Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა არის და რას მოიცავს პროექტი „ღვინის პასპორტი“?

ლევან სეფისკვერაძე

პროექტი „ღვინის პასპორტი“ ერთგვარი ენოტურისტული კონცეფციაა, რომლიც ღვინით დაინტერესებულ ადამიანებსა და მეღვინეებს ერთმანეთის პოვნაში ეხმარება.

ცოტა ხნის წინ, „ღვინის კლუბმა“ დაასრულა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული 5 თვიანი პროექტი, რომელიც „ღვინის პასპორტის“ ტექნოლოგიურად გამართვას მოიცავდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი findwines.ge და აღნიშნულ ვებ-გვერდთან  ინტეგრირებული აპლიკაცია, რომელთა მეშვეობითაც ქართული ღვინის ჭაშნიკით დაინტერესებულ ადამიანებს (ადგილობრივებს თუ უცხოელებს) მარტივად შეეძლებათ ნახონ და აღმოაჩინონ ამათუიმ დიდი თუ მცირე მარნის მდებარეობა, მათ მიერ წარმოებული ღვინოები და სხვა გასტრო თუ ენოტურისტული პროდუქტები.

პროექტის ხელმძღვანელი, „ღვინის კლუბის“ დამფუძნებელი მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ მათ მიერ შექმნილ ახალ პორტალს ნაწილობრივ საფუძვლად დაედო ახლადგამოცემულ „ქართული ღვინის გზამკვლევი 2024-2025“-ში შესული მოცულობითი ინფორმაცია. ცხადია ინფორმაცია მუდმივად ცვლადი და განახლებადი იქნება წლების, ახალი მოსავლების და ახალი მარნების დამატების შესაძლებლობებით.

- საიდან და როგორ გაჩნდა პროექტ "ღვინის პასპორტის" იდეა და არის თუ არა ინსპირაციის წყარო საერთაშორისო გამოცდილება?

მალხაზ ხარბედია: „ღვინის პასპორტი“, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ, არის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი პორტალისა findwines.ge, რომელიც გულისხმობს ამომწურავი ინფორმაციის თავმოყრას თანამედროვე ქართული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ. ამ პორტალს საფუძვლად ნაწილობრივ „ქართული ღვინის გზამკვლევი 2024-2025“-ც უდევს, ის უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც წიგნშია შესული. თუმცა ეს ინფორმაცია მუდმივად განახლდება და პორტალზე რეგულარულად დაიდება ყველა სიახლე. ეს ერთგვარი ღია ეკო-სისტემაა, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია მარნების, ღონისძიებების, ღვინის ტურისტული კერების შესახებ.

„ღვინის პასპორტს“ რაც შეეხება, იგი ენოტურისტული კონცეფციაა, მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული და ერთგვარი შუამავალია მარნებსა და სხვადასხვა კატეგორიისა და ინტერესების მქონე ტურისტებს შორის. მისი საშუალებით მომხმარებელი ადვილად იპოვის სასურველ ღვინოს, მარანს, მისი დახმარებით ისინი ისარგებლებენ ექსკლუზიური შემოთავაზებებით, ფასდაკლებებით და ა.შ. გარდა ამისა ისინი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ „ღვინის კლუბის“ თუ სხვა ღონისძიებებში. ჩაფიქრებულია მრავალი სიახლე, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს ლოკალური კულტურების, ადგილობრივი ჯიშების, ღვინოების, ტრადიციების მიმართ და აწევს მომხმარებლისა და მწარმოებლის ცნობიერების დონეს.

- კონკრეტულად რა სიკეთეებს სთავაზობთ ამ პროექტით სახელდობრ ქართველ მეღვინეებს?

- მთავარი სიკეთე ახალი, დაინტერესებული მომხმარებლის გაჩენა და ცნობადობის გაზრდა გახლავთ. მათ მარნებში სრულიად ახალი ტიპის ღვინის მოყვარულები გამოჩნდებიან, რომელიც „ღვინის პასპორტის“ კონცეფციის მიხედვით იმოგზაურებენ და მომავალშიც ამ აპლიკაციის დახმარებით გაიღრმავებენ ცოდნას ქართული ღვინის შესახებ.

- შეაფასეთ უკვე დასრულებული პროექტი "ღვინის პასპორტი". რამდენად კმაყოფილი ხართ მისი განხორციელებით და ასევე საინტერესოა თუ იგეგმება მისი გაგძელება რაიმე სახით ან მსგავსი ნოვაციების დანერგვა "ღვინის კლუბის" მხრიდან?

- ჯერ არაფერი არ დასრულებულა, მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ახლა იწყება. დასრულდა მხოლოდ USAID-ის მიერ დაფინანსებული 6 თვიანი პროექტი, რომელმაც საშუალება მოგვცა პორტალი და აპლიკაცია შეგვექმნა. აპლიკაცია უკვე ფუნქციონირებს, თუმცა აქტიურ მუშაობას ახლო მომავალში დაიწყებს. პირველ რიგში იმით ვართ კმაყოფილი, რომ ძალიან დიდი დაინტერესებაა როგორც მარნების, ისე მომხმარებლების მხრიდან და ვფიქრობთ მარტის თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება აპლიკაცია. ნოვაციები ჯერ-ჯერობით findwines.ge-ს ფარგლებში გვინდა დავნერგოთ. ეს პორტალი საშუალებას იძლევა ყველა მიმართულებით ვიმუშაოთ და საინფორმაციო, საგანმანათლებლო, კომერციული, მარკეტინგული მიმართულების გარდა გვექნება შეფასებისა და ინტერაქციის შესაძლებლობაც“.

„ღვინის პასპორტის“ კონცეფციაში მნიშვნელოვანი (თუ გადამწყვეტი არა) ადგილი უჭირავს ღვინის ტურიზმს. სწორედ ამიტომაც, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ცნობილი გიდი თამუნა კურტანიძეა. იგი ამბობს, რომ პროექტი საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს დაეყრდნო და რაკი ეს გამოცდილებები უმეტესწილად წარმატებულია, კურტანიძეს დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოში შექმნილი „ღვინის პასპორტის“ კონცეფციაც წარმატებული და რაც მთავარია მოთხოვნადი იქნება.  

თამუნა კურტანიძე, „ჯორჯიან თრეველ გრუპის“ შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსი: „ჩემი ჩართულობა ღვინის პასპორტის პროექტში ეხებოდა მარკეტინგულ ნაწილს. ეს მოიაზრებს არსებული მონაცემების საფუძველზე მიმზიდველი პაკეტების შექმნას, პროექტისა და თვითონ ღვინის პასპორტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას პოტენციური მომხმარებლისთვის და ასევე მეღვინეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. მეღვინეებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ სარგებლის შესახებ, რაც შეიძლება მოუტანოს ღვინის პასპორტში ჩართვამ კონკრეტულად მათ მარანს ან წარმოებას და ასევე ზოგადად ქართულ ღვინის და ღვინის ტურიზმის განვითარებას.

- ღვინის ტურიზმის კუთხით რამდენად მნიშვნელოვანია "ღვინის პასპორტის" გაკეთება და საინტერესოა რა ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილებები არსებობს ამ მხრივ? 

- მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება, თუმცა არსებობს საკმაოდ მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება. განსაკუთრებით კარგად არის ეს პრაქტიკა განვითარებული აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც (საფრანგეთი, ესპანეთი). „ღვინის პასპორტის“ ქართული ვარიანტი, გარდა საერთაშორისო პრაქტიკისა, უფრო ამბიციურ მიზნებს ისახავს. ჩვენი მიზანია მოვიცვათ მთლიანად საქართველო და შევქმნათ მარნებისა და ღვინის მწარმოებლების სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ბაზა, გავხადოთ ეს მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ასევე გავამდიდროთ საინფორმაციო მასალით ზოგადად ქართული ღვინის შესახებ.

- თქვენ და თქვენს კოლეგა ტუროპერატორებს საქმიანობაში რამდენად დაგეხმრებათ „ღვინის პასპორტი“?

- „ღვინის პასპორტი“ განსაკუთრებით დაეხმარება ინდივიდუალურ მოგზაურებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება. არსებული ბაზა ასევე გაუადვილებს ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს ინფორმაციის მოძიებას. ასევე, იგეგმება ტურისტული კომპანიებზე მორგებული პაკეტების შექმნა, რომელსაც თავიანთ კლიენტებს შესთავაზებენ“.

პროექტის ავტორები აღნიშნული აპლიკაციის სრული დატვირთვით ამუშავებას 2024 წლის მარტიდან ელიან, თუმცა სისტემა ძირითადად უკვე გამართულია და მის შედეგებს სულ მალე ნახავს ღვინით დაინტერესებული საზოგადოება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული