Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“სტუმრებს ვურჩევ არ დაიზარონ და მაქსიმალურად შეძლონ წარმოდგენილი ღვინოების დაჭაშნიკება” - ინტერვიუ ირაკლი სირაძესთან

 

ირაკლი სირაძემ "რერო" თავის ძმასთან ერთად დააფუძნა, ცქრიალა ღვინის ფესტივალზე კი წელს მეორედ იღებს მონაწილეობას. პირველივე მცდელობამ - მცირე რაოდენებით ჩამოსხმულმა ნატურალურმა ცქრიალა ღვინომ, პეტ-ნატმა, როგორც გვიამბობს, დიდი მოწონება დაიმსახურა მთაწმინდაზე მოწყობილ „ცქრიალა ღვინის ფესტივალზე“, რასაც პირველი გაყიდვები ფესტივალზევე მოჰყვა.

- რა ჯიშებისგან აწარმოებთ, რა მეთოდით და რითი გამოირჩევა თქვენი ცქრიალა ღვინო?

- ჩვენი ცქრიალა ღვინოებს ჯერჯერობით ვაწარმოებთ იმერული ყურძნის შემდეგი  ჯიშებისგან როგორიცაა: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე. კლასიკური ტექნოლოგიით დაწურული წვენის პირველადი ფერმენტაცია ჭურში მიმდინარეობს და შემდგომ გრძელდება შუშის ბოთლებში. ამიტომაც ჩვენი ცქრიალები გამოირჩევა ღვინის პირველქმნილი , ბავშვივით წრფელ-ცინცხალი არომატებით

- რა სირთულე შეგქმნიათ ცქრიალა ღვინის დაყენების პროცესში?

- ბოთლში ფერმენტაციის ანუ მეორეული დუღილის პროცესში ვიყენებთ ფრანგულ ე.წ რემაუჟის მეთოდს რომელიც ყოველდღიურად  ბოთლების 90 გრადუსით ტრიალს გულისხმობს ,ლექის მაქსიმალურად გასაკონტროლებლად. ლექის გამოდევნების ე.წ დეგორჟაჟის პროცესი საკმაოდ შრომატევადია. ბოთლებში ლექის ნაწილის გაყინვა და ისე გამოდევნება   გვიწევს, რაც ღვინის დანაკარგებს იწვევს.

- აღგვიწერეთ თქვენი ღვინოები.. როგორი არომატებით და გემოებით გამოირჩევა?

- კრახუნა ციტრუსის, მწვანე ვაშლის ,მინერალების  არომატებითაა გაჯერებული. ციცქა და ცოლიკოური სხვადასხვა ყვითელი ხილის არომატებზე ჩაგაფიქრებთ. ოცხანური საფერე  კოწახურისა და ბროწეულის  არომატებს მოგაგებებთ.

- რატომ გადაწყვიტეთ პეტ-ნატის დაყენება? ცოტა თქვენი ღვინის ეტიკეტის დიზაინზეც გვესაუბრეთ..

- იმერული ყურძნის ჯიშების ციცქა, კრახუნა კლასიკურად (ჭაჭის გარეშე) დადუღების შედეგად მუდმივად  ქაფ-ბუშტუკებიანი გამოგვდიოდა ხოლმე . წინა თაობების წარმომადგენლებისგან ხშირად გვსმენია ციცქა „საშამპანურე ჯიშიაო“. ჩვენში სამწუხაროდ ცქრიალა ღვინოებს ისევ შამპანურად მოიხსენიებენ. ასე რომ გასულ წელს ციცქა, კრახუნა და ოცხანური საფერესგან ჩავატარეთ პირველი ექსპერიმენტი ნატურალური ცქრიალას მეთოდით დავაყენეთ, რაც წარმატებული გამოვიდა. ჩვენი მეღვინეობა ძმების  გიორგი და ირაკლი სირაძეს მიერაა დაფუძნებული. ჩვენივე ღვინის ეტიკეტით გადმოცემულია  ორი მოცეკვავე (ბავშვობაში ანსამბლში ვცეკვავდით) ძმის აწ უკვე მეღვინეობის საერთო შრომის ფერხულში გაგრძელებული მეღვინეობის ისტორია. ასევე გვსურდა რატომღაც მივიწყებული ასომთავრული ანბანის პოპულალიზაციაც. ამიტომაც დასახელება რერო  ასომთავრულით გამოვსახეთ.

- რა მნიშვნელობა აქვს ცქრიალა ღვინის ფესტივალს თქვენთვის

- ცქრილა ღვინის პირველი ფესტივალი ჩვენი მეღვინეობისთვის პირველი ნაბიჯებია დიდ ასპარეზზე. თითქოს პირველკლასელი იყო და პირველად შედიოდე სკოლაში. ეს ნერვიულობანარევი სიხარული ყოველთვის მემახსოვრება. ფესტივალი დეკემბრის ბოლოსვე იძლევა შესაძლებლობას მთელი წლის და განსაკუთრებით შემოდგომის ნაჯაფარის შედეგი საზოგადოებას წარედგინოს და შეფასდეს სტუმრების, სომელიეებისა, თუ ღვინის ექსპერტების მიერ. ყოველივე ამისთვის უღრმესი მადლობა ფესტავალის ორგანიზატორებს.

- რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ცქრიალა ღვინის ფესტივალს სტუმრობს?

- ნატურალური ცქრიალა ღვინის შექმნა რთულ ყოველდღიურ  შრომასთანაა დაკავშირებული. სტუმრებს ვურჩევ არ დაიზარონ და მაქსიმალურად შეძლონ წარმოდგენილი ღვინოების დაგემოვნება. სხვადასხვა კუთხის, თუ რეგიონის ცქრიალა ღვინო ძალიან განსხვავდება ერთურთისგან. გასინჯვის შედეგად სტუმრები აუცილებლად იპოვნიან მათთვის სასურველ ცქრიალა ღვინოს და  ვურჩევ საახალწლოდ მოიმარაგონ. 

- რასთან შეახამებდით თქვენს რჩეულ საფესტივალო ღვინოებს და როდის მიანიჭებდით მას უპირატესობას კლასიკურ ღვინოსთან შედარებით?

- ცქრიალა ღვინო გახსნამდე აუცილებლად უნდა ჩაცივდეს, სასიამოვნოდ ეხამება ხილ-ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებით.. გაჯერებულ მსუბუქ კერძებს. ცქრიალა ღვინის მჟავიანობის გათვალისწინებით შოკოლადისა თუ სხვა ტკბილეულის შემდგომ არ გირჩევთ მიღებას.იგი ნამდვილი მშვენებაა სხვადასხვა ტიპის ფურშეტების, სადღესასწაულო თუ ლხინის სუფრების და  შესაბამისად მის აღმნიშვნელ  პირველ სადღეგრძელოს ძალიან უხდება. შემდგომ შეგიძლიათ მშრალი ღვინით სუფრის გაგრძელება. მეორე დღეს თუ ნაბახუსევი შეგაწუხებთ, ნატურალური ცქრიალა ღვინო მისწრებაა. რომანტიკულ ვახშამს ცქრიალა ღვინით თუ დაიწყებთ, პარტნიორის გულს მაშინვე მოიგებთ და საღამოც დასამახსოვრებელი შეიქნება.

- როგორი გამოცდილება იყო გასული წლის “ცქრიალა ღვინის ფესტივალი”? 

- ნატურალური ცქრიალა ღვინის წარმოება სასიამოვნო ექსპერიმენტი აღმოჩნდა. პირველივე მცდელობამ - მცირე რაოდენებით ჩამოსხმულმა ნატურალურმა ცქრიალა (პეტ-ნატ) ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა მთაწმინდაზე მოწყობილ „ცქრიალა ღვინის ფესტივალზე“, რასაც პირველი გაყიდვები მოჰყვა ფესტივალზევე და შემდგომ ღვინის მაღაზია ჯი-ვინოში. განსაკუთრებული მადლობა მათ. ამ წარმატებამ დიდი სტიმული , მოტივაცია მოგვცა ნატურალური ცქრიალა ღვინოების წარმოებისა და შესაბამისად წელს წარმოების რაოდენობა 8 -ჯერ გავზარდეთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული