Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შირიმის მტევნები

გიორგი ბარისაშვილი

ვაზის სიმბოლიკას მსოფლიოს არაერთი ერის სატაძრო არქიტექტურაში ვხვდებით, მაგრამ საქართველო ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენი წინაპრები ქართულ, მართლმადიდებლურ ტაძრებს ძველი დროიდანვე ამკობდნენ ვაზისა და ყურძნის მტევნების ჩუქურთმებით. რატომ გამოჰყავდათ ქართველ ოსტატებს ტაძრებზე წმინდანთა რელიეფების პარალელურად ვაზის ჩუქურთმები და საერთოდ რა შინაარსის მატარებელია ეს ყოველივე? ამ საგანს ღრმა საფუძველი უდევს. შევხედოთ ანანურის ტაძრის სამხრეთისა თუ დასავლეთ ფასადების მორთულობებს. შეიძლება ითქვას, რომ XVII საუკუნის ეს ძეგლი ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა სიმაღლეზე ასულა და რა დატვირთვა შეუძენია ქართული ტაძრების ვაზითა და ყურძნის მტევნებით შემკობას. ტაძრის კედლებზე გამოჩუქურთმებული საოცრად ლამაზი ვაზი სიცოცხლის ხეს განასახიერებს. ამ ვაზის მტევნებზე კი ჩიტები სხედან და მწიფე მტევნებს კენკავენ, რაც მართლმადიდებლობის უმთავრესი სიწმინდისა და საიდუმლოს - ზიარების სიმბოლური განსახიერებაა. მართლაც და, რითი უნდა შეემკო ჩვენს წინაპარს უფლის სახლის – ტაძრის კედლები, თუ არა ვაზისა და ყურძნის რელიეფებით?

 ვაზის სიმბოლიკას, არა მხოლოდ სატაძრო არქიტექტურაში, არამედ საეროშიც და ზოგადად, ქართულ ყოფაშიც მრავლად ვხვდებით. დასავლეთ საქართველოს სოფლებში, ეზოში შესასვლელ ქვის სვეტებიან ჭიშკრებზე ხშირია ვაზის, ყურძნის მტევნებისა თუ ღვინის სასმისების რელიეფური გამოსახულებანი. "სიცოცხლის ხის" რელიეფებს ვხვდებით ქვის ბუხრებზეც. ყურძნის მტევნებსა და ღვინის სასმისებს ქვაში ნაკვეთი ჩუქურთმების სახით საცხოვრებელი სახლების კედლებზეც შევხვდებით, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა ეს ფენომენი ქართული ტაძრების შემთხვევაში ვლინდება. უამრავი ტაძრის ჩამოთვლაა შესაძლებელი რომელთა ფასადები შემკულია ვაზისა და ყურძნის სავსე მტევნების ჩუქურთმებით. ბანა, ოშკი, სვეტიცხოველი, ალავერდი, ნიკორწმინდა, ანანური, ფუძნარი, ხეოთი, ტბეთი, ბარაკონი, მცხეთის ჯვარი, მარტვილი, ქორეთის სამება, მეტეხი, ერთაწმინდა, ბაგრატი, წეროვნის სამება, იშხანი, ხირსა, სამთავისი, წილკნის ღვთისმშობელი, წუნდა, ატენის სიონი, აჭის წმ. გიორგი, ბოლნისის სიონი და სხვანი და სხვანი. ამ ტაძართაგან ერთ-ერთს - მცხეთის ჯვარს (VI-VII სს) სხვა ტაძრებისაგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მტევნების ყველაზე ძველი ჩუქურთმები ამკობს... აღსანიშნავია მცხეთის ჯვრის, ატენის სიონისა და წილკნის ღვთისმშობლის ტაძრების ყურძნის მტევნების ჩუქურთმების მსგავსება. ჩუქურთმების აბსოლუტური უმრავლესობა გამოყვანილია ქვიშაქვაზე. ესაა იგივე ქვა, რითაც თავად ტაძრების უმრავლესობაა ნაგები, მაგრამ ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც XIII საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული, შემკულია შირიმის ქვაში ნაკვეთი ყურძნის მტევნებით, რომლებსაც ვხვდებით სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე. ეს, ერთი შეხედვით პრიმიტიული წესით ნაკვეთი ყურძნის მტევნები ქართველი კაცის ბუნების გასაოცარი გამოვლინებაა. ტაძრის მშენებლობაში გამოყენებულია, როგორც ნატეხი, ისე შირიმის ქვაც. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე გვხვდება ასომთავრული წარწერა, რომელიც ქვიშაქვის სამად გაყოფილ ფილაზეა ამოკვეთილი. ტაძრის გადასახურად თავის დროზე სხვადასხვაფრად მოჭიქული ძვირფასი კრამიტი ყოფილა გამოყენებული. ამ ნატიფი გემოვნებით ნაგები ტაძრისათვის ოსტატი ვაზის ჩუქურთმების გამოსაკვეთად შირიმის მასალას იყენებს, რაც ერთი მხრივ რთულია, ხოლო მეორე მხრივ ის შესაძლოა ქვიშაქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმასავით ლამაზი არც კი იყოს, მაგრამ ფუძნარის შემთხვევა სწორედაც, პირიქითაა! ტაძარზე შირიმის მტევნების მაგივრად სხვა ჯიშის ქვაში ნაკვეთი მტევნები წარმოუდგენელიც კია. ამ პრიმიტიული წესით ნაკვეთ მტევნებში მშვენიერების შეგრძნების უაღრესად დიდი გამოვლინება მოსჩანს. თუ ადამიანი დააკვირდება, ტაძართან საოცრად შეხამებული ამ უბრალო მტევნებიდან თვალნათლივ მოსჩანს პერიოდი, რომელსაც შემდგომში ქართველები ოქროს ხანას დაარქმევენ.

მცხეთა, 2016 წ.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული