Home
ქართული | English
ივნისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ანბანი, მცირე მარნების ანთოლოგია (69)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- მარნის აშენება მეგობრებმა 2017 წელს გადავწყვიტეთ. მიზეზი  ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორის იდეა იყო, რომელსაც სურდა მამა-პაპისეულ მიწაზე ძველი, წინაპრების დროინდელი, მარნის განახლება და ტრადიციული ქვევრის ღვინის წარმოება. 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ამ ეტაპზე რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, ქისი, კახური მწვანე, ჩინური და საფერავი გვაქვს გაშენებული. ჩვენი სურვილია სხვა ადგილწარმოშობის, მივიწყებული და მაღალი საღვინე პოტენციალის ჯიშის ვაზების გაშენებაც, როგორიცაა სიმონასეული, ახმეტური წითელი, გრძელმტევანა, მცვივანი და ა. შ.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ამ ეტაპზე ტრადიციული კახური მეთოდით ქვევრის რქაწითელს, ქვევრის ვარდისფერ რქაწითელს, ქვევრის ქისს, ქვევრის საფერავს, ქვევრის რქაწითლისა და ქისის კუპაჟს ვაწარმოებთ.  ჩვენი ღვინოების გამორჩეულობა ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვან მიდგომებში მდგომარეობს. ვთვლით, რომ ღვინო თავის რეალურ ბუნებრივ და უნიკალურ პოტენციალს მაშინ ავლენს, როდესაც ტექნოლოგიური ჩარევა მინიმალურია. ნატურალისტები ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ ღვინოში ე.წ. ტერუარის ყველა ღირსშესანიშნაობა გადმოვცეთ. ამაში ვენახის ასაკი (30+) და ადგილმდებარეობა გვიწყობს ხელს.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ღვინის რეალიზაცია საახალწლოდ კომპანიების საჩუქრებისთვის დავიწყეთ, შემდგომ დეგუსტაცია გავიარეთ „8000 მოსავლის“ მაღაზიებში.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- დიახ, ჩვენი ღვინო ამჟამად იაპონიაშია წარმოდგენილი. ასევე, ჩინეთში ექსპორტი იგეგმება.

- გაიხსენეთ უცხოურ ბაზარზე ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება. რომელი ქვეყნის ბაზარზე გაყიდულა/იყიდება თქვენი პროდუქცია?

- პირველად ჩვენი ღვინო ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გავიდა, შემდეგ უკრაინაში, იაპონიაში, ჩინეთსა და საფრანგეთში.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- პრობლემა ძალიან ბევრია, რაც ძირითადად განათლების ნაკლებობის ბრალია. მიუხედავად ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა, ობიექტური მიზეზების გამო, მოწინავე ტრადიციული ღვინის ქვეყნების განვითარების დონეს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით. პროფესიული სასწავლებლები თითქმის არ არის. ისეთ სასწავლებლებს, რომლებიც ერთი კურსის ფარგლებში ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, მევენახეობას, დეგუსტაციასა და მარკეტინგს შეგასწავლიან, ძალიან მოუქნელი ფორმატი აქვთ. ვენახის ბიო მეთოდებით მოვლისთვის საჭირო მაღალი ხარისხის პრეპარატები ხელმისაწვდომი არ არის. ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო საგრანტო პროგრამები ძალიან გაუმჭვირვალე და ბიუროკრატიულია. არ არსებობს პლატფორმა, სადაც ღვინის იმპორტიორებთან მარტივად და პირდაპირ დაკავშირება იქნება შესაძლებელი.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, რაც ხარისხზე მოთხოვნის ზრდასაც გამოიწვევს.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ჩვენნაირი პატარა ქვეყნის წარმატების გასაღები მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნასა და მის განსაკუთრებულობაში მდგომარეობს. კონკურენტული უპირატესობები სწორად და მკაფიოდ უნდა გამოყონ და დასახულ მიზნამდე თანმიმდევრულად მივიდნენ.

მარნის მისამართი: ახმეტის რაიონი, სოფელი ქისტაური

ტელეფონი: 599 39 28 93

ელფოსტა: hello@anbani.wine

ვებ/ფეისბუკ გვერდი: ღვინო ანბანი/Anbani Wine, www.anbani.wine

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული