Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურამი და ორშიმოს დაწაფებული ბარონი

გურამ თიკანაძის ფოტო: ლიტერატურის მუზეუმის არქივიდან

ავთანდილ გურასაშვილი

ბედისა თუ განგების წყალობით ამ სექტემბერს ორი თარიღი დაემთხვა ერთმანეთს, რომლებიც ერთმა ფოტომ გამახსენა. იმ ფოტოზე ერთი ასაკოვანი კაცია აღბეჭდილი, რომელიც პირდაპირ ორშიმოდან მოწყურებულივით დაწაფებია ქართულ ღვინოს. მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე,ის კაცი, აშკარად უცხოელი რომაა, იმ სასმელს უთუოდ ღვთაებრივად აღიქვამს და ნეტარებით აგემოვნებს.

ფოტოს ავტორი ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი და მთამსვლელი გურამ თიკანაძეა, ხოლო იმ სურათზე აღბეჭდილი კაცი - მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო ბიუროს თავმჯდომარე, ფრანგი ბარონი პიერ ლე რუა გახლავთ.

ის ფოტო ვაზისა და ღვინის X საერთაშორისო კონგრესის დღეებშია გადაღებული, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. იმ კონგრესის მასპინძლობიდან ამ სექტემბერს ნახევარსაუკუნოვანი თარიღი დამრგვალებულა, ხოლო გურამ თიკანაძის დაბადებიდან ამავე სექტემბერს 80 წელიწადი შესრულდა.

კავკასიონზე, მწვერვალ შხარიდან დაშვებისას დაღუპული გურამ თიკანაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი იყო, პირველი ქართველი ფოტოხელოვანი გახლდათ, რომელმაც ამ საქმეში საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. მისი ფოტოგრაფიული ინტერესები, უმრავლესად,ალბათ, მაინც მთამსვლელობას უკავშირდებოდა, თუმცა განზე არც სხვა სფეროები რჩებოდა. გამონაკლისი არც მევენახეობა-მეღვინეობა იყო, რომელიც გურამ თიკანაძის მახვილ მზერასა და მის ფოტოობიექტივში მოხვედრილა, რითაც არაერთი საინტერესო კადრი აღუბეჭდვას ფირზე. გავიხსენოთ თუნდაც ქართული თუ უცხოური პრესამოვლილი, მეტად შთამბეჭდავი "მოხუცის პორტრეტი", რომელზეც ქედის რაიონის სოფელ გობრონეთის მევენახე ა. ბოლქვაძეა აღბეჭდილი; გავიხსენოთ ყურძნით სავსე გოდრებთან მდგომი ბიჭუნა ან მომღიმარი მოხუცი კახელი მევენახე თავისი ნაჯაფი ხელით და პაპის ქვევრების რიგში მოტანტალე გოგონაც; გავიხსენოთ ასევე უძველეს ქვევრებთან, საქართველოს მუზეუმში გადაღებული ფოტო, რომელზეც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესის მონაწილე უცხოელი სტუმრები არიან ფირზე აღბეჭდილნი; სავარაუდოდ, ამავე კონგრესის მონაწილეა უცნობი, ღაღაბიანი ზორბა უცხოელი, რომელიც ყურძნის პატარა მტევანს საქმიანი იერით შეექცევა.

ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებით კიდევ არაერთი ფოტოს გახსენება შეიძლება, რომელიც გურამ თიკანაძეს აღუბეჭდავს ფირზე, მაგრამ რაკი ამ კაცზე, ჩემს სამოგზაურო რუბრიკაში ვაპირებ თხრობას, ახლა თბილისში გამართულ იმ კონგრესზე შევჩერდეთ, რომელიც მეტად მნიშნელოვანი მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში და მეღვინეობა-მევენახეობის ჩარჩოებს ცდებოდა კიდეც.

ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო ხშირად იმართება ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დონისა და მასშტაბების თავყრილობები, ფესტივალები, დეგუსტაციები, გამოფენები, ამ ყოველივეს კი სწორედ 1962 წლის იმ საერთაშორისო კონგრესმა დაუდო სათავე, რომელმაც უცხოელ სტუმართა შორის, შეიძლება ითქვას, ფურორი მოახდინა. ამის დასტურია იმდროინდელი პრესის შთაბეჭდილებები და მოგონებები, რომლებიც იმ კონგრესს უკავშირდება, რომლის სამასპინძლოდ არაერთი მეღვინეობით განთქმული ქვეყანა ეცილებოდა ერთმანეთს, მაგრამ არჩევანი ბოლოს მაინც თბილისზე შეჩერდა.

როგორც ამ დარგის სპეციალისტი გიორგი თუშმალიშვილი საკუთარ პუბლიკაციაში იხსენებდა, იმ კონგრესზე "ბატონმა ლე რუამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ მიზეზებს, რომლებმაც განაპირობეს X კონგრესის საქართველოში ჩატარება და დასძინა, რომ ქვეყანა, რომელმაც შემოინახა მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები, ღირსია დიდი პატივისცემისა და მოუწოდა კონგრესის წევრებს, განეწყონ მისდამი ნდობით და კეთილმოსურნეობით,რაც ბევრ მათგანში იგრძნობოდა"... "ბატონმა ლე რუამ ჩვენი ქვეყანა შეადარა თავის სამშობლოს - პროვანსს და საბოლოოდ მოუწოდა კონგრესმენებს, რომ გაიზიარონ და შეითვისონ ერთმანეთის არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ ერთმანეთს მეგობრობით და ურთიერთგაგებით მოეკიდონ...".

კონგრესის მონაწილეებმა, სექციებში მუშაობის დამთავრების მერე და მის პარალელურადაც მოიარეს ჩვენი ღვინის, შამპანურისა და კონიაკის ქარხნები და დააჭაშნიკეს მათი სასმელები. ამ სასმელებმა და თვით ქარხნებმა, აღაფრთოვანა ცნობილი უცხოელი სტუმრები, რომელთათვისაც საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სასმელებს უცხოური გამოფენა-კონკურსებიდან ოქრო-ვერცხლის ჯილდოები იმ ხანად ლამის გოდრებით ჩამოჰქონდათ, მაინც ჭეშმარიტად აღმოჩენა გამოდგა. ამის დასტურია სტუმართა ის აღმაფრთოვანებელი შთაბეჭდილებები და გამონათქვამები, რომლებიც მემამტიანეებმა შემოგვინახეს.

"საქართველოში ჩვენთვის მისაბაძი ბევრი რამ ვნახეთ. ქართველ მეღვინეებს შეუძლიათა იამაყონ საკუთარი მიღწევებით", - თქვა იმ კონგრესის დღეებში საერთაშორისო მევენახეობა-მეღვინეობის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტმა პიერ ფარადიმ. იმავე დღეებში პიერ ფარადიმ ერთ-ერთი დეგუსტაციის შემდეგ აღნიშნა:"როგორც საერთაშორისო ბიუროს წევრს ხშირად მიხდება მონაწილეობა დეგუსტაციებზე როგორც საფრანგეთში, ისე სხვა ქვეყნებში, მაგრამ ასე ბრწყინვალედ მოწყობილ დეგუსტაციაზე ყოფნა იშვიათად თუ მომაგონდება. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართული ღვინოები, რომლებიც ხარისხით მიუახლოვდებიან მაღალი ღირსების ფრანგულ ნიმუშებს".

ამავე კონგრესის მონაწილე სხვა ფრანგმა ექსპერტმა, პროფესორმა გოდარმა საქართველოს სუფრის წითელი სამარკო და ორდინალური ღვინოების შეფასებისას თქვა: "მათ ღირსეულად შეიძლება დაიკავონ ადგილი განთქმულ ბორდოსა და ბურგუნდიის ღვინოების გვერდით"... ამგვარ აღფრთოვანებას შეუერთდა ბარონი ლე რუა, რომელსაც უთქვამს: ერთხელ ბავშვობაში კუნძულ კრეტაზე ვიყავი მინოსში და ლამის იქაურ ლაბირინთში დავიკარგე. ვისურვებდი, რომ აქ, ყვარლის ძველი მარნის ლაბირინთში დავკარგულიყავი, მაშინ როცა იგი წითელი ღვინით პირთამდე სავსე იქნება და, მერე ნუღარავინ მომძებნისო.

ჩვენს ალკოჰოლურ სასმელებზე არანაკლები შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს მეღვინეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუმა. მისი გაცნობის მერე აღფრთოვანებულმა ცნობილმა იტალიელმა პროფესორმა დოლმასომ მას უმაღლესი კლასის ინსტიტუტი უწოდა. კონგრესის მონაწილენი ასეთივე შთაბეჭდილებებით აღივსნენ კონიაკის ქარხნისა და შამპანური ღვინოების ქარხნის სტუმრობისას, სადაც თავად ამ საწარმოებმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და იქ გამართულმა დეგუსტაციებმაც.

მასპინძლებმა ყველა ღონე იხმარეს სტუმართათვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის გასაცნობადაც, რისთვისასც მრავალი გასვლა მოეწყო როგორც სხვადასხვა მხარეში, ისე მუზეუმებში. ეს ყოველივე ნაირგვარი კულტურული პროგრამით გასრულდა, რამაც ჩვენს რესპუბლიკას დიდი რეკლამა მოუტანა. მასპინძელთა ასეთმა თავგამოდებამ უთუოდ მნიშნელოვანწილად განაპირობა 1962 წელს თბილისში ღვინისა და კონიაკის საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობა, რაც ასე მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

2010 წელს თბილისმა მეორედ უმასპინძლა მსოფლიოს მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესს, მაგრამ იმ პირველ და მეორე კონგრესს შორის 48-წლიან მონაკვეთში ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა უარესობისკენ, თუმცა ბოლო წლებში ჰორიზონტზე ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობისთვის შავი ღრუბლები თანდათან იფანტება, სულ უფრო უკეთესი ღვინით ივსება და, იმედია, ქართული ღვთაებრივი სასმელით აღტაცებულთა ისეთი სახეები, როგორსაც გურამ თიკანაძის მიერ გადაღებულ იმ ფოტოს ვხედავთ, კვლავაც იმრავლებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.