Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Discover ჩხავერი

ჩხავერების დეგუსტაცია ღვინის კლუბში

ლევან სეფისკვერაძე

1960 წელს გამოცემულ “საქართველოს ამპელოგრაფიაში“ (რომელიც უდავოდ ერთ–ერთი საუკეთესო წიგნია ქართულ მეღვინეობაში) ჩხავერის ღვინო მოხსენებულია, როგორც მსუბუქი და სასიამოვნო ღვინო. დღეს ღვინის სპეციალისტები და მეღვინეები სამართლიანად ფიქრობენ, რომ ეს არ არის საკმარისი დახასიათება და ჩხავერის ჯიში და ეს ღვინო მეტ დაკვირვებასა და შესწავლას საჭიროებს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ სექტემბრის დასაწყისში, ღვინის ბარ “ღვინო ანდეგრაუნდში“ ღვინის კლუბის წევრების ინიციატივით, საქართველოს ღვინის ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ტიპის ჩხავერის დეგუსტაცია მოეწყო. დეგუსტაცია დახურული იყო და მასში მონაწილეობა ღვინის კლუბის მიერ წინასწარ არჩეულმა სპეციალისტება და ღვინის ენთუზიასტებმა მიიღეს.

დეგუსტაციაში მონაწილებდნენ:

ზურაბ თოფურიძე, ჩხავერის ერთ ერთი ცნობილი მწარმოებელი, კომპანია “იბერიელის“ დამფუძნებელი, ღვინის კლუბის წევრი.

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მწერალი.

გიორგი სამანიშვილი, ენოლოგი.

მიშა მესხი, ენოლოგი.

ლევან კიტია, ღვინის ენთუზიასტი, ღვინის კლუბის წევრი.

გიორგი ბარისაშვილი, ღვინის ექსპერტი.

იაგო ბიტარიშვილი, “იაგოს ღვინის“ მწარმოებელი, ღვინის ექპერტი.

რამაზ ნიკოლაძე, “ნიკოლაძეების მარნის“ მფლობელი, მეღვინე.

მარინა კურტანიძე, ღვინო “მანდილის“ მფლობელი.

დეგუსტაციაზე გაისინჯა საქართველოს სამ რეგიონში: გურიაში, იმერეთსა და აჭარაში წარმოებული ჩხავერები. წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების ნაწილი ნატურალური მეღვინეობის პრინციპებით იყო დაყენებული, ნაწილი კი ე.წ. კონვენციური ღვინოები გახლდათ. აღნიშნული დეგუსტაციის მიზანი ზოგადად ჩხავერის ღვინის ჯიშურობის დადგენა და ამ ღვინის რაობის უკეთ გამორკვევა იყო.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ჩოხატაურის ცნობილი ტერუარიდან (ბუკისციხე–საყვავისტყე–ერკეთი)  წარმოებული ოთხი სხვადასხვა წლის ჩხავერი, რომლის მწარმოებელიც ზურაბ თოფურიძეა. აღნიშნული დეგუსტაციის ერთ–ერთი ორგანიზატორიც სწორედ იგი გახლდათ. ამის გარდა დეგუსტაციაზე გაისინჯა კომპანია “კახური ტრადიცული მეღვინეობის“ მიერ წარმოებული ორი – თეთრი და ვარდისფერი ჩხავერი, დეგუსტაციაზე ორი ღვინით (ბაცი და მუქი ვარდისფერი ჩხავერები) იყო წარმოდგენილი იმერელი (ბაღდათელი) მეღვინის, გაიოზ სოფრომაძის მცირე მარანი. ვარდისფერი ჩხავრებით იყვნენ წარმოდგენილნი კომპანია “ლუკასი“ და კომპანია “აჭარული ღვინის სახლი“ (ეს უკანასკნელი აჭარაში მოყვანილი ჩხავერიდან იყო დაყენებული).

სამწუხაროდ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი არ იყო ჩხავერების ერთი ნაწილი. ამის მიზეზი ძირითადად ისაა, რომ ზოგიერთი ჩხავერი ძალზე ძნელი მოსაძიებელია ღვინის მაღაზიათა ქსელში. დეგუსტაციაზე ვერმოხევდრილი ღვინოებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრები მეღვინის, ლუკა ბიბინეიშვილის ჩხავერი. ლუკა ბიბინეიშვილს აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგეში აქვს ჩხავრის ვაზი გაშენებული, გამორჩეულ ღვინოსაც აყენებს და აქტიურად ეწევა ამ ჯიშის პოპულარიზაციას რეგიონში.

1. დეგუსტაციაზე პირველ ნიმუშად გაისინჯა “იბერიელის“ 2013 წლის უჭაჭოდ დაყენებული ჩხავერი, რომლის შემცველობაც 100% ჩხავრის ყურძენი იყო. ყურძენი მოკრეფილი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  სოფლებში: საყვავისტყეში, ბუკისციხესა და ერკეთში. ვენახები მოვლილია ნატურალური მეღვინეობის წესების დაცვით. ეს ნახევრად მშრალი ღვინო დაყენებულია სპონტანური დუღილით, კულტურული საფუარის გარეშე. რთველი 20 ნოემბერს ჩატარდა.

მონაწილეთა დასკვნით, ღვინო ფერზე არის მოოქროსფრო–ჩალისფერი. სურნელში აშკარად იგრძნობა ახალი გამოსანთლული ჭურისათვის დამახასიათებელი გემო (კვამლის ტონი), რაც ღვინის ერთგვარ ზადადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა ამის მიუხედავად კარგად ჩანდა ჩხავრის ჯიშური არომატები, სადაც ჭარბობდა გადამწიფებული თეთრი ქლიავის (ლენკროტის) არომატი. ღვინოში ერთმანეთს კარგად ერწყმის სიტკბო და სიმჟავე.

2. შემდეგ ნიმუშად წარმოდგენილი იყო“იბერიელის“ 2012 წლის მოსავლის ჩხავრის ღვინო, იგივე ტერუარი, იგივე სტილში დაღვინებული (ჭაჭის გარეშე), დაყენებული ახალ ქვევრში. თავიდან ღვინო ცოტა მოგუდული იყო, თუმცა მალე გაიხსნა და თუკი პირველ სურნელში მკვახე ვაშლის სურნელის გარდა არაფერი ჩანდა, შემდეგ შედარებით მწიფე ტონები გამოვიდა წინა პლანზე. დეგუსტაციის რამდენიმე მონაწილემ, ახალი კომშის არომატიც დაიჭირა. აღსანიშნავია, რომ ღვინოში სიმჟავე არ არის მკვეთრად გამოხატული და ფერიც შედარებით ბაცია. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ნიმუშს პირველ ღვინოზე ბევრად უფრო ხანგრძლივი დაბოლოება ჰქონდა.

3. მესამე ნიმუშად გაისინჯა კომპანია “იბერიელის“ 2011 წლის მოსავლის ჩხავერი. ღვინის ავტორის განმარტებით, ეს იყო ძალიან ცუდი წელი თავისი არათანაბარი ამინდებით და ამის გამო ძალიან მცირე მოსავალი მოვიდა. ღვინო ნატურალურია და დაყენებულია სპონტანური დუღილით. მიშა მესხის აზრით, ამ ღვინოს აკლია ინტენსივობა, თუმცა ღვინო გარკვეულ “საიდუმლოებებს“ ინახავს. ღვინო დახვეწილია და ფერზე ღია ოქროსფერია. მალხაზ ხარბედიას აზრით, ჩხავრის ასაკი რაც უფრო მატულობს, მით უფრო კომპლექსური ხდება და მისი სურნელი უფრო რთული გამოსაცნობია ხოლმე, მეტი საიდუმლო ჩნდება ღვინოში. გიორგი სამანიშვილის აზრით, ამ ღვინოს დაძველების დიდი პოტენციალი აქვს. დეგუსტაციაზე ისიც აღნიშნა, რომ სხეულის მხრივ პირველი ორი ნიმუში უფრო სხეულიანი იყო. გიორგი ბარისაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ღვინო საკმაოდ ძველია და ამის მიუხედავად, ძალიან ხალისიანია. დეგუსტაციის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ აღნიშნულ ნიმუშში აშკარად გამოხატული იყო ანანასის სურნელი, რაც ჩხავერისთვის იშვიათობაა. რამაზ ნიკოლაძემ კი უნაბის სუნი დაიჭირა.

4. 2010 წლის თეთრი ჩხავერი (ასევე იბერიელის) ბაჯაღლო ოქროს ფერია და როგორც მალხაზ ხარბედიამ აღნიშნა – “სხივს ატარებს“. 2010 წელი გურიაში ძალიან ცხელი წელი იყო და ეს ღვინოშიც აისახა. დეგუსტაციის მონაწილეებმა ეს ნიმუში ბურგუნდიულ მუხაში დაძველებულ ღვინოებს შეადარეს. ღვინოს ახასიათებს მოტკბო სურნელი და ჩაშაქრული თხილის გემო. დეგუსტაციის ერთ–ერთმა მონაწილლემ შედედებული ტკბილი რძის სუნიც დაიჭირა. ლევან კიტიამ ამ ნიმუშს “არისტოკრატიული ღვინო“ უწოდა. გიორგი ბარისაშვილის აზრით, დეგუსტაციაზე გასინჯული ღვინოებიდან გამომდინარე უკვე იკვთება ის, რომ ჩხავერი დაჟანგვის მიმართ უფრო მედეგია, რაც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.

5. როგორც აღმოჩნდა,  2012 წლის მოსავლის“ჩხაიძის ჩხავერი“ (თეთრად დაყენებული) დეგუსტაციის ბევრ მონაწილეს აქამდე გასინჯული არ ჰქონდა. ღვინო დადუღებულია ხელოვნურ საფუარზე. ჯანსაღია, მასში მცირედი მსხლის ტონები  მოსჩანს და ასევ თეთრი ქლიავიც. აღსანიშნავია, რომ სიმჟავე და სიტკბო ერთმანეთში ძალზედ კარგადაა დაბალანსებული. 

6. დეგუსტაციის მონაწილეებმა ვარდისფერი ჩხავერებიდან პირველ ნიმუშად, “იბერიელის“ 2013 წლის ჩხავერი დააგემოვნეს. ამ ღვინის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულად დადუღდა ნახევარი რაოდენობის ჭაჭაზე (დაახლოებით 20 დღე). ღვინო ორაგულისფერია. მარტის თვეში უფრო ვარდისფერი იყო და ივნისამდე ორაგულისფერი გახდა. ღვინის ფერმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. გიორგი ბარისაშვილის აზრით, ამ ღვინოს “დამჯდარი ღვინის“ ფერი აქვს. ღვინო ახალ ჭურშია დაწურული, თუმცა მას ზურა თოფურიძის ერთ–ერთი სხვა ნიმუშისგან განსხვავებით, კვამლის სურნელი არა აქვს. აშკარად გამოჩნდა კენკრა, გამორჩეულად კი წითელი მოცხარი. მიშა მესხის თქმით, ამ ღვინოს შედარებით “მკვახე“ არომატები აქვს, რაც შესაძლებელია იმით იყოს განპირობებული, რომ ღვინო ნაწილობრივ ჭაჭაზეა დადუღებული. მიშა მესხმა ამ ღვინოში ციტრუსისა და მწვანე ვაშლის არომატც გამოჰყო.    

7. მეშვიდე ნიმუშიც ზურაბ თოფურიძის მიერ წარმოებული 2012 წლის მოსავლის ვარდისფერი ჩხავერი გახლდათ. ამ ღვინოში დაახლოებით 3% შერეულია სხილათუბანი და ჯანი. დაყენებულია ჭურში და არის მთლიანად ნატურალური და ორგანული. დეგუსტაციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ღვინოს პირველი სურნელი ძალიან უცნაური აქვს. ეს სურნელი მიშა მესხმა გუდის ყველს შეადარა, მალხაზ ხარბედიამ კი ხაჭოს. ეს სურნელი ხშირად მიკრობიოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება, თუმცა, ნატურალური ღვინისთვის ასეთი რამ დასაშვებია. ღვინო დაყენებულია სრულ ჭაჭაზე 20 დღის მანძილზე, ოღონდ თვითონ ყურძენი ამ წელს არ იყო გამორჩეულად მუქი. დეგუსტაციაზე ყველამ აღნიშანა, რომ ამ ღვინის გემო და არომატი ჩხავერის ზოგადი ტენდენციიდან და ჯიშურობიდან ამოვარდნილი იყო. მალხაზ ხარბედიამ და იაგო ბიტარიშვილმა ამ ღვინოში “მწვანე“ ტონებს გაუსვეს ხაზი – დაფნის და ციტრუსის ფოთლების სურნელი.

8. შემდეგ ნიმუშად 2011 წლის მოსავლის, ქვევრში დაყენებული ვარდისფერი ჩხავერი გაისინჯა. ეს ღვინო სრულად დადუღდა ჭაჭაზე (ერთ თვეზე მეტი დროის მანძილზე) და შემდეგ წელიწადნახევარი იყო ჭურში. წინა ნიმუშის მსგავსად, ამ ღვინოშიც “მწვანე“ არომატები გამოარჩიეს (დაფნა) და ამასთან ერთად გრეიპფრუტიც. გიორგი ბარისაშვილის თქმით ფერზე ეს ღვინო არის სწორედ ის, რასაც იგი ჩხავერისგან ელის. ამ ღვინომ იაგო ბიტარიშვილის შეფასებით ახალი (ცინცხალი) ღვინის შთაბეჭდილება დატოვა.  ღვინის ფერი აბსოლუტურად ყველამ გამოარჩია. ნიმუშს ასევე საინტერესო და ჩხავერისათვის დამახასიათებელი სურნელი ჰქონდა. მიშა მესხის თქმით, მას სხვა ჩხავერში აქამდე გრეიპფრუტის სუნი არ აღმოუჩენია. თუმცა, შეიძლება უკვე ითქვას, რომ ქლიავის არომატი (თეთრი და წითელი ქლიავი) ჩხავერისათვის დამახასიათებელია (როგორც უკვე ვთქვით, დეგუსტაციის ერთ–ერთი მიზანიც სწორედ ამ ჯიშური მახასიათებლების გამოკვეთა იყო).

9. “იბერიელის“ 2010 წლის მოსავლის ვარდისფერი ჩხავერი, ზურაბ თოფურიძემ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში დააყენა და შეიძლება ითქვას, რომ ფერზე ასეთი მუქი ვარდისფერი (ბროწეულისფერი) ჩხავერი ქართულ ღვინის ბაზარზე სხვა არც არის. ღვინოში ჩხავერის ჯიშის ყურძნის გარდა, 3%–მდე არის სხილათუბანი და ჯანი. ღვინოში მალხაზ ხარბედიამ და გიორგი სამანიშვილმა ქლიავის ჩირის სუნი გამოარჩიეს. ამ ღვინოს ადრე გარკვეული ზადები ჰქონდა, თუმცა დაძველების პროცესში ეს სურნელები საინტერესო გახდა. რამაზ ნიკოლაძის თქმით, გემოზე ტყის ფოთლების და გამომშრალი კენრის არომატი გამოიკვეთა. აშკარაა, რომ ამ ღვინოს დაძველებამ კეთილშობილება შემატა. მიშა მესხმა ეს ღვინო მოხუცებულ და დაბრძენებულ კაცს შეადარა. დეგუსტაციების მონაწილეთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ჩხავერი ღონისძიების საუკეთესო ნიმუში იყო. 

10. იმერეთში, ბაღდათში მოწეული 2012 წლის მოსავლის გაიოზ სოფრომაძის ჩხავერი, დეგუსტაციის მონაწილეთა განსჯის საგანი გახდა. ზურაბ თოფურიძის აზრით, ღვინო ძალიან კარგია და გემრიელია, მაგრამ გურულ ჩხავერს ნაკლებად ჰგავს. ეს ღვინო არის უჭაჭოდ დაყენებული, თუმცა უცნაურია ის, რომ უჭაჭოდ დაყენებულ ჩხავერს თითქმის არასოდეს გამოსდის მუქი ფერი, რაც ამ ღვინის შეფერილობის შემთხვევაში პირიქითაა. ამ ღვინოს ნავთობპროდუქტების სუნიც გამოარჩევს, რაც მიშა მესხის აზრით, აპრიორი დაავადებას არ ნიშნავს და მსოფლიოში არსებობს არაერთი ცნობილი ღვინო, რომელსაც ასეთი სუნი აქვს. ეს ტონი არის ე.წ. მინერალური ტონი (მაგალითად, როგორც კაჟის ტონი). მალხაზ ხარბედიას თქმით კი, ამ ღვინის მუქი შეფერილობა (ჭაჭაზე გაუჩერებლობის მიუხედავად) შესაძლებელია მოსავლის წელს უკავშირდებოდეს.  იაგო ბტარიშვილმა კი ამ ღვინოში ძახველის არომატი გამოარჩია.

11. შემდეგ ნიმუშად გასინჯული “ჩხაიძის ვარდისფერი ჩხავერი 2012“ განსაკუთრებულად მაღალმჟავიანი ღვინო აღმოჩნდა. მალხაზ ხარბედიამ ამ მუქი ფერის ღვინოში რძის პროდუქტების ტონი დაინახა.

12. კომპანია “ლუკასის“ ვარდისფერი ჩხავერი შეფერილობით ღია ვარდისფერი იყო და ღვინო ფერზე ძალზე მიმზიდველად გამოიყურებოდა. ლევან კიტიამ ეს ღვინო სურნელით საუკეთესო ხვანჭკარებსს შეადარა. მიშა მესხს და გიორგი სამანიშვილს აღნიშნული ნიმუში განსაკუთრებულად მოეწონა. მისი თქმით, ჩხავერს კლასიკური სახე აქვს მიცემული. ღვინოში ჩანს წითელი ალუბალი, ცოტა შინდის არომატი. ეს ჩხავერი ნახევრადმშრალი იყო.

14. “აჭარული ღვინის სახლის“ მიერ წარმოებული 2010 წლის მოსავლის ვარდისფერი ჩხავერი, სამარკო ნიშნით, “პორტო ფრანკო“, პირველყოვლისა განსხვავებული გემოთი გამოირჩეოდა. აჭარული ჩხავერი ქართული ბაზრისათვის ბოლო წლების სასიხარულო და სასიამოვნო სიახლეა. მალხაზ ხარბედიამ ამ ღვინის სურნელში თავიდანვე წითელი მოცხარი დაიჭირა. ამ ნიმუშის სხეულიანობამ ყველა გააოცა. ღვინო მუხაშია დაძველებული და გიორგი სამანიშვილის თქმით, ეს ღვინო სუნზე საინტერესო და მრავალმხრივია, თუმცა გემოზე სიმჟავე ძალიან მკვეთრადაა გამოკვეთილი და ეს სიმჟავე ყველაფერს ფარავს. მიშა მესხმა ღვინის სხეულიანობას გაუსვა ხაზი, ზურაბ თოფურიძეს კი ფერი მოეწონა. იაგო ბიტარიშვილის აზრით, ღვინის ეს ნიმუში სუნის მიხედვით ყველაზე “ჩხავერული ჩხავერია“.  

15. დეგუსტაციის ბოლო ნიმუშად, გაიოზ სოფრომაძის მუქი ვარდისფერი (შინდისფერი) ჩხავერი გაისინჯა. ამ ღვინოში მალხაზ ხარბედიამ მკვახე მაყვლის სურნელი გამოარჩია. გიორგი სამანიშვილის აზრით, სოფრომაძის თეთრ ჩხავერზე მეტად, ჩხავერისათვის დამახასიათებელი სურნელი ამ მუქ ღვინოს უფრო მეტად აქვს. 

დეგუსტაციის მონაწილეთა საბოლოო შთაბეჭდილებები და შეფასებები საინტერესო და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული გამოდგა. თითქმის ყველა აღიარებდა იმას, რომ დეგუსტაციის შემდეგ მათ ჩხავერის შესახებ საინტერესო დასკვნები გამოიტანეს. დეგუსტაციაზე გამოიკვეთა ჩხავერის ჯიშურობა, ტიპურობა, და ის თუ, ზოგადად რა არის ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო.

ზურა თოფურიძე: “ჩემი აზრით ბოლო 4 წლის სტატისტიკა (ჩემი ტერუარის მიხედვით) არ იძლევა სრულ სურათს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ღვინოზე დაკვირვება უნდა გავაგრძელოთ და მომავალშიც შევისწავლოთ ჩხავერი. დღევანდელ დეგუსტაციაზე ბევრი რამ გამოიკვეთა, მაგრამ მაინც ბევრი რამ კიდევ გამოსარკვევი დარჩა. ზოგიერთი ღვინო საერთოდ ჩხავერია თუ არა – ეგეც კი გასარკვევია“.

მიშა მესხი: “საინტერესო დეგუსტაცია იყო. დასკვნის სახით შეილება ითქვას, რომ ჩხავერი არის ჯიში, რომელსაც დროის დინამიკაში ჭირდება კონტროლი, აქვს დაძველების პოტენციალი (ყოველი წელი შეიძლება განსხვავებული იყოს) და ტექნოლოგიური პროცესების მიმართ მგრძნობიარე ჯიშია. ჩვენ გავსინჯეთ როგორც ინდუსტრიული, ასევე ნატურალური ჩხავერი და ვნახეთ, რომ ღვინო ორივე შემთხვევაში საინტერესოა. მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩხავერი მაინცა და მაინც როგორი  უნდა იყოს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი შემდეგს: ჩხავერი არის მაღალმჟავიანი ღვინო, რომელსაც კარგად ინახავს მჟავიანობა, დარჩენილი შაქარი გემოს ბალანსს სძენს. სუნში ჭარბობს მწვანე ხილის, ვაშლის, ტყემლის, ქლიავის ტონები. ასევე იშვიათად წითელი ხილის ტონებიც“.

მალხაზ ხარბედია: “ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დეგუსტაციით. წარმოდგენილი ნიმუშებიდან ყველაზე ძველი ყო 2010 წლის ნიმუში და 2010 წელს ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, რამდენიმე წელიწადში ამდენი ჩხავერი თუ დაგროვდებოდა დეგუსტაციაზე. ეს ძალიან სასიხარულოა და იძლევა სრულ საფუძველს იმისთვის, რომ მომავალში საზოგადოებისთვის ჩამოვაყალიბოთ აზრი, თუ რა არის ჩხავერი და როგორი შეიძლება იყოს ეს ღვინო. დღევანდელი დეგუსტაცია სამი მხრიდან შეგვიძლია დავახასაითოთ. 1. ჩხავერი როგორც ჯიში 2. ადგილი – ზოგი ჩხავერი გურიაშია მოყვანილი, ზოგი აჭარაში და ზოგი იმერეთში. 3. მეღვინე. ღვინოებს ემჩნეოდათ მეღვინეების განსხვავებული ხედვები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩხავერზე ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ცოცხალი და ხალისიანი ღვინო წითელი ქლიავის და ყვითელი ხილის ტონებით, თუმცა შესაძლებელია მასში მოტკბო არომატებიც ვიგრძნოთ (დაშაქრული ხილი და ასე შემდეგ). ერთმანეთისგან გასხვავდებოდა ვარდისფერი ჩხავერებიც. განსაკუთერებით ბოლო ნიმუშები იყო გამორჩეული და განსხვავდებოდნენ ყველა სხვა ჩხავერისაგან“.

ლევან კიტია: “ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო დინამიკაში რომ დავინახეთ. თუნდაც ვარდისფერი და თეთრ ჩხავერების შედარება რეგიონების მიხედვით. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ აშკარად გამოიკვეთა საერთო გემოები და საერთო ტენდენციები. ახლა ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ რა არის ჩხავერი და როგორი შეიძლება იყოს ეს ღვინო. თუმცა მე მაინც ვერ გავიგე ჩხავერი ვარდისფერი ჯობია თუ თეთრი“.

იაგო ბიტარიშვილი: “ასეთი ტიპის დეგუსტაციის იდეა არის ფანტასტიური იდეა და ჩემი აზრით, ასეთი დეგუსტაცია ჩხავერს კი არა, ყველა ჯიშს სჭირდება, რათა თვითონ მეღვინეს ჩამოუყალიბდეს ხედვა. დეგუსტაციაზე შეგვხვდა ღვინო, რომელსაც ცალკეულად ვერაფერს დავუწუნებდით, მაგრამ მას ჩემთვის ჩხავერის გემო არ ჰქონია, რადგან მე ეტალონად უკვე აღებული მაქვს, როგორი უნდა იყოს ჩხავერი. უფრო ისეთი ღვინოები მომეწონა, რომლებსაც შეიძლება ნაკლი ქონდა, მაგრამ ჯიშურად გამოკვეთილი იყო. ზოგადად ძალიან მიყვარს ეს ჯიში. ვერ ვიტყვი, ვარდისფერი ჯობია თუ თეთრი. როგორც იტყვიან “მუღამში მოვედი“ და მე ვდებ პირობას, რომ ასეთი ტიპის დეგუსტაციას ქართლის ჩინურსაც მოვუწყობ“.

მარინა კურტანიძე: “მე ვიტყოდი, რომ ჩხავერი არის ქალებისთვის განსაკუთრებულად მოსაწონი და გემრიელი ღვინო – არის მსუბუქი დასალევი და ფანტასტიური არომატები აქვს. დაძველების შემთხვევაში, ჩხავერში კენკრის ტონები აშკარაა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავარგებული ჩხავერი უფრო კარგი ღვინოა, ვიდრე ახალი“.

გიორგი ბარისაშვილი: “ყველაზე მნიშველოვანს გამოვყოფდი იმას, რომ დეგუსტაცია იყო ძალიან კონტრასტული. შევეხეთ ჩხავერის სამ რეგიონს: გურიას, აჭარას და იმერეთს. ჩემთვის ეტალონი იყო ზურა თოფურიძის “შუალედური“ ღვინოები,  რომლებსაც მერე მოვარგე დანარჩენები. ძალიან მესიამოვნა, რომ ძველი ჩხავერები დაჟანგული არ იყო და ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯიშს დაძველების კარგი პოტენციალი აქვს და ბევრ ქართულ ჯიშთან შედარებით ნაკლებად იჟანგება თუ მაინც და მაინც გარეთ მზეზე არ დადე. მე ვთვლი, რომ ჩხავერი არის მსოფლიო დონის ჯიში, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და მან უნდა თქვას ხვალინდელი სიტყვა ქართულ მეღვინეობაში“.

გიორგი სამანიშვილი: “ თუ ჩხავერს მჟავიანობისა და ალკოჰოლის ბალანსი არა აქვს, ეს ღვინო მკვდარია. როგორც დეგუსტაციამ აჩვენა, ვარდისფერად დაყენებული ყველა ვარიანტში კენკროვანი ხილის არომატზე წავა (ოღონდ წითელი კენკროვანი ხილის). თუ ვარდისფრად დააყენე და კარგად მიუარე, ეს არომატები აუცილებლად გამოიკვეთება. როცა ჩხავერს ჩაყლაპავ, მჟავიანობამ, სხეულმა და სავსე გემომ უნდა მოგხიბლოს. თეთრ ჩხავერში არომატი შესაძლებელია  სხვადასხვანაირი იყოს და ამ შემთხვევაში მთავარი მჟავიანობისა და სხეულის ბალანსია. ღვინო უნდა იყოს “მრგვალი“. ჩხავერის გამორჩეულობა ისიცაა, რომ სხეული ჭაჭაზე დატოვების გარეშეც კი, ამ ღვინოს ძალიან კარგი აქვს. ამას გარდა, ჩხავერს დაძველების შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია“.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი წელი გურიისათვის ძალიან არასახარბიელო იყო და ნაგვიანები ყინვების გამო გურიაში წელს ჩხავერის ძალიან მცირე მოსავალი იქნება, ღვინის სპეციალისტებსა და მეღვინეებს მაინც იმედი აქვთ, რომ 2–3–4 წელიწადში ქართულ ღვინის ბაზარზე გაცილებით მეტი ჩხავერი იქნება და ღვინის დეგუსტაციაზეც ბევრად მეტი ნიმუში იქნება წარმოდგენილი. თუმცა, დღეს არსებული ჩხავერის ღვინის არჩევანი შეუდარებლად უფრო ფართოა, ვიდრე მაგალითად ოჯალეშის, შავკაპიტოს სხვა იშვიათი ჯიშების არჩევანი. ჩხავერი აშკარად წინ მიდის, თუმცა დიდ წარმატებებს მაინც მომავალში უნდა ველოდოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული