დარია ხოლოდილინა უკრაინიდან საქართველოში საცხოვრებლად 2013 წელს გადმოვიდა, როგორც თავად ამბობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქართული ღვინოც იყო. დღემდე ქართული ღვინისა და ტურიზმის სფეროში მუშაობს. ინტერვიუში თავის გამოცდილებასა და დამოკიდებულებას გვიზიარებს როგორც ქართული, ისე უკრაინული მეღვინეობის მიმართ.
- პირველად როდის და რის გამო დაინტერესდით ღვინით?
- 2000 წელს მშობლებთან ერთად ყირიმში ვისვენებდით. მშვიდად დასვენება არც ერთს გვიყვარდა, ამიტომ ყოველდღე სხვადასხვა ექსკურსიაზე დავდიოდით. მათ შორის მაგარაჩის და მასანდრის ქარხნებში იყო ტურები. ჩემთვის, როგორც 10 წლის ბავშვისთვის, ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო - გრძელი გვირაბები, სადაც ღვინო დიდ კასრებში ინახებოდა... სადეგუსტაციო ოთახში მშობლები ყველანაირ, ძირითადად ტკბილს ღვინოებს სინჯავდნენ, მე მხოლოდ ვაკვირდებოდი - ჩემს ცხვირს ყველა ჭიქაში განსხვავებული არომატები ხვდებოდა. მგონი, ჩემი ინტერესი ღვინის მიმართ აქედან დაიწყო. ამის შემდეგ, ყოველწლიური საოჯახო დასვენების დროს ყოველთვის სხვადასხვა საწარმოს დეგუსტაციებზე დავდიოდით.
- რამდენად განვითარებული იყო მეღვინეობა უკრაინაში, სანამ საქართველოში გადმოხვიდოდით საცხოვრებლად? მოგვიყევით მეღვინეობის ძირითადად რეგიონებზე, ჯიშებზე, ღვინის სტილებზე და ა.შ.
- მდგომარეობა საქართველოში ჩამოსვლამდე და სამ წელიწადში დაბრუნების შემდეგ ძალიან განსხვავდებოდა, ფაქტობრივად სხვა სამყაროში დავბრუნდი.
როცა საქართველოში გადმოვდიოდი, 2013 წელს, ღვინის კულტურა უკრაინაში საწყის ეტაპს გადიოდა. დონეცკში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, ლუდის კულტურა უფრო იყო განვითარებული: ქალაქში რამდენიმე ლუდსახარში მუშაობდა, თავიანთი ბარებით. ხალხი გასართობად და სადეგუსტაციოდ მანდ დადიოდა. სტუდენტობის დროს მაღაზიებში ნაყიდ ღვინოს ვსვამდით, ამის გახსენებაც არ მინდა - მხოლოდ საშინელი, დაბალხარისხიანი მოლდოვური სითხის ფული გვქონდა.
შემდეგ ერთი კარგი სპეციალიზებული მაღაზია გაიხსნა, მეგობრები დავინტერესდით და ვყიდულობდით ხარისხიან ღვინოებს, ახალი ზელანდიიდან, იტალიიდან ან საფრანგეთიდან. ასევე, ერთ მეგობართან ერთად, კინოსა და ცქრიალა ღვინის საღამოებს ვაწყობდით. ჩვენს რეგიონში დიდი საწარმოა, Artwine, სწორედ ცქრიალა ღვინოს აწარმოებენ. ძალიან შთამბეჭდავი ადგილია, ომის დასრულების შემდეგ აუცილებლად მოინახულეთ. მარილის შახტში დეგუსტაციები ტარდება, მაგალითად ბახმუტი (საბჭოთა სახელი, არტიომოვსკი) მარილით და ცქრიალა ღვინითაა ცნობილი. აქაური მარილი ყველა ქართული სუპერმარკეტის თაროზეა, ღვინო, სამწუხაროდ, არა.
კიევში უფრო მეტი არჩევანი იყო, რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ქალაქია, უფრო დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ამ დროს საინტერესო ღვინის ბარები არ არსებობდა. ოდესაში და ყირიმში ხარისხიანი ღვინო დიდი ქარხნებიდან იყო („შუსტოვი“, „შაბო“, „მასანდრა“, „ზოლოტა ბალკა“, „ნოვი სვეტ“ და ა.შ.), ან „სახლის ღვინო“ სასაცილო სახელებით („ბერის ჩურჩული“, „სამხრეთის ღამე“ და ა.შ.) - ერთლიტრიანი ბოთლებით იყიდებოდა, ღირსშესანიშნაობებთან ახლოს.
ზაკარპატიე მეღვინეობის კიდევ ერთი რეგიონია, აქაც მსგავსი სიტუაცია იყო - ან „ბერის ჩურჩული“, ან ქარხნის ბრენდი.
2016 წელს უკრაინაში მივლინებით ჩამოვედი (საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ვმუშაობდი). გაოცებული დავრჩი - კიევში რამდენიმე ძალიან სერიოზული ღვინის ბარი იყო, GoodWine-ის დიდი ქსელი, სადაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ყიდვა შეიძლებოდა. ერთ ბარში, Like a Local’s Wine Bar, მხოლოდ უკრაინული ღვინო იყიდებოდა.
2018 და 2019 წელს ვიყავი სტუმრად Kyiv Wine-ზე (GoodWine-ის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიაა), ძალიან კარგი ღვინის ფესტივალი იყო. მოვიხიბლე. ღვინო მთელი მსოფლიოდან (საქართველოდან - კახა ჭოტიაშვილი და გოჩა იჩქიტიძე), საჭმლის უდიდესი არჩევანი, რაც მთავარია, სტუმრები ძალიან კარგად ერკვეოდნენ ღვინოში, იმდენად სწორ კითხვებს სვამდნენ, გაოცებული დავრჩი. ამ დროს მივხვდი, რომ ჩვენს საქართველოშიც მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო ამ მხრივ.
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა და როდიდან დაინტერესდით ქართული ღვინით?
- საქართველო პირველივე სტუმრობისას, 2012 წელს, მეგობრების სანახავად ვიყავი ჩამოსული. ბერლინის პარლამენტში სტაჟიორი ვიყავი და ქართველებიც იქ გავიცანი. შემდეგ გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა. 2013 წელს კიდევ ორჯერ ჩამოვედი და ცოტა ხნით დარჩენის სურვილი გამიჩნდა. ეს ცოტა ხანი დღემდე გრძელდება, რაშიც ქართული ღვინის დამსახურებაცაა.
ენის სწავლასთან ერთად, დეგუსტაციებზე დავდიოდი, რომლებიც უცხოურ ენებზე იმართებოდა. 2013-14 წლებში დიდი არჩევანი არ იყო, არც ბევრი ბარი და მაღაზია იყო ორიენტირებული რუსულენოვან სეგმენტზე. შემდეგ დასვენების დღეებში ვმოგზაურობდი, ასე მივედი პატარა და საინტერესო მარნებამდე, ფესტივალებისა და „ღვინის გზის“ დახმარებით.
- თქვენი ახლანდელი საქმიანობის შესახებ რომ მოგვიყვეთ, ასევე, რამდენად გაქვთ ურთიერთობა უკრაინელ მეღვინეებთან?
- 2018 წლამდე ტურიზმის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. როდესაც მივხვდი, რომ კერძო სექტორში გადასვლა მინდოდა, ტურისტული საქმიანობა დავიწყე - ჯერ გიდად ვმუშაობდი, შემდეგ ჩემი მომავალი მეუღლეც შემომიერთდა და კომპანია Trails and Wines დავაარსეთ. ძირითადად დასავლეთის ქვეყნების პატარა ჯგუფებზე ვმუშაობთ, ჩვენთვის ბუნება და ღვინოა მთავარი.
ასევე, ღვინის ტურიზმის გზამკვლევის თანაავტორი ვარ. წიგნი მიქელ ჰუდინთან, ესპანეთში მცხოვრებ სომელიესთან და მწერალთან ერთად, 2017 წელს დავწერე. ეს წიგნი ფრანკფურტის ღვინის ბაზრობაზე „გარდიანის“ ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად დასახელდა, ნომინაციაში 2017 წლის საუკეთესო წიგნები ღვინოზე.
2021 წლის დეკემბერში, თამუკა არავიაშვილთან ერთად, ღვინის მოკლე კურსი ჩავატარე. მიზანი უცხოეთის მოქალაქეებისთვის ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობა იყო, გვინდოდა მათთვის გვეთქვა, რომ საფერავის გარდა უამრავი სხვა სახეობა არსებობს.
უკრაინაზე, როგორც მეორე ბაზარზე, ხშირად ვფიქრობ, თუმცა, არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მომხმარებელი. ქართველები უკრაინაში ღვინის გამო არ ჩადიან, ამერიკელები და ევროპელები ჩერნობილისა თუ ეკლესიების მოსანახულებლად ჩადიან, აზიიდან ჩასული სტუმრები ღვინის ტურებზე იშვიათად დადიან. ასე რომ უკრაინულ ღვინოსთან ჩემი ურთიერთობა ფესტივალებზე შედგა, ონლაინ-დეგუსტაციების ფორმატში, რამდენიმე ჯგუფი სტუმრად საქართველოშიც გვყავდა. სიმართლე გითხრათ, უკრაინელი ღვინის მოყვარულები უფრო ტოსკანისკენ იყურებიან. თუმცა, როდესაც პანდემიის გამო საქართველოში უფრო მარტივად ჩამოდიოდნენ, ვიდრე ევროპაში, ღვინის ტურებზე ბევრი გვესტუმრა და ძალიან მოეწონათ. ნაკლები მოლოდინები ჰქონდათ - ფიქრობდნენ, რომ აქ ყველაფერი „ქინძმარაული პიპლ“-ით შემოიფარგლება, შემდეგ კი ჩვენი ბუნებრივი ღვინო აღმოაჩინეს, რითაც მოიხიბლნენ.
რაც შეეხება მეღვინეებს, რამდენიმე გავიცანი, როდესაც ლატვიელ პროდიუსერთან ერთად შოუსთვის Battle of Wines ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. საერთოდ მოსაწყენ მეღვინეს არც კი ვიცნობ, სიმართლე რომ გითხრათ!
- როგორი მდგომარეობა იყო ომის დაწყებამდე უკრაინის ღვინის ბაზარზე? რა კეთდებოდა მეღვინეობის განვითარებისთვის? რა მთავარი პრობლემები და საფრთხეებია უკრაინელი მეღვინეების წინაშე?
- რასაც აქედან ვხედავდი და მიყვებოდნენ, ძალიან ბევრი ახალი მარანი ჩნდებოდა. ბუნებრივი და ორგანული მიმართულების მიმართ ინტერესი ჩნდებოდა. რესტორნების მენიუში უფრო მეტი უკრაინული ღვინო იყო. კიევში ყოველ კვირას რამდენიმე სადეგუსტაციო ღონისძიება, შეჯიბრება, კონკურსი იმართებოდა. „უკრაინული ღვინის გიდი“ გამოდიოდა, ცნობადობის გაზრდის მიზნით - მომხმარებლებს ადგილობრივ ღვინოსთანაც რომ ჰქონოდათ შეხება და არამხოლოდ ფრანგულთან ან ავსტრალიურთან. მთავარი პრობლემა ალბათ იმის დამტკიცება იყო, რომ უკრაინული ღვინოც ხარისხიანია, საინტერესო პროდუქტია და ღვინის ენთუზიასტს არა მარტო „მერლოს“ და „რისლინგის“ გასინჯვა შეუძლია, არამედ „ტელტი კურუკის“, „ოდესკი ჩორნის“ და „სუჰოლიმანსკის“. უკრაინაში არაერთი ენდემური ჯიშია, რომლებსაც პოტენციალი აქვთ და ყურადღებასაც იმსახურებს.
ომის შემდეგ მთავარი სირთულე ფინანსების მოძიება და ყველაფრის ხელახლა დაწყება იქნება. ჯერჯერობით მონაცემები არ გვაქვს, მეღვინეობები რამდენად დაზიანდა, მაგრამ GoodWine-ის საწყობი დაბომბეს. ყველაფერი, რაც ბუნებრივი ღვინის ფესტივალისთვის იყო მზად, დაკარგულია. როგორც ვიცი, ჯონ ვურდემანი მონაწილეობის მიღებას აპირებდა, ახლა კი მხარდაჭერის მიზნით თავისი ღვინის ჩუქებას აპირებს. ბევრი მეღვინე უერთდება ამ წამოწყებას, და ძალიან მიხარია. მეღვინეებიც ამიტომ მიყვარს - შრომის ფასი იციან და ერთმანეთს ხშირად ეხმარებიან.
- თქვენ როგორ ხედავთ ქართული და უკრაინული მეღვინეობის მომავალს?
- პოზიტიურად, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მტერზე ვართ დამოკიდებული. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, ღვინო ყოველთვის რჩება... ჯაჭვი იშლება... ქართველ მეწარმეებს უფრო სტაბილურ ბაზრებზე დამკვიდრება სჭირდებათ, უკრაინელებს - ჯერ შიდა ბაზარზე გაყიდვებისა და ცნობადობის ზრდა, შემდეგ ექსპორტიც. საქართველოსთვის მომხმარებლის კულტურის ზრდა მნიშვნელოვანია - სანამ ოციანს და ცხვარს ძლიერი კონკურენტი არ გამოუჩნდება, შორს ვერ წავალთ. ამ კუთხით უკრაინელების ცოტა მშურს - დიდ ქალაქებში მომხმარებლები ღვინოში კარგად ერკვევიან. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის მეღვინეობას მეტი სარგებლიანი ინვესტიცია ჭირდება, ენდემური ჯიშების კვლევისთვის, ვაზის გაშენებასა და დაღვინების პროცესისთვის. ასევე, შენახვის პირობებისთვის. როდესაც მცირე მარნებზე ვსაუბრობთ, ბევრ მათგანს კარგი რეზერვი არ აქვთ, ეს ძალიან სამწუხაროა... იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გვექნება!
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი