აღდგომის დღესასწაული ახლოვდება, ოჯახური შეკრებების, პასკისა და წითელი კვერცხების დროა. ამ პერიოდში ბევრს უკვე წინასწარ აქვს დაგეგმილი, როგორ გააწყობს სუფრას – როგორ შეღებავს კვერცხებს, როგორ პასკა გამოაცხოს და რას დააყოლებს საყვარელ კერძებს. ბევრისთვის აღდგომის სუფრა წითელი ღვინის გარეშე წარმოუდგენელია, ზოგს კი სწორედ გაზაფხულის ჰაეროვნებასთან უხდება ცქრიალა ან თეთრი სტილი. იმის გასარკვევად, თუ რა ღვინოები ერგება ყველაზე კარგად აღდგომის კერძებს, ვესაუბრეთ კობა აბრამიშვილს, სომელიეს, რომელმაც თავისი გამოცდილება და რჩევები გაგვიზიარა.
-რა პრინციპებით უნდა შევარჩიოთ ღვინო ტრადიციული აღდგომის კერძებისთვის?
- ღვინო შეგვიძლია შევარჩიოთ დაწყვილების ზოგადი წესებით, რაც უფრო ინტენსიურია კერძი მსგავსი სიძლიერის უნდა იყოს ღვინოც, თუ მსუბუქ კერძს მივირთმევთ შესაბამისად ღვინოც მსუბუქი უნდა იყოს. გმოვნური მახასიათებლებიდან მჟავიანობის და სიტკბოს მიხედვითაც შეგვიძლია დავაწყვილოთ, ასევე შეგვიძლია ერთმანეთის მსგავსი არომატების მქონე კერძისა და ღვინის დაწყვილება. ეს ყველაფერი სასწორის ორ მხარეს შეგვიძლია შევადაროთ თუ გვსურს რომ სასიამოვნო ბალანსი დავიცვათ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ გემოვნება საკმაოდ ინდივიდუალურია შეგვიძლია ექსპერიმენტებს არ მოვერიდოთ.
- რომელ ღვინოს შეუხამებთ ჩაქაფულს? არის თუ არა განსხვავება მწვანე ან ქონდრით მომზადებულ ვარიანტებში?
- ჩაქაფულს ძირითადად თეთრი მშრალი ხალისიანად მაღალმჟავიანი ღვინოები უხდება, მაგრამ ქვევრის ქარვისფერი ღვინოს, განსაკუთრებით კახურ მწვანესაც გავუწევდი რეკომენდაციას. მწვანე ჩაქაფული თუ ტარხუნით მომზადებულს ეწოდება, ეს არის ტრადიციული ვარიანტი, ქონდრით მომზადებულს ალბათ “ჩაქონდრილი” ქვია და არა ჩაქაფული.
- ხაშლამასთან რომელ ღვინოს არჩევდით – თეთრს, წითელს თუ ცქრიალას?
- ხაშლამას ზომიერად მარილი და კარგი ქარვისფერი, სრულ სხეულიანი, ხავერდოვანი ტანინებით კახური რქაწითელი უხდება. ზოგადად ქარვისფერი ღვინოები, მაგრამ შედარებით მსუბუქი ქართლის წითელი ღვინოებიც საინტერესო მეწყვილეა ხაშლამასთან.
- შესაძლებელია თუ არა პასკასთან ღვინის შეხამება? რა ტიპის ღვინო შეიძლება პასკასთან და კვერცხთან ერთად მივირთვათ?
- პასკასთან სასურველია უფრო მეტად არომატული და ტკბილი ღვინოები მივირთვათ, როგორიც გვაქვს ადგილ დასახელების ღვინო “კარდანახი” ასევე სხვა მსგავსი. მოხარშული კვერცხი მიუხედავად თავის სიმარტივისა საკმაოდ რთული მეწყვილეა და აქ უფრო ცქრიალა ღვინო თუ გიშველის
- თუ სუფრაზე სალათები და ცივი კერძებია, როგორ მივუსადაგოთ ღვინო?
- განსაკუთრებული და განსხვავებული პასუხი არ აქვს, ღვინისა და კერძის ზოგადი წესებით შეგვიძლია ვიხემძღვანელოთ.
- რას ურჩევთ მათ, ვისაც ტრადიციული ღვინო არ უყვარს – რა ალტერნატიული ვარიანტებია?
- ტრადიციულ ღვინო თუ ქვევრის ღვინოს აღნიშნავს, შეუძლიათ მიირთვან მსუბუქი თეთრი ღვინოები. ტრადიციული ღვინო თუ უბრალოდ ღვინოს ნიშნავს და არ მოსწონთ ასე მაშინ შეუძლიათ ღვინით მომზადებული კოქტეილები მიირთვან და ექსპერიმენტებს ნუ მოერიდებიან.
- რამდენად მნიშვნელოვანია ღვინის ტემპერატურა და ჭურჭელი ამ კერძებთან შეხამებისას?
- ღვინის ტემპერატურა და სასმისი რითიც ღვინოს მივირთმევთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ღვინის სწორად აღსაქმელად.
- რას ურჩევდით მასპინძელს, რომელსაც სურს შთამბეჭდავი სუფრა ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს სიღრმისეული ცოდნა ღვინის შესახებ?
- გამოიყენოს თუნდაც ეს მარტივი რჩევები და აუცილებლად გაიღრმავოს ცოდნა ღვინის შესახებ.
- არის ისეთი ღვინო, რომელიც თითქმის „უნივერსალურია“ – ბევრ კერძს უხდება და მარტივად მისადაგებელია?
- ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული, ზოგადად კერძებთან დაწყვილების უფრო მეტად ფართო არჩევანი აქვს ქარვისფერ და ვარდისფერ ღვინოებს.
- თქვენი პირადი საყვარელი კომბინაცია რომელია – კერძი და ღვინო აღდგომის სუფრაზე?
- ჩაქაფული ხბოს ხორცით და ახალგაზრდა, ქარვისფერი კახური მწვანე, დესერტად პასკა და კარდანახი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი