Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დავით ჩიჩუას ლექცია ღვინის კლუბში - იშვიათი ვაზის ჯიშების პერსპექტივები

გუშინ, 21 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ღვინის კლუბის მორიგი ლექცია ქართულ მეღვინეობაში ვაზის იშვიათი ჯიშების პერსპექტივებს დაეთმო. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ჩიჩუამ ისაუბრა. მან 2015-16 წლებში ცენტრში განხორციელებული მიკროვინიფიკაციის ექსპერიმენტის შედეგები წარმოადგინა.

დავით ჩიჩუას თქმით, ჯიშური მრავალფეროვნების დაცვა დღეისათვის მთელ მსოფლიოში აქტუალური თემაა. საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია აღრიცხული. ასეთი ჯიშური მრავალფეროვნება ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, იტალიაში 1700 აბორიგენული ვაზის ჯიშია აღრიცხული, ესპანეთში - 800, პორტუგალიაში - 700 და ა.შ. ე.წ. ახალი მეღვინეობის ქვეყნებისთვის, როგორიცაა - ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა და სხვა, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება დამახასიათებელი არ არის. „ახალ ქვეყნებში“ ტრადიციული მეღვინეობის კერებიდან მხოლოდ რამდენიმე ჯიშია შეტანილი და ეს ჯიშები სრულად აკმაყოფილებს ამ ქვეყნების ღვინის მწარმოებელთა მიდგომებსა და მოთხოვნებს.

ევროპის ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებში ჯიშური მრავალფეროვნების დაცვას და მეღვინეობაში იშვიათი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას პრესტიჟის საქმედ თვლიან. ქართული მეღვინეობის ჯიშურ სპექტრში კი, 2004 წლის მონაცემებით, ყველაზე გავრცელებულ ჯიშს - რქაწითელს ვენახის ფართობების 50%-ზე მეტი უჭირავს. შედარებისთვის - საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კაბერნე სოვიონიონს ვენახის ფართობების მხოლოდ 10% უჭირავს.

საქართველოში ჯიშური მრავალფეროვნების განვითარებას ხელს უწყობს ნიადაგური და კლიმატური მრავალფეროვნება. დავით ჩიჩუას თქმით, მევენახეთა ერთ-ერთი პრიორიტეტი ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების მეღვინეობაში დანერგვა უნდა იყოს. თუმცა, შედარებით ნაკლები დოზით სახელგანთქმული უცხოური ჯიშების ვენახების გაშენებაც არ იქნებოდა ურიგო, ოღონდ - ამ ჯიშებისათვის შესაფერის რეგიონებში, ნიადაგის თვისებებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

ამა თუ იმ ვაზს ჯიშის ნერგების შესყიდვისას მევენახე უნდა დაინტერესდეს, რა სახის საძირეზეა დამყნობილი ვაზი და რამდენად შეესაბამება საძირე იმ რეგიონის ნიადაგისა და კლიმატის მაჩვენებლებს, სადაც იგეგმება ვენახის გაშენება.

ქართული ვაზის ჯიშების დიდი ნაწილი - 437 ჯიში ამჯერად დაცულია ჯიღაურაში - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის საკოლექციო ვენახში. 2015-16 წლებში ამ ვენახიდან შეირჩა 150-200 საღვინე ჯიში, რომელთა სართვლო კონდიციები ღვინის დაყენების საშუალებას იძლეოდა. დაყენებული ღვინოებისგან კი გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო ჯიში, რომელთა მეღვინეობაში გამოცდა პერსპექტიული ჩანს. კახეთისთვის: სიმონასეული, ახმეტის წითელი, მცვივანი კახური, საფენა, გრძელმტევანა, დანახარული (ეს უკანასკნელი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, მაგრამ დავით ჩიჩუას თქმით, კახეთშიც კარგ თვისებებს გამოავლენს). ქართლისთვის: ბუზა, სრელური, ქიშური, ჯვარი. მესხეთისთვის: მესხური მწვანე. რაჭა-ლეჩხუმისთვის: ნოშრიო, კაპისტონი შავი, რაჭული მწვანე, ცხვედიანის თეთრი, ბეროული. იმერეთისთვის: ადანასური, კაპისტონი თეთრი, კუნძა. სამეგრელო-აფხაზეთისათვის: კოლოში, უჩახარდანი, აძნიჟი. გურია-აჭარისთვის: ჯანი, მტევანდიდი, საწური, საკმიელა, მაური თეთრი.

თუმცა, ვინაიდან რეგიონული და კლიმატურ-ნიადაგობრივი ფაქტორების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, ზოგიერთი ვაზის ჯიშის მეღვინეობაში გამოცდა აუცილებელია სწორედ მათ მშობლიურ რეგიონებში. ზოგიერთი ჯიში, შესაძლოა, სულაც საკუპაჟედ იყოს შექმნილი და ასეთ ჯიშებს ცალკე შესწავლა სჭირდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



დიმიტრი ტაბიძე თავის ამპელოგრაფიულ ნაშრომში - "კახეთის ვაზის ჯიშები" წერს, რომ სიმონისეული კახეთის წითელყურნიანი ვაზის საღვინე ჯიშებიდან საფერავის შემდეგ პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული