Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარნების არქიტექტურული სტილი ქართლში

გიორგი ბარისაშვილი

ჩვენს წინა სტატიებში არაერთხელ გვისაუბრია ქართული მარნების არქიტექტურულ სტილზე. ამ მხრივ ჩვენში მართლაც რომ დიდი მრავალფეროვნებაა. ამჯერად მოკლედ განვიხილავთ იმ ფრაგმენტულ ნაწილს, რომელიც მეტად თვალნათლივაა გამოსახული მეტეხ-ერთაწმინდის მეთუნეობით განთქმული კერის მიდამოებში. საქმე ისაა, რომ ამ ადგილებში ჩვენს წინაპრებს ძველი დროიდანვე გაუშენებიათ ვაზი და დაუყენებიათ ღვინო. ამ პროცესმა იმდენად მაღალ დონეს მიაღწია, რომ აქ მალევე ჩამოყალიბდა მეთუნეობის ადგილობრივი, განსხვავებული სტილი, რომელსაც ძირითადად საღვინე მიმართულბა ჰქონდა. გაოცებას იწვევს აქაური ნაწარმის: დოქების, კოკების, საღვინეების, ფიალებისა და სხვათა მოხაზულობა, სილამაზე თუ ჭიქურის ფერი. აღნიშნულ ადგილს გარდა თავისებური საღვინე ჭურჭლისა, მარნების განსხვავებული არქიტექტურული სტილიც გააჩნია. ეს სტილი ვრცელდება მეტეხ-ერთაწმინდის მეთუნეობის კერის გარშემო სოფლებშიც (ძეგვი, ნიჩბისი, წინარეხი, კავთისხევი, ხანდაკი, ახალქალაქი, მეტეხი, ერთაწმინდა...). სამწუხაროა, რომ ამ ადგილებში არაერთი ძალზე საინეტრესო მარანი უყურადღებობით განადგურდა, თუმცა ადგილობრივი არქიტექტურული სტილის არაერთ შესანიშნავ ნიმუშებს დღესაც შევხვდებით. ჩვენ შევეცდებით, რომ ამგვარი მარნების აღწერილობა ეტაპობრივად შემოგთავაზოთ. ამჯერად კი შევჩერდებით ერთ მეტად საინტერესო მარანზე, რომელსაც ადგილობრივები „თარხნიაანთ მარნად“ მოიხსენიებენ.

მარანი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, საკაძის ქუჩაზე. მარნის მეპატრონეა ირაკლი თარხნიშვილი. მარანი წარმოადგენს ბრწყინვალე ნიმუშს იმისა, თუ როგორი სტილისა იყო ამ მხარისათვის დამახასიათებელი მარნები. მისი სიგრძე დაახლოებით 8 მეტრი, ხოლო სიგანე კი 5 მეტრია. მარანი ნაშენია რიყის ქვით და დგას 2 დედაბოძზე. შემორჩენილია 4 ქვევრი, რომელთაგან ყველაზე დიდი დაახლოებით 2 ტონიანია (25 კოკა).

 აქაური მარნებისათვის დამახასიათებელი ნიშანია კედლებში ჩატანებული დერგები, ქოცოები და ქილები. ამავე სტილს ვხვდებით ქართულ სატაძრო არქიტექტურაშიც. მარანში ეს უკანასკნელი საგანი ხმის აკუსტიკის გაუმჯობესებას ემსახურება. თარხნიაანთ მარანში დაცულია ოჯახის რელიქვია – გიორგი სააკაძის პორტრეტი, რომელიც ნახშირითაა დახატული. პორტრეტი უნიკალურია და ის სავარაუდოდ ირანში უნდა იყოს შესრულებული. თარხნიშვილები სააკაძის შთამომავლები არიან და ასერიგად გიორგი სააკაძის პორტრეტის ამ მარანში არსებობა გასაკვირი არცაა.

მარანს ახლახანს გაუკეთდა აბრა და ამრიგად მისი მიკვლევა იოლია. ამავე სოფელში არაერთი საინტერესო მარანია შემორჩენილი, რაც თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ ამ მხარეში მევენახეობა-მეღვინეობა მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული. ახალქალაქი განთქმული იყო ხელოსნობითაც, სადაც ახლო წარსულამდე უამრავი ხელოსანი საქმიანობდა.

 უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, როგორც ახალქალაქი, ისე ზემოთ ნახსენები სოფლებიც ძალზე საინტერესოა. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ აქ ჯერ-ჯერობით არაფერი კეთდება. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს ერთეული ადამიანების აქტიურობა, რაც ნამდვილად იმედის მომცემია. როგორც აღინიშნა ახალქალაქში არაერთი საინტერესო მარანია, რომელთა აღწერა და საზოგადოებისათვის გაცნობა საშური საქმეა. ჩვენ მომავალშიც შემოგთვაზებთ ინფორმაციას აქაურ მარნებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი მომდევნო იქნება ერთი მეტად საინტერესო მარანი სოფელი ფაშიანისა და ახალქალაქის საზღვარზე, რომელიც ეკუთვნის ბროლაძეების გვარს.

მცხეთა, 2017 წ.    

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული