Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დეგუსტაცია მოსკოვში

 
ნუკრი ქურდაძე
 
ნუკრი ქურდაძე მუშაობს Pernod Ricard-ის (ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გლობალური ლიდერი) აღმოსავლეთ ევროპის ფილიალში, მოსკოვში, ღვინის ბრენდ ამბასადორის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა და მუშაობს ესპანური, ფრანგული, არგენტინული, ავსტრალიური, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის და ქართულ ღვინოზე („თამადა“, „ძველი თბილისი“). რუსეთის ღვინის ექსპერტთა ასოციაციის წევრი, ღვინის პუბლიცისტი, მარკეტოლოგი, მოსკოვის სომელიეთა სკოლის (Wine People) ლექტორი.
 
თბილისში ყოფნისას  მაქსიმალურად  ვცდილობ ხოლმე გავეცნო იმ სიახლეებს, რაც ქართულ მეღვინეობაში ხდება. თავს უფლებას მივცემ გაგიზიაროთ ჩემი  დაკვირვებები.
 
საშუალო და მსხვილი კომპანიების მიერ წარმოებული  ღვინო საგრძნობლად მიუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტს. მხედველობაში მაქვს როგორც ღვინის ხარისხი, ასევე გარეგნული სახე, რაც ღვინის ბიზნესში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც ბრენდის, ასევე კატეგორიის  პოზიციონირების თვალსაზრისით. კომპანიები აფართოვებენ ასორტიმერტს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მივიწყებული, ავტოხთონური ჯიშების, ქისის, ხიხვის და ა.შ. გამოჩენა ქართულ ბაზარზე. შეიძლება ეს ტენდენცია არ არის ისეთი მასშტაბური, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ, გასათვალისწინებელია,  რომ აღნიშნული ჯიშების აღდგენა-მოშენებას ჭირდება დრო. რაც 2006 წლის შემდეგ გაკეთდა ამ მიმართულებით, ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მწარმოებლები, ვინც ეს გზა აირჩიეს, პატივისცემას იმსახურებენ. 
 
მასობრივი მოხმარების ღვინოების გარდა, მსხვილი და საშუალო მწარმოებლები ქმნიან ხარისხიან ორდინარულ ღვინოებს, აფართოვებენ ან ქმნიან საერთაშრისო კლასის პრემიუმ სეგმენტის ღვინოს. ეს ტენდენცია 2006 წლამდეც არსებობდა, მაგრამ, ასეთი ინტენსივობით არ შეინიშნებოდა. ამის კარგი მაგალითია „ბადაგონი“, „თბილღვინო“, „თელიანი ველი“, „GWS”, „ბესინი“ „Schuchman” და ა.შ. მშვენიერი საერთაშორისო პრემიუმ კლასის ღვინოა „ოროველა“, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ხარისხით გაეჯიბროს  კალიფორნიის და ავსტრალიის ბევრ პრემიალურ ღვინოს (შეგახსენებთ, რომ 2012 წლის „Wine Spectator“-ის რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო ღინოების ათეულის პირველ ნომრად კალიფორნიის ღვინო იქნა დასახელებული, ხოლო მეორე და მესამე ადგილი ავსტრალიურმა და ფრანგულმა ღვინომ გაიყო, ასე, რომ არ არის აუცილებელი და ვთვლი მავნეც არის, მხოლოდ ძველი სამყაროს ღვინოები ავიღოთ ხარისხისა და სტილის ნიმუშად. ახალი სამყაროს ქვეყნების ღვინოს ხშირად განიხილავენ როგორც მხოლოდ იაფ კატეგორიას, რაც ყოველთვის სწორი არ არის - დღეს სულ უფრო შეიმჩნევა მათი ასორტიმენტის პრემიუმიზაციის პროცესი). 
 
ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა „სატრაპეზო“ საფერავმა, ესეც მორიგი საინტერესო აღმოჩენა იყო - პირველად გავსინჯე კომბინირებული,  ქვევრიში და მუხის კასრში დაყენებული ღვინო. სამწუხაროდ დროის  სიმცირის  გამო ვერ მოვასწარი მსხვილი მწარმოებლების მიერ შექმნილი მაღალი კლასის ღვინოების გაცნობა.   
 
არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო   ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული  ღვინო, რომელიც სულ  უფრო  პოპულარული  ხდება  და თანდათანობით  იკავებს იმ საპატიო  ადგილს, რაც  მას  ეკუთვნის ქართულ  მეღვინეობაში. ენთუზიაზმი და შემართება (რაც, ჩემი აზრით, გმირობის  ტოლფასია), ქართული ღვინის ტრადიციების ერთგულება ეს  არის ის, რაც  შეუძლებელია არ აღნიშნო, როცა გებულობ,  რომ კაცმა ხელით, ხშირად  ყოველგვარი ტექნიკის გარეშე მოუარა ვენახს, შხამ-ქიმიკატები არ იხმარა ან მინიმუმზე დაიყვანა მათი გამოყენება. ყურძნის მაღალ ხარისხს შესწირა  რაოდენობა, მამა-პაპური მეთოდით დააყენა ღვინო, სულ რამდენიმე ათასი  ბოთლი ჩამოასხა; შემდეგ სიყვარულით გააფორმა. როცა სვამ ასეთ ღვინოს,  გრძნობ, რომ ეხები მარადიულ ღირებულებებს.
 
დღევანდელ გლობალურ სამყაროში სავსებით შესაძლებელია შექმნა  მაღალი დონის ღვინის წარმოება. თუ პროფესიონალურად შეიმუშავებ ბიზნეს-პროექტს, დაასაბუთებ მის რენტაბელობას, ინვესტორიც მოინახება, ან  ადგილობრივი ან უცხოელი. თუ პროფესიონალურად წარმართავ საქმეს, მაღალი  კლასის ღვინოსაც შექმნი. შეიძლება კონკურსზე ჯილდოც მიიღო და კომერციულ წარმატებასაც მიაღწიო. 
 
ეს თავისთავად კეთილშობილური საქმეა, მაგრამ, შექმნა ღვინო, რომელიც იქნება ტერუარის და ჯიშის ჰარმონიის ნიმუში და ისიც ძველი, ტარდიციული ტექნოლოგიით დაყენებული, რომელსაც ექნება მკვეთრად გამოხატული ორიგინალური ხასიათი, დამეთანხმებით, ალბათ ყველა მეღვინის ოცნებაა. „ნოკოლაშვილი“, „ბერიშვილის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“, „ჯაყელი“, მარანი „ნიკა“, “იაგოს ღვინო”... აი არა სრული სია ღვინოებისა, რომლებმაც არ შეიძლება აღტაცებაში არ მოგიყვანოს.   
ქვევრის ტექნოლოგია, ჩემი აზრით, მომავალი ქართული  პრემიალური ღვინის სეგმენტის განვითარების ძირითადი ვექტორი შეიძლება გახდეს (ყოველ შემთხვევაში, ამის ყველა წინაპირობა არსებობს). ეს ახალი ტენდენცია უკვე შეეხო მსხვილ მწარმოებლებსაც, რაც სასიხარულოა და ასევე დიდ პატივისცემას იმსახურებს. უკვე გამოჩნდა ახალი ხაზი მათ ასორტიმენტში -„ქვევრის ღვინო“. ჩემი ღრმა რწმენით, ქვევრის ღვინის აღორძინება არის ის, რაც მაძლევს საფუძველს თამამად ვთქვა, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინო დაადგა ევოლუციის გზას, ეს არის ის ნახტომი მომავალში (ხარისხის თვალსაზრისით, გაყიდული ღვინის რაოდერობას აქ არ ვგულისხმობ), რაც არ მომხდარა ალბათ უკანასკნელი 80-90 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, თუმცა შესანიშნავი და ღირსეული დასაწყისი. პირველი „ექსპერიმენტები“ წარმატებით ჩატარდა. დღეს საჭიროა მათი გაგრძელება და დახვეწა. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ შენელდა ეს ენთუზიაზმი. იმედი მაქვს,  ეს არ მოხდება. თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორები და საფრთხეც საკმარისზე მეტია. 
 
მსგავსი ღვინოების გაშინჯვის  შემდეგ კიდევ ერთხელ რწმუნდები, თუ რამდენად შორსმჭვრეტელი და ბრძენი  იყო ილია ჭავჭავაძე - მკითხველს ალბათ მოეხსენება მის მიერ, თეზისების სახით ჩამოყალიბებული ნააზრევი  ქართული ღვინის რაობისა და პერსპექტივების შესახებ.
 
ასევე თვალში გხვდება და გახარებს  ის, რომ  სულ უფრო იზრდება  სპეციალიზირებული ღვინის მაღაზიების რაოდენობა. ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტი,  მშვენიერი დიზაინი და ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა საკმაო მოტივაცია იყო იმისთვის, რომ მათი ხშირი სტუმარი გავმხდარიყავი. მაგრამ ყველას ერთი დიდი ნაკლი აერთიანებს - საკმაოდ იშვიათად შეხვდებით უცხოურ ღვინოს, რაც დამაფიქრებელია. მართალია  ღვინის სეპარატიზმი ყველა  მწარმოებელ ქვეყანას ახასიათებს (ეს აქსიომაა,  რასაც ვერ გაექცევი), მაგრამ მსგავსი რამ იშვიათად მინახავს. ალბათ ეს ფაქტორიც განსაზღვრავს სამწუხარო რეალობას - ღვინის სამშობლოში ხშირად ღვინო გაცილებით ცუდად იციან, ვიდრე ბევრ  ღვინის არამწარმოებელ ქვეყანაში. ძნელი წარმოსადეგია, რომ ზაქარია ფალიაშვილს შეექმნა თავისი უკვდავი ნაწარმოებები, რომ არ ქონოდა მოსმენილი ბეთჰოვენი, ვაგნერი და ა.შ. 
 
ეს შთაბეჭდილება  ნაწილობრივ გაანეიტრალა ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულმა ლექციამ,  რაც ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. დარბაზი სავსე იყო მსმენელებით, დასწრება - უფასო,  და  რაც სასიხარულოა, ჭარბობდნენ ახალგაზრდები. ძალიან საინტერესო ლექციას მოვუსმინეთ ღვინის ტიპიურობის შესახებ. საოცარია, მაგრამ ფაქტია - მცირე რაოდენობის ენთუზიასტების ჯგუფი, „ღვინის კლუბი“, ხშირ შემთხვევაში, ქართული ღვინისთვის აკეთებს უფრო დიდ საქმეს, ვიდრე ზოგიერთი ოფიციალური ორგანო, ვისთვისაც ეს  წესით უშუალო მოვალეობა უნდა იყოს.        
                                               
გასაგებია ის აჟიოტაჟი,  რაც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებასთან დაკავშირებული ატყდა, მაგრამ, გამაკვირვა იმ ინფორმაციის უზუსტობამ,  რასაც  ჟურნალისტები და  ექსპერტები აწვდიან აუდიტორიას.  23 წელია მოსკოვში ვცხოვრობ და აქედან 13 წელი ღვინის ბიზნესთან უშუალო შეხება მაქვს,  მაგრამ,  ხანდახან მეგონა, რომ სულ სხვა ქვეყანაზე იყო საუბარი. ორი სიტყვით: რუსეთს ხან მიწასთან ასწორებენ  და ხან (უფრო სწორი იქნებოდა, უფრო ხშირად) ისეთ სიმაღლესე აყავთ, კაცს გეგონებოდა, ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყანაზე იყო საუბარი.
 
ძალიან გამაკვირვა და ჩამაფიქრა იმან,  რაც ვნახე  სავაჭრო ცენტრ “Carrefour”-ში, რამაც ფაქტობრივად დაჩრდილა ყველა ნეგატივი - „სტალინის ღვინო“. წარმოვიდგინე ამ გიგანტი სავაჭრო ქსელის თაროზე, თავის მშობლიურ საფრანგეთში თავმომწონედ ჩამწკრივებული სტალინის, ჰიტლერის და მუსოლინის ღვინოები.  მსგავსი სურეალისტური სცენარი ალბათ ძნელი წარმოსადგენია. ვერონაში, იტალიის პროკურატურამ საქმე აღძრა ერთ-ერთი  ღვინის მწარმოებლის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ მუსოლინის ფიზიონომიით ღვინო გამოუშვა.  
 
მოსკოვში დაბრუნებამდე ორი დღით ადრე ინტერნეტში წავიკითხე საინტერესო სტატია - ინტერვიუ ერთ-ერთ მოსკოველ ღვინის ექსპერტთან. საკმაოდ არაკორექტულად მსჯელობდა ქართული ღვინის წარსულზე და   რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივაზე. ამ პიროვნებას ვიცნობ როგორც მაღალი, საერთაშორისო კლასის ღვინის სპეციალისტს და მის მიერ ჩამოყალიბებულმა თეზისებმა გამაკვირვა. მოგვიანებით მივხვდი, რომ  ნაწილობრივ ძველი სტერეოტიპების და ნაწილობრივ ანტიქართული პროპაგანდის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ბევრი უზუსტობა ილაპარაკა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ იყო საქმის კურსში, არ იცოდა თუ რა ხდებოდა და რა ხდება ქართულ მეღვინეობაში. ჩემდა სასიხარულოდ, იგივე სტატიაში ადგილი ქონდა დათმობილი ინტერვიუს სანდრო ხატიაშვილთან (ღვინის ექსპერტი, ალკოჰოლური  კომპანია  "Simple" -ს დირექტორთა საბჭოს წევრი). ბატონმა სანდრომ ყველაფერი თავის ადილზე დააყენა. მაღალი შეფასება მისცა დღევანდელი ქართულ მეღვინეობას, გაბედულად ისაუბრა ქართული ღვინის ემბარგოს გამომწვევ მიზეზებზე და მის შედეგებზეც. თუმცა   მაღალი კლასის, საქმეში ჩახედული პროფესიონალისგან სხვას არც ველოდი. მოკლედ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე მოსკოვში წამეღო რამოდენიმე ბოთლი ღვინო, შემეკრიბა ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები,  რათა ობიექტურად შეგვეფასებინა და წარმოდგენა შეგვქმნოდა ქართულ მეღვინეობაზე. რა თქმა უნდა, გასაგები მიზეზების გამო მქონდა შეზღუდვაც: მეტი რაოდენობის ღვინო რომ წამეღო, რისი დიდი სურვილიც მქონდა, ალბათ ვერ ავცდებოდი რუს მებაჟეებთან უსიამოვნო და „ძვირადღირებული“ პროცედურის ჩატარებას.  
 
დეგუსტაცია შედგა ტვერსკოი ბულვარზე, მოსკოვის ერთ-ერთ ელიტურ ღვინის ბუტიკში, "Vinoteka.ru", 5 თებერვალს, მისი ხელმძღვანელის, იგორ სერდიუკის დახმარებით. ღვინო, რომელიც წარდგენილი იყო დეგუსტაციაზე, რა თქმა ურდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრული შთაბეჭდილება შეგვექმნას დღევანდელ ქართულ ღვინოზე, მაგრამ ჩემი აზრით, საკმარისი იყო  იმის  მისახვედრად, თუ რა ტენდენციები შეიმჩნევა ქართულ მეღვინეობაში.  ჩვენი  მიზანი  არ  იყო  ამ  ღვინოების შეჯიბრი, რამდენადაც სხვადასხვა „წონით კატეგორიაში“ იმყოფებიან  (ნიმუშები ვიყიდე ერთ-ერთ ცნობილ ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიაში და მსხვილ სუპერმარკეტში):
 
1. SCHUCHMAN- მწვანე; მწარმოებელი: “Shuchman wine Georgia” LTD.  თეთრი მშრალი, ყურძნის ჯიში - მწვანე,  რეგიონი - კახეთი, კისისხევი.  2011წ., ალკ. 13,5% (ფასი მაღაზიის თაროზე -  8ლ.)
 
2. KAKHURI – საფერავი; მწარმოებელი: Kakhuri LTD; წითელი მშრალი, ყურძნის ჯიში-საფერავი. რეგიონი - კახეთი. 2011წ., ალკ. 13%. (ფასი მაღაზიის თაროზე -  8ლ.)
 
3. BADAGONI – საფერავი. მწარმოებელი - Badagoni LTD; წითელი მშრალი, ყურძნის ჯიში -საფერავი. რეგიონი - კახეთი.  2007წ. ალკ. 13%;  (ფასი მაღაზიის თაროზე 12ლ.)
 
4. KHAREBA – საფერავი პრემიუმი. მწარმოებელი – Winery Khareba;   წითელი მშრალი, ყურძნის ჯიში -საფერავი. რეგიონი - კახეთი. 2009წ. ალკ. 14,5%;  (ფასი მაღაზიის თაროზე - 33,5ლ.)
 
5. JAKELI –საფერავი; მწარმოებელი - Jakeli wines (ორგანული ვენახები). წითელი მშრალი, ყურძნის ჯიში - საფერავი. რეგიონი - კახეთი, ხაშმი.  2008წ. ალკ. 13,8% გაუფილტრავი, მუხის კასრში დაძველებული (ფასი მაღაზიის თაროზე - 24 ლ.).
6. NIKOLASHVILI- საფერავი; ორგანული ღვინო.  მწარმოებელი - NIKOLASHVILI.  წითელი მშრალი, ყურძნის ჯიში - საფერავი. რეგიონი - კახეთი, გურჯაანი. 2008წ. ალკ. 13%; ტექნოლოგია – ქვევრი. (ფასი მაღაზიის თაროზე - 25ლ.). 
 
7. SATRAPEZO – საფერავი; მწარმოებელი - Telavi Wine Cellar. წითელი მშრალი, ყურძნის ჯიში-საფერავი. რეგიონი -კახეთი, კონდოლი.  2010წ. ალკ.14%. ფერმენტაცია ქვევრში, შემდეგ ღვინო ძველდებოდა მუხის კასრში ორი წლის მანძილზე  (ფასი მაღაზიის თაროზე -  52ლ.).
 
ექსპერტთა შეფასებას, რომელიც რამოდენიმე დღის შემდეგ წერილობით მომაწოდეს, თარგმანის სახით უცვლად გთავაზობთ (თქვენი დროის დაზოგვის მიზნით თითოეული მათგანის წერილიდან ამოვიღე სამადლობელო სიტყვები, რომ ესწრებოდნენ ემბარგოს გამოცხადების შემდეგ მოსკოვში ორგანიზებულ პირველ პროფესიონალურ დეგუსტაციას).
 
ალექსანდრ კუპცოვი: ღვინის ექსპერტი, ჟურნალისტი, 3 წიგნის და 300-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი ღვინის თემატაზე. ღვინის სკოლების ლექტორი. საერთაშორისო ღვინის კონკურსების ჟურის წევრი. ფილოსოფიის მეცნიერების კანდიდატი: „ისე მოხდა, რომ, ბოლო 6 წლის მანძილზე არ მქონდა საშუალება გამესინჯა ქართული ღვინო. შეიძლება ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ, უფრო მკვეთრად ვიგრძენი განსხვავება ძველ და ახალ ქართულ ღვინოს შორის.   
 
რა თქმა უნდა, შვიდი ნიმუშის გასინჯვის შედეგად ძნელია გააკეთო რადიკალური დასკვნები, მაგრამ შესაძლებელია მათი, როგორც ჰიპოთეზების ფორმულირება, რომლებიც მოითხოვენ შემდგომ ღრმა ანალიზს.                                                                                                                              
 
მთავარი შეიძლება იყოს შემდეგი: სულ რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ღვინის ხარისხმა არა მარტო აიწია, არამედ ის გახდა სხვანაირი.  გახდა უფრო ტექნოლოგიური იმ გაგებთ, რომ მათი შექმნის დროს აშკარად გამოიყენება ახალი ტექნოლოგიებისა და ენოლოგიის მეთოდიკა. სტილის მიხედვით - აქტუალურები (მაპატიონ ტრადიციების ერთგულებმა) ანუ უფრო მეტად „ჩაწერილები“ თანამედროვე მეღვინეობის კონტექსტში. როგორც შედეგი, უფრო მეტად შეესაბამებიან საერთაშორისო და პირველ რიგში, ევროპელი მომხმარებლის გემოვნებას.
 
ამასთან ერთად, არავითარ შემთხვევაში არ არიან „მაკდონალდიზირებულნი“ და ბანალურნი: მათში იგრძნობა ყურძნის ჯიში, ხოლო საუკეთესოებში - ტერუარიც. ეს არის გემრიელი ღვინო - კარგად დაბალანსებული და არომატში სუფთა. სხვადასხვა დონეზე თითოეული მათგანი განსხვავებულადაა პოზიციონირებული, მაგრამ ყველა მათგანი საინტერესოა. შესაბამისი ფასი/ხარისხის მაჩვენებლით, რაც სპონტანურად იწვევს ჯანმრთელ შურს: მსგავსი, რუსეთში ძალიან იშვიათად გვხვდება. 
 
დაბრუნდება თუ არა ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე? მინდა  დავიჯერო, რომ კი, თუმცა მის დაბრუნებაზე შეიძლება საკმაოდ პირობითად ვილაპარაკოთ. მრავალჯერ ციტირებული ჰერაკლიტეს ფრაზას მდინარის შესახებ, სადაც ორჯერ ვერ შეხვალ აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა არა მხოლოდ ქართული ღვინო, არამედ რუსეთის ღვინის ბაზარიც. ძველი სტილის ღვინო ალბათ ნაკლებად იქნება მოთხოვნადი, ხოლო ახალი სტილის ქართული ღვინო შეეჯახება მკაცრ კონკურენციას. თუმცა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: აქ ამ ღვინოებს ელოდებიან და რუსეთის მომხმარებელი მოხარული იქნება, თუ ისინი დაბრუნდებიან.
 
შეფასებათა გამა, რომელიც მივეცი გასინჯულ ღვინოებს - მაღალი „ბრინჯაოდან“ - მტკიცე „ოქრომდე“ - შეიძლება ვინმეს ტრივიალური მოეჩვენოს, რომ არა ერთი გარემოება: მე შევაფასე ისინი იმ კრიტერიუმებით, რაც მიღებულია საერთაშორისო კონკურსებზე, საკმაოდ მკაცრად, ყოველგვარი შერბილების გარეშე, „ქართული მეღვინეობის სპეციფიკიდან“ გამომდინარე. ამ მხრივ ჩემი შეფასება იყო მაქსიმალურად ობიექტური იმ შეფასებებს შორის, რაც ოდესმე გამიკეთებია. უსიამოვნო გრძნობა არც ერთ ღვინოს არ დაუტოვებია, პირიქით. მე გავშინჯე ღვინოები რომელთაც სიამოვნებით ვიხილავდი ჩემ მაგიდაზე. ვფიქრობ მსგავს შეფასებას ბევრი მიცემდა ამ ღვინოებს რუსეთში.“
 
იგორ სერდიუკი – ღვინის ექსპერტი, ჟურნალისტი, აქვეყნებს  სტატიებს ღვინის თემატიკაზე ჟურნალებში Forbes, Robb Report (რუსული ვერსია), Time Out,  გაზეთში  "ვედომოსტი" მიყავს ღვინის რუბრიკა, "Vinoteka.ru"-ს (ღვინის ბუტიკების ქსელი) - კურატორი, სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე ჟურნალის და გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, რამოდენიმე წიგნის ავტორი, საერთაშორისო ღვინის კონკურსების ჟიურის წევრი, "მერიტ აგროკოლი"-ს ორდენის კავალერი (სარანგეთი). ყველაზე გავლენიანი ღვინის ჟურნალისტი (2006 Menningers Wine Business International). საუკეთესო ენო-გასტრონომიული თემატიკის ჟურნალისტი  (2008):
 
„SCHUCHMAN-მწვანე: მსუბუქი, ადვილად გასაგები ღვინო, რომლის მთავარ ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ყვავილოვან-ხილოვანი არომატის მხნე, სუფთა ხასიათი. ეს ღირსება თავისთავად არ არის მცირე, თუ გავითვალისწინებთ ღვინის დემოკრატიულ საფასო კატეგორიას. რაც შეეხება გემოს - როგორც ეს სხვებსაც მოეჩვენა - მას არ ყოფნის მჟავიანობა, და მართლაც, გემოს აკლია სიღრმე, დაბოლოება მოკლეა, და, ბოლო ეტაპზე შეიგრძნობა უცნაური სიმწარე. ესეთი ღვინო ჯობია გავაცივოთ დაახლოებით 9 გრადუსამდე.    
                                                                                                      
KAKHURI – საფერავი: არომატი სასიამოვნო, კენკროვანი, რელიეფური, გემოში საკმაოდ უხეში ტანინებით. კახური „რუსტიკი“. საკმაოდ დემოკრატიულია ფასის თვალსაზრისით იმისთვის, რომ, მივიჩნიოთ სიმპატიურ ღვინოდ. ჟანრი - ღვინო პიკნიკისთვის, რომელიც არ ითხოვს მომხმარებლისგან ღვინის დახვეწილ ცოდნას. კულინარიის თვალსაზრისით, კარგად შეეხამება საკმაოდ ქონიან, შემწვარ ხორცს, გაზავებულს სანელებლებით. ზოგიერთ მცოდნე ღვინის შემფასებელს შეიძლება უხეშადაც მოეჩვენოს, მაგრამ მწვადს რამე ღვინო ხომ უნდა მივაყოლოთ, ესეც ნუ დაგვავიწყდება.
 
BADAGONI – საფერავი: ღვინო სუპერმარკეტებისთვის, გამოფიტული, გასაშუალოებული ხასიათით. ტექნიკურად კორექტული, საკმაოდ მსუბუქი, მაგრამ თავს არაფრით არ გამახსოვრებინებს... ძალიან მეწყინებოდა, მხოლოდ ამ მიმართულებით რომ განვითარებულიყო ქართული მეღვინეობა.  
                           
KHAREBA – საფერავი: მკვეთრი, რელიეფური არომატი მოცხარისთვის დამახასიათებელი ტონებით და ოდნავ შესამჩნევი, მოხარშული კენკროვანი ნოტებით. ასეთი ტანინების გამო დღემდე უყვართ ალბათ მის მრავალრიცხოვან  თაყვანისმცემლებს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ქართული ღვინო. ამ ღვინოს თავისულად შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე. 83-85 ქულა.      
                                                                                                                                                                    
JAKELI –საფერავი: ღვინო დაგამახსოვრდებათ მკვეთრი ბალზამური არომატით. გიბიძგებთ ღრმა ანალიზისკენ და გიტოვებთ სურვილს, რათა ხელახლა დაუბრუნდეთ ამ ღვინოს. გემო კახურად ტანინიანი, “რუსტიკისებური”, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებულია მუხის კასრში დაძველება. მას, ვინც შეიძენს ამ ღვინოს, სასურველია იქონიოს კარგი დეკანტერი, ან იქონიოს მოთმინება, რათა დააძველოს ღვინო სარდაფში. მეღვინეს კი ვურჩევდი გადახედოს თავის შეხედულებას მიკროოქსიდაციასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში საინტერესოა ამ მწარმოებლის ღვინოზე თვალის დევნება. გადაჭარბებული ტანინების გამო, სამწუხაროდ, მხოლოდ ბრინჯაო, 83-85 ქულა.                  
      
NIKOLASHVILI - საფერავი: სერიოზული ღვინო ელეგანტური და ჰარმონიული სხეულით, არომატში განსაკუთრებული, უცნაური ტონები შეიძლება აიხსნას ორგანიკის მარკირებიდან გამომდინარე, თუმცა ეს არომატები აერაციის შედეგად ქრებიან. უეჭველად ვერცხლი, 89 ქულა.    
                          
SATRAPEZO – საფერავი: უმაღლესი კლასი(!), და ძალიან გასახარებელია, რომ, საქართველომ მიაღწია მეღვინეობის ამ სიმაღლემდე. დიდი მადლობა მეღვინეს თეზისის „ქვევრი არ არის ფეტიში და თვითმიზანი“ -დემონსტრირებისთვის. მადლობა ხარისხიან მუხის კასრებთან დელიკატური მუშაობისთვის - ტანინების ხარისხი ამართლებს ძალისხმევას და ხარჯებს. და, გულწრფელი მოლოცვები ჰარმონიის მაღალ სფეროებთან მიახლოებისთვის! ოქრო - 92 ქულა.“
 
ვლადიმირ ცაპელიკი - ღვინის კლუბის დამაარსებელი და პრეზიდენტი,ღვინის კრიტიკოსი და ჟურნალისტი, ღვინის  საერთაშორისო კონკურსების (Concours Mondial de Bruxelles, Mundusvini, Vinandino და სხ.) ჟიურის წევრი, www.winepages.ru საიტის მთავარი რედაქტორი:
 
„ბოლო წლების განმავლობაში საშუალება მქონდა გამესინჯა ქართული ღვინო მხოლოდ საზღვარგარეთ. ყველა ღვინომ, რაც გავსინჯეთ, დადებითი შეფასება დაიმსახურა. ძალიან მიყვარს ჯიში მწვანე, და ვთვლი, რომ ადრე თუ გვიან მის ბაზაზე მრავალი დიდებული ღვინო შეიქმნება. ამ სორტს მე ვაყენებ ისეთი გიგანტების გვერდზე, როგოტიცაა ფურმინტი და გრუნერ ველტლინერი (Furmint - უნგრული ყურძნის ჯიში, გავრცელებულია უნგრეთში, ავსტრიაში, იტალიაში, რუმინეთში, ბალკანეთის ქვეყნებში. Grüner Veltliner- ყველაზე მნიშვნელოვანი ავტოხტონური ყურძნის ჯიში ავსტრიაში - ავტ.), მაგრამ, მწვანე უფრო ძველი ჯიშია და უფრო საინტერესო!. ჩემი ნება რომ იყოს, არ დავაყენებდი ამ ჯიშის ყურძნისგან იაფფასიან ღვინოს. რქაწითელთან ერთად ის იძლევა კარგ შედეგს, მაგრამ, თუ მეღვინე აცხადებს პრეტენზიას საუკეთესი შედეგზე - მზად ურდა იყოს - მწვანესთან მუშაობა არც თუ ისე ადვილია. ამ ფაქტის კონსტატირება მოვახდინეთ პირველი ნიმუშის დეგუსტაციის დროს. საფერავზე დაყენებული ღვინოები გაცილებით საინტერესო მომეჩვენა. საბაზო, დემოკრატულმა ღვინოებმა მშვენიერი რეზულტატი აჩვენეს. გაჩნდა იმედი იმისა, რომ რუსეთის ბაზარზე, ფასი/ხარისხის მაჩვენებლით ქართულმა ღვინოებმა შეიძლება ღირსეული კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნის ღვინოებს.  
                                                                                                                  
და მაინც, სხვა ღვინოებთან შედარებით, ბოლო ორმა ნიმუშმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა: ესენი არიან „ნიკოლაიშვილი“ და „სატრაპეზო“. სერიოზული, რთული ტანინები (განსაკუთრებით „სატრაპეზო“-ში), განვითარების პოტენციალის თვალსაზრისით დიდ იმედებს იძლევიან.  მსგავსი ღვინო გინდა დალიო მშვიდად და სიამოვნებით!„ 
 
მარია ნოსოვა - ღვინის ექსპერტი, მუშაობს ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში 1998 წლიდან რუსულ და საერთაშორისო მსხვილ კომპანიებში. აქვს ქართულ ღვინოსთან მუშაობის გამოცდილება:
 
„დეგუსტაციის შედეგს თუ შევაჯამებ, შემიძლია ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი წარმოდგენილი ღვინოების მაღალი ხარისხით. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავადგინე რა არის საფერავის ტიპიური სტილი საქართველოში. 
 
SCHUCHMAN- მწვანე: სასიამოვნო, სუფთა ყვავილოვანი არომატი,  ნუშის მსუბუქი ნიუანსებით, ოდნავ არ ყოფნის მჟავიანობა. ფასის და ხარისხის კარგი თანაფარდობა.
 
KAKHURI- საფერავი: არომატში „მთვრალი ალუბლის“ ნოტები, ცოტათი მაგონებს სარჯოვეზეს (Sangiovese- იტალიური წითელი ყურძნის ჯიში, ძველი ლათინურიდან ითარგმნება როგორც „იუპიტერის სისხლი“- ავტ.), ფისის მსუბუქი ტონები, გემო მარტივი, მაღალი მჟავიანობით. ადვილად და სასიამოვნოდ ისმება, აქვს მოკლე დაბოლოება გემოში.
 
BADAGONI-საფერავი: უფრო მეტად კონცენტრირებულია, ვიდრე წინა ნიმუში. კარგი ტანინები, ხავერდოვანი და სავსე. კარგად გაკეთებული ღვინო. გემო - საკმაოდ სასიამოვნო, მაგრამ ინდივიდუალობის გარეშე.  
 
KHAREBA - საფერავი: მკვეთრად გამოხატული, საინტერესო. არომატში - შავი კენკროვანი. მხნე, სუფთა, სავსე გემო. რბილი ტანინები და მაღალი მჟავიანობა. გემოში - სიტკბოს მცირეოდენი შეგრძნება, რაც ღვინოს ცოტათი ამარტივებს. 
 
JAKELI- საფერავი: საინტერესო არომატი მკვეთრად გამოხატული მცენარეული ნოტებით, ალბათ როზმარინი. კარგი კონცენტრაცია და მომწიფებული ტანინების სიუხვე. სასიამოვნო, მხნე გემო. არც თუ ისე გრძელი დაბოლოება.
 
NIKOLAISHVILI- საფერავი: რთული ბუკეტი   ხილოვან-კენკროვანი პალიტრით, ასევე მეორადი  ნოტებით. აერაციის შედეგად  არომატი უფრო მხნე ხასიათს იძენს. კარგი ბალანსი და ტანინების მაღალი ხარისხი აქვს. სუფთა და სავსე კენკროვანი გემო. შესაძლოა ველოდოთ გაუმჯობესებას დაძველებასთან ერთად. 
       
SATRAPEZO - საფერავი: ძალიან საინტერესო, სუფთა, ღრმა არომატი. მენთოლის და ევკალიპტის მხნე ნოტებით, კენკროვანი შტრიხები. რთული ბუკეტი. შესანიშნავი, კარგად დაბალანსებული გემო. საკმაოდ სერიოზული ღვინოა.“
 
ალექსანდრ ფომიჩევი - ღვინის ექსპერტი, სომელიების სკოლის „Wine People“ თანადამაარსებელი, საერთაშორისო კონკურსების ჟურის წევრი, ორჯერ იყო რუსეთის წარმომადგენელი  საერთაშორისო კონკურსზე „Ruinart Trophee“, მოსკოვის სომელიეთა პირველი კონკურსის გამარჯვებული:
 
„NIKOLASHVILI- საფერავი:  საფერავის ახალი სტილის კიდევ ერთი ნიმუში, მშვენიერი ორგანიკაა, კარგი სტრუქტურით. გემოს ელეგანტური დაბოლოება. დაძველების კარგი პოტენციალი აქვს, თუმცა დასალევად უკვე მზად არის. დახვეწილი, მომრგვალებული ტანინები.
 
„SATRAPEZO” საფერავი: დღევანდელი დეგუსტაციის ლიდერი. მშვენივრად სტრუქტურირებული, მდიდარი არომატით. დაძველების დიდი პოტენციალით, მშვენივრად ევოლუციონირებს, თანდათანობით იხსნება დეგუსტაციის პერიოდში. სასურველია წინასწარი დეკანტაცია. ფრანგულმა მუხამ კარგად მოამრგვალა ტანინები, რომლებიც საფერავში, როგორც წესი, მკვეთრად შეიგრძნობა. მჟავიანობა კარგად ავითარებს გემოს დაბოლოებას, საშუალებას იძლევა ფართო პალიტრის გასტრონომიული შეხამებისთვის.“
 
დენის რუდენკო - ღვინის ექსპერტი, კრიტიკოსი. რუსეთის ექსპერტთა და სომელიეთა კავშირის წევრი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი, ღვინის კლუბს  «750ml»-ს დამაარსებელი და წამყვანი, „ყოველდღიური ღვინის ტელეგრაფის“ ავტორი. სომელიეს სკოლა Wine People -ს ლექტორი:
 
„SCHUCHMAN- მწვანე: ოქროსფერი ყვითელი ფერი, მწვანე ნოტებით. მკვეთრად გამოხატული არომატი, უბრალო,  კენკროვანი, იგრძნობა თეთრი ყურძენი, მსუბუქი, ოდნავ მაღალი ალკოჰოლით, ატმის მსუბუქი ტონები, ჩინური მსხალი, მსუბუქი „შამპანური“ ტონი.სხეული ზომიერად სრული, გემოში ჭარბობს ყვავილოვან-ხილოვანი ნოტები, ოდნავ სიმწარით. მჟავიანობა არ არის მაღალი, ოდნავ ბრტყელი. უბრალო, ერთგვაროვანი, მაგრამ საკმაოდ გამოკვეთილი ღვინო. შეფასება- 14 ქულა. 
 
BADAGONI-საფერავი: ინტენსიური ლალისფერი, შავი კენკრის არომატი, კვრინჩხი,შოთხვი. განუვითარებელი, ერთგვაროვანი, საშუალოდ საინტერესო. მომრგვალებული ტანინები, გაწონასწორებული მჟავიანობა, გემოს დაბოლოება ზომიერი, კენკროვანი. მთლიანობაში კორექტულად დამზადებული ღვინოა, რომელიც არაფერს არ გეუბნება და მეხსიერებიდან 5 წუთის შემდეგ საერთოდ ქრება.  შეფასება- 14,5 ქულა.
 
KAKHURI- საფერავი: ლალისფერი, საშუალოდ მკვრივი. მკვეთრი არომატი, საკმაოდ უცნაური - წითელი ყვავილები, იასამანი, შავი კენკროვანი. კვამლი, ოდნავ ნოტიო, ოდნავ ალკოჰოლური. გემოში ყვავილოვანი ტონები ოდნავ ჩამორჩებიან კენკროვანს. ოდნავ უხეში, ნოტიო და საკმაოდ ძლიერი ტანინები. მჟავიანობა მაღალია, გემოს დაბოლოება - ზომიერი. მთლიანობაში - საკმაოდ კარგი ორდინარული ღვინოა. შეფასება- 14,5 ქულა.
 
JAKELI –საფერავი: მუქი ლალისფერი, სრული არომატი, შავი კენკროვანი და მკვეთრად გამოხატული მინერალური,  ძალიან სასიამოვნო ღვინოა. მძლავრი, აქცენტირებული ტანინები. გემოში დომინირებს გამხმარი შავი კენკროვანი ნოტები, შოთხვი, ფისი, კვამლი. კარგად დაბალანსებური მჟავიანობა. გემოს დაბოლოება - ზომიერი. საინტერესო, საკმაოდ მკაცრი და „მამაკაცური“ ღვინოა. შეფასება - 15,5 ქულა.
 
NIKOLASVILI - საფერავი: ლალისფერი, ზომიერად სქელი, „პირველ ცხვირში“ იგრძნობა მწვანე ბალახი, ჰუმუსი, სველი მიწის ნოტები. ხანმოკლე აერაციის შემდეგ არომატში ჩდება კენკროვანი ნოტები, ქლიავი, ფისის ნოტები, კვრინჩხი, ყველის არომატის შტრიხები. გემოში იგრძნობა გამოკვეთილი მჟავიანობა, ხასიათდება საკმაოდ სრული სხეულით. სქელი, ოღონდ კარგად ჩამოყალიბებული ტანინებით. ეს ღვინო მოითხოვს წინასწარ დეკანტაციას. საინტერესო ღვინოა. შეფასება 16,5 (20 ქულიანი შეფასების სისტემით).
 
SATRAPEZO - საფერავი:  ინტენსიური, მუქი ლალისფერი, ძლიერი არომატი, დიდი ინტენსივობით იგრძნობა შავი მოცხარის ნოტები, მოცვი, კვამლის ნოტების მდიდარი ასორტიმენტი. მკვეთრად იგრძნობა  თაფლი-პროპოლისის ნოტები. სასიამოვნო, განვითარებადი. სხეული საკმაოდ სრული, შესანიშნავი  მდიდარი გემო, შავი კენკრა, ოდნავ ვანილი, სანელებლები, თაფლი. კარგი სტრუქტურა აქვს. კარგად ჩამოყალიბებული ტანინები, საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება. ძალიან კარგი და საინტერესო ღვინოა, შეფასება - 17 ქულა.“
 
P.S. ამ სტატიაზე მუშაობის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, ჟანრის კანონის თანახმად შევადგინე სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ბირთვი, ფინალი (რაც საოცრად გავს ღვინის დეგუსტაციის პროცედურას: ფერი, არომატი, გემო და დაბოლოება). მაგრამ, ექსპერტების დასკვნა რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ შედეგის შეჯამების სიამოვნება მკითხველისთვის ჯობდა დამეთმო. თუმცა ადამიანურ  სისუსტეს მაინც  ვერ გავექეცი და მაინც დავამატებ: თუ გახსოვთ, სტატიის დასაწყისში ვახსენე ექსპერტი, რომელმაც არა კორექტულად ილაპარაკა ქართულ ღვინოზე. საინტერესოა, რომ ეს პიროვნება ესწრებოდა ამ დეგუსტაციას. უფლებას ვიტოვებ არ გავამხილო მისი ვინაობა, მთავარია ის, რომ, მან აზრი შეიცვალა - იგი ერთ ერთი ყველაზე მაღალი შეფასების ავტორია.
 
© ღვინის კლუბი/Weekend


დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართული ღვინის პოპულარიზებაზე ზრუნავთ და მცდარი შეხედულება იმ ადამიანმა შეაცვლევინეთ :)


საინტერესო სტატია და უმაგრესი P.S. !

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.