Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ნიადაგის მოვლამ და მასზე ზრუნვამ ისეთი გატაცება იცის, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავ” - ინტერვიუ საბა კალანდაძესთან

ესაუბრა ელენე ცინცაძე

საბა კალანდაძე ბიო მეურნეა, ვენახთან და ღვინოსთან მუშაობა ბავშვობიდან მისი ნაწილი იყო, თანდათან კი უფრო და უფრო მეტად დაინტერესდა. ახლა, როგორც თავად გვიამბობს, უკვე 15 წელი გადის, რაც აგრონომია მისი ძირითადი საქმიანობაა. ინტერვიუში საბას გამოცდილების, შეხედულებებისა და ბიომევენახობის შესახებ წაიკითხავთ.

მოგვიყევით თქვენი ისტორიის შესახებ, როგორ მოხვდით აგრონომიაში და როგორ განვითარდა თქვენი გზა?

- ტრადიციულად, ოჯახიდან გამომდინარე, ღვინისა და ვაზის სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. მე-7 კლასიდან უკვე დამოუკიდებლად ვსხლავდი ვენახებს. სხვათაშორის, ხშირად ვადარებ ხოლმე გასულ პერიოდსა და თანამედროვე დროს ერთმანეთს და რომ ვუკვირდები, ბიო წამლობები ტარდებოდა ადრე, მაშინ შაბიამნის გარდა მისაბუდებელ გოგირდსაც მოიხმარნდნენ. ბავშვობიდან მოყოლებული, როცა სტუდენტობის პერიოდი გავიდა და სოფლად დავბრუნდი, ჩემი მშობლებისა და წინაპრების საქმეს მივყავი ხელი. მაშინ ვენახის თავიდან ბოლომდე განახლება მომიწია. 2008 წლიდან, როცა ვენახების განახლება დავიწყე, ბიომეურნე ვარ, მხოლოდ ბიო წამლებსა და ბიო პრეპარატებს ვიყენებ. გურია მაინც მთაგორიანი რელიეფის რეგიონია და ამითაც უნიკალურია, რომ ვენახების გაშენება მთაგორაკებზე მიდის. ჩემი მეურნეობის 80% ტერასული მეურნეობაა, რომლებიც აბსოლუტურად ხელითაა გაკეთებული. იმ ჰუმუსის ფენას, რაც კი არის ბუნებრივად ჩამოყალიბებული, არ შევხებივარ. ბიოსერტიფიკატის აღების პროცესს ახლა გავდივარ, უფრო ადრეც მინდოდა, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. 

რამდენად ბევრი რამაა ჯანსაღ ვენახზე დამოკიდებული?

- თუ ჯანსაღი ვენახი არ გაქვს და ჯანსაღი ყურძნის მოყვანა არ შეგიძლია, შეუძლებელია ამის გარეშე კარგი ღვინის დაწურვა. ის ხარისხი, რასაც ბიო ღვინო ჰქვია და მისი თვისებები შესაბამისი ვენახისა და მისი მოვლის გარეშე ვერანაირად ვერ მიიღება. ღვინო ვენახიდან იწყება, ვენახი კი ნიადაგიდან. თუ ნიადაგი დაბინძურებულია, არაორგანულია, გაჯერებულია აზოტით, ფოსფორით, პესტიციდების მოხმარებით, თუ ქიმიურად მოყვანილი თესლებითაა შეთესილი, მაგალითად, სიდერატები, გამორიცხულია კარგი ღვინის მიღება. ნიადაგის გამოჯანმრთელებას ნახევარი საუკუნეც კი შეიძლება დასჭირდეს. ჰუმუსის ფენების დარღვევაც ძალიან არასწორია, ამიტომ ვეწინააღმდეგები ყოველწლიურად სავენახედ ნიადაგის მომზადებისთვის 70-80 სანტიმეტრზე გადახვნას. ჰუმუსის ფენის ჩამოყალიბებას ძალიან დიდი პერიოდი სჭირდება, არადა უმნიშვნელოვანესი რამაა ნიადაგისთვის. 

თქვენ როგორ უვლით თქვენს ვენახს, უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ..

- ნიადაგის მოვლამ და მასზე ზრუნვამ ისეთი  გატაცება იცის, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავ თუ კი კაცმა მოინდომა. მთავარია მან სწორად იაზროვნოს. ახლა მე, მაგალითად, ველური ტყის პრინციპზე ვარ გადასული, ანუ ვფიქრობ, ძლიერი, საუკეთესო ნერგი თავის თავს გადაირჩენს. იმ ტერასებზე, სადაც ახლა ვენახები მაქვს გაშენებული, სულ ორჯერ მაქვს შეტანილი სპილენძის ოქსიდი და იზაბიონი, მკვებავი. ორწლიანი ტერასებია და რაც შეიძლება ნაკლები მკვებავები შემაქვს, რათა მცენარემ იმუნიტეტის გამომუშავება შეძლოს. ახლა, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი დიდი კომპანია მოიხმარს პესტიციდებს. პესტიციდები კი ანტიბიოტიკებივითაა, ცუდთან ერთად კარგსაც სპობს. ბევრ რამეზე ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, ყველაფერს აქვს ფაქტობრივად მეორე მხარე, რის გამოც ბიომევენახეობა განსაკუთრებით რთულ დარგად ითვლება. 

რატომ გახდა ასეთი პოპულარული ბიო და ორგანული მეურნეობა? რა დარღვებს ხედავთ ან რის შეცვლას ისურვებდით ამ მიმართულებით? 

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ტენდენციურია, ძალიან ბევრი დარღვევა ხდება, თუნდაც ბიო მეურნეობასა და ბიო მევენახეობაში. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ მეურნემ არ უნდა იცოდეს, როდის მოვლენ ბიოინსპექცირების ჩასატარებლად. ხშირად ხდება ხოლმე თაღლითობებიც. ინსპექტორი წავიდა, ყველაფერი რიგზეა, წესრიგშია, ანალიზები ჩატარდა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ არის ისეთი  პრეპარატები და განსაკუთრებით პესტიციდები, რომლებიც ორი კვირა მუშაობს, შემდეგ ვერ აღმოაჩენ, მაგალითად, ყურძენში. ინსპექტირება მსგავსი საკითხების გამო წინასწარ შეთანხმებული, ვფიქრობ, არ უნდა იყოს. ასე უფრო ჯანსაღი იქნება ეს მიმდევრობა. მთავარი მაინც ის არის, რომ მევენახეს თვითონ ჰქონდეს სურვილი, რომ ჯანსაღი პროდუქტი აწარმოოს, იზრუნოს ვენახსა და ნიადაგზე. საბოლოოდ ყველაფერი კეთილსინდისიერებაზე და ნამუსზეა დაფუძნებული, ანუ თუ ბიომევენახეს მართლა სულით და გულით უნდა კარგი საქმის კეთება, ყველაფერს იზამს ამისთვის. კონტროლის მაქსიმალურად გაძლიერება ცუდისკენ არაფერს შეცვლის, პირიქით, უფრო მეტად მობილიზებულს გახდის ყველა ბიომევენახეს. სტანდარტში რომ წერია, რომ ცენტრალური გზიდან და მდინარიდან  მოშორებული უნდა იყოს ვენახი დაახლოებით ნახევარი კილომეტრით, ეს აშკარად ირღვევა. კეთილსინდისიერად არ სრულდება დადგენილი სტანდარტები, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. იმედია, რომ დრო მოვა და ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაიხვეწება. ჩვენ მაინც დამწყებები ვართ და ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი თუნდაც ევროპის წამყვან ღვინის რეგიონებთან შედარებით. სასწავლი მართლაც ძალიან ბევრი რამ გვაქვს. 

ქვეყანაში ყველაზე მწვავედ რა პრობლემა დგას აგრონომიული კუთხით?

- ყველაზე დიდ პრობლემად მე ისევ და ისევ განათლება მესახება. ქვეყანას ძალიან ბევრი კარგი და მცოდნე აგრონომი სჭირდება, რისი ნაკლებობაც ნამდვილადაა. მაგალითად, ჩოხატაურის რაგიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მისი ათვისება კარგი აგრონომების გარეშე არ გამოვა. მიწის ანალიზი რა მიმართულებით უნდა ჩაატაროს, მჟავიანი ნიადაგი როგორ გამოკვებოს, ცივი ნიადაგები როგორ გააჯანსაღოს და ა.შ. კარგი იქნებოდა პატარა “კოლეგიების” ჩამოყალიბებაც. რაც შეიძლება მეტი განათლებული აგრონომი თუ იქნება რაიონებში, ცნობიერებაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მეტად ამაღლდება. 

როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ნიადაგის სტრუქტურა? 

- ნიადაგის სტრუქტურის გამოკვებას დიდი დრო უნდა. მას წლები სჭირდება, რაც უფრო ნაკლებად ჩავერებით, ნიადაგი უფრო მეტად გაჯანსაღდება. თუმცა არის მაინც ისეთი ტენდენციები, როდესაც ნიადაგის გაძლიერება ხდება. მაგალითად, ჰუმუსის ფენის ჩამოყალიბებას ბუნებრივად თუ 50 წელიწადი სჭირდება, სწორი ბიო მიდგომით შეიძლება 20-25 წლამდე დაიწიოს. არის სიდერატების შეტანა, არსებობს უნიკალური პრეპარატებიც, მაგალითად, მიკოვიზას პრეპარატი მიკოვიზური სოკოების ოჯახებიდან, რომლის შეტანის დროს ნიადაგი ძალიან ძლიერი ხდება და სხვანაირ სტუქტურას იძენს. სიდერატების შემთხვევაში სოიო, რომელიც ყველა გურული გლეხის ოჯახშია, ის, მაგალითად, ყვავილობის პერიოდამდე ყველაზე დიდ ფოსფორს და აზოტს გამოყოფს. ასეთი უამრავი პარკოსანი მცენარე არსებობს, თეთრი სამყურა ბალახი, ხანჭკოლა, ჩვეულებრივი დაბალი ლობიო, წიწიბურა. ეს მცენარეები ნიადაგს კვებავს და მასში ორგანული სასუქების მასას წარმოქმნის. თუ ადამიანი მონდომებულია და უნდა, რომ მისი ოჯახი, მაგალითად, ჯანსაღი საკვებით იკვებოს, ნამდვილად არ არის შეუძლებელი. 

საქართველოს ნიადაგებზე რას იტყოდით, უმჯობესდება თუ პირიქით, უარესდება მისი ხარისხი სხვადასხვა რეგიონში?

- ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ კარგი ნიადაგები გვაქვს, ხელის შეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ხშირად ჩვენ, ადამიანები, ხელოვნურად ვაღარიბებთ ნიადაგს ამდენი არაორგანული სასუქებით. თვითონ ბუნებაც მოწამლულია, მახსოვს, როცა ბებიაჩემს პამიდორი მოჰყავდა, მხოლოდ შეშის ჩამწვარი ნაცრით წამლავდა ხოლმე. ახლა კი უამრავი რამ სჭირდება, ბუნება არასწორი მიდგომების გამოა მოწამლული.

ამ დროის განმავლობაში, რაც თქვენ აგრონომი ხართ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეთ? 

- პირველ რიგში, ნებისყოფა. უფრო მომთმენი გავხდი, უფრო მეტად შემიყვარდა ნიადაგიც და ვენახიც. რწმენის უნარიც შემძინა. მევენახეობა და ბიო მიმართულება განსაკუთრებით ისეთი საქმეა, რაზეც ვერასოდეს იტყვი, რომ პროფესიონალი ხარ. აქ სულ ვითარდები, რადგან სწავლის პროცესი არასოდეს მთავრდება. რაც უფრო მეტს სწავლობ, ნიადაგსა და მცენარეებს მით უფრო სხვანაირად უყურებ. მეც მეტად ფრთხილი და ფაქიზი გავხდი. ხშირად არც მე ვიქცეოდი სწორად, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნელ-ნელა ცოდნა შევიძინე და ცოდნასთან ერთად ის, რასაც ვუვლი, უფრო მეტად შემიყვარდა. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული