Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩვენი ღვინოების საბაზროდ ქცევის საკითხი

ილია ჭავჭავაძე, 1892 წ.

ტფილისი, 11 ნოემბერი

ჩვენში მეტად გაძლიერდა ის აზრი, რომ ცალკე მეცადინეობით, თვითოეულად, ცალკე უღლის წევით კაცი ვერაფერს გახდება. საქმე თავს ვერ მოდის და დაწყებისავე უმალ უღონობა მარტოობისა, ცალკე გამრჯელობისა, პირველ შემთხვევაშივე აუწყებს ხოლმე საქმის დამწყებსა, რომ მის განზრახულს საგანს დიდი მანძილი ცხოვრებისა არა აქვს. 

დიდი საქმეა, რომ ამ მართალმა აზრმა ფეხი აიდგა ჩვენში, და თუმცა ჯერ-აქამომდე ამ ფეხად ადგომილს აზრს ბევრი არ უმოქმედნია, მაგრამ საცა-კი საქმეს ბურჯად მისცემია, საფუძვლად დასდებია, ყველგან გამარჯვებულა და იმედი გაუმართლებია. აიღეთ, მაგალითად, თუნდა ჩვენი ბანკები, საცა მარტო შეერთებულმა ღონემ გაატანინა ქართველობას მოედნიდამ მძიმე ბურთი საქმისა და დღეს უფულო ქართველობა ამოქმედებს ჩვენში მათის მეოხებით ცამეტს-თოთხმეტს მილიონს ფულსა. მეორე მაგალითია ჩვენი „ქართველთა წიგნების გამომცემი ამხანაგობა”. აქ გროშებით დაწყებულმა საქმემ იმდენი ღონე გამოიჩინა, იმდენი ბარაქიანი მალიათი, რომ დღეს ათას თუმნობით ატრიალებს ფულს თავის საქმეში. ამისთანავე ბედნიერი დღე მოელის „ამხანაგობას სახლების აშენებისას”. არ გავა ორი-სამი წელიწადი, რომ ამ ამხანაგობის მართლა-და ყველასათვის საყვარელი და სასარგებლო აზრი განხორციელდება და მისნი წევრნი საკუთარის თვალით დაინახავენ – რის შემძლებელია ძალ-ღონე ერთობისა. 

დიდი ხანია და კარგა დიდი ხანიც მას აქეთ, რაც ჩვენში გაიღვიძა ნაყოფიერმა სურვილმა, რომ ეგ შეერთებული შეძლება და ძალ-ღონე საფუძვლად დაედოს სხვათა შორის ღვინის საქმესაც ჩვენში, კისრად იდვას იგი საზოგადოებამ და საზოგადოებურის ძალით დადგეს ჯეროვანს ფეხად და გაიმართოს სამოქმედოდ. ამ აზრმა იარა, იარა და დღეს ისე მომწიფდა, რომ ლამის განხორციელდეს, მაგრამ როგორ და რა გზით? აი, ამის გამო ჩვენ გვწადიან ორიოდე ჩვენი აზრი ვაუწყოთ ამ ნაყოფიერის სურვილის მეთაურებს და მომხრეებს. 

ღვინის საქმეს ჩვენში ერთი დიდი საჭიროება აქვს, სახელდობრ ისა, რომ საბაზრო საქონლის თვისება მიეცეს, რომ საქართველოს გარეთაც მუშტარი აიჩინოს, ბაზარი გაიმართოს. ვიდრე ამ საჭიროებას არ მოევლება, კეთილი სურვილი ღვინის საქმის მეთაურებისა და მოხმარებისა ერთს ბიჯსაც წინ ვერ წარსდგამს. მაშასადამე ჯერ ყოვლთ უწინარეს უნდა ვიღონოთ, როგორ და რა გზით მოვაწყოთ, რომ ღვინოს თვისება მივცეთ საბაზრო საქონლისა. სხვა ყოველი, ჩვენის ფიქრით, ადვილია, ოღონდ ამ მხრით შესაძლებელი გახდეს საქმის მოწყობა. 

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ჩვენებური ღვინო საბაზრო საქონელი არ არის. ის საბაზრო საქონელი არ არის, რომლისაც არ ვიცით, ბაზრამდე, მუშტრამდე იმ სახითვე მივა, რა სახითაც პატრონს გაუსტუმრებია ბინიდამ, თუ არა. ჩვენს ღვინოზედ სწორედ ამისთანა არვიცობა ითქმის. მინამ დარწმუნებული არ ვიქნებით, რომ ჩვენი ღვინო ჩვენის მარნიდამ ბაზრამდე თავის გემოთი, ფერით და სუნით მივა და თავს დაიჭერს, იმ დრომდე ნურავის ჰგონია, რომ ღვინის აღებ-მიცემობამ ჩვენში ჩვენი სასურველი გზა გაიკაფოს. დღესაქამომდე ჩვენებური ღვინო ასე თუ ისე შინვე საღდებოდა, აქავ ჩვენში ჰშოულობდა მუშტარსა და მსმელსა, და რაც მოდიოდა ერთს წელიწადს, აქავ ისმოდა ერთისავე წელის განმავლობაში. ამ მოკლე ხანში ჩვენებური ღვინო თავს იჭერდა, თუმცა ესეც ვაითა და ვაგლახითა. ამიტომაც ჩვენში არავინა ჰფიქრობდა ღვინისათვის გამძლეობა მიეცა, რომ შორი გზა და ხანგრძლიობა აეტანა. 

ეხლა ჩვენებური შინაური ბაზარი ვეღარ იტევს მთელს ჩვენის ქვეყნის ღვინის მოსავალს, და ეს ორის მიზეზის გამო მოხდა. ერთი მიზეზი ის არის, რომ მსმელი მოაკლდა, მეორე ისა, რომ ვენახების მოედანი გადიდდა და მოსავალმაც ამ ორ-სამ წელიწადში იმატა. მუშტარის დაკლება გამოიწვია იმან, რომ ამ ხუთმეტს-ოცს წელიწადში, მოუსავლობის გამო, ღვინო ჩვენს უმთავრესს ბაზარში, ესე იგი ტფილისში, გაძვირდა იმოდენად, რომ დაბალი ხალხი, რომელსაც ღვინის სმა პირველ საჭიროებად მიაჩნდა და რომელიც შეძლებისდაგვარად ჰხარჯავდა, გაუფრთხა ღვინოს და მიეტანა უფრო იეფს პივას და იმას შეეჩვია. უნდა ესეც ვიქონიოთ სახეში, რომ ორთა-შუა და დაბალი ღვინოები თითქმის სულ ამ ჯურა ხალხში საღდებოდა სირაჯებისაგან. იმას აღარ ვამბობთ, რომ ღვინის სიძვირემ ყველგან შეამოკლა ღვინის ხარჯვა და სმა. 

ამ სახით, ერთის მხრით მუშტრის დაკლებამ, და მეორეს მხრით ვენახების გამრავლებამ და ამ ორს-სამ წელიწადში მოსავლის მატებამ, ისა ჰქმნა, რომ დღეს ღვინო ბევრია და მყიდველი-კი ცოტა. აქედამ ცხადია საჭიროება იმის, რომ ჩვენმა ღვინომ ბაზარი იშოვოს რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ხოლო თუ ჩვენ ღვინოს გამძლეობა გემოსი, ფერისა და სუნისა არ მიეცა, თუ რაც სიკეთე ბუნებრივი აქვს, ის არ მიჰყვა ბაზრამდე, მსმელამდე, მხარჯავამდე, ბაზარი რუსეთისა და სხვა ქვეყნებისა ჩვენთვის უქმი ნატვრა იქმნება, რადგანაც უამისოდ ღვინის აღებ-მიცემობის წარმართვა იმოდენად, რომ ღვინის თავდაპირველმა პატრონმა რაიმე ხეირი ჰნახოს, შეუძლებელია. 

აკი ვამბობთ, ჯერ მთელი ჩვენი ზრუნვა, ჩვენი მეცადინეობა იმას უნდა მიემართოს, რომ ეს გამძლეობა მიეცეს ჩვენს ღვინოსა, და სხვა ყოველი ადვილია. ამბობენ, ყველაზედ უწინარეს ფული არის საჭიროო საქმის დაწყებისათვის. ჩვენ ეს აზრი შეცდომად მიგვაჩნია. ფული, როგორც ყოველივე ეკონომიური ძალ-ღონე, ისეთი თვისებისაა, რომ თითონ ეძებს საქმეს, თითონ მიეზიდება საქმისაკენ, რადგანაც უქმად დება ეწინააღმდეგება ეკონომიურს ბუნებას ყოველი ეკონომიურის საგნისას და მაშასადამე ფულისაც. 

ოღონდ ეს არის, რომ ფული ფრთხილია,  წინდახედული და მარტო კარგად და საიმედოდ აგებულს საქმეს ენდობა. კარგად და საიმედოდ ააგეთ ეს საქმე ღვინის გამძლეობისა, საბუთი მიეცით ქვეყანას, რომ თუ ფული გექნებათ, ღვინოს საბაზრო საქონლად გაჰხდით, რომ ყველასაგან ცნობილი სიკეთე აქაურის ღვინისა ღვინოს ხანგრძლივად რჩება, შორს გზას აიტანს, და მაშინ ფული თითონ დაგიწყებთ ძებნას, თითონ შემოგხვეწებათ, საქმეში წილი დამიდეთო. იმიტომ რომ მაშინ ბაზარიც დიდი ექნება ღვინოს და მოგებასაც აღებ-მიცემობისას წინ ბევრი არა დაუდგება-რა. საცა მოგებაა, ფული დაკეტილ ზანდუკიდამაც თავისთავად ამოძვრება და თქვენ დაგიწყებთ ხვეწნას. ესეთია ბუნება ფულისა, როგორც ყოველ საეკონომიო ნივთისა, – იქით მიიზიდება, საცა გამორჩენა და ხეირია. 

ამის მაგალითიც იგივე ბანკებია. ბანკების გამართვის დროსაც იძახოდნენ, მაგ ორიოდ გროშით, რაცა გაქვთ, ვის რას გაუძღვებითო, სულ ორის სამის დღის საგზალითო, და მერე ხომ გულ-ხელი უნდა დაიკრიბოთო, ვინ მოგცემთ საჭირო ფულსაო. ოღონდ საქმე კარგად აეგოსო, ამბობდნენ მეორენი, ოღონდ საიმედოდ დაეწყოს, და ფული თითონ მოგვნახავსო, და აი დღეს, ოცდაოთხი ათასის თუმნით დაწყებულმა საქმემ ცამეტი, თოთხმეტი მილიონი ფული მოიპოვა სამოქმედოდ. 

კიდევ ვიტყვით: ფულზედ ნუ ჰფიქრობთ, ოღონდ თითონ საქმეს საიმედო საფუძველი დაუდეთ და ფული თითონ მოგნახავთ. 

მასალა მოგვაწოდა გიორგი ბარისაშვილმა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული