიც, ამ რეგიონის თვალსაზრისით, მაქსიმალურად ზრდის ღვინის ღირებულებას. ისე როგორც Château Haut-Brion-ის გამოჩენა ბორდოს ვარსკვლავურ საათად იქცა, Têtes de Cuvée-ს გულმოდგინე შერჩევა მოწმობს კოტ დ’ორის მზარდ ამბიციებზე.
 
"სექენდ-ჰენდის" ღვინოები
 
ყველას, ვინც ეძებს წინასწარმეტყველებას დახვეწილი ღვინოების მომავლის შესახებ, მცირეოდენი, მაგრამ საკმაოდ მკაფიო მინიშნება მიეცა. ეს მოხდა ლონდონში, 1966 წელს. აუქციონის ცნობილმა სახლმა Christie’s, რომლის საქმიანობას ხელოვნების ნიმუშების გაყიდვა წარმოადგენდა, დაიქირავა პატარა კომპანია W&T Restell-ი. ეს კომპანია ლონდონში ყოველთვიურად ერთიანად ყიდდა ღვინოებს, სადაც გამყიდველებისა და მყიდველების ძირითად მასას ღვინით მოვაჭრეები შეადგენდნენ.
წარსულში, 1760-იან წლებში თავისი დაფუძნების დღიდან დაწყებული და მეორე მსოფლიოს ომის პერიოდით დამთავრებული, Christie’s ზოგჯერ ღვინის ცალკეულ გაყიდვებსაც აწარმოებდა. მაგრამ 1966 წელს მათი აღორძინება ერთდროულად დახვეწილი ღვინოების მიმართ ინტერესის ზრდის გამოხატულებაც იყო და მნიშვნელოვანი სტიმულიც. Christie’s სერიოზული ზრახვები ცხადი გახდა, როდესაც მათ ვაჭრობის გასაძღოლად დაიქირავეს ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ღვინით მოვაჭრე და დეგუსტატორი, მაიკლ ბროდბენტი (Broadbent). იგი ღვინის უზარმაზარ ცოდნას არტ-მაკლერის ალღოს უთავსებდა, რაც, უნდა აღინიშნოს, რომ შთამბეჭდავი შეხამებაა. თავისი საქმის ენთუზიასტი, მაშინვე გაემართა ყველაზე დახვეწილი ძველი ღვინოების მოსაძებნად, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა დიდი ბრიტანეთის ძველებური სახლების სარდაფებში. მალე გაირკვა, რამდენად ეკლექტურები არიან ბრიტანელები ღვინის ყიდვაში და რა ხშირად კვდებოდა მფლობელი ისე, რომ მას არც კი ჰქონდა გახსნილი თავისი საუკეთესო ბოთლი. შოტლანდიური ციხე-დარბაზის ან ინგლისური სახლის სარდაფი ხშირად გადაქცეულა გასული ასწლეულის დიდებული ღვინოების მუზეუმად, რომელთა დალევასაც არ ჩქარობდნენ ამჟამიდნელი მფლობელები, რადგანაც მათ ეს ღვინოები მიაჩნდათ მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების ნაწილად, მაგრამ უფრო ხშირად, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ რომ მათ არ ჰყავდათ საქმის მცოდნე მეგობრები, რომლებთანაც შეიძლებოდა საკუთარი ოჯახური საგანძურის თაობაზე მსჯელობა. XIX საუკუნის კლარეტის ოთხკვარტიანი ბოთლის ღირებულება ხანში შესული უცოლო კაცისთვის ამოუხსნელ გამოცანას წარმოადგენდა.
თითოეული სარდაფისა და ბოთლის (ხშირად კი აგრეთვე მისი მფლობელის) ისტორიის შედგენისას, რომელიც იმსახურებს გახდეს გულმოდგინე შესწავლისა და სამეცნიერო მოხსნების საგანი, Christie’s-ი პირველ რიგში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ღვინო, ისე როგორც სხვა არაფერი, შეიძლება იყოს ნამდვილი ცოცხალი ისტორია. და გასაკვირი არ არის, რომ ამჟამად ძველი ღვინოები კოლექციონირების საგნად იქცა. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მაღალი ხარისხის ახალგაზრდა ღვინოების ფასზე, რამეთუ ახლა ისინი არა მხოლოდ სასმელებად, არამედ კაპიტალდაბანდებათა საგნად იქცა.
 
ისტორია, უტყუარობა, იშვიათობა, "ორიგინალის" ტიტულის ფლობა, რომ არაფერი ვთქვათ განუყოფელ თვისებაზე, - ყველაფერი ეს იყო და რჩება ფრანგების მხარეზე. და, ყოველ შემთხვევაში, ესეც საკმარისია იმისათვის, რათა ფრანგული Premier Cru-ს ფასები უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათი მიმდევრების ღვინოებისა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფრანგული მეღვინეობის ურყევად მაღალი რეპუტაცია თავისი შარავანდედით ფარავდა ყველაფერს, რასაც ეხებოდა. ეს ადვილად დაადასტურა Moët & Chandon-მა, რომელმაც 1973 წელს დაიწყო ცქრიალა ღვინო Napa Valley-ის წარმოება. როგორც ფრანგები აღნიშნავენ, კლიმატი და ნიადაგები მათ მიერ საფრანგეთის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ღვინოს არასოდეს არ მისცემს ორიგინალის ზუსტ ასლად ქცევის საშუალებას. თუმცა (ფილოსოფიური თვალსაზრისით) ორი ღვინო არასოდეს არ შეიძლება და არც უნდა იყოს ერთნაირი. ასე რომ, დავტკბეთ ისეთებით, როგორიც არიან ისინი. გარდა ამისა, ნებისმიერ მეღვინეს იზიდავს თავისი უნარისა და გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა სხვაგვარ ბუნებრივ პირობებში, სხვა ტერუარებში. ბოლოს და ბოლოს, გადამწყვეტი როლი ეკუთვნის ბაზარს, ის კი დღეს არაორაზროვნად გვიჩვენებს, რომ "განუსაზღვრელი კატეგორიის" ღვინოების დღეები დათვლილია. ეს განსაკუთრებით ვლინდება იმ ქვეყნებში, რომლებიც სწორებას იტალიასა და საფრანგეთზე აკეთებენ, სადაც ღვინო ტრადიციულად ჩვეულებრივი ყოველდღიური სასმელი იყო. რაოდენობა გამალებით უთმობს ადგილს ხარისხს. საშუალო ფრანგი ღვინის თითქმის ორჯერ ნაკლებ რაოდენობაზე დღეს ორჯერ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე 20 წლის წინ. მაგრამ რადგანაც ღვინო, რომელსაც დღეს ის სვამს, ბევრად უფრო ხარისხიანია, შესაბამისად, დასატკბობადაც გაცილებით ნაკლებია საჭირო. ლანგედოკის მზარდი ამბიციები, აგრეთვე ოდესღაც მიტოვებული ბორცვების ფერდობებიდან შესანიშნავი ღვინოების გამოჩენა, ცვლილებათა ერთ-ერთი აშკარა ნიშანია. სუპერმარკეტებში კი უსახელო ორდინარული ღვინის შევიწროვება ხდება "სოფლის" ან "გლეხური" ღვინოებით, რომლებშიც მჟღავნდება სპეციფიკური, თუმცაღა ნაკლებად ცნობილი ყურძნის ჯიშებისა და რეგიონების ადგილობრივი ხასიათი. და შესაძლოა, მომავალში ზოგიერთი მათგანი აპელასიონადაც გადაიქცეს.

© "მარანი"

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული