“ენოფეა“ 2019 წელს არჩილ ფარსადანიშვილმა დააარსა. მისი მთავარი მიზანია გაუღრმავოს ცოდნა საზოგადოებას, რომელსაც უყვარს ღვინო, ღვინის ჭაშნიკი და დატოვოს ახალი მემკვიდრეობა ღვინის ისტორიაში. “ენოფეა” ახალი ღვინის ფესტივალზე 13 მაისს პირველად წარდგება. ამ ინტერვიუში გაეცნობით არჩილის რჩეულ და საფესტივალო ღვინოებს, მის მოლოდინებსა და მეღვინის, როგორც ფესტივალის ხშირი სტუმრის, შთაბეჭდილებებს.
⁃ თუ ყოფილხართ ფესტივალის სტუმარი აქამდე, რითაა დასამახსოვრებელი მისი სტუმრობა? რა შეგრძნებაა, როდესაც ახლა დახლის მეორე მხარეს იქნებით და თავად გაუმასპინძლდებით სტუმრებს?
- დიახ ვყოფილვარ ღვინის ფესტივალზე და არაერთხელ, თუმცა მხოლოდ სტუმრის სტატუსით, რამაც დიდი ემოციები და დადებითი მუხტი გამოიწვია ჩემში. სწორედ ამან გადამაწყვეტინა დღეს დახლის მეორე მხარეს ვიდგე მე და ახლა მე ვუმასპინძლო სტუმრებს, რაც, მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.
⁃ შეგიძლიათ გაგვაცნოთ თქვენი წარსადგენი ღვინოები, მათი არომატები და გემური პროფილი? თქვენი რჩეული ღვინო რომელია?
- მინდა წარმოგიდგინოთ სხვადასხვა წლის და კატეგორიის ღვინოები, მათ შორის არის მწვანე, როგორც თეთრი მშრალი ასევე ქარვისფერი მშრალი, რქაწითელი ქარვისფერი მშრალი, ჩხავერი ვარდისფერი ნახევრად ტკბილი და ბოლოს საფერავი წითელი მშრალი ქვევრის და ასევე მუხის კასრში დავარგებული.
⁃ შეგიძლიათ გაგვიაზიაროთ მხიარული ან დასამახსოვრებელი ამბავი თქვენს ღვინოსთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით? ღვინის დაწურვის პროცესში რაიმე ახალი, განსხვავებული მეთოდისთვის ხომ არ მიგიმართავთ?
- ჩემთვის ღვინოსთან ურთიერთობა და მისი დამზადება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი წამი დასამახსოვრებელია, ასე კონკრეტულად ვერ გამოვყოფ ვერცერთ წუთს.ვიყენებთ როგორც ძველ ტრადიციულ ელემენტენს ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებს.
⁃ უდაბნოში რომ იყოთ და მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინის ნატვრა ან წაღება შეგეძლოთ, თქვენს რომელ ღვინოს წაიღებდით?
- უდაბნოსთვის იდეალურია აჭარული ჩხავერი, ზღვასთან ახლოს არის და სიოს მოიტანს. (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით)
⁃ როგორ წარმოგიდგენიათ საუკეთესო სცენარი ფესტივალის დღეს, 13 მაისს?
- ლამაზი მზიანი დღე, მრავალი ბედნიერი სახე, რომელიც კარგ განწყობას შექმნის მონაწილეებისთვის და ასევე სტუმრებისთვის.
⁃ მსოფლიოში რომელ ცნობილ ადამიანს, თუნდაც მეღვინეს, მწერალს, ან მსახიობს ისურვებდით, დაეჭაშნიკებინა თქვენი ღვინო?
- ვისურვებდი ჩემი ღვინო დაეჭაშნიკებინა ლუჩიანო სპალეტის.
⁃ გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ან სასიამოვნო მოგონება ფესტივალზე წარსული გამოცდილებიდან, როდესაც მხოლოდ ფესტივალის სტუმარი იყავით.
- 2010 წლის „ახალი ღვინის ფესტივალზე“ მიღებული დადებითი ემოცია და მუხტი დღემდე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე. ვფიქრობ ცხოვრების ბოლომდე გამყვება სასიამოვნო ემოციები. წელს პირველად ვიღებთ მონაწილეობას „ახალი ღვინის ფესტივალზე“ და ჩემი სურვილია შეძლებისდაგვარად ყოველ წელს მივიღოთ მონაწილეობა, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ახალი პროდუქტები.
⁃ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რჩევები ან რაიმე საიდუმლო თქვენი ღვინის დეგუსტაციისას?
- ყველა ღვინოს თავის შესაბამისი ტემპერატურა და გარემო სჭირდება, რისი საშუალებაც, სამწუხაროდ, ღვინის ფესტივალზე არ გვეძლევა.
⁃ რაიმე ახალი კატეგორიის ღვინის დაყენებას ხომ არ ფიქრობთ მომავალში, რა სამომავლო გეგმები გაქვთ და თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?
- ახალი ღვინის ფესტივალი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი საშუალებაა საზოგადოებაში საკუთარი თავის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით დამწყები მარნისთვის. სამომავლო გეგმებია გავზარდოთ ასორტიმენტი საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნის გამოყენებით და შევქმნათ მრავალფეროვნება, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებელს.
⁃ და ბოლოს, რა არის ის, რასაც იმედოვნებთ, რომ სტუმრებს თქვენი ღვინის დაჭაშნიკების შემდეგ დღის ბოლომდე გაჰყვებათ ან დაამახსოვრდებათ?
- ვიმედოვნებ, რომ ის სიყვარული და ემოციები, რაც ჩავდე ჩემი ღვინის დამზადებაში ჩემი სტუმრების ემოციებში აისახება და დარჩება მათ მოგონებებში.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი