Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კატო შალვაშვილის აგვისტოს 5 რჩეული ღვინო

გამარჯობა, მე კატო ვარ, 8000 მოსავლის სომელიე და მინდა გაგაცნოთ ამ თვის ჩემი ფავორიტი ღვინოები, დღეს 5 ღვინოზე მოგიყვებით, ვფიქრობ მათ საერთო მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ  გარდა ტექნოლოგიურად გამართული და ორგანოლეპტიკურად დახვეწილი ნამუშევრისა, იგრძნობა გამოკვეთილი ხასიათი და ინდივიდუალიზმი, რომელიც თითოეულ მათგანში ჩანს, სწორედ ამიტომ ავარჩიე ისინი თქვენთვის გასაცნობად.

თითოეული ღვინო კონკრეტულ ისტორიას გვიყვება დ ასევე ხაზგასასმელია, რომ არჩეული ღვინოებიდან არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯიშები, რომლებიც ამ ტექნოლოგიით დაყენებული ხშირად არ გვხვდება - მაგალითად ოცხანური საფერეს პეტნატი, კლასიკური ტექნოლოოგიით დაყენებული ხიხვი და ასევე ნაკლებად წარმოებული ჯიშები, რომელსაც კარგად მომხმარებელი ჯერ არ იცნობს, მაგალითად ძელშავი, მუჯურთული. სწორედ ამ ჯიშებიდან დაყენებული გამორჩეული ნიმუშები აღვწერე.

ოცხანური საფერეს პეტნატი, გვანცას ღვინო, 2021


ბაია და გვანცა აბულაძეების პეტნატი მინდა გაგაცნოთ, შუაგული იმერეთიდან. მათ მთავარ მიმართულებას ნატურალური მეღვინეობა წარმოადგენს და პეტნატის სახით სწორედ ნატურალური ცქრიალა ღვინის იდეალური ნიმუში შექმნეს. პეტნატი სწორედ იმ სტილის ღვინოა, რომელზე წერა და საუბარიც დაუსრულებლადაა შესაძლებელი, მისი მრავალფეროვანი, ცვალებადი და მუდმივად ბობოქარი ხასიათის დამსახურებით. პირველ რიგში რითიც მიმიზიდა ღვინომ, გახლავთ ჯიში, რომლიდანაც ღვინო დააყენეს - ოცხანური საფერე. არ მახსენდება ოცხანური საფერესგან დაყენებული სხვა პეტნატი გამესინჯოს, ყოველთვის, როდესაც ვსინჯავ რაღაც ახალს, რისი მსგავსიც აქამდე არ დამიგემოვნებია, განსხვავებული ემოცები იღვიძებს ჩემში, მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში მეღვინეობის ამ მიმართულებით ძალიან ვარ გატაცებული. ახალი ღვინის გასინჯვა თითქოს წიგნის კითხვას გავს ჩემთვის, როდესაც თავად წარმოიდგენ პერსონაჟებს, როგორი შეიძლება ისინი იყვნენ და თუ ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს ვნახავთ, ხანდახან სწორედ ჩვენი ფანტაზიის გაღვიძებას გავს, ზოგჯერ კი იმედები გვიცრუვდება, რადგან ჩვენი თვალით დანახული პერსონაჟები სულ სხვანირი წარმოგვედგინა, ასეა ჩემთვის ღვინოშიც, ყოველთვის წინასწარ წარმოვიდგენ როგორი შეიძლება იყოს, რისი მიღება შეგვიძლია კონკრეტული ჯიშისა და ტექნოლოგიის სინთეზით, როგორი ხასიათი შეიძლება ქონდეს. ცხადია, გვანცას პეტნატის გასინჯვამდეც ჩემი პატარა მონახაზი შევქმენი გონებაში, ამდენს იმიტომ გაწყენთ თავს საუბრითა და მაგალითების მოყვანით, რომ სწორედ ის დამხვდა გასინჯვის დროს, რასაც ველოდი, ოცხანური საფერესთვის დამახასიათებელი სიმჟავე, ოდნავ მკვახე, სიმწიფეში გარდამავალი წითელი ხილის გემო და ძლიერი სტუქტურა იდეალურად მოუხდა პეტნატის ტექნოლოგიას, ჯიშმა სრულად გვიჩვენა მისი მთავარი მახასიათებლები და ცინცხალი, ახალგაზრდა, სიცოცხლი სავსე ღვინო მივიღეთ ჭიქაში, რომლის ულამაზესი მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა კიდევ უფრო დადებით ემოციებს გვაძლევს. ალბათ ჩნდება კითხვა, როგორი ადამიანებისთვის არის ეს ღვინო, როგორი სტილის მოყვარულებისთვის. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ღვინო ყველასთვის არის, ვისაც მუდმივად ზაფხული და მხიარულება უყვარს, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვინო მეღვინეს გავს, გვანცა და ბაია არიან ის ადამიანები, რომლებიც უდიდეს დადებით ენერგიას ასხივებენ და ალბათ ამიტომაც არის ასეთი განსაკუთრებული ჩემთვის ეს ღვინო, რომ სწორედ მათი პიროვნება ჩანს პეტნატში. 

მერლო, შატო ბუერა, 2019
არაერთ მეღვინეობაში ვყოფილვარ სტუმრად და თითოეული მათგანისგან განსხვავებული ემოციები და შეგრძნებები გამომყოლია, მიხარია, რომ ყველა ჩემი სტუმრობის გამოცდილება დღეს ტკბილ მოგონებებად მაქვს დარჩენილი, თუმცა ფავორიტების ჩამონათვალი ცხადია, მაქვს, ამას ვერ ვუარყო და ვერც იმას ვუარყოფ, რომ შატო ბუერა ერთ-ერთი მათგანია. ყვარელში, ულამაზეს ლოპოტას ტბასთან დახვეწილი, ელეგენატური და უნიკალური არქიტექტორის შატო გვხვდება, რომელიც დანახვისთანავე თითქოს გნუსხავს და ინტერესს იწვევს თუ რა იმალება ამ კედლების მიღმა. როდესაც პირველად გადავაბიჯე ზღურბლს და მოვხვდი შატოში, ერთი ამოსუნთქვით შემოვიარე და თითოეული ოთახი წინაზე უკეთესი მეჩვენებოდა, ძველ სტილში გაკეთებული ქვევრებიანი მარანი და ახალი, თანამედროვე ფრანგული მუხის კასრებითა და უჟანგავი ფოლადის ცისტერნებით სავსე მარანი თითქოს ერთ სივრცეში წარსულა და მომავალში გამოგზაურებდა. შატოს დათვალიერების შემდეგ კი ყველაზე საინტერესო ნაწილის, დეგუსტაციის დროც დადგა, ყველა ნიმუში დავაგემოვნეთ, ყველამ თავისებურად მომხიბლა, თუმცა როდესაც ბოლოს ვახო ხუცაიძემ, შატო ბუერას მეღვინემ მკითხა რომელი იყო ჩემი ფავორიტი, დაუფიქრებლად მერლოს ბოთლზე ვანიშნე, შატო ბუერაში სტუმრად ჩემს თანამშრომლებთან და კოლეგებთან ერთად ვიყავი, უმეტესობა ღვინის სფეროშია, თუმცა არა ყველა, ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელი, რომელიც ძალიან ახლო მეგობარია, განათლებით ამ სფეროსთან კავშირში არ არის და მისთვის ეს ღვინოში პირველი  ნაბიჯები იყო. იგი ჩემს გვერდით იჯდა, პირველი ჭიქა მას ერგო წილად და არ დამავიწყდება მისი აღფრთოვანებული სახე გასინჯვის შემდეგ, მით უფრო, რომ ვიცი წითელი ღვინის მოყვარული არ არის. ეს იყო პირველი ნიშანი, რომ რაღაც ძალიან საინტერესოს ვსინჯავდი, რაც შეეხება ჩემს ემოციებს, მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური წითელი ღვინოა რაც გამისინჯავს, მუხის კასრის ოსტატური გამოყენების შედეგად მუხისა და ყურძნისეული არომატები იდეალურ სინთეზსს ქმნის, გემოზე კი მრგვალი, ხავერდოვანი და ნაზის ტანინები ახასიათებს, მსუბუქი ყავის და მეტად ინტენსიურ ვანილის არომატთან ერთად.

მუჯურეთული, ღვინუკა, 2021


 

სიმართლე არ იქნება იმის თქმა, რომ ბევრი მუჯურეთული გამისინჯავს, როგორც ცალკე ვაზის ჯიში, ალექსანდროულის გარეშე, ალბათ ეს გასაკვირი არც არის, რადგან ვენახის სიმცირიდან გამომდინარე ბაზარზე მუჯურეთულის სულ რამდენიმე ნიმუშია წარმოდგენილი. რთულია, როდესაც სინჯავ ღვინოს, რომლის მსგავსიც ბევრი არ გაგისინჯავს, ამ დროს თითქოს ადამიანი იბნევა, ხან სიმკაცრე შემოგვეპარება ხოლმე ან პირიქით, დაბნეულობისგან მეტად დამთმობები ვხვდებით დეგუსტაციის დროს. ღვინუკას მეღვინეობის შესახებ წარმოდგენა პირველად მათმა რაჭულმა ძელშავმა შემიქმნა, იმ პერიოდში, ისევე როგორც მუჯურეთული, ბევრი ძელშავი არ იწარმოებოდა, ამიტომ ეს რაღაც ახალი ხილი გახლდათ, რომელიც იმდენად საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ამის შემდეგ „ღვინუკათი“ ძალიან დავინტერესდი, გავიცანი ზუკა მაისაშვილი, ღვინუკას დამფუძნებელი, რომელიც რაჭის რეგიონის პოპულარიზაცისაა და ცნობადობის ამაღლების იდეით იმდენად იყო გატაცებული, რომ ამან კიდევ უფრო მომხიბლა და მას შემდეგ მათი არაერთი ნამუშევარი დავაგემოვნე, ერთ-ერთი უკანასკნელი სწორედ ის მუჯურეთულია, რომელზეც ახლა გიამბობთ, ინტენსიური ბროწეულისფერი შეფერილობის ღვინო, მცენარეული და ყვავილოვანი არომატებით გამდიდრებული, რომელიც პირველი დაგემოვნებისას ნამდვილად არ იყო ინტენსიური და სწორედ ამიტომ მომეწონა ეს ღვინო, ალბათ პირველი წაკითხვისას უცნაური შეგრძნება დაეუფლება მკითხველს, რანაირად შეიძლება არაინტენსიური არომატი გახდეს ღვინის დადებითი მხარე, თუმცა ასეა, რადგან ჩემს თვალწინ გაიარა არომატების განვითარების გზამ და პრაქტიკაში კარგად ვიხილე თუ რას ნიშნავს არომატის გახსნა ჰაერთან კონტაქტის შედეგად, მეტად ბუნებრივი, ნატურალური, დამჯდარი და ნაზი გახლდათ მუჯურეთულის არომატები, რომელიც ნელ-ნელა განიავებიდან-განიავებამდე უფრო და უფრო მრავალფეროვანი, ფართო და მდრადი ხდებოდა, სწორედ ეს მოგზაურობა ხდის მუჯურეთულს საინტერესოს და ამოუწურავს.

ძელშავი ნახევრადმშრალი, სოლომონე, 2021

სოლომონეს მეღვინეობა ჭიათურაში მდებარეობს და იმერულ ჯიშებზე მუშაობს, როგორც კლასიკური ტექნოლოგიით, ასევე ქვევრში. დავით ჩაჩანიძე სოლომონეს დამფუძნებელია, როგორც თავად ამბობს, მარნის მთავარი იდეა იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციაა, რომელშიც თავადაც უნდა, რომ წვლილი შეიტანოს. ვფიქრობ მათი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ნამუშევარი ძელშავია. როგორც ვიცით, ცალკე დაწურული ძელშავი, ბევრი არ გხვდება ბაზარზე, სოლომონე კი როგორც მშრალ, ასევე ნახევრად მშრალ ძელშავს აწარმოებს. ამჯერად ნახევრად მშრალი ძელშავის შესახებ  მინდა გიამბოთ, რადგან გასინჯვისთანავე უყოყმანოდ მოვიხიბლე. ძელშავის მსუბუქი ტანინები და სხეული გვაძლევს საზაფხულო, ცინცხალ, ნაზ წითელ ღვინოს, ველური კენკრისა და ჟოლოს ცოცხალი არომატებით. როგორც მოგეხსენებათ, ძელშავი მაღალმჟავიანი ყურძენია, კონკრეტულად ამ ნიმუშში კი მცირეოდენი ნარჩენი შაქარი გვაქვს, სწორედ ამიტომ, ღვინოში იდეალურადაა დაბალანსებული სიტკბო და სიმჟავ. ვფიქრობ, მშრალი ღვინის მოყვარულებიც ძალიან ისიამოვნებენ ამ ღვინით, რადგან მაღალი სიმჟავის ფონზე სიტკბო ინტენსიურად არ იგრძნობა, თუმცა დაბოლოებას ქმნის ხავერდოვანს და რბილს.

ხიხვი, ლოლაძეები საოჯახო მარანი, 2021


ერეკლე ლოლაძე ახალგაზრდა მეღვინეა, რომელიც მცირე ასაკიდან ღვინის სფეროშია. ერეკლე განათლებით მეღვინეა და არაერთი წარმატებული ღვინის შემქნელია, მის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას კლასიკური ტექნოლოოგით დაყენებული ღვინოები წარმოადგენს და ხიხვიც,  რომელსაც დღეს გაგაცნობთ, კლასიკურადაა დაყენებული. რთველი სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა და მაისის ბოლომდე ღვინო უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში ინახებოდა. ღია ჩალისფერი, მოყვითალო ელფერით, ტკბილი, მწიფე თეთრი ხილისა და ინტენსიური ყვავილების არომატით მდიდარი ღვინო, ზაფხულის სურნელს ნამდვილად მოგაგონებთ, გამყოლი გემო, ხანგრძლივი დაბოლოებითა და ნაზი ტექსტურით კი ბოლომდე შეგაყვარებთ ერეკლეს ხიხვს, რომელიც თავისი დახვეწილობითა და ჰარმონიულობით ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებულ ხიხვებს შორი.

პუბლიკაციის პარტნიორია ღვინის მაღაზია-ბარი 8000 მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული