Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტუდენტური ღვინის დეგუსტაციები 8000 მოსავალში - ინტერვიუ ლუკა ნადირაძესთან და აჩიკო ზაუტაშვილთან

ყოველ ორ კვირაში ერთხელ 8000 მოსავალში სტუდენტებისთვის სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინის დეგუსტაციები ეწყობა. აგრარულის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის ორი სტუდენტი, ლუკა ნადირაძე და აჩიკო ზაუტაშვილი, 8000 მოსავალში ერთწლიანი მუშაობის გამოცდილებასა და თავიანთ ცოდნას სხვა სტუდენტებს უზიარებენ. დეგუსტაციის იდეასა და მიზნებზე აჩიკო ზაუტაშვილი გვესაუბრება:

საიდან გაჩნდა დეგუსტაციის იდეა?

- სტუდენტებთან დეგუსტაციების ჩატარების იდეა დაგვებადა ერთ ჩვეულებრივ საღამოს,როდესაც ჩვენს მეღვინე მეგობრებთან ერთად ვიყავით 8000 მოსავალში. მოგეხსენებათ, მე და ლუკა აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის სტუდენტები ვართ და ამავდროულად ჩვენი პროფესიით ვმუშაობთ აღნიშნულ ღვინის ბარში. იდეის არსი იმაში იყო, რომ სტუდენტები დაგვეპატიჟებინა 8000 მოსავალში ისე, როგორც ამას აქამდეც ვაკეთებდით, უბრალოდ ამ ყველაფრისთვის ფორმატი უნდა მიგვეცა, კონკრეტული თემა და ღვინოები შეგვერჩია და დეგუსტაცია ჩაგვეტარებინა. მე და ლუკამ მუშაობა პირველი კურსიდან დავიწყეთ, შესაბამისად ჩვენი მეგობრებისგან და უცხო ხალხისგან ყოველთვის იყო ინტერესი ჩვენი საქმიანობის შესახებ. ასეთი სტილის შეხვედრები და დეგუსტაციები ჩვენთვის სამსახურიდან გამომდინარე ახალი არ იყო. ამიტომ ვთვლიდით, რომ საჭირო იყო სტუდენტებისთვის გადაგვეცა ის მცირეოდენი ცოდნა და გამოცდილება, რასაც ამ ერთ წელიწადში უცხო ხალხსა და უბრალოდ ღვინის მოყვარულებს ვუზიარებდით.

რა არის თქვენი დეგუსტაციების მიზანი? 

- სტუდენტს უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე ღვინოსთან უშუალო შეხება არ უწევს, რაც ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო ამ აქტივობის წამოწყებისა. პირადად მე როდესაც 8000 მოსავალზე გავიგე საკმარისი ინფორმაცია არ მქონდა, მხოლოდ გაკვრით ვიცოდი, რომ ღვინის ბარი არსებობდა, სადაც სტუდენტები მუშაობდნენ. ჩვენი იდეის ერთ-ერთი არსიც ამაშია, გავზარდოთ ცნობადობა იმასთან დაკავშირებით, რასაც ვაკეთებთ და რისი გაკეთებაც მომავალ მეღვინეებს მოუწევთ. იდეის მოფიქრებიდან ერთ კვირაში ჩავატარეთ პირველი შინაურული და არაოფიციალური დეგუსტაცია, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა და ყველა კმაყოფილი დარჩა. ეს ფაქტი უფრო დაგვეხმარა იმის გააზრებაში თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს წამოწყებულ აქტივობას სტუდენტებისთვის, ჩვენთვის და ქართული ღვინის კულტურისთვის. მეორე დეგუსტაციაც წარმატებულად ჩავატარეთ,რის შემდეგაც ამ იდეასთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო.

სამომავლოდ ხომ არ აპირებთ რაიმე სიახლეს ან იდეის უფრო მასშტაბურად განხორციელებას?

- ვინაიდან განვლილმა დეგუსტაციებმა წარმატებით ჩაიარა და საკმაოდ  კარგი გამოხმაურება მივიღეთ, ვფიქრობთ, რომ მომავალში არამარტო აგრარული უნივერსიტეტის, არამედ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც დავპატიჟოთ. ჩვენი მიზანიც ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ჩავატაროთ მსგავსი შეხვედრები. გეგმაში ასევე გვაქვს დეგუსტაციების ქალაქგარეთ და უფრო შორეულ მომავალში საზღვარგარეთ ჩატარებაც, იქამდე ჯერ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ესეც გამოგვივა. რაც შეეხება დეგუსტაციის ფორმატს, სიახლეები ყოველ დეგუსტაციაზე გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ მეღვინეებიც მოვიწვიოთ. მთლიანობაში გვსურს, რომ ჩვენი დახმარებით სტუდენტები გაეცნონ რაც შეიძლება მეტ ღვინოს, რეგიონს, ტერუარს, მეღვინესა და საინტერესო ადამიანს.

როგორც ლუკა ნადირაძე გვიამბობს, დეგუსტაციები არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ თავადაც ძალიან ეხმარებათ. ერთად მსჯელობენ ღვინის არომატებზე, სურნელებებსა და გემურ თვისებებზე. ასე კი სტუდენტები, რომლებსაც გამოცდილება არ ჰქონიათ ამ სფეროში, უფრო მეტს იგებენ უშუალოდ ღვინის შესახებ, მეტად ახლოს იცნობენ პროდუქტს, ეცნობიან სხვადასხვა კატეგორიასა და სტილს:

რა სტილისა და კატეგორიის ღვინოების დეგუსტაციებს ატარებთ? რითია გამორჩეული თითოეული თქვენი შეხვედრა?
- რაც შეეხება განვლილ დეგუსტაციებს, პირველი დეგუსტაცია სრულად დაეთმო სხვადასხვა სტილით დამზადებულ თეთრ ღვინოებს. გვქონდა  კლასიკური (ევროპული) სტილით დაყენებული და ასევე ქვევრის ღვინოები. მეორე დეგუსტაცია იყო იმავე შინაარსის, მაგრამ ამჯერად გავეცანით წითელ ღვინოებს. ტემპერატურამ როცა იმატა და დათბა ,გავაკეთეთ ცივი ვარდისფერი ღვინოების დეგუსტაცია, სადაც სხვადასხვა მეთოდით დაყენებული ღვინოები გავაცანით სტუდენტებს. მეოთხე და მეხუთე დეგუსტაცია დაეთმო თეთრი და წითელი ადგილწარმოშობის ღვინოებს, სადაც უფრო სიღრმისეულად გავეცანით საქართველოს რეგიონებს, მიკროზონებს და ტერუარს. კიდევ უფრო ცხელ ამინდში გავაკეთეთ ცქრიალების დეგუსტაცია, ხოლო ბოლო შეხვედრა მთლიანად იმერეთის რეგიონს დავუთმეთ. 

მოგვიყვევით უშუალოდ  დეგუსტაციაზე, როგორია პროცესი?

- დეგუსტაცია ყოველთვის იწყება გაცნობითა და ახსნით, თუ რატომ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. შემდეგ ვაცნობთ თუ რა ღვინოები გვაქვს წარმოდგენილი და ვიწყებთ უშუალოდ დეგუსტაციას. ვასწავლით, როგორ უნდა შეაფასონ და დაახასიათონ ღვინო, ვაცნობთ მეღვინეობებსა და თუ რა ტექნოლოგიით არის დამზადებული ესა თუ ის ღვინო. ამ ყველაფრის შემდეგ კი ღვინოებს ერთად ვადარებთ ერთმანეთს.

- დაინტერესება რამდენად დიდია?

- ინტერესიც საკმაოდ დიდია, თავიდან თუ მეგობრებით შემოვიფარგლებოდით, ახლა საკმაოდ ბევრი უცხო სახეა. ამჟამად მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტიდან ვიწვევთ სტუდენტებეს, სამომავლოდ კი გვინდა სხვა უნივერსიტეტებსაც შევეხოთ და უფრო მასშტაბური გავხადოთ ეს დეგუსტაციები. უახლოეს მომავალში სტუდენტებს დეგუსტაციების შესახებ ინფორმაციას მეილის საშუალებით გავუგზავნით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული