Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ირაკლი გვარამია, მარანი არტიზანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (47)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- "არტიზანი" სამმა მეგობარმა 2015 წელს დავაარსეთ. ამ საქმიანობაში ბუნებრივი ღვინის მიმართ საერთო სიყვარულმა გაგვაერთიანა.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ჩვენი მიზანი ბევრი საინტერესო ტერუარის და ჯიშის პოვნაა. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ვენახის ქონა ჩვენს მოკლევადიან გეგმებში არ შედის. მას შემდეგ, რაც მივაკლვევთ ჩვენთვის სასურველ ტერუარს, დავიწყებთ ვენახის გაშენებაზე ფიქრს, მანამდე კი, წლიდან წლამდე, ვეძებთ ახალ ვენახებს და ჩვენთვის საინტერესო ვენახებიდან მოწეული ყურძნიდან ვაყენებთ ღვინოებს. ამჟამად, ჩვენს სტანდარტულ ასორტიმენტში არის ხაშმის საფერავი, უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ვენახთან ყარაბულახის ზვრებში. შარშან ასევე მანავის მიკროზანაში შევარჩიეთ საინტერესო ვენახი მწვანითა და რქაწითლით.  მომავალი წლისთვის ვგეგმავთ შედარებით ნაკლებად ცნობილი ქართული ყურძნის ჯიშებისგანაც დავაყენოთ მცირე რაოდენობის ღვინო.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- 2017 წელს დავაყენეთ საფერავი ხაშმიდან და კახური მწვანისა და რქაწითელის კუპაჟი მანავიდან.

ღვინის დაყენებისას ჩვენი მთავარი მიზანი საინტერესო არომატების მიღწევაა: ვცდილობთ მივიღოთ სურნელოვანი, ხილისა და ფერმენტაციის არომატებით მდიდარი, მრავალშრიანი, ჰარმონიული ღვინოები, რომლებშიც ტერუარის ხასიათიც კარგად იქნება წარმოჩენილი.

ღვინოს ბუნებრივი წესით ვაყენებთ, უჟანგავი მეტალის ავზებში, ველურ საფუვრებზე დადუღებით. არ ვიყენებთ გოგირდს. რთველის დღეს, ჭაჭაზე დაყოვნების პერიოდს, კლერტების მონაწილეობის პროპორციას დუღილში მოსავლიდან მოსავლამდე ვცვლით - ვცდილობთ კარგად დავაკვირდეთ, მოვუსმნოთ ყოველი მოსავლის ყურძენს და მერე განვსაზღვროთ, როგორი კომბინაციით შევძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი პირველი მოსავლის 2015 წლის საფერავი, რომელსაც შავი მოცხარის ინტენსიური არომატების გამო „კენკრის ტყე“ დავარქვით, მომხმარებელს 2016 წლის მაისის ახალი ღვინის ფესტივალზე გავაცანით. აქვე შევხვდით  ღვინის მაღაზიია-ბარების წარმომადგენლებს და მალევე აღმოვჩნდით „ღვინის გალერეაში“, „g.Vino”-ში, „ვინოტელში“ და „BQ Winebar”-ში. მას შემდეგ ბევრ მაღაზიასთან, რესტორანთან და ბართან ვმეგობრობთ - ძირითადად მათთან, ვინც ბუნებრივი და მცირე მარნების ღვინოებით არიან დაინტერესებულები.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ღვინის მიმართ ინტერესი უცხოეთიდან, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან, ძალიან დიდია. რადგან ჩვენი დღევანდელი წარმადობა მხოლოდ საქართველოს ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არის საკმარისი, ჯერჯერობით ექსპორტის კუთხით მხოლოდ რამდენიმე ღონისძიებისთვის მიწოდება შევძელით. რაც შეეხება, მომავალ წელს, არტიზანი უკვე გეგმავს რამდენიმე კლიენტთან გრძელვადიანი ურთიერთობის დაწყებას.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ყველაზე მეტ სირთულეს, ალბათ, ექსპორტის დეტალების გარკვევის დროს შევეჯახეთ. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად, თითქოს, ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტი წახალისებულია, რეალურ პრაქტიკაში მცირე მწარმოებლისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა დაკავშირებულია მაღალ რისკთან, ძვირ ტრანსპორტირებასთან და რთული და კომპლექსური დოკუმენტების მომზადებასთან. სამწუხაროდ, საქართველოში არ მოიძებნება სააგენტო (კერძო თუ სახელმწიფო), რომელიც ქართველი მწარმოებლებისთვის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევას შეძლებს.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინო მსოფლიომ არა მარტო ქვევრში დაყენების მეთოდით, არამედ უნიკალური ჯიშებითაც გაიცნოს. ის დიდი ინტერესი, რაც დღეს არის ქართული ღვინის მიმართ, ძალიან კარგი წინაპირობაა ამ მიზნის მისაღწევად. აუცილებელია, რომ ამ მხრივ ქართულ ღვინოზე უცხოელი მომხმარებლების მოლოდინებს გადავაჭარბოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირება, ბუნებრივი წესით დაყენებული, საინტერესო და უზადო ღვინოების სიმრავლე. შესაბამისად, სასარგებლო იქნება მცირე მეღვინეებში განათლების გავრცელება და მათი წახალისება. აუცილებელია, სტანდარტული ჯიშების ახალ რეგიონებში გამოცდა და გავრცელება, მივიწყებული ჯიშების აღდგენა, რასაც ყველაზე კარგად, მცირე მარნები შეძლებენ. კარგი იქნება თუ ჰორეკას წარმომადგენლებიც უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობენ ღვინის შერჩევას, მეტად გაერკვევიან ქართულ ღვინოში, გადაამზადებენ თანამშრომლებს, დამკვიდრდება კვების დაწესებულებებში სომელიეს პოზიცია და, ასე, მომხმარებელსაც უკეთ გააცნობენ საკუთარ მენიუში არსებულ ღვინოებს, შეასწავლიან ღვინის მოხმარების კულტურას.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახემეღვინეებს?

- ჩვენი აზრით, საქართველოში ხარისხიანი ღვინის დასამზადებლად ყველა მოცემულობა გვაქვს: ვაზის ჯიშების უხვი არჩევანი, ნიადაგი, ადგილობრივი მიკრო-კლიმატური თავისებურებები, ტერუარი ა.შ. მეღვინის მთავარი მიზანი კი იმაშია, რომ სწორად მოახდინოს ქართული ტრადიცული მეღვინეობის შერწყმა იმ ტექნოლოგიურ და თანამედროვე სიახლეებთან, რაც ვაზის ჯიშის თვისობრივ მაჩვენებლებბს საუკეთესოდ გამოავლენს.

მარნის დასახელება: არტიზანი

მარნის მისამართი: თბილისი, . ტაბიძის 96

ტელეფონი+995 599 74 19 11, +995 555 433 555

ელფოსტა: artizaniwines@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდიhttps://www.facebook.com/artizaniwine/

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული