Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურული გიორგი ტყეშელიაძე მამა-პაპის კვალზე

ლევან სეფისკვერაძე

ღვინის მოყვარულებმა თუ აქამდე არ იცოდით ჩოხატაურის ულამაზესი სოფლის, გორაბერეჟოულის და ამ მხარის მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალის შესახებ, სამომავლოდ აუცილებლად გეცოდინებათ, რადგან უნდა გაგაცნოთ გორაბერეჟოულის მკვიდრი ახალგაზრდა მეღვინე გიორგი ტყეშელიაძე, რომელიც მამის დანატოვარ საქმეს აგრძელებს და არამხოლოდ ვაზს უვლის და ღვინოს აყენებს, არამედ საკუთარი ხელით ანამყენებს ვაზის ნერგებს და ახლა უკვე ახალი მარნის შენების საქმესაც შეეჭიდა.

გიორგი მას შემდეგ გავიცანით, რაც იგი პროექტ „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარი გახდა. ამ პროექტში ძირითადად გიორგი ტყეშელიაძის მსგავსი ახალგაზრდა, დამწყები მევენახე-მეღვინეები არიან ჩართული. პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ლექცია-სემინარები სამიზნე ორ რეგიონში (სამეგრელო და გურია) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ. პროექტის პარტნიორია სასტუმრო „მარტვილი პალასი“ - სამეგრელოში და „მენაბდის მარანი“ - გურიაში, ასევე ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.

გიორგი ტყეშელიაძე, „ბაბას მარანი“: „მეღვინეობით ბავშობიდან, სკოლის ასაკიდან დავინტერესდი. მამაჩემი აშენებდა ვენახებს და როდესაც მას ვუყურებდი, სულ მქონდა ვაზისადმი ინტერესი. თუმცა, მაშინ რა თქმა უნდა პატარა ვიყავი და ბოლომდე არ მესმოდა ამ საქმის არსი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 2018 წლიდან ოჯახში ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი გახდა. შესაბამისად ვისწავლე ნერგის გამოყვანა, დამყნობა და ჩავერთე როგორც მევენახეობაში, ასევე მეღვინეობაში. წარმატებაც მალევე მოვიდა. ჩემთვის დიდი სიურპრიზი და სიხარული იყო ის, რომ მეღვინეობის დაწყებიდან უმოკლეს დროში, 2021 წელს ერთ-ერთ ღვინის კონკურსში ვერცხლის მედალი ავიღე. ამას ნამდვილად არ ველოდი და ახლა მაქვს მოტივაცია, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივყვე.

- თავიდანვე ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება აირჩიეთ. რატომ გადაწყვიტეთ ამ რთულ გზაზე სიარული?

- მამაჩემი ძალიან იყო დაინტერესებული ყველაფერი ბუნებრივით და ნატურალურით. რასაც აკეთებდა, ცდილობდა ყოფილიყო ბუნებრივი და ბუნებასთან შესაბამისი. აქედან გამომდინარე მე სხვა მხარეს აღარც გამიხედავს და მევენახეობა-მეღვინეობის დაწყებისთანავე ავირჩიე მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მიმართულება. ჩემი მცირე მარნის განვითარების გზას ვერც ვხედავ სხვა მიმართულებით, რადგან მასობრივ ღვინოს ვერც ვაწარმოებ და არც ვაწარმოებ. ჩემს ღვინოში ყველაფერი ბუნებრივია როგორ ნიადაგის კუთხით, ასევე ღვინის დაყენების თვალსაზრისითაც.

- თქვენს მარანზე და ვენახზეც გვითხარით...

- ახლა საკამოდ დიდი მარნის შენება მაქვს დაწყებული. თუმცა ეს დროის საქმეა. ჯერჯერობით კი მაქვს მხოლოდ პატარა, როგორც მე ვეძახი, „დროებითი მარანი“, სადაც ჩემი ბოლო წლის მოსავალიც დავწურე.
ღვინოს ვწურავ უჟანგავი ფოლადის ავზებში, თუმცა სამომავლოდ დაინტერესებული ვარ ქვევრით და ძალიან  მინდა მქონდეს ე.წ. ღია ჭურისთავის ტიპის მარანი. ჩემს ეზოში ერთ დიდ წრეზე უკვე დარგული მაქვს რცხილის ხეები და როდესაც ეს ხეები იმდენად გაიზრდება, რომ  ზემოდან დიდ ჩრდილს გააკეთებს, შესაძლებელი გახდება მათ შუაში პატარა ქვევრების დარგვა და ტრადიციული გურული ღია მარნის მოწყობა.
1700 ძარამდე ვენახი მაქვს, სადაც მოწეული ყურძნისგან სხვადასხვა ტიპის ღვინოს ვაყენებ. მეამაყება, რომ  ჯიშური მრავალფეროვნება მაქვს. ჩემს ვენახში გაშენებულია: ცოლიკოური, ციცქა, ოცხანური საფერე და ჩხავერი. წელს დამატებით ჩავყარე ჩემი ხელით გამოყვანილი სხილათუბანი და ჯანი. ასევე ვამატებ ჩემს მიერ გამოყვანილ ჩხავერს და ცოლიკოურის (600 ძირს) და სამ წელიწადში დაახლოებით 2500 ძირი მსხმოიარე ვაზი მექნება.

- ტურისტების მიღებას თუ აპირებთ და ღვინის ტურიზმით თუ ხართ დაინტერესებული?

- როგორც გითხარით, ყველაფერს ვაკეთებ ძირითადად ჩემი ხელით. იშვიათად რომ ვინმე მივიხმარო. ჩემი ძმა უცხოეთში ცხოვრობს და იქიდან მეხმარება ფინანსურად, თუმცა ტექნიკური საკითხები მთლიანად ჩემს კისერზეა. ვცდილობ მამაჩემის დატოვებული კარ-მიდამო და მარანი ისე მოვაწყო, რომ სამომავლოდ ტურისტებსაც ვუმასპინძლო. ტურისტებთან მიმართებაში გეგმაში მაქვს მცირე სასტუმროს მოწყობა, სადაც სტუმრებს შეეძლებათ ღამის გათევა. მარანს, კარგ ღვინოს და სასტუმროს ცხადია თან უნდა ახლდეს გურული კერძებიც, რაც, ვფიქრობ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს დააინტერესებთ და მოეწონებათ. ამ ყველაფრის გაკეთებას სათანადო ცოდნა სჭირდება და ახლა ამ ცოდნის შეძენის პროცესში ვარ, რაშიც პროექტი „ღვინის სოფელი“ და პროექტის ფარგლებში გამართული ლექცია-სემინარები ძალიან მეხმარება. გურიის მეღვინეობას და ზოგადად გურიას ასეთი შეხვედრები ძალიან სჭირდება.

- მევენახეობისა და ტურისტული პოტენციალის კუთხით თქვენი სოფელი გორაბერეჟოული თუ გამოირჩევა?

- სოფელ გორაბერეჟოულს და მთელს ჩოხატაურს დიდი პოტენციალი აქვს როგორ მევენახეობა-მეღვინეობის, ასევე ღვინის ტურიზმის მხრივაც. ჯერ ერთი, რომ მთიანი და ლამაზი სოფელია, მერე ჩვენთან ხარობს უნიკალური ვაზის ჯიშები, რასაც ბევრგან ვერ ნახავს ადამიანი. ამას ემატება აქვე ახლოს არსებული დენდროლოგიური პარკი, ძველი კულტურის ძეგლები, უძველესი ხეები, გულღია და სტუმართმოყვარე ადამიანები. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გურია და მათ შორის ჩოხატაურიც ახლოსაა ქუთაისის აეროპორტთან და შავ ზღვასთან, რაც სამომავლოდ ტურისტების რაოდენობის გაზრდის იმედს იძლევა“.  
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული