Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭა–ლეჩხუმი – 2011–2018 წლების მოსავლების მიმოხილვა

მალხაზ ხარბედია

2018 წელს “ქართული ღვინის გზამკვლევის” მე–5 გამოცემა გამოვიდა, სადაც წლების მანძილზე (2011 წლიდან მოყოლებული) საქართველოს ღვინის ყველა რეგიონის მოსავლის წლების მონაცემები ქვეყნდებოდა. ამ დროის მანძილზე უკვე 7 წლის მასალა დაგროვდა და გადავწყვიტეთ ცალკ–ცალკე რეგიონებად დაგვეყო ეს ტექსტები და ისე მიგვეწოდებინა მკითხველისთვის. ვფიქრობ, ღვინის მოყვარულებისთვის საინტერესო უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც კიდევ უფრო შეავსებს კონკრეტული წლის ღვინოების შესახებ ცოდნას. ამჯერად, კახეთით ვიწყებთ. გადაავლეთ თვალი ბოლო 7 წლის მოსავლებს, გამოარჩიეთ საუკეთესო წლები და გაიხსენეთ საყვარელი ღვინოები ან მოიძიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი წლის ღვინოები.

ეს მონაცემები წლების მანძილზე 50–მდე ქართველი მევენახის, მეღვინისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდება. გარდა ამისა ვსარგებლობდი ოფიციალური მონაცემებითაც (გარემოს ეროვნული სააგენტოს აგრომეტეოროლოგიური ბიულეტენი და სხვ.).

2011

რაჭაში 2011 წელს შედარებით თბილი ზამთარი იყო, ვეგეტაცია ადრე დაიწყო, ზაფხული ცხელი გამოდგა, თუმცა ვენახებზე საგრძნობი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ზოგადად, 2011 წელი წარმატებულ წლად შეიძლება შეფასდეს რაჭისთვის, რასაც ვერ ვიტყვით ლეჩხუმზე, სადაც ძალიან დაზარალდა მოსავალი.

2012

ვეგეტაცია ადრე დაიწყო, ზაფხულში კი გამოჩნდა, რომ რთველის დრო ჩვეულებრივზე 10–12 დღით ადრე დადგებოდა.

2013

გაზაფხული ძალიან ადრე დაიწყო და შესაბამისადსავეგეტაციო პერიოდიც. თუკი წინა წლებში ვაზის კვირტის გაშლა იწყებოდა 15-20 აპრილიდან, მიმდინარე წელს აპრილის დასაწყისიდან დაიწყო ეს პროცესები. 25-30 აპრილს ვენახები უკვე შესაწამლი იყო, რაც რაჭის მევენახეობის ისტორიას არ ახსოვს. ამის გამო ზოგიერთმა მევენახემ ვაზი ხელმეორედ გასხლა, რათა ვაზის ნაადრევ ყვავილობაზე უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა გაზაფხულის ცვალებად ამინდებს, ან 2007 წლის საგაზაფხულო წაყინვები არ განმეორებულიყო, რამაც მაშინ საგრძნობლად დააზიანა ვენახები. ამის მიუხედავად, წელს ყვავილობამაც კარგად ჩაიარა და ზაფხულის პირველმა ნახევარმაც, თუმცა აგვისტო-სექტემბერის ხშირმა ნალექებმა ყურძნის სიმწიფეც შეაჩერა და ზოგიერთმა ჯიშებმა ლპობაც დაიწყო. იყო მოლოდინი, რომ რთველი ადრე დაიწყებოდა, თუმცა ზემოხსენებული მიზეზების გამო რთველი მაინც ჩვეულებრივ ვადებში ჩატარდა. მცირე მოსავალი ნამდვილად არ ითქმის წლევანდელ რაჭულ ყურძენზე, თუმცა გამორჩეული ხარისხის ყურძენიც არ ყოფილა 2013 წელს.

პრობლემები იყო ლეჩხუმშიც. ამინდი წინააღმდეგობრივი იყო. 27 აპრილიდან 2 ივლისამდე წვიმა საერთოდ არ მოსულა, რამაც ყვავილობას ძალზე შეუწყო ხელი და განაპირობა უხვი მოსავალი, თუმცა ივლისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის დასაწყისამდე თითქმის გადაუღებელი წვიმები იყო, რამაც უხვი მოსავლით ისედაც დატვირთული ვენახი ვერ დაამწიფა და იმ მევენახეებმა, ვინც მწვანე რთველი არ ჩაატარეს (ლეჩხუმში, საქართველოს ყველაზე ძვირიანი ყურძნის, უსახელაურის ვენახებში მწვანე რთველს, როგორც წესი, არ ატარებენ) ძალზე დაბალშაქრიანი ყურძენი მიიღეს. შაქრიანობა საშუალოდ 19-21%^შორის მერყეობდა. რთველი ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყეს.

2014

ამ წელს უცნაურ კლიმატურ ძვრებს უჩიოდნენ მევენახეები. ვაზმა კვირტის გაშლა 15–20 აპრილს დაიწყო და პირველი შეწამვლა მაისის პირველ რიცხვებში დასჭირდა ვენახს. გაყვავილებაც ჩვეულებრივ ვადებში მოხდა, თუმცა უკვე ლამის დაისრიმებული მტევნები ჭრაქმა ძლიერად დააზიანა (ძირითადად ხვანჭკარა–ჭყვიშის ზონაში). ივნისში ამბროლაური და მიმდებარე სოფლები დაისეტყვა, ცხელი ზაფხულის ბოლოსკენ, 23 აგვისტოს კი რაჭაში კიდევ ერთი სეტყვა მოვიდა, ამჯერად ქვიშარი–ჭრებალოს მხარეს. სიმწიფეში შესული ყურძენი საგრძნობლად დააზიანა სეტყვამ და ქარიშხალმა. საბოლოო ჯამში რაჭაში ყურძნის მოსავალი არ იყო მაინცდამაინც მოსავლიანი და არც განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩეოდა. საკმაოდ გაუჭირდათ თეთრ ჯიშებს (ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა), წითლები კი (ალექსანდროული, მუჯურეთული, ძელშავი) შედარებით ნაკლებინტენსიური შეფერვის დადგა, განსაკუთრებით რიონის მარცხენა ნაპირზე.

ლეჩხუმშიც რთული წელი იყო, გაზაფხულზე სიცივეები დიდხანს გაგრძელდა, იყო ყინვები, იმდენად, რომ აპრილის ბოლოსაც კი ტემპერატურა 2–4°C–ს არ ასცილებია. ხშირი იყო ძლიერი ქარები, რის გამოც ძალიან დაზიანდა ვაზის ყვავილი. ამის გამო 2014 წელს ხილის უპრეცედენტოდ მცირე მოსავალი მოვიდა, ტყეშიც, კენკრა და ველური ხილი თითქმის არ მოისხა. ზაფხულში ვენახში სოკოვანი დაავადებები გაჩნდა, შემდეგ გვალვაც იყო, თუმცა ლეჩხუმზე ნაკლებად დრამატულად აისახა ეს მოვლენა. სამაგიეროდ, სექტემბრის ბოლოსკენ, ჩიტები შეესიენ ვენახებს (გაზაფხულის ყინვებით გამოწვეული უმოსავლობის გამო ეს ტენდენცია თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში შეინიშნებოდა) და ლამის გაანახევრეს მოსავალი.

2015

კლიმატურ ცვლილებებზე რაჭაში 2015 წელსაც ბევრს საუბრობდნენ. მევენახეებმა გასული წელი გვალვიან წლად შეაფასეს. ვაზის ვეგეტაცია ჩვეულებრივ აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო, ვაზის პირველი შეწამვლა კი მაისის 10–დან. ივნისის დასაწყისში სეტყვამ ისევ დააზიანა ჯერ კიდევ ყვავილობაში არშესული ყლორტები, ძირითადად ქვედა ზონაში (ჟოშხა, ჭყვიში), თუმცა დამატებითი ღონისძიებების გამო ზოგგან ყლორტი გამოსწორდა და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა ვაზის ვეგეტაცია. ამას გვალვიანი ზაფხული მოჰყვა, თითქმის 2 თვე (ივლისი, აგვისტო) ნალექი საერთოდ არ მოსულა, მაგრამ უკვე სექტემბრის ნალექიანმა ამინდებმა შემჭკნარი მტევნები ისევ შეავსო და 5–10 ოქტომბრიდან რთველიც დაიწყო. საბოლოო ჯამში მოსავალი შეფასდა როგორც საკმაოდ უხვი და ხარისხიანი. როგორც ხანდაზმულები ამბობენ, ასეთი მოსავალი 20 წელიწადში ერთხელ თუ მეორდება. წელს საგრძნობლად იკლო მოთხოვნილებამ ალექსანდრეულ–მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზეც და მოსავლის თითქმის 70% სამთავრობო საწარმოებმა ჩაიბარეს.

2015 წლის ზამთარი ლეჩხუმში ზომიერად ცივი და თოვლიანი იყო და ზოგადად, 2015 წელი საკმაოდ სტაბილური გამოდგა. გაზაფხულიც ზომიერად ნალექიანი იყო და ყვავილობის საწყისმა პერიოდმაც კარგად ჩაიარა. უსახელოურმაც, ცოლიკოურმაც და ორბელურმა ოჯალეშმაც კარგად იყვავილეს, თუმცა მარცვლის გამონასკვის პერიოდში ტემპერატურის დაცემამ და ტენიანობის მომატებამ ჭრაქის (მსუბუქი ფორმით) გავრცელება გამოიწვია, რამაც უკვე ზაფხულის პერიოდში (ივლისი) იჩინა თავი. დანაკარგი უმნიშვნელო იყო. უსახელოურის რთველი 20 ოქტომბრიდან დაიწყო, შაქრიანობით: 24-26%-ის ფარგლებში. ოდნავ მოგვიანებით დაიწყო ცოლიკოურის კრეფა, ხოლო ორბელურის რთველმა ნოემბრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გასტანა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეჩხუმში 2015 წელი კარგი, წარმატებული წელი იყო, როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის თვალსაზრისითაც.

2016

ზამთარი ცივი და შედარებით ნალექიანი იყო. კვირტი ჩვეულებრივ შუა აპრილში გამოვიდა, თუმცა თან ახლდა ნესტიანი და წვიმიანი ამინდები. იყო მოყინვებიც. მაისის დასაწყისში, პირველი შეწამვლის შემდეგ საგრძნობლად დაეცა ტემპერატურა, რამაც ავნო ვენახებს. განსაკუთრებით დაზიანდა მდინარე რიონის ნაპირებთან გაშენებული ვენახები (ძირაგეული, სადმელი, ბუგეული, ბოსტანა, ხვანჭკარა). ზაფხული საკმაოდ ნალექიანი იყო, რის გამოც ჭრაქი განვითარდა. აგვისტოს მეორე ნახევარში სეტყვა მოვიდა, რომელმაც ძირითადად ამბროლაური-კვაცხუთის ზონა დააზიანა. სექტემბრის პირველ ნახევარში სეტყვა განმეორდა და დააზარალა ხვანჭკარის, ტოლას და ქვიშარის ზონები. ადგილობრივების თქმით კლიმატურმა პირობებმა ძირითადად ალექსანდროულსა და წულუკიძის თეთრაზე იმოქმედა, ხოლო მუჯურეთულს შედარებით ნაკლებად შეეხო. ყველაზე მეტად რაჭის რთულ წელიწადს ცოლიკოურმა გაუძლო. მოსავალი შედარებით მცირე იყო, თუმცა ხარისხიანი.

2016 წელი ლეჩხუმში მეტ–ნაკლებად თოვლიანი იყო, ყინვებიც ხშირად იყო.  გაზაფხულმა კარგად ჩაიარა, კვირტი და ყვავილი არ დაზიანებულა. ზაფხულიც ზომიერი იყო, გვალვების გარეშე, რომელსაც თბილი და მშრალი შემოდგომა მოჰყვა. ნოემბრის დასაწყისამდე ეს ამინდი შენარჩუნდა. მოსავალი არ იყო უხვი, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანი გამოდგა, სასურველი შაქრიანობითა და მჟავიანობით.

2017

ზამთარი ზომიერი იყო. ვაზის გაკვირტვა-ვეგეტაცია ჩვეულებრივზე ცოტა ადრიანად, აპრილის 5-10 რიცხვებიდან დაიწყო და უკვე კარგად წამოწეული ყლორტი 22-23 აპრილს ტემპერატურის სწრაფი ვარდნის გამო მოიყინა. მოყინვა ძირითადად მდინარე რიონთან ახლომდებარე ვენახებში მოხდა. ვაზმა ხელმეორედ წამოიღო კვირტი, მაგრამ უკვე ნაკლებად აქტიურად, ხოლო ყინვას გადარჩენილი ვენახების დაყვავილება და მსხმოიარობა მკვეთრად შემცირდა. ზაფხული საშუალოდ გვალვიანი იყო. აგვისტოს შუა რიცხვებში ისევ სეტყვა წამოვიდა სოფ. კვაცხუთისა  და წესის ზონაში, რამაც კიდევ უფრო შეამცირა მოსავლიანობა. რთველი ჩვეულებრივ 10 ოქტომბრიდან დაიწყო და საკმაოდ კარგ ამინდებში ჩატარდა. ფაქტობრივად, 2017–შიც ალექსანდრეულ-მუჯურეთულის მოსავალი განახევრებული იყო რაჭაში.

ლეჩხუმში 2017 საშუალოდ ნალექიანი ზამთარი იყო, გაზაფხულმა კარგად ჩაიარა, მაისის ძლიერ წვიმებს თუ არ ჩავთვლით. ზემო სოფლებში (მაგ. ორბელში) წვიმებმა საკმაოდ დააზიანა მოსავალი. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით ტვიშის ზონაში. ყვავილობისას და მარცვლის ჩამოყალიბებისას შექმნილი პრობლემები გვალვიანმა ზაფხულმაც გაართულა. მოსავალი საგრძნობლად შემცირდა. შემოდგომა ზომიერი, თბილი და რბილი იყო. კარგი ამინდები ნოემბრის დასაწყისამდე შენარჩუნდა. ოქტომბერში უსახელოურის ყურძენს საკმაოდ მაღალი შაქრიანობა ჰქონდა, ბევრგან მცირე იყო მოსავალი, ზოგან დაჩამიჩდა კიდეც ყურძენი. 20 ოქტომბრისთვის რთველი ძირითადად დასრულებული იყო ლეჩხუმში.              

2018

ზამთარი მცირეთოვლიანი იყო, თუმცა კი მარტი გამოდგა ძალზე ნალექიანი და ცივი. მაისის დასაწყისში მოყინა კიდეც. ვეგეტაცია ადრიანად დაიწყო. ყვავილობისას თავიდან კარგი მზიანი ამინდები იყო, თუმცა შემდეგ, მაისის ბოლოდან ხანგრძლივი წვიმები დაიწყო, რამაც დიდი გავლენა იქონია მრცვლის განვითარებაზე. გაჩნდა ჭრაქი და ნაცარი. გაჩნდნენ მავნებლებიც. ამ პერიოდში 2–3–ჯერ სეტყვაც მოვიდა რაჭაში: კვაცხუთში, წესში, ბუგეულში, ჯვარისაში. ზაფხული უფრო გვალვიანი იყო, ვიდრე ტენიანი. რთვლის პერიოდმა, რომელიც 3–4 დღით ადრე დაიწყო, კარგ ამინდებში ჩაიარა, 5 ოქტომბერს უკვე აქტიური რთველი მინდინარეობდა. მოსავალი საშუალოზე უკეთესი მოვიდა, ყურძნის შაქრიანობით კმაყოფილები იყვნენ (განსაკუთრებით ალექსანდროული–მუჯურეთული). კარგად წარიმართა დუღილის პროცესიც.

ლეჩხუმში ზომიერი ზამთარი იყო 2017–2018 წლებში, თოვლიც მოვიდა და ყინვებიც იყო. ზოგან 2 კვირაც კი იდო თოვლი. ადრე დათბა, თუმცა რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, უარყოფითად არ უმოქმედია ამას. კვირტობამ კარგად ჩაიარა, ნალექები ნაკლებად იყო. იგივე შეიძლება ითქვას ყვავილობის პერიოდზეც. ივნისის ბოლოს მცირედი სეტყვა მოვიდა ტვიშში და ორხვში, ზოგადად ზაფხული კი ზომიერი იყო, რბილი ამინდებით. შემოდგომაზეც კარგი ამინდები დაემთხვა, რთვლის პერიოდი უნალექო იყო. რიონის ხეობაში ოქტომბრის ბოლოს იყო რთველი. ცოლიკოურის შაქრიანობამ აქ 21-24–ს მიაღწია. ცხენისწყლის ხეობაში კი (ოყურეში) ცოტა ადრე ჩატარდა უსახელოურის რთველი – 20 ოქტომბერს დაიწყო და მალევე დასრულდა. ზოგან, მაგ. სამანდარიოში, 27–საც კი მიაღწია შაქრიანობამ, ცოლიკოურმა – 25–ს. მოსავალი შედარებით ნაკლები იყო, მაგრამ ხარისხიანი. დუღილის ბოლო პერიოდში ყინვებიც დაერთო, ბევრგან ნარჩენი შაქრით დადგა ღვინოები (როგორც ტრადიციულად, ლეჩხუმში ხდება ხოლმე), ზოგმა კი ბოლომდე მოახერხა ღვინის დადუღება.

© ქართული ღვინის გზამკვლევი / მალხაზ ხარბედია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული