Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ტერუარები – აწმყო და მომავალი

ალეკო ცქიტიშვილი

“წინანდალი”, "ხვანჭკარა", "მანავი", "ტვიში", "მუკუზანი" - ეს სახელწოდებები ერთდროულად ასოცირდება როგორც ღვინოებთან, ასევე იმ ადგილებთან, რომლებმაც სახელი მეღვინეობით გაითქვეს. საქართველოში ამჟამად 18 ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოა რეგისტრირებული. ეს სახელწოდებები, ფაქტობრივად, წარმოადგენს საერთო ეროვნულ ინტელექტუალურ საკუთრებას, ანუ მათზე უფლებას არ ფლობს არც რომელიმე კერძო პირი და არც - კომპანია. თუმცა, ყველას შეუძლია მათი გამოყენება, თუკი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე და საექსპორტო პოტენციალზე მსჯელობისას ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ უკვე არსებულ თვრამეტ ადგილწარმოშობის დასახელებას კიდევ რამდენიმე უნდა დაემატოს. საუბრობენ არსებული კანონმდებლობის დახვეწაზე და ახალი მარეგულირებელი კანონების მიღებაზეც. ცხადია, ადგილწარმოშობის დასახელებების რაოდენობის გაზრდა თვითმიზანი არ უნდა იყოს, მაგრამ თავად განსაჯეთ - დაკანონებულ ადგილწარმოშობის დასახელებებს შორის არ ფიგურირებს კახეთის ორი ცნობილი სახელი – "წარაფი" და "ხაშმი". ხოლო უსამართლოდ მივიწყებული ვაზის ჯიშების მეღვინეობაში დაბრუნებისას აქტუალური ხდება შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელებების გაჩენაც. მაგალითად, ქისს როცა ვახსენებთ, პირველ რიგში, სოფელი მაღრაანი გვახსენდება, უსახელოურის ხსენებისას კი – ოყურეში. თუმცა, ამ ეტაპზე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები - "მაღრაანი" და "ოყურეში", არ არსებობს და მათ გამოჩენას ბაზარზე არც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ვიღაცას არ უნდა. უბრალოდ, ადგილწარმოშობის დასახელებების ახალი ღვინოების დაბადება და მით უფრო – მათი ოფიციალურად დარეგისტრირება ასე მარტივი საქმე არ არის.

თუმცა, ეს ხელს არ უშლის დისკუსიებს ახალი მიკროზონების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. ამ თემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე "ღვინის კლუბის" ინტერნეტფორუმზე ენოლოგები და ღვინის მოყვარულები ერთმანეთს ეკამათებიან, მაგრამ ყველანი თანხმდებიან ერთზე - ბევრი რამ ახლებურად გასააზრებელი და გადასაწყვეტია.  

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“მათი რეგისტრაციით ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. როგორც ამ უწყების ვებ-გვერდი - www.sakpatenti.org.geგვატყობინებს, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციითდაინტერესებულმა პირმა "საქპატენტში" უნდა წარადგინოს სათანადო მასალები, რომლებიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს საქონლის განსაკუთრებული ხარისხისა და თვისებების შესახებ, მისი ნიშან-თვისებების გეოგრაფიულ ადგილთან კავშირის შესახებ. ასევე -შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის ზუსტ საზღვრებსა და აღწერას; წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას (ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში). ამასთან, აღნიშნული მონაცემები შესწავლილი, შემოწმებული და დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი სამინისტროს მიერ.

ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის საკითხებს არეგულირებს"კანონი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ". სპეციფიკური ზონების შესახებ საუბარია კანონში "ვაზისა და ღვინის შესახებ". ორივე კანონი 90-იანი წლების მიწურულს არის მიღებული. მართალია "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში 2005-06-07 წლებში უამრავი შესწორება შევიდა, მაგრამ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ბაზა კიდევ გადასახედია და ბევრი რამ კვლავ დასაზუსტებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გათვალისწინება, სადაც ტერუარების დაცვას და ადგილწარმოშობის დასახელების ეფექტურად გამოყენებას უკვე საუკუნოვანი ტრადიციები აქვს.

ენოლოგ გიორგი სამანიშვილის თქმით, ახალი ადგილწარმოშობის დასახელებების ოფიციალური დარეგისტრირებისა და დაცვის იდეა ყოველთვის ქვემოდან, ხალხიდან უნდა გაჩნდეს და არა ზემოდან - ვიღაცის კარნახით. ოფიციალურად დარეგისტრირებამდე კი, ფაქტობრივად, უნდა არსებობდეს ისტორიულად ჩამოყალიბებული სახელი, რომელსაც დაცვა სჭირდება.

გიორგი სამანიშვილი, ენოლოგი, "ღვინის კლუბის" წევრი:"სახელი თუ არ არსებობს, ცხადია, დასაცავიც არაფერია. მაგალითად, ხაშმი და წარაფი არის ორი ადგილწარმოშობის დასახელება ისეთი კლასიკური ნიშნებით, როგორიც ეს მიღებულია მთელ მსოფლიოში. თუმცა, ოფიციალურად არც "ხაშმი" და არც "წარაფი" დარეგისტრირებული არ არის. სამაგიეროდ, დარეგისტრირებულ დასახელებებს შორისაა "კოტეხი", რომელიც სავარაუდოდ ზემოდან ხელოვნურად ჩარევით გაჩნდა. ამიტომ დღეს ასეთი დასახელების ღვინოს ფაქტობრივად არავინ აწარმოებს, რადგან მომხმარებელს ეს სახელი განსაკუთრებულს არაფერს ეუბნება. სახელთან ერთად მთავარია რეპუტაცია, რომელიც ისტორიულად უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ სპეციფიკურ ზონას და შესაბამისად - ადგილწარმოშობის დასახელებას. გარდა ამისა, სპეციფიკური ზონა გამორჩეული უნდა იყოს ნიადაგით, კლიმატით, განსაკუთრებული ყურძნის ჯიშით, ან ჯიშებით, ღვინის დაყენების მეთოდით და სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორებით. ეს ყველაფერი როცა ბუნებრივად არსებობს, ადრე თუ გვიან, სპეციფიკური ზონის შექმნის მოთხოვნაც გაჩნდება".

გიორგი სამანიშვილს ეთანხმება კომპანიის - "ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები" წარმომადგენელი მალხაზ ჯაყელი. ჯაყელებს ვენახები საფერავით სახელგანთქმულ სოფელ ხაშმში აქვთ და კარგად იციან ამ დე ფაქტო მიკროზონის განსაკუთრებული ღირსებები.

"როგორც ვიცი, ხაშმის მიკროზონად ჩამოყალიბებაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო (და არა მარტო ხაშმის), მაგრამ ჯერ კიდევ მუშაობენ. ალბათ, ეს საკითხი მაინც მეცნიერების გადასაწყვეტია. მე კი შემიძლია უბრალოდ, ვთქვა, რომ ხაშმი მართლა განსაკუთრებული ზონაა. სოფელი საკმაოდ მაღლაა ზღვის დონიდან (ჩემი ვენახი, მაგალითად, 760-765 მეტრზეა). ცხელი ადგილია (სოფლის სახელიც აქედან უნდა მოდიოდეს). ჰავა უფრო კონტინენტურისკენაა. დღისით ცხელა და ღამით ცივა/გრილა. არის მდინარის ჩამონატანი და ალუვიური ნიადაგები, რაც ზოგადად კარგია ვენახისთვის. აი, ამ ყველაფრის გამოა აქაური ღვინო საინტერესო", - ამბობს მალხაზ ჯაყელი.

ამჟამად "საქპატენტის" მიერ დარეგისტრირებულია 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. ესენია: "ხვანჭკარა", "მუკუზანი", "წინანდალი", "ახაშენი", "გურჯაანი", "ქინძმარაული", "მანავი", "კახეთი" ("კახური"), "ნაფარეული", "თელიანი", "ატენი" ("ატენური"), "სვირი", "ვაზისუბანი", "კარდენახი", "ტიბაანი", "ტვიში", "ყვარელი", "კოტეხი". "საქპატენტის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწვრილებით გაეცნობით იმ რეგლამენტებს, რაც ამ დასახელებების ღვინოების წარმოებისთვის სავალდებულოა ღვინის მრეწველებისთვის.

ჩამონათვალიდან კარგად ჩანს დისბალანსი - საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, კახეთს დიდი უპირატესობა აქვს. ამ მხარის ფარგლებში არსებობს როგორც დიდი, ისე მცირე არეალის სპეციფიკური ზონები, მათ შორის მთლიანად კახეთიც. იმერეთისა და ქართლის მევენახეობა-მეღვინეობა კი მხოლოდ თითო-თითო ადგილწარმოშობის დასახელებითაა წარმოდგენული. ისიც სათქმელია, რომ იმერული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "სვირი" პრაქტიკულად არ იწარმოება, ქართლის "ატენურიც" თითებზე ჩამოსათვლელია. თუმცა, ასეთმა ვითარებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ იმერეთში ან ქართლში ახალი სპეციფიკური ზონების ჩამოყალიბებაზე ფიქრი ნაადრევია. მაგალითად, იმერეთში რატომ არ შეიძლება იყოს ისეთი ადგილწარმოშობის დასახელებები, როგორიცაა "საზანო", "საქარა", "სიმონეთი" "კვალითი", "დიმი" (ღვინო "დიმი" ადრეც არსებობდა). უბრალოდ, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონვა და გააზრება უნდა. ამაში ჩვენი რეპოდენტებიც გვეთანხმებიან არა მარტო იმერეთთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად.

კომპანია "ჩვენი ღვინოს" მეღვინე, სოლომონ ცაიშვილი რამდენიმე წელია, ღვინოს კახური წესით, ქვევრებში, ბაკურციხესა და კარდენახში გაშენებული ვენახებიდან მოწეული ყურძნით აყენებს. მისი ღვინოებიდან აღსანიშნავია "წარაფი", რომლის თითქმის მთელი პარტია საექსპორტოა და ევროპაში იყიდება. სოლომონ ცაიშვილის თქმით, მიკროზონებზე და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავიაზროთ: რა საჭიროა ადგილწარმოშობის დაცული ტერიტორიების (ადტ) არსებობა და როგორ უნდა მოვახდინოთ მათი კლასიფიცირება.

სოლომონ ცაიშვილი, მეღვინე, "ღვინის კლუბის" წევრი:"ადგილწარმოშობის დაცული ტერიტორიების კადასტრის არსებობა სავაჭრო საჭიროებაა. კადასტრმა გარანტირებულად უნდა გაუადვილოს ადამიანს ხარისხიანი ღვინის შერჩევა. რაც შეხება კლასიფიცირებას, კადასტრმა და მასთან შესაბამისობაში მყოფმა კანონმა რაღაც უნდა დაიცვან. თუ რა კერძოდ, ეს საკმაოდ რთული საკითხია. ჩემი აზრით, გაწერილი და დაცული ქმედებების სია ასე უნდა გამოიყურებოდეს: ა. დაშვებულ ჯიშთა ჩამონათვალი. ბ. ვენახების გაშენების და მოვლის წესი. გ. მოსავლიანობის დადგენილი ნორმის კონტროლი. დ. ყურძნის მკაცრად განსაზღვრული მინიმალური ფასი. ე. ადტ-ებთან შესაბამისი იმ გეოგრაფიული არეალის დადგენა, სადაც დაშვებული იქნება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დაყენება და ჩამოსხმა. ვ. განსაკუთრებულ შემთხვევებში ცალკე ნორმატიული აქტით უნდა შემუშავდეს ადტ-ვენახების მოვლისა და ღვინის დაყენების ძირითადი წესები. ეს ეხება მაგალითად ე.წ. კახური ტიპის ღვინის წარმოებას. უნდა განისაზღვროს კახური ტიპის ღვინის რაობა (მაგალითად ასე: ამა და ამ ადტ-ში ამა და ამ ჯიშის ბიოსტანდარტებით მოყვანილი ყურძნისგან ბუნებრივი მეთოდებით ქვევრში ჭაჭა-კლერტზე დადუღებული და მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ქვევრში ჭაჭა-კლერტზე დამდგარი და შემდგომში მინიმუმ 12 თვის გამმავლობაში ქვევრში დავარგებული ღვინო). უნდა დადგინდეს ის ადტ-ები, სადაც შესაძლებელია ამ ტიპის უმაღლესი ხარისხის ღვინის დაყენება და მას (ღვინოს) უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული (ნაციონალური) ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე პროდუქტის სტატუსი.

მაინც როგორი უნდა იყოს ადტ - მაქსიმალურად დიდი ფართობის მომცველი, თუ რაც შეიძლება მცირე? უნდა ემთხვეოდეს ის სოფლების სახელწოდებებს, თუ შესაძლებელია ცალკეული სავენახე არის გამოყოფა. აქ, ალბათ, ინდივიდუალური მიდგომა იქნებოდა გამართლებული. მაგალითისთვის, ვთქვათ, კარდანახის ადტ. ამ სოფლის კუთვნილ ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან შესაძლებელია როგორც უმაღლესი ხარისხის წითელი, თეთრი კახურის, სადესერტო და შემაგრებული ღვინის (წარაფის და ახოების ვენახებში), ასევე კარგი ორდინალური სუფრის ღვინის (გორიელის და მოწყობილის ვენახებში), ხოლო ალაზნის ველზე იაფიანი ღვინის (რომელთა ბოთლირება არ იქნება აუცილებელი) დაყენება. ამ შემთხვევაში სოფლის სახელწოდება გაამართლებს, ოღონდ შესაბამისი ქვეკლასიფიკაციებით, კერძოდ წარაფი და ახოები უმაღლესი კატეგორიის ზვრები გახდებიან, პირველი კატეგორიის ზვრებად მოწყობილი და გორიელი მოიხსენებიან, ხოლო სარწყავი არხის ქვევით მდებარე ვენახები მხარის (კახეთის) კატეგორიაში გაერთიანდებიან".

 მნიშვნელოვანია ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინოების დაცვა საერთაშორისო მასშტაბით. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კერძოდ, ქართული ღვინის 18 დასახელება რეგისტრირებულია ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე. ხოლო ცოტა ხნის წინ ამ დასახელებების დაცვის მიზნით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირება გაზაფხულისთვის იგეგმება.

მიუხედავად ამისა, უკვე არსებული თუ პერსპექტიული ქართული ტერუარები კვლავ რჩება მწვავე დისკუსიის საგნად. საკუთარი აზრის გაზიარება მკითხველებს "ღვინის კლუბის" ინტერნეტფორუმზეც შეუძლიათ. გაზეთი "მარანი" კი ამ თემას კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება.

© ღვინის კლუბი/Weekend



ვეთანხმები ბატონ გიორგი სამანიშვილის მოსაზრებას, ქვემოდან უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი. ბატონი სოლომონ ცაიშვილის მკაცრი მეთოდიც აუცილებელია, ამით დავიცავთ იმ მემკვიდრეობას რაც მეოცე საუკუნემ კინაღამ გაანადგურა, თუმცა მოსაფიქრებელია ხერხები რომლითაც ასევე დავიცავთ ახალ ინიციატივებს, მაგალითად ახალი ღვინოების წარმოების მცდელობებეს და განვითარებას. თუ გადავხედავთ ისტორიას, არსებობდა ისეთი მიკროზონები რომლებიც სამწუხაროდ დავიწყებას მიეცა მეოცე საუკუნეში. რა თქმა უნდა ზოგი მათგანი ობიექტური მიზეზების გამო, უბრალოდ “სხვამ აჯობა”, მაგრამ ზოგი უბრალოდ კომუნისტურმა წყობამ და რაოდენობაზე ორიენტირებულმა მიმართულებებმა დაჩაგრა და დაავიწყა ხალხს. ასეთი ზონები რომ განვითარდეს/აღდგეს, საჭიროა დახმარება გაეწიოთ გლეხებს, მევენახეებს, და ა. შ. რომ მიეცეს ამას "გზა ფართო" და აწარმოონ ღვინოები, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში, აგრეთვე გაყიდონ, და ა. შ. აგრეთვე, დიდ გზა უნდა მიეცეთ ახალი ტერიტორიებისა და მიკროკლიმატების მაძებართ აკეთონ ექსპერიმენტები სხვადასხვა ჯიშებზე, ეს მრავალფეროვნება დაიჩაგრა კომუნისტების დროს, იდეა, ინიციატივა და ჯანსაღი კონკურენცია როცა არ არსებობდა. Eეს ყველაფერი კი რაღაც დროს აუცილებლად ამოქმედდება ზემოხსენებული გიორგი სამანიშვილის ზესვლაში და ახალ ადტ-ებს.


batono zurab,dzalian kargi komentari iyo, magram sad dainaxet chemi simkacre? dzalian ar miyvars simkacre da gajiuteba da ubralod gamikvirda rom chemi mosazrebebi simkacred ariqvit.


ბატონო სულიკო, გამიხარდა თქვენი ”ხმის გაგონება”. სიმკაცრე ამ შემთხევვევაში ძალიან კარგი გაგებით ვიგულისხმე, სიმკაცრე მეთოდისა და არა პიროვნებისა. სიმკაცრე კარგია, და ძალიან განსხვავდება სიჯიუტისაგან, სიჯიუტე არ მიგულისხმია თქვენს აზრთან მიმართებაში. თქვენს მიერ ჩამოთვლილი პირობები ძალინა კარგია და მკაცრია, და მე კიდევ დავამატებდი რამოდენიმეს. სწორედ ეს ვიგულისხმე, მკაცრმა პირობებმა უნდა დაიცვას უკვე მიღწეული წარმატებული კულტურული მემკვიდრეობა.


ძალიან საინტერესოა ადგილწარმოების განსაზღვრა და კანონის ფარგლებში მკაცრად დაცული კრიტერიუმით მიდგომა... სამწუხაროდ ძველი, სოფლებში დადგენილი სავენახე ადგილები და მათი ტოპონიმები იკარგება... მაგალითად, რაჭაში იტყოდნენ, რომ ხვანჭკარაზე არანაკლებ კარგი ღვინო დგებოდა ჩორჯოში, ბარეულში, ბუგეულში და სხვაგან... მიუხედავად იმისა ,რომ ბარეული ხვანჭკარის მოპირდაპირე ჩრდილოეთის კალთებზეა შეფენილი, იქ იყო სავენახეები სამხრეთის ექსპოზიციით და კერძოდ, ცნობილი წინწკილის ვენახები. დღეს ეს სოფელი თითქმის აღარ არსებობს, აღარ არსებობს წინწკილის, ნაკუთნევის, ბლაშეს, ფონის ვენახები-დარჩა მხოლოდ ხსოვნა მათი განსაკუთრებულობის შესახებ... ნუთუ ოდესმე ეს ადგილები ისევ დაიბრუნებენ ძველ სახელს და დარეგისტრირდებიან , როგორც ორიგინალური და განუმეორებელი სავენახე ადგილები? იქნებ , სწორედ ადგილების უნიკალურობის დასტურმა და დაკანონებამ უბიძგოს ადამიანს ძველი მემკვიდრეობის აღორძინებისთვის... იქნება...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული