Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"გერმანული მოსავლის" რისლინგი

 

"Das Leben ist viel zu kurz, um schlechten Wein zu trinken" (ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა ცუდი ღვინის სმისთვის)

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე  

გერმანელ მეღვინეთათვის რისლინგი საკულტო ჯიშია. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში 140-მდე სხვადასხვა სახეობის ვაზი ხარობს, ვენახების უდიდესი ნაწილი სწორედ რისლინგს უჭირავს, იგი 22 800 ჰექტარზეა გაშენებული, რაც ვაზის ნარგავების საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტია. ამასთან, გერმანიაში ვერ ნახავთ მეღვინეობის რეგიონს, სადაც ამ ჯიშიდან ღვინოს არ აწარმოებდნენ.

ბოლო 5 წელიწადში რისლინგის ვენახები 5000 ჰექტარით გაიზარდა, რამაც გერმანული ვაზის მეფეს შესაძლებლობა მისცა მოსავლიანობით ბარაქიანი მიულერ-ტურგაუს, იგივე რივანერისთვის გაესწრო (13 010 ჰა, 13%). რეინჰაუში რისლინგს თითქმის 2500 ჰა უჭირავს, რაც იქაური ნარგავების დაახლოებით 80%-ია. მნიშვნელოვან მწარმოებელ რეგიონებად მიიჩნევენ მოზელს (5300 ჰა), პფალცს (5600 ჰა), რეინჰესენს (4000 ჰა), ვიურტემბერგს (2100 ჰა), ბადენსა (1100 ჰა) და ნაეს (1100 ჰა).

გერმანიაში არ მოიძებნება არცერთი განვითარებული ღვინის მეურნეობა - Weingut, რომელიც რისლინგს არ აწარმოებს: ტკბილს ან მშრალს (ამ კატეგორიას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბევრი დამფასებელი გამოუჩნდა), ცქრიალას, მუხის კასრში ან მის გარეშე დაძველებულს, გვიან მოკრეფილი მოსავლისგან დაწურულს, კეთილშობილი ობით კანდამშვენებულს ან ზამთრის ყინვიანი ღამისგან დამზრალს. აქ უკვე საკითხი ასე დგება: ვისი რისლინგია ყველაზე "რისლინგური"?

Riesling Erzeugerspreis 2013

ამ არცთუ მარტივ კითხვაზე პასუხს 1989 წლიდან "რისლინგის მეგობართა" ასოციაცია - Pro-riesling ცდილობს. მისი ორგანიზებით ორ წელიწადში ერთხელ მასშტაბური კონკურსი - Riesling Erzeugerspreis იმართება, სადაც გამორჩეულ ღვინის მარნებს ასახელებენ - საწარმოებს, რომელთაც ამ ჯიშთან მუშაობისას მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. წელს პირველად Pro-riesling-მა სამ ნომინაციაში საუკეთესო გერმანული რისლინგების ტოპ-ლისტი შეადგინა. ნომინაციები ასე დაჯგუფდა: 10 საუკეთესო მშრალი რისლინგი, 10 საუკეთესო ნახევრადმშრალი რისლინგი, 10 საუკეთესო კეთილშობილი ტკბილი რისლინგი. პირველ ნომინაციაში პფალცის ღვინოები ლიდერობდნენ, მეორეში - მოზელის, მესამე კატეგორიაში კი ყველაზე მეტი ღვინო რეინჰაუდან იყო.

რაც შეეხება თავად კონკურსს, მასში გერმანიის 309 ღვინის მეურნეობა მონაწილეობდა, რომელთაც ჟიურის 2011 და 2012 წლის ვინტაჟთა 1600 ღვინო წარუდგინეს. საწარმოს, რომლის ვენახის ფართობი 10 ჰა-მდე იყო, საკონკურსოდ რისლინგის 2 ნიმუშის გამოტანა შეეძლო, 10 ჰა-ზე მეტი ფართობის მქონეთათვის კი ეს ციფრი 3-ით განისაზღვრა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველადი შერჩევა რეგიონის დონეზე მოხდა, საუკეთესონი კი ფინალში გავიდნენ, სადაც გერმანიის სხვადასხვა რეგიონის რისლინგებთან უწევდათ კონკურენცია. შეფასება "ბრმა" სისტემით მიმდინარეობდა. ჟიურის შემადგენლობაში ღვინის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ: მეღვინეები, ენოლოგები, სომელიეები, რესტორატორები, ჟურნალისტები. საბოლოოდ გამოვლინდა 2013 წლის რისლინგთა მწარმოებელი საუკეთესო მეურნეობები:

I ადგილზე გავიდა Weingut Loersch,  მოზელი (www.weingut-loersch.de)

II  -  Weingut Freiherr Langwerth von Simmern, რეინგაუ (www.langverth-von-simmern.de)

III - Weingut Matthias Müller,  შუა რეინი (www.weingut-matthiasmueller.de)

კონკურსის გამარჯვებული Weingut Loersch ოჯახური მეურნეობაა, რომლის მიღმა 400 წლის ტრადიცია დგას. მათი ვენახი ძალიან ლამაზ ადგილას მდებარეობს, რომელსაც ცუმეტჰოფი ჰქვია. დღესდღეობით მას ალექსანდრე ლოერში მართავს, რომელმაც 2009 წელს ამ პოსტზე მშობლები შეცვალა. მანამდე 7 წლის განმავლობაში მეურნეობის სარდაფებს ხელმძღვანელობდა და იქ მიმდინარე პროცესებს წარმართავდა.

Weingut Loersch 4,5 ჰექტარ ვენახს ფლობს, რომელიც ციცაბო ფერდობზეა შეფენილი. მიწის დიდ ნაწილზე რისლინგია გაშენებული. გარდა ამისა, აქ ნახავთ შპეტბურგუნდერსა (პინო ნუარი) და რივანერსაც.

ალექსანდრე ლოერშის მუშაობის პრინციპი ხარისხის ფილოსოფიას ეფუძნება.Mმის მეურნეობაში პრაქტიკულად ყველა ტექნიკური პროცესი ხელით სრულდება, მათ შორის, ყურძნის კრეფაც. წარმოიდგინეთ, რა რთულია რთველი ციცაბო ფერდობზე, განსაკუთრებით ყინვაში (სწორედ ამ დროს კრეფენ ყურძენს "ყინულოვანი" Eiswein-ისთვის). სამაგიეროდ, ვენახის მფლობელს შრომა დაუფასდა. Weingut Loersch-მა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის, გასული წლის "საუკეთესო გერმანელი მეღვინის" ტიტული ვენაში გამართულ კონკურსზე Austrian Wine Chalenge.

Best of  Riesling 2013

უნდა აღინიშნოს, რომ რისლინგი გერმანიის ფარგლებს გარეთაც იზრდება და მშვენიერ ღვინოებს იძლევა. ამ ჯიშთან წარმატებით მუშაობენ ავსტრიის, ფრანგული ელზასისა და სამხრეთ ტიროლის მეღვინეები. ბოლო წლებში მათ ავსტრალიელი, ახალზელანდიელი და ამერიკელი კოლეგებიც შეუერთდნენ.

Best of  Riesling 2013 - ასე ეწოდება ღვინის მსოფლიო კონკურსს, რომელიც გერმანულმა პროფესიულმა გამომცემლობა Meininger Verlag-მა მერვედ გამართა. სახელწოდებიდან ცხადია, რომ მასში მხოლოდ რისლინგები მონაწილეობს. წელს საუკეთესოს ტიტულისთვის 11 ქვეყნის 2075 ღვინო იბრძოდა. მათი უდიდესი ნაწილი – 1966 (95%) გერმანიის სხვადასხვა მეღვინეობის ოლქში იყო დამზადებული. ლიდერობდნენ პფალცი, რეინჰესენი და მოზელი, რომელთა მეღვინეებმა შესაბამისად - 627, 432 და 295 ნიმუში წარმოადგინეს. 58 (3%) ღვინო ავსტრიელ მეღვინეებს ეკუთვნოდათ, დანარჩენი კი - ლუქსემბურგს (18 ნიმუში), საფრანგეთს (14 ნიმუში), ავსტრალიას (10 ნიმუში), სლოვაკეთსა (3 ნიმუში) და ახალ ზელანდიას (2 ნიმუში); თითო ეგზემპლარით იყო წარმოდგენილი იტალიის, შვეიცარიის, უნგრეთისა და რუსეთის ღვინოები. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა და შედეგებს 11 ქვეყნის 105 წევრისგან შემდგარი ჟიური განსაზღვრავდა. სასმელს "ბრმა" დეგუსტაციის საფუძველზე 100-ბალიანი სისტემით აფასებდნენ.

ამ კონკურსის კომენტირებისას გამომცემელმა კრისტოფერ მაინინგერმა აღნიშნა, რომ წელს ღვინოთა 86%-მა "კარგი" შეფასება მიიღო, რაც, მისი აზრით, მშვენიერი შედეგია.

კონკურსში Best of  Riesling 2013 გაიმარჯვეს შემდეგმა ღვინოებმა:

"მშრალი ღვინოები 12,5%-მდე ალკოჰოლის შემცველობით"

1-ლი ადგილი: 2012 Riesling Saar Qualitätswein Mosel, trocken, Weingut Willems-Willems (მოზელი)

მე-2 ადგილი: 2012 Riesling Erste Lage Ruppetsberg Reiterpfad, Qualitätswein Pfalz, trocken (პფალცი)

მე-3 ადგილი: 2011 Riesling Königsbacher Ölberg Spätlese Pfalz, trocken, DLR Staatsweingut mit Johaanitergut (პფალცი)

"მშრალი ღვინოები 13%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით"

1-ლი ადგილი: Riesling  Großes Gewächs Forst an der Weinstraße Pechstein Qualitätswein Pfalz, trocken, Weingut von Winning (პფალცი)

მე-2 ადგილი: 2011 Riesling vom Urgestein Reserve Qualitätswein , Niederösterreich,  trocken, Respiz-Hof Kölbl (ქვემო ავსტრია)

მე-3 ადგილი: 2011 Riesling Langenlois Seeberg Erste Lage Kamptal. DAC Reserve Niederösterreich,  trocken, Weingut Loimer (ქვემო ავსტრია)

"ნახევრადმშრალი ღვინოები"

1-ლი ადგილი: 2012 Riesling Burrweiler Altenforst Kabinett Pfalz, halbtrocken, Weingut Otmar Graf (პფალცი)

მე-2 ადგილი: 2012 Riesling "S" Ingelheimer Steinacker  Qualitätswein, Rheinhessen,  halbtrocken, Ökoweingut A. F. Werner (რეინჰესენი)

მე-3 ადგილი: 2012 Riesling Zenit Bruttiger Götterlay Spätlese Mosel, halbtrocken, Weingut Klein-Götz (მოზელი)

"ხილის და ტკბილი ღვინოები"

1-ლი ადგილი: 2012 Riesling Gimmeldinger Mandelgarten Spätlese Pfalz, süß, Weingut Müller-Catoir (პფალცი)

მე-2 ადგილი: 2012 Riesling Oppenheimer Sackträger Auslese, Rheinhessen, süß, Weingut Kissinger(რეინჰესენი)

მე-3 ადგილი: 2012 Riesling Spätlese Rheinhessen, süß, Weingut Gunter&Ute Weinmann (რეინჰესენი)

"კეთილშობილი წითელი ღვინოები"

1-ლი ადგილი: Riesling Winterbacher Hungerberg Eiswein, Württemberg, edelsüß, Weingut Ellwanger (ვიურტემბერგი)

მე-2 ადგილი: 2011 Riesling Würzburger Stein TBA, Franken, süß, Weingut Juliusspital (ფრანკონია)

მე-3 ადგილი: 2011 Riesling Zinkler TBA Pfalz, edelsüß, Weingut Heiner Sauer (პფალცი)

გარდა ამისა, ჟიურიმ სპეციალური პრიზები გასცა სხვა კატეგორიებშიც, მათ შორის: "საუკეთესო ევროპული რისლინგი" (გაიმარჯვა ღვინომ ქვემო ავსტრიიდან), "საუკეთესო უცხოური რისლინგი" (გაიმარჯვა სამხრეთავსტრალიურმა ღვინომ), "საუკეთესო რისლინგი საცალო ვაჭრობაში" (რეინჰესენი), "საუკეთესო ფასი რისლინგზე ციცაბო ფერდობებიდან" (შუა რეინი).

წითელი რისლინგი (Rote Riesling)

უახლოეს მომავალში რისლინგისადმი მიძღვნილ კონკურსებზე შესაძლოა ახალი ნომინაცია - "წითელი რისლინგი" გაჩნდეს. ეს არის ძველი გერმანული ჯიში, რომელიც დღეს ლამის გაქრობის პირასაა. 2008 წლის აპრილში Heppenheimer Eckweg-ში მსოფლიოში ჯერჯერობით ყველაზე დიდი წითელი რისლინგის ვენახი გააშენეს. მისი ფართობი 1 ჰექტარია.

არსებობს მოსაზრება, რომ წითელი რისლინგი კლასიკური თეთრი რისლინგის წინაპარია. ამის დასტურად წითელი რისლინგის ხშირ მუტაციას ასახელებენ, რის შედეგადაც ყურძენი თეთრ მარცვალს ისხამს. უკუპროცესი, ანუ თეთრ რისლინგზე წითელი მარცვალი - არ დაფიქსირებულა.

წითელი რისლინგის ზუსტი წარმომავლობა უცნობია. პირველად მას 1490 წელს ნაეში იხსენიებენ, რომელიც ქალაქ ვორმსიდან 20 კმ-ში მდებარეობს. შუა საუკუნეებში თეთრ და წითელ რისლინგებს ერთად რგავდნენ, მაგრამ XIX საუკუნის დასაწყისიდან წითელი ჯიში ნელ-ნელა თეთრმა განდევნა. ერთ-ერთიMმიზეზი ჩიტები იყო, რომლებიც რატომღაც წითელ რისლინგს ერჩოდნენ (როგორც ჩანს, მისი გემოვნებითი თვისებები მეტად მოსწონდათ).

ამ ჯიშის აღდგენის მცდელობა გასული საუკუნის 90-იანი წლიდან დაიწყო. ამავე პერიოდში (1991 წელს) მოხდა მისი ტესტირება ვირუსებზე. კვლევები პროექტ "აღორძინების" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ჰეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წამოიწყეს და რომლის მიზანი ავტოხთონური გერმანული ჯიშების ძიება, შესწავლა და შენარჩუნება იყო. 5 წლის შემდეგ, 1996 წელს წითელი რისლინგის "საპილოტე" ნერგების სატესტო პლანტაცია გააშენეს, საიდანაც კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ მშვენიერი სანერგე მასალა მიიღეს.

2002 წელს წითელი რისლინგი ოფიციალურად იყო კლასიფიცირებული ჰესენის მიწაზე, 2004 წელს კი მეურნეობა Dr. Corvers-Kauter-მა რეინგაუში წითელი რისლინგის პირველი  ოფიციალურად რეგისტრირებული ვენახი გააშენა. ამ დროიდან მეღვინეების, ექსპერტებისა და მომხმარებელთა მხრიდან ინტერესმა იმატა. წითელი რისლინგის პლანტაციები გერმანიის სხვადასხვა რეგიონში, ასევე ავსტრიაში, ლუქსემბურგსა და შვეიცარიაშიც გაჩნდა.

მიიჩნევენ, რომ წითელი რისლინგის ღვინოთა გემო თეთრი "ნათესავისას" წააგავს, თუმცა გაცილებით მძაფრი და ინტენსიურია. ჯერჯერობით წითელი რისლინგების პოტენციალისა და ორგანოლეპტიკის თემა ჩანასახოვან მდგომარეობაშია, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, სასიკეთო ნაყოფს გამოიღებს. შეიძლება ითქვას, რომ ძველი ჯიშის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება.

მოამზადა ნანა კობაიძემ 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.