Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვახუშტი მენაბდე და ჩხავერის კონსტიტუცია - ალეკო ცქიტიშვილის ბლოგი

მენაბდის მარნის შესახებ ახლა ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა - ტელესიუჟეტები, სტატიები, ბლოგერების მასალები იუთუბზე, გამოხმაურებები სოციალურ მედიაში და ა.შ. მარანი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარეობს და მოიცავს საოჯახო სასტუმროს, ხეხილით და ტყის მცენარეებით დატვირთულ ეზოს, ჩხავერის და საკმიელას ვენახებს, მარანს ჭურებით. კონცეფცია, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო, ეკუთვნის ვახუშტი მენაბდეს - ცნობილ კონსტიტუციონალისტს, უფლებადამცველს და სამართლის პროფესორს. თუმცა, მარნის განვითარებაში მენაბდეების ოჯახის სხვა წევრებიც აქტიურად მონაწილეობენ, რაც წარმატების მთავარი საიდუმლოა.

დადებითი განწყობა, რითაც სტუმრებს მენაბდის მარანში შესვლისთანავე უჩნდებათ, პირველ რიგში, უკავშირდება ვახუშტი მენაბდის და მისი ოჯახის დამოკიდებულებას ბუნებისადმი. ჭიშკართანვე გესალმება უზარმაზარი ფიჭვი. სახლის გვერდით კი ორი ასეთივე ასაკოვანი კვიპაროსი დგას. ერთ-ერთზე ვარდია ასული - 30 მეტრ სიმაღლეზე, რომ ყვავილები მზის სხივებს მიაწვდინოს. ქვემოდან ამ ვარდის ყვავილთა სილამაზეს ვერავინ ხედავს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თვითონ ვარდი გრძნობს თავს კარგად და მას არავინ სხლავს. სახლის უკან ასევე უზარმაზარი უნაყოფო თუთაა, რომელსაც ბევრ სხვა ოჯახში ალბათ მოჭრიდნენ, მენაბდეები კი მას უფრთხილდებიან, რადგან მასზე ბებერი, ხავსმოკიდებული ადესაა დახვეული. კვიპაროსზე ასული ვარდის მსგავსად, ეს ვაზიც, დიდი ალბათობით, ნაყოფს 30-40 მეტრი სიმაღლის თუთის კენწეროზე ისხამს, რომლის დაკრეფა შეუძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ამ თუთის და ვაზის არსებობის მთავარი დანიშნულება სულ სხვა რამეა - ერთგვარი ატრაქცია, რომელიც გვიამბობს, როგორი იყო ძველად გურიის მევენახეობა, ხეებზე ასული ვაზებით.

მენაბდეების ეზოში ხარობს 18 სახეობის მსხალი და 25 სახეობის ვაშლი, რომელთაგან უმეტესობა გურიის ძველი და იშვიათი ჯიშებია. ხეხილთან ერთად აქ ათწლეულებია თანაარსებობენ ტყის მცენარეები: წაბლი, ცაცხვი, რცხილა, კავკასიური ხურმა და ა.შ. ხეხილი და ტყის ნობათი ეზოში წელიწადის ყველა სეზონზეა. თუკი გაზაფხულზე ყვავილებია დასაკრეფი ჩაისთვის, ზამთარში - ხურმა და ზღმარტლი ტკბილდება და გროვდება. ზაფხულსა და შემოდგომაზე კი იმდენი ხილია, რომ მათი ნაყოფი ულევად მიეწოდება სტუმრებს სხვადასხვა სახით. მაგალითად: კაკლის გულებით მორთული გამომცხვარი ვაშლი საუკეთესო ნუგბარია საუზმეზე. გულგამოღებული მსხლის მურაბა და ცომში გამომცხვარი მსხალიც სასიამოვნო დესერტია. მაყვლის და ზღმარტლის საწებლები ამრავალფეროვნებს მწვანე და წითელი ტყემლის ასორტს. წაბლის კრემსუპი კი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება მოიფიქროს და მოამზადოს მზარეულმა წაბლის ნაყოფისგან. ყველა ასეთი ტრადიციული თუ ორიგინალური კერძის ჩამოთვლა ახლა შორს წაგვიყვანს.

ეზოში ხშირად არის გამართული არყის სახდელი. ნარჩენი ჭაჭის გარდა, მენაბდეები ხდიან ხილის არაყს (ხურმა, მსხალი, ტყემალი). გამონახადი ჭაჭის თუ ხილის არყის ნარჩენები ეზოს მიღმა გაშენებულ ჩხავერის ვენახში შედის ორგანული სასუქის სახით. რიგებში გაშენებული ვენახიც ორგანული წესებით არის მოვლილი. აკრძალულია ჰერბიციდის გამოყენება ბალახის გასანადგურებლად. სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ კი მხოლოდ კონტაქტური პრეპარატები გამოიყენება.

ბუნებასთან ასეთი სახის თანამშრომლობა ვახუშტი მენაბდის ეკოლოგიურ და ეთიკურ პრინციპებს ეხმიანება. მემარცხენე იდეოლოგიის კაცის პრიზმიდან აქ შეიძლება კლიმატის ცვლილების გამოწვევები, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და მოხმარებაც ვახსენოთ, როდესაც ადამიანი ბუნების ნაწილია და არა მისი მომხმარებელი. მარნის თუ საოჯახო სასტუმროს ინტერიერშიც ბევრგან აღმოაჩენთ სხვადასხვა ხის ნაკეთობებს, რომლებიც ეზოში გამხმარი წაბლის ნარჩენებისგანაა დამზადებული. წაბლს ძვირფასი მერქანი აქვს და რატომ უნდა დაიწვას შეშად?! აჯობებს, მისგან ძვირფასი ნაკეთობები დამზადდეს - სანათების სადგამები, სარკეების ჩარჩოები, თაროები, სკამები და ა.შ.

სწორედ ეს ეკოლოგიურად სწორი მიდგომები განაპირობებს მენაბდის მარნის წარმატებას და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გულთბილი მასპინძლობა და ზრუნვა სტუმარზე. ვახუშტი მენაბდის ფეისბუკგვერდიდან ცნობილია მურმანსკიდან ჩამოსული გოგონას ისტორია, რომელსაც გურიაშიც თოვლი და ყინვა დახვდა და ასევე - მზრუნველი მასპინძელი, რომელმაც მთელი ღამე გაათია, რომ სტუმრისთვის გასათბობად დენი მიეწოდებინა - ხან გენერატორიდან, ხან ტრადიციული დენის წყაროდან.

რაც შეეხება ღვინოს, შეიძლება ითქვას, რომ ვახუშტი მენაბდე ექსპერიმენტატორია. ეს გამოიხატება ჩხავერის ყურძნის შერჩევით, როდესაც სრულიად განსხვავებული ზვრებიდან მოწეული ყურძნისგან ცალ-ცალკე აყენებს ღვინოს და შემდეგ მათ ადარებს. არანაკლებ საინტერესოა ერთი ვენახის ნედლეულისგან სხვადასხვა წესით დაყენებული ღვინოები.

2021 წლის „ჩხავერი“, მაგალითად, არის 3 კვირის შემდეგ ჭაჭიდან გამორიდებული ღვინოც და 10 თვით ჭაჭაზე დაყოვნებულიც. ცხადია, სრულიად სხვადასხვა ხასიათის და პოტენციალის.

10 თვე სრულ ჭაჭაზე! ეს თვით კახური ღვინოებისთვისაც კი ბევრია. ასეთ ავანტურაზე რომ წახვიდე, კარგად დამწიფებული ყურძენი გჭირდება, რაც გურიის წვიმიანი შემოდგომისას დიდი რისკია. ისიც არ იცი, შაქრიანობა აიწევს თუ არა. თუმცა, ამ მხრივ, ჩხავერი სანდო პარტნიორია. შედეგად, მენაბდის მარნის ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო - „ჩხავერი 2020“ გამოვიდა მაღალალკოჰოლური (13.8), ჩახარშული ხილის ტონებით, სადაც მეტწილად გამოხატულია მწიფე ბროწეულის და გახეხილი შინდის არომატი, ასევე - კვამლის ტონი, რაც დამახასიათებელია ჩხავერის ღვინოებისთვის. 

ცალკე ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს 2021 წლის 29 დეკემბერს, თოვლში დაკრეფილი ჩხავერიგან დაყენებულ ღვინოზე. ამ რთველის შესახებ ვახუშტი მენაბდეც ბევრს წერდა ფეისბუკზე - ჯერ როგორ ელოდა თოვლს, მერე მზის გამოსვლას და ყურძნის შეშრობას, მერე - როგორ დაკრიფა და დაწურა ჭაჭა-კლერტზე სრულად და თან ბლომად ჩაააყოლა ყინვისგან ფერმენტირებული, მელნისფერი ფოთლებიც. ამ ღვინის ლაბორატორიული ანალიზი ჯერ არ ჩატარებულა. ღვინო ისევ ქვევრშია - ოქტომბრამდე (ისევ 10 თვე!). რამდენიმე ბოთლი ჩამოისხა ახალი ღვინის ფესტივალისთვის და გასასინჯად. კვამლი და გახეხილი შინდი ამ ღვინოშიცაა, ასევე დაკრავს მუხის კასრში დავარგებული კონიაკისთვის დამახასიათებელი ვანილის გემო, მიუხედავად იმისა, რომ კასრთან შეხება არ ჰქონია. ღვინო ერთდროულად ხალისიანიცაა და თან დავარგებული ღვინის ტონებიც აქვს.

ჩხავერის ისტორია, რომელსაც მენაბდის მარანი და კიდევ რამდენიმე მეღვინე წერს თანამედროვე გურიაში, საუკუნოვანი ტრადიციების გაგრძელებაა. თუმცა, ამ ტრადიციას ჰქონდა დიდი ჩავარდნა და წყვეტა კომუნისტურ პერიოდში, როდესაც გურიაში არათუ იშვიათი ვაზის ჯიშები (ჯანი, საკმიელა, სხილათუბანი, ორონა, ჭუმუტა და ა.შ.), არამედ ყველაზე გავრცელებულ ვაზის ჯიშიც კი კინაღამ გაქრა. სულ რაღაც 10-15 წელია, რაც გურიაში ჩხავერი რამდენიმე ენთუზიასტმა მკვდრეთით აღადგინა. ამიტომაც ის ექსპერიმენტები, რაც ყოველწლიურად მენაბდის მარანში ტარდება, შეგვიძლია, შევადაროთ კანონმდებლობის, უფრო მეტიც - კონსტიტუციის წერას. ეს კი სწორედ ვახუშტი მენაბდის სტიქიაა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული