Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხარებას ღვინოები პარიზში

გუშინ, პარიზში, რესტორან La Coupole–ში, ბულვარ დე მონპარნასზე, ხარებას ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია და ჭაშნიკი სადღესასწაულო სადილით დასრულდა, რომელსაც La Coupole-ს ქართული წარმოშობის შეფის, ვახტანგ მელიავას მიერ მომზადებული კერძები 7 სხვადასხვა ღვინოს შეუხამეს.

La Coupole პარიზის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული და ენო–გასტრონომიული კერაა, მხატვრებისა და მწერლების საყვარელი ადგილი, 20–იანი წლების ლეგენდარული რესტორანი. არტ დეკო, კუბისტური მოზაიკური იატაკი, სხვადასხვა დროის ნაკვალევი, განსხვავებული ეპოქის ნიშნები...

ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ სალვადორ დალი და პიკასო, ხაიმ სუტინი, მატისი, ჯორჯო დე კირიკო, ფერნან ლეჟე, მან რეი, ბრეტონი. არაგონს აქ გაუცნია ელზა ტრიოლე, სიმენონი ჟოზეფინ ბეიკერთან სადილობდა ხოლმე, ჰენრი მილერი კი მარტოკა საუზმობდა La Coupole–ში. ჰემინგუეს აქ მომზადებული ცხვრის კარი ჰყვარებია, ჯოისს მშობლიური ვისკის წრუპვა, ალბერ კამიუს კი სულაც თავისი ნობელის პრემია La Coupole–ში უზეიმია. 1968 წლის მაისში, ამბოხებული პარიზის ყველაზე ცხელ დღეებში, ერთ–ერთი შეკრებისას კონ–ბენდიტი რესტორნის მაგიდაზე ასულა, რამდენიმე წლის შემდეგ პატის სმიტს გიტარა მოუთხოვია, შაგალს 97–ე დაბადების დღე გადაუხდია 1984 წელს. მოკლედ, აი ასეთ ადგილას ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც ქართული ღვინოების დამკვიდრებას ისახავს მიზნად დასავლურ ბაზარზე. 

შეხვედრას „ხარება ჯგუფის“ მთავარი მეღვინე, ლადო კუბლაშვილი და კომპანიის მეღვინე-კონსულტანტი, ერვე რომატი უძღვებოდნენ. სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონე და კომპანია ხარებას გენერალური დირექტორი ნიკა ზაუტაშვილი. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა კომპანია ხარებას თანამფლობელი ვახტანგ ლიპარტიანი.

გარდა ამისა, დეგუსტაციას არაერთი მნიშვნელოვანი სტუმარი ეწვია. 50-მდე ღვინის სპეციალისტი და ჟურნალისტი საფრანგეთიდან, შვედეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან. გამოცემები - Le monde, Terre De Vins, Food & Sens, Miamiamiam – Right&Hipe, OIV-ის (ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია) დირექტორის მოადგილე იან ჟუბანი, BKWine, Sommelier International, Wine Spectator და სხვ.

სულ 7 ღვინო იყო წარმოდგენილი:

რქაწითელი, 2016

მწვანე 2016

კრახუნა 2015

ქვევრის კრახუნა 2015

საფერავი კლასიკური 2013

საფერავი პრემიუმი 2012

ქვევრის ოცხანური საფერე 2012

ცხადია ყველაზე დიდი ინტერესი ქვევრის ღვინოებმა გამოიწვია და ღვინის ჟურნალისტები და მწერლები დეტალური ინფორმაციის მისაღებად ხშირად მიმართავდნენ ღვინის ავტორებს.

ჭაშნიკზე მცირე ხემსიც შემოიტანეს, რომელთაგან უმრავლესობა ქართული სამზარეულოს ერთგვარი ინტერპრეტაცია იყო - პატარა ბადრიჯნები მდიდრული გულსართით, რომელიც ნიგვზიან ბადრიჯანს გაგახსენებდათ პირველ რიგში, ქამა სოკო სატენით, ხაჭაპური და ფუა გრა ლეღვის ტკბილი ხილფაფით.

შესავალი პრეზენტაციისა და ღვინოების ჭაშნიკის შემდეგ La Coupole -ის ქართველი ფრანგი შეფ-მზარეულის კერძები გამოვიდა ხარებას ღვინოებთან ერთად. პირველი გახლდათ Trio d’entrées (ხემსის ტრიო) - კიბორჩხალა და ავოკადოს კოქტეილი, ნაცარქათამას ტაბულე ახალი მწვანილით, შებოლილი ვირთევზა და უნაზესი გასპაჩო. თავი კერძი იყო Libre Interprétation du Chakhokhbili (ჩახოხბილის თავისუფალი ინტერპრეტაცია) - ეს თავისუფალი ვარიაცია ცხვრისა გახლდათ, ცხვრის ბეჭი, ფენოვანი, კარტოფილისა და პომიდვრის კოქტეილით. უჩვეულო და რთული კერძი ბლომად სოუსით, რომელიც მართლაც ჩახოხბილის წვენს მოგაგონებდათ. დესერტზე კი ჟოლოსა და შოკოლადის ქორწილი იყო, ექსკლუზიური შოკოლადით, რომელიც სპეციალურად La Coupole-სთვის მზადდება, მჟავიანობისა და სიტკბოს საუცხოო წყვილი.

პრეზენტაცია და სადილი საღამოსკენ დასრულდა. ამ დროს უკვე La Coupole-ში მუდმივი თუ შემთხვევითი სტუმრების პირველი ნაკადიც შემოდიოდა, რომლებიც იმედია მომავალში ხარებასა და სხვა ქართული კომპანიების და მცირე მარნების ტრადიციულ და კლასიკურ ღვინოებსაც დიდი ინტერესით და მოლოდინით გასინჯავენ.

მეტი ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული