Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურჯაანი, „წითელი მარანი“

ეს  ფოტოსურათი შარშანწინ, 2012 წელს შეუძენია „მშრალ ხიდზე“ ლუარსაბ ტოგონიძეს. სურათზე მარნის მშენებლობის პროცესია ასახული და იგი 1934 წელსაა გადაღებული კახეთში, გურჯაანში. ფოტოსურათი ისტორიული და ამავდროულად უნიკალურია. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქვევრები ქარხნულ მიმართულებაში ჯერ ბუტებმა, ხოლო შემდგომად ლითონის ცისტერნებმა ჩაანაცვლა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქვევრ-მარნები საქართველოში, სურათზე აღბეჭდილი პერიოდის შემდეგაც შენდებოდა, მაგრამ ეს უფრო ოჯახურ პირობებში ხდებოდა, სადაც ღვინის ქვევრში დაყენება, მართალია, ბოლო პერიოდში შესუსტებული იყო, მაგრამ არასოდეს შეწყვეტილა.

მშენებარე მარანში ქვევრები 8 მწკრივადაა ჩალაგებული და მათი საერთო რიცხვი დაახლოებით 120-მდეა. ფოტოსურათის შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ქვევრები ახლები არაა, ისინი ნახმარია და სხვადასხვა ადგილებიდან უნდა იყოს მოტანილი, რასაც, ალბათ, წინ უძღვოდა მათი შეძლებისდაგვარად დახარისხება, ანუ მარნის მშენებლობის ადგილას თავმოყრილია დაახლოებით ერთი და იმავე მოცულობის ქვევრები. კომუნისტური წარსულის ამ პერიოდში უფლებააყრილ ქართველ თავადაზნაურობას და ასევე შეძლებულ მეურნეებს (რომლებსაც „კულაკებს“ ეძახდნენ) უამრავი მარნები ჩამოართვეს და დიდად სავარაუდოა, რომ სურათზე სწორედ მათი მარნებიდან წამოღებული ქვევრები იყოს აღბეჭდილი. ყოველი შემთხვევისათვის, ის ქვევრები, რომლებსაც ჩვენ ფოტოსურათზე ვხედავთ, სულ ცოტა 40 – 50 წლისა მაინც უნდა იყოს. მარანში 2000–3000- ლიტრიანი ქვევრებია თავმოყრილი. მართალია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გრანდიოზულ მასშტაბებთან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქართული მარანი სწორედ ამგვარი პრინციპით შენდებოდა. საუბარია იმაზე, რომ თავდაპირველად ითხრება ერთიანი საქვევრე ორმო, რომელშიც  გარკვეული კანონზომიერებით ჩალაგდება ქვევრები, რომლებსაც შემდეგ ყელამდე მიეყრება მიწა. ქვევრები ორმოში თანაბრად, მოწესრიგებულად ლაგდება, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიდი მარნების შემთხვევაში, მაგრამ მცირე, ოჯახურ მარნებში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

 ცხადია, საინტერესოა ფოტოსურათზე აღბეჭდილი მარნის ამჟამინდელი როგორც ადგილსამყოფელი, ისე მდგომარეობა. ფოტოსურათს აქვს რუსულენოვანი წარწერა „წითელი მარანი, გურჯაანი 1934”, თუმცა იგი არაფერს ამბობს მისი კონკრეტული ადგილსამყოფელის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ სურათი გადაღებულია გურჯაანში, მაგრამ ჩვენთვის ეს მაინც გარკვევით არაა ცნობილი: საუბარია სოფელ გურჯაანზე, ქალაქ გურჯაანზე, თუ რაიონის რომელიმე სოფელზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევეცადეთ გაგვერკვია მარნის ადგილსამყოფელი. იმ პროპორციებისა და სიდიდის მარანი, რომელიც სურათზეა ნაჩვენები დღესდღეობით არსად არ მოგვეპოვება, თუმცა ქალაქ გურჯაანში (კოტეხი) ერთი მარანი მაინც აღმოჩნდა, რომელიც, მართალია, მოცულობით განსხვავებულია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საქმე გვქონდეს ერთსა და იმავე მარანთან. ამ ყოველივეს საბოლოოდ დადგენას დრო ეასჭიროება. რაც შეეხება სურათზე აღბეჭდილი ქვევრების ფორმებს, ამ შემთხვევაში იკვეთება რამდენიმე მექვევრის ხელი; და ეს გასაკვირი არცაა, რადგან, როგორც ითქვა ქვევრები ნახმარია და თან სხვადასხვა ადგილებიდანაა მოზიდული. ვხვდებით იმერულ სტილსაც, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქვევრები იმერეთიდანაა ჩამოტანილი. კახეთში არაერთი იმერელი მექვევრე მოღვაწეობდა, როგორც გასულ საუკუნეში ისე XIX საუკუნეშიც და სურათზე ნაჩვენები ზოგიერთი ქვევრი, რომლებსაც „იმერული ხელი“ ეტყობა, სწორედ მათ მიერ დამზადებული უნდა იყოს (გავიხსენოთ გაზეთ „მარანში“ გამოქვეყნებული სტატია „მექვევრეთა ოჯახი ყვარლიდან“).

საერთოდ, ამგვარი ფოტოსურათები, რომლებიც ბევრ შეკითხვას სცემენ პასუხს, არაერთი მოიპოვება ოჯახურ ფოტოალბომებში. კარგი იქნება, თუ „მარნის“ მკითხველი გაზეთის რედაქციას მიაწვდის დაახლოებით ამგვარი შინაარსის ფოტოების ელექტროვერსიებს (სურათები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ასევე მისამართზე: barisashvili@gmail.com).

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთა 2014წ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.