Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური ზაფხულის დასაწყისი

მალხაზ ხარბედია

ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტზე თუ შეიხედავთ ხოლმე, ადვილად შეამჩნევთ, რომ ლამის ყოველი მეორე ნიუსი ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრებას ეძღვნება. ჩინეთისა და ჰონგ-კონგის თემა განსაკუთრებით აქტუალური რუსეთსა და უკრაინაში გაყიდვების მკვეთრი ვარდნის შემდეგ გახდა. კრიზისული სიტუაციით გამოწვეული ეს პროცესები საკმაოდ მწვავედ ვითარდებოდა. რუსეთში 2014 წელთან შედარებით 2015–ში 51%–იანი კლება იყო, უკრაინაში კი, 56%–იანი. და სწორედ ამ პერიოდიდან ქართველები ძირითადად შორეული აღმოსავლეთისკენ გადაერთნენ. მოკლედ შეგახსენებთ ისტორიას: 2005 წელს, ჩინეთში სულ რაღაც 37 500 ბოთლი ღვინო გავიდა. შემდეგ ციფრები განუხრელად იზრდებოდა და გასულ წელს მან 2 672 154–ს მიაღწია, რაც 122%–ით მეტი აღმოჩნდა 2014 წლის მონაცემებთან შედარებით.  

ჩინური ეფექტი 2016 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით კიდევ უფრო გამყარდა და გაზარდა რწმენა, რომ ჩინური ბაზარი უმნიშვნელოვანესი ალტერნატივაა რაოდენობრივი თვალსაზრისით.

ამ 6 თვის შემდეგ ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალ ტაპზე გავიდა. ივნისის ბოლოს და განსაკუთრებით, ივლისის პირველ დეკადაში არაერთი ღონისძიება გაიმართა და იმდენი ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გაიხსნა, რომ ცოტათი უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით ქართველები. დაახლოებით ისეთი მასპინძლობა და ყურადღება ვიხილეთ, მო იენის არაჩვეულებრივ რომანში, „ღვინის ქვეყანაში“ რომაა აღწერილი, თუმცა, იქაურობისგან განსხვავებით, ეს, თანამედროვე მასპინძლები ალბათ მეტ დროს საქმეზე ხარჯავდნენ და არა ეკზოტიკურ სუფრებზე. 

სინძიანური სახლები

ყველაზე გამორჩეული და ლიდერი პროვინცია ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში, რა თქმა უნდა, 23 მილიანიანი სინძიანია. სწორედ აქ, მის დედაქალაქ ურუმჩიში გაიხსნა ივნისის ბოლოს „ქართული ღვინის სახლი“, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ესწრებოდა. მის კომენტარში ერთი საყურადღებო ინფორმაცია იყო, კერძოდ კი ის, რომ წლის ბოლომდე აქ კიდევ 4 ქართული ღვინის სახლის გახსნა ყოფილა დაგეგმილი და რომ თითოეულ მათგანში 10-12 ათას ბოთლამდე ღვინო იქნება დასაწყობებული.

„ქართული ღვინის სახლი“ ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტია, რომელსაც ჩინური მხრიდან კომპანია „სუოლუნი“ და ქართული მხრიდან „თბილინვესტ ჯგუფი“ ახორციელებენ. ბრენდი - „ქართული ღვინის სახლი“ ჩინურმა კომპანია „სუოლუნმა“ თერთმეტი თვის წინ დააფუძნა ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციაში და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად კომპანია მთელი ჩინეთის მასშტაბით, წლის ბოლომდე 80-მდე ფილიალის (!!!) გახსნას გეგმავს, საერთოდ კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორც ამბობენ, 35 ქართული ღვინის ობიექტია გახსნილი (მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა), რეალიზაციაში კი ჩართული ყოფილა 300-ზე მეტი დილერი.

სინძიანს რომ დავუბრუნდეთ, გეტყვით, რომ ივნისის ბოლოს დაწყებული ამბები ივლისშიც გაგრძელდა, ამჯერად უფრო კონკრეტული, ენო-გასტრონომიული მიმართულებით. ქართული ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა იმპორტიორმა, კომპანია „ბეიფანძიედამ“ ურუმჩიში ქართული ღვინისა და ჩინური კულინარიის საღამო გაიმართა, რომლის მთავარი თემაც საფერავისა და ადგილობრივი კერძების შეხამება იყო. იქაური სომელიეები საფერავს სინძიანის ყველაზე ცნობილ ხორციან კერძებთან ურჩევდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ,  ლეგენდარული, „იხვი პეკინურად“ ასეე საფერავის საუკეთესო მეგობარი ყოფილა.

იცით ალბათ, რომ ჩინეთში, მათ შორის სინძიანის პროვინციაშიც თავისი ღვინოც ბვრი აქვთ, თუმცა, როგორც „ბეიფანძიედას“ გენერალურმა მენეჯერმა თონგ ჯიამ (Tong Jia) თქვა, „ქართული ღვინო რატომღაც უფრო საინტერესო გახდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან ქართულ ღვინოს აქვს თავისი გამორჩეულობა და უძველეს ღვინის კულტურას წარმოადგენს.“

ახლა ისევ ციფრები: როგორც „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ საიტზე ვკითხულობთ, „კომპანია „ბეიფანძიადას“ ინვესტირებით სინძიანის პროვინციაში გახსნილია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ათეულობით ობიექტი - ქართული რესტორნები  („თამადა“), ღვინის მაღაზია-სალონები და ღვინის სარეალიზაციო ოფისები, სადაც აქტიურად იყიდება ქართული ღვინოები, როგორც კერძო პირებზე, ასევე ინტერნეტ მომხარებელზე.  კომპანიის დილერების რაოდენობა 70-ს შეადგენს, რომელთაგან 16 დილერს დამატებით ქართული ღვინის მაღაზია აქვს გახსნილი სინძიანის პროვინციაში. ჩინეთში იმპორტირებული ქართული ღვინის ექსპორტის (2015 წლის მონაცემები) 13% სინძიანის პროვინციაზე მოდის.“

ამ დროს რა ხდება ჰონგ-კონგში?

ჰონგ-კონგში კვლავ ღვინის მაგისტრს, დებრა მეიბურგს მიყავს საქმე. ივლისის დასაწყისში შანხაისა და ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი ჩატარდა, სადაც 9 ქართული კომპანია მონაწილეობდა („ბაგრატიონი“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, “GWS”, “კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „მილდიანი’ „უსახელაურის ვენახები“). იყო მასტერკლასები და დეგუსტაციები, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა და რომელიც ახალი სტილის, თანამედროვე ღვინოებშიც მოიაზრებს ზოგიერთ ქართულ ღვინოს:

„ქართულ ღვინოს დიდი მრავალფეროვნების შემოთავაზება შეუძლია. მაგალითად, ახალის სტილის, შედარებით დაბალალკოჰოლიანი ღვინოები, რომელთაც ცოცხალი ხილის არომატები ახასიათებს, აქ ძალიან მოსწონთ. ასევეა საფერავიც, იგი განსხვავებულია“.

საგანმანათლებლო კურსები გაგრძელდა EASE SCENT WINE EDUCATION-ში, ამჯერად, უკვე პეკინში, რომელიც მოიცავდა ქართული წესით ღვინის დაყენების, ჩვენი ღვინის გემური თვისებებისა და სხვა თემატიკას. წარმოდგენილი იყო 4 ქართული ღვინის კომპანიის („ბაგრატიონი 1882“, „თელიანი ველი“, „თელედა“, „შატო მუხრანი“) 6 სახეობის ღვინო. სულ ცხრა ჯგუფს ჩაუტარდათ ეს კუსები, თითოეულში კი 30 მსმენელი შედიოდა – ღვინის მოყვარულები, ჟურნალისტები, იმპორტიორები და ღვინის სპეციალისტები.

ხალხმრავალი პრეზენტაციები და დეგუსტაციები ჩატარდა პეკინის, ნინბოს (Ningbo), შანხაისა და ტანშანის (Tangshan) ღვინის მაღაზიებსა და სალონებში (კომპანია MaiM9–თან თანამშრომლობით), სხვადასხვა პროვინციის იმპორტიორებს კი ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი და ქართული ღვინის წარმომადგენელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მაია ცქიტიშვილი მასპინძლობდნენ.

„ღვინის ქვეყანა“

ზემოთაც აღვნიშნე გაკვრით, და აქაც ვიტყვი, რომ ჩინეთის ხსენებაზე პირველ რიგში მრავალრიცხოვნობა და რაოდენობა გვახსენდება. ამ პატარა წერილშიც ციფრები არაერთხელ იყო, პროცენტებიც, თუმცა კარგი იქნება, მხოლოდ რაოდენობის გამო თუ არ დავმკვიდრდებით ჩინეთის ბაზარზე. იმის დიდი იმედიც მაქვს, რომ ჩინელი ღვინის მოყვარულები, ენთუზიასტები, დილერები, ღვინის სახლების მმართველები და სხვ. პირველ რიგში ხარისხიან, გამორჩეულ, გამოკვეთილი სტილის მქონე ღვინოებზე გაამახვილებენ ყურადღებას და  სწორად წარუდგენენ მათ მომხმარებლებს და მოყვარულებს.

არ დაგვავიწყდეს, ჩინეთი „ღვინის ქვეყანააა“. შესანიშნავი ჩინელი მწერლის, მო იენის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანსაც ხომ ასე ჰქვია, ჰალუცინაციებითა და სიურეალისტური ხედვებით სავსე რომანს. ამიტომ, ყველაფერი რომ მხოლოდ რაოდენობრივ ზმანებად არ იქცეს, ჩვენი მხრიდანაც და ჩინელების მხრიდანაც საჭიროა ხარისხის რეალიზმის გაძლიერება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს  ფოტოები

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული