Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდი ინტრიგა, უცხო გემოები და ნაცნობი (ქვ)ევროპა – ევროპული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია თბილისში

ლევან სეფისკვერაძე

13 მაისს, მთაწმინდაზე, რესტორან „ფუნიკულიორში“ ღვინის კლუბის ორგანიზებით, უცხოეთში წარმოებული ქვევრის ღვინეობის დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაციაში მონაწილეობას პროფესიონალ მეღვინეებთან და ღვინის ექსპერტებთან ერთად, ღვინის მოყვარულებიც იღებდნენ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა და უცხოელმა სტუმრებმაც. დეგუსტაცია მიზნად მხოლოდ უცხოეთში წარმოებული, ქართულ ქვევრებში დაყენებული ღვინის საზოგადოებისათვის გაცნობას ისახავდა.

უნდა ითქვას, რომ უკვე ორი წელია, საფუძველი ჩაეყარა „ახალი ღვინის ფესტივალის“ წინა დღეს, დეგუსტაციების მოწყობის ტრადიციას. შარშანდელი ფესტივალის წინ, იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოები გაისინჯა, წელს კი, როგორც ვთქვით, ღვინის მოყვარულებმა უცხოური ქვევრის/ჭურის ღვინოები დააგემოვნეს.

დეგუსტაციის დასაწყისში, ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხას ხარბედიამ იმედი გამოთქვა, რომ 13 მაისს გამართულ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები ღვინის ფესტივალზეც გამოჩნდება და მათი გასინჯვის საშუალება ნებისმიერ მსურველს მიეცემა.

ღონისძიების დაწყების წინ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა ღვინის კლუბისა და ღვინის სააგენტოს ერთობლივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ იზრდება „ახალი ღვინის ფესტივალის“ მასშტაბები როგორც წარმოდგენილი ღვინის, ასევე ფესტივალის სტუმრების რაოდენობის კუთხით.

„ჩვენი ქვეყნის ღვინის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოში ღვინო ყოველთვის ყველა ოჯახში მზადდებოდა. შემდეგ იყო თავადაზნაურობა, რომელიც სახელს უთქვამდა საექსპორტოდ გასატან ქართულ ღვინოს. მაგრამ, თავადაზნაურობა „სამტრესტმა“ შეცვალა და შეფერხდა საოჯახო ღვინის განვითარება, თუმცა ის მაინც დარჩა ქართული მეღვინეობის სახედ და საფუძვლად“ – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

მისივე თქმით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ქართულ ქვევრში დაყენებული უცხოური ღვინის ნიმუშები ნიშანია იმისა, რომ ქართული ტრადიციული მეღვინეობა და ქვევრის ღვინო უკვე გასცდა ქართული საოჯახო მარნების სივრცეს და ევროპა მოიცვა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ამბავია.

დეგუსტაციაზე სულ წარმოდგენილი იყო შვიდი ნიმუში. ამ ღვინოების უმეტესობა იტალიაში იყო დაყენებული, ასევე იყო იაპონიაში, გერმანიაში და საფრანგეთში ქართულ ქვევრებში დაყენებული ღვინოებიც.

პირველ ნიმუშად გაისინჯა იაპონური ღვინო, Domaine Des Papilles,  Cuvée Papilles, 2015. მეორე ნიმუშად, გერმანიაში, ფრანკონიის რეგიონში სილვანერის ჯიშისგან დაყენებული ღვინო გაისინჯა. ეს ღვინო 9 თვის მანძილზე იყო ჭაჭა–კლერტზე ქვევრში დავარგებული (Challenge! Amphora K, 2014).

მესამე ღვინომ ჭაშნიკის  მონაწილეებს განსხვავებული გემოებით დაამახსოვრა თავი. პირვერ რიგში გევურცტრამინერის ჯიშის გამო. ეს 2014 წლის მოსავლის ქარვისფერი ღვინო საფრანგეთში, ალზასის რეგიონში მოწეული სამი ჯიშისგან: რისლინგისგან, პინო გრისისგან და გევურცტრამინერისგან იყო დაყენებული და წინა ნიმუშის მსგავსად ასევე ძალიან დიდი დროის მანძილზე – 8 თვის განმავლობაში იყო ჭაჭაზე დაყოვნებული (Qvevri, Laurent Bannwarth, 2014).

დეგუსტაციის მეოთხე ნიმუშმა ფერითა და ინტენსივობით ყველას ქართული ქვევრის ღვინო გაახსენა. ეს გახლდათ იტალიაში 2010 წლის მოსავლის ვიტოვსკადან 6 თვიანი მაცერაციით დაყენებული ღვინო (Vitovska, Vodopivec, 2010). ღონისძიების ბევრმა მონაწილემ ეს ღვინო გასინჯულთაგან ყველაზე საუკეთესო და საინტერესო ნიმუშად შეაფასეს. დეგუსტაციის წამყვანის, მალხაზ ხარბედიას აზრით, დეგუსტაციის მონაწილეთა ამ ღვინით აღფრთოვანება ნამდვილად არაა შემთხვევითი, რადგან ქვევრის შესაძლებლობები ყველაზე ნათლად სწორედ ამ ღვინოში გამოიხატა. მეღვინე ჯონი ვურდემანის აზრით, ეს ღვინო დაძველების შემდეგ კიდევ უფრო ნათლად გამოხატავს, თუ რა შეუძლია ქართულ ქვევრს.

მეხუთე და თეთრი ნიმუშებიდან ბოლო ქვევრის ღვინო, ასევე იტალიური გახლდათ. ეს იყო რიბოლასგან დაყენებული ღვინო, რომელიც ჯერ ქვევრში, შემდეგ კი მუხის კასრებში მთელი წლის მანძილზე ვარგდებოდა (Anfora Ribolla, Gravner, 2008). ქვევრის რიბოლა გასინჯულთაგან ყველაზე ძველი ღვინოც გახლდათ, ის 2008 წელს დააყენეს და ღვინის ავტორი იოშკო გრავნერი ქართული ქვევრის ევროპაში ერთ–ერთი პირველი გამტანი, პოპულარიზატორი და დამფასებელი გახლავთ. დეგუსტაციის მონაწილე მეღვინე ზაზა ჯაყელმა აღნიშნულ ღვინოს „ჩემპიონი“ უწოდა.

დეგუსტაციის ბოლო აკორდი, ზედიზედ ორი სიცილიური წითელი ღვინო იყო. ორივე ერთიდაიმავე მწარმოებლის ღვინო გახლდათ, 2014 წლის მოსავლის, განსხვავებული ჯიშებიდან დაყენებული. ნერელო მასკალეზედან, ნერელო კაპუჩოდან და ალიკანტედან დაყენებული იყო პირველი ნიმუში, დეგუსტაციის ბოლო ღვინო კი მხოლოდ ნერელო მასკალეზედან იყო დაწურული.

როგორც უკვე ვთქვით, ღონისძიებას არაერთი საპატიო სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის კი აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ცნობილი ღვინის მწერალი ელის ფეირინგი. როგორც იცით, ელისმა ამ ცოტა ხნის წინ, გამოსცა თავისი მორიგი წიგნი, რომელსაც სახელად ასე ჰქვია: „ღვინის სიყვარულისთვის – ჩემი ოდისეა სამყაროს უძველესი ღვინის ქვეყანაში“ და მთლიანად საქართველოსა და ქართულ ღვინოს ეძღვნება.

„ძალან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი საქართველოში. სულ რაღაც ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ბოლოს ვიყავი, მაგრამ ეს ერთი წელი რატომღაც ძალიან გაიწელა. ეს დეგუსტაცია უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით ჩვენთვის – უცხოელებისათვის“ – ამბობს ელის ფეირინგი.

ღვინის მწერალი ასევე ამბობს, რომ როგორც მრავალმა ევროპელმა, მანაც პირველი ქვევრის ღვინოები სწორედ ევროპაში გასინჯა და ქართული ქვევრის ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა მოგვიანებით მიეცა. 

„პირველი ქვევრის ღვინო, რომელიც გავსინჯე, იყო იოშკო გრავნერის ღვინო. ამ ღვინის გასინჯვამ შოკში ჩამაგდო. არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მიწაში ჩარგულ თიხის ჭურჭელში ღვინის დაყენება. გასინჯული პირველი ქვევრის ღვინოები ჩემთვის იყო დამაინტრგებელი და საინტერესო, თუმცა, ეს იყო სრულიად უცნობი და უცხო მიმართულება. ამის შემდეგ ვნახე ამერიკაში მცხოვრები ქართული ოჯახი, რომლებიც ასევე აყენებენ ღვინოს ქართულ ქვევრში.

საქართველოში მხოლოდ 2011 წელს ჩამოვედი და მაშინ დავინახე, თუ როგორი საოცარი, გემრიელი და ნამდვილი შეიძლება იყოს ქართული ქვევრის ღვინო. იმ წელს ჩემი აზრით მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ მოხდა ქართული ღვინისათვის. მანამდე ნამდვილად არ ჩანდა მაინცდამაინც ნათელი მომავალი, რადგან მექვევრეობა კვდებოდა, მოხუცებულ მექვევრეებს კი არ ყავდათ ამ საქმის გამგრძელებელი შეგირდები“.

ელის ფეირინგის დაკვირვებით, მხოლოდ 2011 წლის შემდეგ დაიწყეს უცხოელმა მეღვინეებმა საქართველოში ხშირი სტუმრობა და ძალიან სწრაფად მოხდა ქვევრის პოპულარიზაცია მთელს ევროპაში. ბევრმა ევროპელმა მეღვინემ საქართველოდან ჩაიტანა ევროპაში ახალი ღვინის ამბები და მის წიგნშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ გავიდა აქედან ქვევრები საფრანგეთსა და იტალიაში და როგორი იყო ევროპელების პირველი შთაბეჭდილებები ქვევრთან დაკავშირებით.

„შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ ქვევრი არის უბრალოდ ჭურჭელი, სადაც ღვინო ისხმება, მაგრამ ქვევრი არის მთელი კულტურული პლასტი და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ესაა ფესვებთან დაბრუნება, რომელსაც ღრმა სულიერი და ფილოსოფიური წიაღსვლები ახასიათებს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ვესწრები ამ დეგუსტაციას და მინდა ქართული ქვევრების შესახებ მთელმა მსოფლიომ კიდევ უფრო მეტი გაიგოს“.

ფოტოები:აჩიკო ტყემალაძე, ქეთი ადეიშვილი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული