Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგული ექსპედიცია ძველი ქართული თიხის ნაწარმისთვის

ანა ჭეიშვილი

იმ ევროპელ მკვლევართა შორის, რომლებმაც საქართველოში XVIII-XIX საუკუნეებში იმოგზაურეს და ადგილობრივი ყოფა აღწერეს, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურით ყველაზე მეტად ფრანგები ინტერესდებოდნენ. ამას მოწმობს საფრანგეთის მუზეუმებსა და არქივებში დაცული მრავალრიცხოვანი კოლექციები, ფოტოები, ეთნოგრაფიული ჩანაწერები და სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები. ამ მასალების მიხედვით 1850-იან წლებში საქართველოდან საფრანგეთში ადგილობრივი ვაზის ნიმუშებიც კი გაიგზავნა მათი შესწავლისა და გაშენების მიზნით. იყვნენ ისეთი მკვლევრებიც, ვისაც არა მხოლოდ მეღვინეობა, არამედ საქართველოში დამზადებული საღვინე ჭურჭელი და თიხის ნაწარმის დამზადების ტექნოლოგია აინტერესებდათ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანგი არქეოლოგის, ისტორიკოსისა და კოლექციონერის ჟერმან ბაპსტის (1853-1921) მიერ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიცია. ჟერმან ბაპსტი ამავე დროს იყო პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის ადმინისტრატორი, სევრის ეროვნული მანუფაქტურის საბჭოსა და საფრანგეთის არმიის მუზეუმის კომიტეტის წევრი. 1883 წელს მან საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროსგან კავკასიაში სამეცნიერო მივლინების ჩატარების ნებართვა მოიპოვა და რამდენიმე თვე დაჰყო საქართველოში. ამ მივლინებას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: არქეოლოგიური გათხრების ჩატარება და თიხის ნაკეთობების შეძენა ევროპაში საყოველთაოდ ცნობილ სევრის ეროვნულ მანუფაქტურასთან არსებული ფაიფურის მუზეუმისათვის.

ჟერმან ბაპსტი საქართველოში დაღესტნის გავლით შემოვიდა და არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში. შემდეგ სამხრეთ კავკასიაში იმოგზაურა და შეაგროვა ადგილობრივი თიხის ჭურჭელი და, ასევე, ცნობები მათი დამზადების ტექნოლოგიის შესახებ. საფრანგეთის არქივებში ბაპსტის ამ მოგზაურობის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაციაა დაცული; ძირითად წყაროს საფრანგეთის სახალხო განათლების მინისტრის სახელზე მის მიერ გაგზავნილი ანგარიში წარმოადგენს, რომლის ამონარიდსაც აქვე გთავაზობთ:

„ბატონო მინისტრო, […] მე შევძელი სრულად შემესრულებინა ჩემზე დაკისრებული მისია და აღმოსავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან, იმერეთიდან, სპარსეთის ჩრდილოეთიდან, ლაზისტანიდან და ანატოლიიდან სხვადასხვა ტიპის კერამიკა ჩამომეტანა. ზოგიერთ ადგილას შევძელი, და ეს არც თუ ისე ადვილი იყო, მომეპოვებინა მათი დამზადების საიდუმლოებები, რასაც უეჭველად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

აღმოსავლეთ საქართველო უპირველეს ყოვლისა ღვინის სამშობლოა. აქ უბრალო გლეხიც კი მინიმუმ 4 ლიტრ ღვინოს სვამს დღეში. ყველა დიდ ჭურჭელს (იგულისხმება ქვევრი - მთარგმ. შენ.) მხოლოდ ერთადერთი უმთავრესი დანიშნულება აქვს - ღვინის შენახვა. მათი დამზადების დიდი ცენტრებია გორი, ტფილისი და თელავი. ზოგჯერ ადგილობრივი ჭურჭელი სიმაღლეში 5 მეტრს აღწევს. მათ მიწაში ფლავენ, ავსებენ, პირს სამეთუნეო თიხით შემოულესავენ და, როცა ღვინის დალევა მოესურვებათ, იქედან ცოტ-ცოტას იღებენ, სანამ ჭურჭელი მთლიანად არ დაიცლება. ამ ჭურჭლის ფორმა ძირითადად ფართომუცლიანია და ბოლოვდება წვერით. ეს ჭურჭელი ფეხზე ვერ დგება, გვერდზე იხრება. ყელი ძალიან დაბალია; პირის დიამეტრი შეიძლება მუცლის დიამეტრის ნახევარს უდრიდეს. ზოგჯერ, მაგრამ ეს ძირითადად დიდი ზომის გადასატან ჭურჭელს ეხება, შეიძლება ყელისა და მუცლის გარშემო ყავისფერი ორნამენტით იყოს გაფორმებული. აი, ასეთია ქართული დიდი უთავსახურო ჭურჭლის თავისებურებანი.

რაც შეეხება იმ ყოველდღიურ ჭურჭელს, რომელსაც საჭმლის მოსამზადებლად იყენებენ - რძის, კარაქის ან სხვა პროდუქტის შესანახად, ან სახლში წყლისათვის -ეს ქოთნები და დოქები გარკვეული ტიპის ფორმებით გამოირჩევა, თუმცა რაიმე განსაკუთრებული თავისებურება არ ახასიათებთ. მიუხედავად ამისა, ორ დეტალზე გვსურს ყურადღების გამახვილება: ზოგიერთი ასეთი ხელნაკეთი დოქი მკვეთრ წითელ ფერად არის ფუნჯით შეღებილი და მწვანე და ყვითელი მცენარეებით არის მოხატული; ზოგიერთი კი გაფორმებულია მონაცრისფრო-მოცისფრო მინანქრით, რომლის დასამზადებლადაც ტყვიას იყენებენ, და ფუნჯით ძლიერ უხეშად შესრულებული მუქი მწვანე ფერის არაბესკებით არის მოხატული. გორშიც ასეთივე ტიპის კერამიკას ვხვდებით, თუმცა ქაშანური აქ ძირითადად კიდევ უფრო უხეშია და თითქმის ყოველთვის მინანქრისა და ლაქის გარეშეა.

[...]

იმერეთსა და გურიაში მიწას, რომელიც ადვილად იძერწება, აღარ აქვს ის წებოვანება, რაც გამძლე ჭურჭლის დასამზადებლად არის საჭირო. ამგვარად, დასავლეთ კავკასიის თიხის ნაკეთობები გაცილებით მყიფეა. ასევეა ქუთაისში დამზადებული თიხის ნაწარმის შემთხვევაშიც; მაგრამ აქ, მიუხედავად დახვეწილი სამეთუნეო მორგვისა და მეთუნის მოხერხებულობისა, თიხის ჭურჭელს არც ფორმა და არც რაიმე თავისებურება აქვს.

ქუთაისის მახლობლად არის სოფელი ფედაგორი (იგულისხმება ხარაგაული - მთარგმ. შენ.), რომელიც გადმოცემის თანახმად უძველესი დროიდან თიხის ნაწარმის დამზადების მნიშვნელოვანი კერა ყოფილა. დღეს აქ განსაკუთრებული ტიპის ჭურჭელს ამზადებენ, თუმცა არც მთლად დახვეწილს, მაგრამ მასზე დიდი მოთხოვნაა ამ მხარეში, შესაძლებელია იმის გამო, რომ მცირე რაოდენობით მზადდება. ფედაგორის (ხარაგაულის) ნაწარმი განკუთვნილია არა ყოველდღიური მოხმარებისთვის, არამედ შეძლებულ ოჯახებში შიდა ინტერიერის გასაფორმებლად. ყველა დოქი მოჭიქულია, რაც უეჭველად ამ წარმოების ყველაზე მნიშვნელოვან და ერთადერთ განმასხვავებელ ნიშანს ქმნის. რაც შეეხება ფორმებს, დოქებს აქვთ გრძელი ყელი და დაგრეხილი ტუჩი, ოვალური და დაგრეხილი სახელურები, მუცელზე ვარდულები, ან სულაც დოქის მუცელი შეიძლება გაფორმებული იყოს ერთმანეთის თავზე მოთავსებული გროტესკული ფიგურებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოება აქ ისევ არსებობს, ძალიან რთულია ამ ნაწარმის შეძენა, განსაკუთრებით კი იმ ნიმუშების, რომლებიც ათ წელზე მეტი ხნის წინ დამზადდა.“

მიუხედავად იმისა, რომ ჟერმან ბაპსტი განსაკუთრებული აღფრთოვანებით არ აღწერს საქართველოში დამზადებული კერამიკის ვიზუალურ მხარეს და მას უგემოვნოსაც კი უწოდებს, იგი მაინც დიდ ყურადღებას უთმობს მათ შესწავლასა და შეგროვებას. საარქივო ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ ექსპედიციისას შეძენილი და საფრანგეთში წაღებული კოლექციიდან მან 145 ერთეული სევრის ფაიფურის მუზეუმს გადასცა. დღეს რთულია იმაზე საუბარი თუ კონკრეტულად რომელ რეგიონებში შეძენილი რა ტიპის კერამიკული ნაწარმი გადასცა ბაპსტმა სევრის მუზეუმს, ან რომელი ჭურჭლის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოება მოიპოვა; სამწუხაროდ, არც სევრის მანუფაქტურის არქივებში და არც მუზეუმის საცავებში არანაირი კვალი არ არის დარჩენილი ჟერმან ბაპსტისგან მიღებული კოლექციებისა თუ ანგარიშების.

მცირე ვარაუდის გამოთქმის საშუალებას გვაძლევს ბაპსტის მიერ გამოყენებული ტოპონიმი ფედაგორი (Pédagori). ამგვარი ტოპონიმი XIX საუკუნის საქართველოში არ დასტურდება. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს ბელაგორი, დღევანდელი ხარაგაული, რომელიც თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის ერთ-ერთი სადგური იყო და აქ მოწყობილ მცირე ბაზრობაზე ადგილობრივი კერამიკის ნაწარმი იყიდებოდა. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ სევრის ფაიფურის მუზეუმში დღეს დაცულია ფრანგი არქეოლოგის ბარონ დე ბაის (1853-1931) მიერ საქართველოში შეძენილი კერამიკულ ნაკეთობათა დიდი კოლექცია. ამ კოლექციის ერთი ნაწილი (იხ. ფოტოები), თან დართული საარქივო მასალის მიხედვით, ბარონ დე ბაის 1898-1901 წლებში სწორედ ბელაგორში (Bélagori) შეუძენია. თუ ამ ერთეულებს ჟერმან ბაპსტის ანგარიშში მოცემულ აღწერას შევადარებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბაპსტმა საქართველოში მოგზაურობისას კოლექციის ერთი ნაწილი სწორედ ხარაგაულში შეიძინა.

ამ ტიპის იმერულ მოჭიქულ კერამიკასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას გვაწვდის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი: XIX საუკუნეში მოჭიქულ კერამიკას სოფელ შროშის მახლობლად მცხოვრები მოდებაძეების ოჯახი ამზადებდა.ოჯახი იმდენად უფრთხილდებოდა ჭიქურის დამზადების ტექნოლოგიას, რომ მამები მას ქალიშვილებსაც კი არ უმხელდნენ, გათხოვების შემდეგ სახლიდან რომ არ წაეღოთ ეს საიდუმლო...

სამწუხაროდ, სათანადო საარქივო მასალის უქონლობის გამო, დღეს დარწმუნებით ვერ ვიტყვით ჟერმან ბაპსტმა მოდებაძეებისგან მოიპოვა თუ არა ჭიქურის დამზადების საიდუმლო და გადასცა თუ არა იგი სევრის მანუფაქტურას. ვერც იმას ვიტყვით დაზუსტებით თუ საქართველოს რომელ რეგიონებში შეიძინა მან კოლექციები საფრანგეთში წასაღებად. ამ კითხვებსა და ვარაუდებზე პასუხის გაცემა მხოლოდ დამატებითი საარქივო მასალის აღმოჩენის შემთვევაში გახდება შესაძლებელი. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ XIX საუკუნეში საქართველოში დამზადებულ თიხის ნაწარმს თვით სევრის ეროვნული მანუფაქტურის დირექციის დაინტერესება გამოუწვევია და ეს საკითხი სპეციალური სამეცნიერო ექსპედიციის საგანიც კი გამხდარა. ეს ყველაფერი საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა. დღეს კი მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქართული ტრადიციული მეთუნეობა, ქვევრისა და სხვა საღვინე ჭურჭლის დამზადების უძველესი ტრადიცია ჩვენი ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც მოფრთხილება, შესწავლა და მომავალი თაობებისათვის გადასაცემად შენარჩუნება სჭირდება.

ფოტოები:

ბარონ დე ბაის მიერ საქართველოში შეძენილი კერამიკა.XIX ს. სევრის ფაიფურის მუზეუმი. © RMN

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული