Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შანოს საოჯახო მარანი - მცირე მარნების ანთოლოგია (122)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩვენი მარანი, ”შანოს საოჯახო მარანი“ დაფუძნდა 2015 წელს, სააგარაკე მეურნეობა მზიანეთში(გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი). ჩაიყარა და გაშენდა ბუდეშურისებრი საფერავის მცირე ზომის ვენახი (372 ძირი). 2015  წელსვე ავაშენეთ პატარა მარანი (5 ქვევრი) და როგორც იტყვიან ”ვაზო შვილივით ნაზარდო“-ო ვუვლიდით მთელი ოჯახით ჩვენს ვაზის ნერგებს.  2015 წელს ჩემს პაპას სახელოვან ფალავან შალვა ნოზაძეს შეუსრულდებოდა 100 წლის იუბილე. გარდა სპორტული კარიერისა რაც მან იმ პერიოდისთვის ბრწყინვალედ შესძლო (4 გზის სსრკ ჩემპიონი თავისუფალი სტილი და სამბო, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი), პირველივე ჩემპიონობის შემდგომ (1939წ) ომშიც გაიწვიეს. ომის დროს ჩავარდა ტყვედ და მოხვდა ჰოლანდიაში კუნძულ ტექსელზე ქართველ ტყვეთა ბანაკში, სადაც მას თანამებრძოლები ზედმეტ სახელად ეძახდნენ შანო-ს (შემოკლებით შა-ლვა ნო-ზაძე). ხოლო მე, თქვენი მონამორჩილი პაპის საპატივცემულოდ შერქმეული სახელით როცა აღმოვჩნდი მარნის დასახელების შერჩევის წინაშე გადავწყვიტე რომ მარნისთვის პაპის და სულის ჩამდგმელის ერთობლივი სახელი დამერქმია. ასე წარმოიშვა „შანოს საოჯახო მარანი“. 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩვენს კოპწია და პატარა ვენახს 372 ძირი ბუდეშურისებრი საფერავი ამშვენებს. დანარჩენი ყურძენი ეტაპობრივად და მარნის განვითარებისთვის შემოდის შეძენილი რათა ვაწარმოოთ თითოეული სახეობის მინიმალური რაოდენობა (მაქსიმუმ 500 ბოთლი).

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენი მარანი 2022 წელს გაფართოვდა და ქვევრების რაოდენობამ მიაღწია 20 ცალს. 2023 წელს ყურძნის შესყიდვა მოხდა ახმეტაში და ჩვენმა მარანმა ოთხი სახეობის ღვინო ჩამოასხა (ბუდეშურის საფერავი, ბუდეშურის საფერავი როზე, ქისი, ხიხვი). წარმოების პროცესი მიმდინარეობს ქართული ტრადიციული წესით. 2024 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე შანოს ქისმა მიიღო ფესტივალის ჟიურის მაღალი შეფასება და ერგო პატივი ღვინის ფესტივალის ქვევრი შანოს ქისით გახსნილიყო. ამავე წლის  ექსპო ჯორჯიაში ჩატარდა ღვინის საერთაშორისო გამოფენა სადაც შანოს საოჯახო მარნის 2022 წლის ბუდეშურის საფერავმა ქვევრის ღვინის კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- საქართველოს საოცარი საგანძური გვაქვს ჩვენი ღვინის სახით. მგონის რომ ქართველ ადამიანს იმ 80 საუკუნის მანძილზე უკვე გენში აქვს ყურძენთან და ღვინოსთან მიღებული ურთიერთობის სიყვარული და ცოდნაც შესაბამისად გენში აქვს. პატარა ბიძგიც კი საკმარისია რომ ეს გენი გააღვიძო და შემდეგ ვენახის სიყვარული ისე გითრევს რომ ვეღარ ეშვები.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- საკუთარი ვენახის ყურძნის პირველი მოსავალი 2019 წელს მივიღეთ და დავწურეთ ქვევრში. ჩვენი პირველი გაყიდვები უკავშირდება პანდემიის პერიოდს. ღვინო შევიტანეთ ჰიპერმარკეტ გუდვილის ყველა ფილიალში 2021 წელს და საკმაოდ დიდი მოწონება დავიმსახურეთ ღვინის მოყვარულებისგან. ამჯერად ჩვენი ღვინო იყიდება 8 000 მოსავლის, ღვინის ბიბლიოთეკის ვაინ ნოთის მაღაზიებში.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

მცირე მარანს დიდი ფინანსები არ გააჩნია, შესაბამისად განვითარება ვენახის და ღვინის იმ სიყვარულის წყალობით მიმდინარეობს რაც დიდ ენთუზიაზმთან არის დაკავშირებული. მგონია რომ სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს მცირე მარნის მეპატრონეებს რათა ეს 80 საუკუნოვანი ღვინის ტრადიცია არ დაიკარგოს, არამედ განვითარდეს და მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო ცნობადი გახდეს ქართული ღვინო, განსაკუთრებით ფერებ ფერებაში შექმნილი რამოდენიმე ასეული ბოთლი.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- ღვინის მაღალი ხარისხის მისაღებად საჭირო არის ღვინისადმი სიყვარული და ყურადღება. ადრე გაზაფხულიდან იწყება უკვე მეღვინისთვის მომავალ ღვინოზე ზრუნვა და აისახება ვენახის მოვლით.  მეღვინე მუდმივად უნდა იყოს ჩართული ვენახის მოვლის პროცესში რათა მოსავლიდან მიღებული ღვინო კარგი დადგეს.

თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის საჭიროა ღვინის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და უფრო დახვეწა. ასევე სახელმწიფოს მხრიდან მცირე მარნების განვითარებაზე ზრუნვა. მცირე მარანი ხომ ბავშვივითაა იმ დიდ ინდუსტრიულ ქარხნებთან შედარებით რაც ჩვენს ქვეყანაშია. ღმერთმა ამრავლოს მცირე მარნები საქართველოში. ქართული ღვინის მომავალი ხომ სწორედ მცირე მარნებზე დაყრდნობით უნდა გახდეს პოპულარული. 

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- რჩევა? რას ვურჩევდი და დიდი სიყვარულით მოეპყრონ თავიანთ საქმეს და აუცილებლად ყველაფერი გამოვა.

მარნის მისამართი: სოფელი მარტყოფი, 109 ქუჩა 21 სახლი.

ტელეფონი: +995 599 584161

ელფოსტა: shanofamilywinery@gmail.com 

ვებ/ფეისბუკ გვერდი:   SHANO Family Winery

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული