Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

5 საუკეთესო ქვევრის კახური ღვინო

ალეკო ცქიტიშვილი

კახურ ღვინოს როცა ვახსენებთ, პირველ რიგში თვალწინ ქვევრი წარმოგვიდგება, მერე იქიდან ფიალით ციმციმ ამოღებული ჯადოსნური სითხე, რომლითაც საუკუნეებია, ვამაყობთ. იქვე შეიძლება სიმღერაც გაგვახსენდეს - "ღვინოვ კახურო, ვარ შენი მსმელი, გინდ თეთრი იყო, გინდა წითელი!"

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გაგიკვირდებათ – ქართულ ბაზარზე ბოთლში ჩამოსხმული ტრადიციული კახური ღვინო არც თუ ისე ბევრია.

2 აპრილს "ქართული ღვინის კულტურის ცენტრში" "ღვინის კლუბის" მიერ ორგანიზებულ ქვევრის კახური თეთრი ღვინოების დეგუსტაციაზე სულ რაღაც 11 ნიმუში მოგროვდა. ეს კიდევ კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წლის ბოლოს მხოლოდ ამის მესამედი იყო, რის გამოც ქვევრის ღვინის ნიმუშები რეზერვუარებში დაყენებულ "კახურებთან" ერთად ისინჯებოდა.

ამჯერად, ღვინის კლუბმა რეზერვუარული კახური ღვინოების ჭაშნიკი სამომავლოდ გადადო და სადეგუსტაციოდ მაღაზიებში მხოლოდ ქვევრში დაყენებული თეთრი კახური ღვინოები შეიძინა: 1) "ვინოტერა" "მწვანე", 2008 წ. 2) "ელიზბარ თალაკვაძე და შვილები" "წარაფი-კარდენახი" 2008 წ. 3) "ხოხბის ცრემლები" "ქისი", 2009 წ. 4) "ხოხბის ცრემლები" "რქაწითელი", 2009 წ. 5) "ხოხბის ცრემლები" "მწვანე", 2009 წ. 6) "ვინივერია" "ქისი", 2005 წ. 7) "თელავის ღვინის მარანი" "სატრაპეზო – 10 ქვევრი", 2007 წ. 8) "ვაზი +" "ბინეხი – კახური ქვევრის" (მოსავლის წელი არ აწერია). 9) "ვინოტერა" "ქისი", 2006 წ. 10) "ვინოტერა" "რქაწითელი", 2009 წ. 11) "ბადაგონი" "ალავერდის ტრადიციები", 2007 წ.

დეგუსტაცია ჩატარდა დახურულად, ისე, რომ მონაწილეებმა მხოლოდ ამა თუ იმ ნიმუშის მოსავლის წელი და ჯიშური შემადგენლობა იცოდნენ. ღვინოები ოცქულიანი შკალით შეფასდა (3 – ფერი, 7 – სურნელი, 10 – გემო).  

ბოლო ხანს ქვევრის კახური ღვინოების რაოდენობის გარდა, მისი დამზადებისას გამოყენებული ვაზის ჯიშების სპექტრიც გაიზარდა. წინა წლებში თუკი მწვანე კახურს ძირითადად რქაწითელთან კუპაჟში იყენებდნენ, რამდენიმე კომპანიამ კახური წესით ახლა მხოლოდ ამ ჯიშის ვაზის ყურძნისგან დააყენა ღვინო. თანდათან პოპულარული ხდება მივიწყებული ჯიში - ქისი, რომელიც ქვევრის კახურ ღვინოში სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენს.

ღვინის კლუბის სურვილი იყო, დეგუსტაციაში ზოგიერთი ღვინის ავტორსაც მიეღო მონაწილეობა, რათა პარალელურ რეჟიმში გამართულიყო დისკუსია თემაზე - როგორი უნდა იყოს ქვევრის კახური ღვინო დღეს. საქმეში ჩაუხედავ კაცს შეიძლება გაუკვირდეს, ამას რა კითხვა უნდაო, მაგრამ დეგუსტაციამაც დაადასტურა, რომ ქვევრის კახური ღვინო სხვადასხვა მეღვინეს სხვადასხვანაირად აქვს წარმოდგენილი. ძირითადად კი ორი ბანაკია გამოკვეთილი – ერთნი ქვევრის ღვინოს მხოლოდ მამა-პაპური წესით, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაყენების მომხრენი არიან, მეორენი კი პრობლემას ვერ ხედავენ, თუკი ქვევრის ღვინოს არომატწარმომქმნელი სელექციური საფუარებით, ენზიმებით და სხვა თანამედროვე საშუალებებით "გააკეთილშობილებენ". მეღვინეთა განსხვავებული მიდგომები ჩანს ტექნოლოგიურ პროცესშიც - ვენახის მოვლიდან და მოსავლის აღებიდან დაწყებული, დადუღებულ ტკბილთან ჭაჭის დაყოვნების ხანგრძლივობით დამთავრებული. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ვენახი ბიოწესებით უნდა იყოს მოვლილი - მხოლოდ შაბიამნით უნდა შეიწამლოს, ბალახი ხელით გაითიბოს, ყურძენი ფიზიოლოგიურ სიმწიფეში დაიკრიფოს, ზოგიერთს კი არ ესმის, ვენახების შეწამვლისას რატომ უნდა თქვას უარი სისტემური პრეპარატების გამოყენებაზე ან მომძლავრებული ბალახის პესტიციდებით განადგურებაზე, რაც შრომის პროცესს ერთი-ორად აიოლებს.

ამ საკითხებზე დისკუსია მით უფრო მძაფრდება, რაც უფრო მეტი დასახელების ქვევრის კახური ღვინო გამოდის ბაზარზე და რაც უფრო იზრდება კონკურენცია კომპანიებს შორის. პრობლემები იმდენაც აქტუალური და სასწრაფოდ გადასაწყვეტი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ ქვევრის გულშემატკივრებმა ქვევრის ფონდი დააფუძნეს. ფონდის დამფუძნებლები არიან: "ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი", ასოციაცია "ქვევრის ღვინო", "ღვინის კლუბი" და ასოციაცია "ქართული ღვინო". ქვევრის ფონდი აქტიურად ითანამშრომლებს "ქართული ღვინის კულტურის ცენტრთან", რომელიც გასულ წელს ბახტრიონის ქუჩაზე გაიხსნა და უკვე იქცა ღვინის კულტურის ერთ-ერთ კერად თბილისში. "ღვინის კლუბმაც" სწორედ აქ გადაწყვიტა ქვევრის კახური თეთრი ღვინოების დეგუსტაციის მოწყობა. დეგუსტაციაში ქვევრის ფონდის დირექტორი, "ღვინის კლუბის" წევრი, ენოლოგი გოგა თევზაძეც მონაწილეობდა. სამწუხაროდ, მოწვეულ მეღვინეთა დიდმა ნაწილმა დეგუსტაციაში მონაწილეობა ვერ მიიღო და დისკუსიაც, როგორსაც ველოდით, არ შედგა.

დეგუსტაცია განსაკუთრებული სიურპრიზით არ დასრულებულა, თუ არ ჩავთვლით "ვაზი +"-ის ღვინის – "ბინეხი, ქვევრის კახური" მეორე ადგილს, რომელმაც თვით ქვევრის ღვინოებით სახელგანთქმული ბრენდების – "ხოხბის ცრემლებისა" და "ვინოტერას" ღვინოებს გაუსწრო. "ბინეხი – ქვევრის კახური" სწორედ ისეთი ღვინოა, როგორსაც ქვევრის ტრადიციული კახური ღვინის მომხრეები არატიპურად მოიხსენიებენ. დეგუსტაციის მონაწილეთა უმრავლესობამ კი ამ ღვინის განსხვავებული თვისებები, განსაკუთრებით – მრავალფეროვანი სურნელი დადებითად შეაფასა.

პირველი ადგილი დიდი უპირატესობით "ბადაგონის" "ალავერდის ტრადიციებმა" დაიკავა. ეს არის გასული წლის პრესტიჟული მსოფლიო კონკურსის - "დეკანტერის" ბრინჯაოს მედალოსანი ღვინო, რომელიც ალავერდის მონასტრის მარნის ქვევრებშია დაყენებული. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ქვევრის კახური თეთრი ღვინოებიდან "ალავერდის ტრადიციები" უკვე იქცა ტრადიციული ქვევრის კახური ღვინის ეტალონად. ამ მიმართულებით ასეთი მაღალი შედეგისთვის ჯერჯერობითAსხვა კომპანიებს არ მიუღწევიათ.

თუმცა, ქვევრის ღვინის აღორძინებასა და პოპულარიზაციაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით "ხოხბის ცრემლებისა" და "ვინოტერას" (ამჟამად ეს ბრენდი აერთიანებს "შუხმანის ღვინოების" ტრადიციული კახური წესით დაყენებულ ღვინოებს) დამსახურებას. ამ კომპანიების მეღვინეები თამამი ექსპერიმენტებითა და მიზანდასახულობით გამოირჩევიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი წვლილი მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებაში. ამიტომაც დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო "ხოხბის ცრემლებისა" და "ვინოტერას" სამ-სამი დასახელების კახური ქვევრის ღვინო - "მწვანე", "რქაწითელი" და "ქისი".

მაშ ასე, "ღვინის კლუბის" ვერსიით, ქვევრის კახური თეთრი ღვინოების საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:    

1)     "ბადაგონი" "ალავერდის ტრადიციები", 2007 წ. (178 ქულა), 74 ლარი.

2)     "ვაზი +" "რქაწითელი", 2009 წ. (155,2), 9 ლარი.

3)     "ხოხბის ცრემლები" "ქისი", 2009 წ. (151), 20 ლარი.

4)     "ვინოტერა" - "ქისი", 2006 წ. (148,5), 38 ლარი.

5)     ვინივერია - "ქისი", 2005 წ. (147), 18 ლარი.

როგორც ხედავთ, ხუთეულში სამი "ქისია", რაც ნიშნავს, რომ უნიკალური ვაზის ქართული ჯიში – "ქისი" უკვე დამკვიდრდა მეღვინეობაში და ახლა თამამად შეგვიძლია, მას გზა დავულოცოთ საერთაშორისო ასპარეზზე. ამავე დროს, საინტერესოა, რომ ქვევრის კახურ თეთრ ღვინოებს შორის უკვე გვაქვს დაძველებული ნიმუშები. მათი დახასიათებისას დადებით კონტექსტში არაერთხელ გაიჟღერა ტერმინმა - "კოლექციური ღვინის ტონები". მეტი სიზუსტისათვის, დავაკონკრეტებ, რომ ეს ღვინოები უკვე ბოთლში ჩამოსხმული დაძველდა და არა ქვევრში, ტრადიციული წესით. ქვევრში დავარგებული კახური თეთრი ღვინოები კი ჯერჯერობით ბაზარზე არ ჩანს. მეღვინეები უპირატესობას უფრო მუხის კასრებს ანიჭებენ, რაც თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ არსებობს არც თუ ისე უსაფუძვლო მოსაზრება, რომ მუხის ტონები კახური ღვინისთვის არატიპურია და სჯობს, იგი ქვევრში ტრადიციული წესით დავარგდეს.

ტიპურობის პრობლემაზე დეგუსტაციაზე ყურადღება გაამახვილა ალავერდის მონასტრის მარნის კონსულტანტმა მეღვინემ, პროფესორმა თეიმურაზ ღლონტმა. მისი თქმით, ქვევრის კახური ღვინოების წარმოებისას ექსპერიმენტებს გამართლება აქვს, თუკი მეღვინეები მივიწყებულ ქართულ ჯიშებზე და მიკროზონების განსაკუთრებულ თვისებებზე გაამახვილებენ ყურადღებას. სხვა მხრივ, უმჯობესია, ქვევრის კახური ღვინო ტრადიციული ტექნოლოგიის მაქსიმალური დაცვით დამზადდეს.

თეიმურაზ ღლონტი, ალავერდის მონასტრის მარნის კონსულტანტი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი:"ქვევრის კახური ღვინოებისათვის ტიპურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ნიმუშების საკმაო ნაწილი გადახრილი იყო ევროპული ტიპის ღვინოებისკენ. ზოგიერთზე ეჭვიც კი შემეპარა, რომ ქვევრში არ იყო დაყენებული. ქვევრის კახურ ღვინოებს არ უნდა აკლდეს სისრულე და სხეულიანობა, არომატსა და გემოში უნდა იყოს მრავალფეროვანი და მდიდარი. ვფიქრობ, არატიპურობას დიდწილად განაპირობებს ტექნიკურ სიმწიფეში დაკრეფილი მოსავალი, ანუ როცა ყურძენი ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ მწიფე არ არის. კახური ღვინო ვერ მიიღება ტექნიკურ სიმწიფეში დაკრეფილი ყურძნისგან - ეს აქსიომაა! ის აქროლადი არომატწარმომქმნელი და ფენოლური ნაერთები, რომელიც გროვდება და წარმოიქმნება ყურძნის ტკბილის ქვევრში სრულ ჭაჭაზე კახური ტიპის ღვინის დადუღებისა და დავარგების პროცესში, ვერ იქნება ტექნიკურ სიმწიფეში დაკრეფილი ყურძნისგან დაყენებულ ღვინოში. ამავე დროს, პრობლემას შექმნის ფიზიოლოგიურად დაუმწიფებელი კლერტიც, რაც დღევანდელ დეგუსტაციაზეც გამოჩნდა, როცა ერთ-ორ ნიმუშს მკვახე ტონები ახასიათებდა. მწიფე კლერტის როლი განსაკუთრებულია კახური ღვინის დაყენებისას. სწორედ მწიფე კლერტია კახური ღვინის ტიპურობისა და მდგრადობის განმაპირობებელი უპირველესი ფაქტორი".

ცხადია, ქვევრის ღვინოების მაღალი ხარისხი ბევრ სხვა ფაქტორზეცაა დამოკიდებული. ვენახის მოვლის, ყურძნის მოსავლის ხარისხისა და მეღვინის პროფესიონალიზმის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის აღორძინებას და განვითარებას, აგრეთვე - ქვევრის ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას. სამწუხაროდ, ეს ტრადიციები დაკნინებულია და ქვევრის ღვინის თითოეულ ავტორს წინ ბევრი სამუშაო აქვს მათი მოძიების, გაანალიზებისა და პრაქტიკაში გადმოტანის პროცესში. ყველა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებისა და ტექნოლოგიის დაცვის შემთხვევაში, ქვევრის ღვინის ხარისხიც გარანტირებული იქნება და მომხმარებელსაც აღარ გაუკვირდება ის მაღალი ფასი, რაც დღეს მაღაზიებში ქვევრის ღვინოებს ადევს.

© ღვინის კლუბი/Weekend



რატომ არაფერი წერია გამარჯვებული ღვინოების ფასზე??? რატომ არაფერი წერია იმაზე, რომ პირველ ადგილზე გასული ერთი ბოთლი ღვინის ღირებულება 80 ლარს აღწევს, მაშინ როცა ბინეხის ღვინის ღირებულება 10 ლარიც არაა???. არადა დამეწმუნეთ, ამ ღვინოებს შორის 50 თეთრიანი სხვაობაა (ბადაგონის სასარგებლოდ). "ალავერდის ტრადიციების",როგორც ღვინის ღირსებებს ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ იმედი მაქვს არ შემედავებით, რომ ღირებულების სადღაც 40-45 პროცენტი მარტო მაღალი ხარისხის ბოთლითაა გაბერილი, სადღაც 15-20 პროცენტი ეტიკეტი და ძვირადღირებული პიარია და შედეგად ხელში გვრჩება უაზროდ გაფეტიშებული და გატუტუცებული ფასის მქონე მართლა კარგი ღვინო. ოპონენტებს შემოდავებამდე ვთხოვ ერთს - საკუთარ თავთან მოაწყონ ვაზი+-ს "რქაწითელის" და ბადაგონის "ალავერდის ტრადიციების" დახურული დეგუსტაცია ... (რათმაუნდა თუ 80 ლარს გაიმეტებენ ერთ ბოთლს ღვინოში)


სწორი შენიშვნაა. ვამატებ 5–ივეს ფასებს :)



სიმართლე გითხრათ მიკვირს ღვინის ფასებზე ასეთი გაღიზიანებით საუბარი. კიდე უფრო გასაკვირია ის, რომ თურმე "ალავერდი" 50 თეთრით სჯობსო "ბინეხს". ნეტა "შატო ლაფიტი" 20-ჯერ ჯობს რომელიმე 50 ევროიან კარგ ევროპულ ღვინოს ან თუნდაც იგივე "ალავერდს" ან 250-ჯერ "ბინეხს"? ფასი არ განისაზღვრება მხოლოდ მოგების მიზნით. ფასი ხშირად სტრტეგიასაც გვაუწყებს. "ალავერდის" მესვეურებს როგოც ჩანს მომავლის პოზიციები უფრო აინტერესებთ ვიდრე დღევანდელი დღე. ისინი ქმნიან ლეგენდას უმაღლესი ხარისხის და იშვიათი ღვინის შესახებ, რისი უფლებაც მათ აქვთ. ამ ლეგენდას (პოზიტური გაგებით) ვერ შექმნი თუ ღვინის გაყიდვას 3 -4 ევროდან დაიწყებ. თორემ დღეს სამმა ევრომ შეიძლება გაცილებით მეტი მოგება მოუტანოს ალავერდის მონასტერს. კომენტატორის ჷაღიზიანებას ჩემი აზრით სხვა რამ უდევს საფუძვლად_ ერთია მომხმარებლის ბუნებითი ეგოიზმი, აქაოდა მე დღეს მინდა დავლიო კარგი ღვინო იაფად და სულ არ მაინტერესებს მწარმოებლის სამომავლო გეგმები, მეორე კი ქვევრის რქაწითელისადმი სპეციფიური დამოკიდებულებაა. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ რომ ასეთი ღვინო "ბაკლებით" და ყანწებით ვსვათ და ვიღაც ბედავს ეროვნული ტრადისიის გაბერილი ფასებით მოგუდვას.


ფასებს შორის განსხვავებაზე იყო საუბარი და მე პირადად სტატიის წერისას არ ჩავთვალე საჭიროდ ფასებზე ყურადღების გამახვილება, რადგან თვითონ დეგუსტაციისას არ იყო რომელიმე საფასო სეგმენტზე აქცენტი გაკეთებული. მიკვირს, კომენტატორი რატომ ამახვილებს ყურადღებას მარტო ფასებზე? იქნებ, ხარისხს შორის განსხვავებასაც დაკვირვებოდა, რაც კარგად გამოიხატა შეფასებული ქულებით "ბადაგონს" აქვს 178 ქულა, ხოლო "ვაზი+"-ს 155. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ ხუთეულში მართლაც გამორჩეული ღვინოები მოხვდა, "ალავერდის ტრადიციები" არის მათზე ერთი-ორად უფრო ხარისხიანი, რაც ფასზეც აისახება. ვერ დავეთანხმები წარაფისტს, რომ აქ მარტო ლეგენდის შექმნაზე მიდის მუშაობა.


საინტერესო ფსიქოანალიზია :) კომპანიის "მომავლის" სტრატეგიამ და კონცეფციის tsarapistiseulma გააზრებამ დამაფიქრა. კარგადაა პასუხი დაწერილი, მაგრამ ლეგენდა რაც არ უნდა პოზიტიური იყოს, მაინც ლეგენდაა და ის ღვინის ხარისხს არც ზრდის და არც ამდაბლებს. მომხმარებლის ემოციური განწყობით მანიპულირებს მხოლოდ. სტატია ქვევრში დაყენებულ ღვინოების დახურულ დეგუსტაციას ეხებოდა და ასეთ დეგუსტაციაზე ამ ორი ღვინის შეფასებას შორის 13 პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა მაშინ, როცა ფასთაშორის სხვაობა 800 პროცენტს აჭარბებს. მგონი რაღაცაზე მეტყველებს ეს ფაქტი. ან კიდევ დეგუსტატორები იყვნენ სრული არაპროფესიონალები. (ეს ალბათ მალხაზს უნდა ვკითხოთ:)) პ.ს. ყანწითაც დამილევია, მაგრამ თქვენს მსგავსად Riedel-ის ჭიქებით მირჩევნია დაგემოვნება :). ბადაგონის სტრატეგია კი მგონი საქართველოს არანაირად არ უკავშირდება, თორემ ქართულ სპეციალიზირებულ მაღაზიაში მაინც გაყიდდენ „წამლად“ ამ ღვინოს (ბედნიერი გამონაკლისი ღვინის კულტურის ცენტრია) და კიდევ გადამეტებულ ნაციაონალიზმს თუ არ დამწამებთ, მოკრძალებით შევნიშნავ, რომ ქვევრის ღვინო და ამფორის ღვინო სხვადასხვა რამაა, უფრო მეტიც, ამფორა მხოლოდ ტრასპორტირებისათვის გამიზნული და არა ღვინის დასაყენებული ჭურჭელია. ალბათ ესეც ბადაგონის სტრატეგიის ერთ-ერთი ატრიბუტია „ქვევრი“ ტერმინის გამოუყენებლობა. (დააკვირდით „ალავერდის ტრადიციების“ ეტიკეტს და კონტრეტიკეტს )


მართლა საამაყოა - ქვევრის ღვინო ხომ ჩვენი ექსკლუზივია (ოღონდ ნანუკას არ უთხრათ :):):):)). სათაურში მგონი შეცდომაა ბატონო ალეკო - სათაურის იდეით ციფრი "5" (რაოდენობითი რიცხვითი სახელი)მგონი სიტყვა "კახურს" უნდა ეკუთვნოდეს და არა "ქვევრს", ამიტომ, ალაბათ, სათაური ასე უფრო სწორი იქნებოდა - "ქვევრის 5 საუკეთესო კახური" , თორემ ისე გამოვიდა, რომ ის პატივხემული საზოგადოება დეგუსტაციაზე მხოლოდ 5 ქვევრში დაყენებულ სხვადასხვა ჯიშის ღვინოებს აგემოვნებდა :):):):


არ არის სათაურში შეცდომა, იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ქარტული მეღვინეობა იცნობს ორნაირ კახურ ღვინოას - "ქვევრის კახურს" და "რეზერვუარულ კახურს" - ამაზე იყო საუბარი სტატიაში. რაც შეეხება amicus curie-ს არაადეკვატურ და არეულ-დარეულ კომენტარებს, მთელი რიგი გაუგებარი პრეტენზიებით, ეჭვი მიჩნდება, რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი უნდა იყოს,რომელსაც კონკურენტის წარმატება გულზე ეკალივით ესობა. თუ ასე არ არის, მასინ ანონიმურად რატომ გვესაუბრება? აი, მე ვწერ, რომ ვარ ალეკო ცქიტიშვილი - ჩემი სახელით და გვარით ვლაპარაკობ. ასევე ვურჩევდი ბატონ/ქალბატონ amicus curie-ს.


უკაცრავად, მაგრამ თუ დალოცვილო თქვენთვის ამ ორ ღვინოს შორის განსხვავება მხოლოდ 50 თეთრია და ეს თქვენ იცით, დაანებეთ თავი მაშინ "ალავერდის ტრადიციებს" და მიირთვით "ვაზი+"-ის "რქაწითელი". ალავერდმა თვითონ მიხედოს თავს. მეორეც, ვეთანხმები ალეკოს და დარწმუნებული ვარ "რომ ხუთეულში მართლაც გამორჩეული ღვინოები მოხვდა", მაგრამ მწვერვალზე ასვლისას ბოლო მეტრებია ყველაზე ძნელი დასაძლევი, და ეს საკმაოდ დიდი განსხვავება შეფასებაში "ალავერდის ტრადიციებსა" და დანარჩენ 4 გამორჩეულ/საუკეთესო ღვინოებს შორის მრავლისმეტყველია ალავერდის სასარგებლოდ და შეცდომა გამორიცხულია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დანარჩენი ოთხის სიკარგეში ეჭვი არ მეპარება. მალხაზ ჯაყელი


ბლოგის კონცეფცია რომ არ ვიცოდე და აქ განთავსებული სხვა სტატიები რომ არ მქონდეს წაკითხული, გადავწყვეტდი, რომ სტატია შეკვეთილი თუ არა, სარეკლამო მაინცაა. სხვა ვერაფრით ამიხსნია ასეთი მწვავე რეაქცია ჩემს პოსტებზე. არადა, ღმერთმანი, ალავერდის ღვინოზე აუგი ერთი სიტყვაც არ წამომცდენია, მხოლოდ კომპანიის სატარიფო პოლიტიკა გავაკრიტიკე და ამის გამო სხვა კომპანიის წარმომადგენლობა დამწამეს:)(ნეტავ მართლა ვიყო რომელიმე ღვინის კომპანიის წარმომადგენელი :)) ქართული ღვინო რომ ძალზე არაკონკურენტუნარიანი ფასებით გამოირჩევა,ეგ, მგონი, ამ ბლოგის მკითხველთა შორის საკამათო თემა არ არის. ბოლო პოსტშიც (მალხაზ ხარბედიას ინტერვიუ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული) სწორედ ამაზე იყო საუბარი. ვიღაცამ მირჩია, ვაზი+ მიირთვი და გაანებე ალავერდის ღვინოს თავიო, - ბლოგი კარჩაკეტილად ან მეგობრულ წრეში კარგი ღვინის შერჩევაში კონსულტაციის გაწევით არ შემოიფარგლება მხოლოდ, მისი მიზანი ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასთან ერთად, ქართული ღვინის საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობაა. თუ ვცდები, მაშინ ბოდიში ვიხდი, მისამართი შემშლია. ბატონო ალეკო, თქვენ სტატიაში გამოთმული მოსაზრებები ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება ნამდვილად არ არის, და თუ მოსაზრებას საჯარო სივრცეში ათავსებთ, მაშინ მზად უნდა იყოთ, რომ ვიღაც კრიტიკულად მიუდგება, შესაძლოა თქვენთვის არეულ-დარეულად, მაგრამ მიანც კრიტიკულად. თუ ამას ვერ ეგუებით, მაშინ სხვა საქმეს უნდა მოკიდოთ ხელი. ზურა ნაკაიძე პავლოვის 17 პირადი # 01002154569


:))))) კარგი პოსტი იყო :)) თუმცა არასწორი და გადამეტებული მგონია შეფასება, რომ შეკვეთილის შთაბეჭდილებას ტოვებს სტატია. გარკვეულ სუბიექტურობას და ავტორის პოზიციას ვერსად წაუვალთ, ღვინოზე ადამიანებმა უნდა წერონ და არა ობიექტურმა რობოტმა–ჟურნალისტებმა :) სარეკლამო კი ნამდვილად არის ეს სტატია, ამაში გეთანხმებით, ზოგადად ქვევრის ღვინოს ვუწევთ პროპაგანდასა და რეკლამირებას :)))



gaixare malxaz. mandilivit iyo sheni posti, mteli dghe velodei shens gamoxmaurebas :). (bodishi latinuri shriftistvis)


რასქვია მანდილივით! :) მანდილი დიასახლისებმა ჩააგდონ :) ჩემი პოსტი ხელადა ღვინოსავით იყო.



მე მშვიდობის ჩიბუხს სემოგთვაზებდით


ჩიბუხს ჯობია წარაფი შემოგვთავაზო :)



ხაშმური საფერავი ჩემზე იყოს ბატონო ზურა. მახო შენ ჩაქაფული იკისრე :)


შენს ხაშმურ საფერავზე ისევ სტეიკი ჯობია გავიმეოროთ, გუშინდელივით :)



დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ თეიმურაზ ღლონტს მისი პროფესიონალიზმისთვის,გაწეული დიდი შრომისთვის და სიყვარულისთვის რომლის შესახებ მისი რუდუნებით დაყენებული ღვინოები თავად მიტყველებენ.ბატონო ალეკო როგორც ჩანს ბევრს აღიზიანებს მაღალი ფასი ამ არაჩვეულერივი ღვინის რომელსაც ალავერდის მონასტრის მარანში აწარმოებენ,მინდა ინფორმაცია მივაწოდო მათ ვინც ბოთლის გღვინოს მაღალი ფასის გამო ვერ იძენს რომ არსებობს ჩამოსასხელიც რომლის ფასი 10ლარია ლტ დააგემოვნეთ და მგონი მისახვედრი იქნება ყველასთვის რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ არაჩვეულებრივ ღვინოს ასეთი ფასი


ზოგს ეგ 10 ლარიც (თან - 1 ლიტრის ფასია!) ებევრება, ბ.-ნო დავით. ვერაფრით გაუგია, რატომ უნდა ღირდეს რქაწითელის ღვინო 10 ლარი. ხოდა, ვისაც ვერ გაუგია, იმას ვურჩიოთ, ლარიანი ღვინო დალიოს, ან - ცივი წყალი.


ჩამოსასხმელი ღვინო რატომ უნდა ღირდეს 10 ლარი ეს მართლა გაუგებარია. მე მაქვს გასინჯინჯული ეგ ღვინო. კი კარგი ღვინოა, მაგრამ 10 ლარი? ცოტა ძვირია მგონი. 5 ლარად არანაკლებ ღვინის ყიდვა შეიძლება ასევე 3,5 დაც. მაგრამ ლარიანი ღვინის ნამდვილად არ მწამს და ვერც დავიჯერებ რომ ის ღვინო კარგი იქნება.


რა საშიშია წერა საქვეყნოდ, ღმერთმა არ ქნას შეგეშალოს რამე, სულ მათრახით გცემენ. რა ვართ ეს ქართველები, ჯერ ცემა ტყეპა, მერე შეჯიბრი სიყვარულში :-))


ბარემ ისიც გეთქვათ, ის "არანაკლები" ქვევრის ღვინო 5 და 3,5 ლარად სად ვეძებოთ?.. მაინც რომელ ღვინოს გულისხმობთ?


ბატონო ალეკო,არ ვიცი რომელ ღვინოს გულისხმობდა ბატონი სტაკანა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვევრის "წარაფი" 5 ლარად (ღვინის კლუბის წევრებისთვის -4 ლარად) შეგიძლიათ "ეძებოთ" ჩვენს ოფისში. სამწუხაროდ მე თბილისში არა ვარ. დაუკავშირდით მარიკა თალაკვაძეს 599757597. იგივე დიაპაზონში ყიდიან მშვენიერ ქვევრის კახურს გამტკიცულაშვილები. მათი პოვნაც არ გაგიჭირდებათ.ნუ მიწყენთ და ქვევრის ღვინის ძებნაში ქართული სიმღერა,სომხურზე მეტ დახმარებას გაგიწევთ. გილოცავთ ახალ წელს!


ბ-ნო ალეკო თქვენ მგონი დღემდე ვერ დარწმუნებულხართ იმაში რომ 10 ლარი მაგ ღვინისთვის ძალიან ძვირია. უამრავი ღვინოა თუნდაც პატიოსანი გლეხის დაყენებული რომელსაც 4 ლარად შევიძენ და ტოლს ვერ დაუდებს ეგ თქვენი 10 ლარიანი ღვინო. თუნდაც ბ-ნი თალაკვაძის ღვინო რითაა ნაკლები მათ ღვინოზე? ან მათი ღვინო რითაა მეტი? ამ ყველაფერზე ზემოთაა გაცემული პასუხი წარაფისტის მიერ მათ შეუძლიათ შექმნან ლეგენდა ხოლო მათ მიერ შექმნილ ლეგენდას მე 10 ლარად დავახურდავებ თუ 4-ად ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია. გირჩევ კარგად გასინჯოთ ეგ ღვინო იქნებ მერე მაინც აღმოაჩინოთ განსხვავება ნამდვილ ღვინოსა და მაგ ღვინოს შორის :)


ბატონო სტაკანა იქნებ გაგვცნობოდით? თორემ ესეც მე "დამბრალდება".


რაც შეეხება ფასს, მას ბაზარი აწესებს.ღვინის ავტორს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს. მას შეუძლია ან გამოიცნოს თავისი ღვინის ფასი, ან ვერა.როგორც დიკენსი ამბობდა- "შეიძლება ატყუებდე ერთ ადამიანს მუდმივად, ბევრ ადამიანს ცოტა ხნით, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ".


მე თუ დღეს მშია ჩემს ბრილიანტს 1 ლარად გავყიდი, და სხვა ბრილიანტის(კარგი ღვინის) მფლობელებს ნუ დაადანაშაულებ-რატომ თქვენც არ გშიათ და რატომ თქვენც დაბალ ფასში არ ყიდით ღვინოსო. 10 ლარი ლიტრზე ბევრიაო-ადვილია ალეკოს უთხრა(დღეს). ცოტა გვერდზე გახედე მევენახეებს-წინა მუხლებზე ჩაჩოქილი ხარებივით ქვემოდანღა ძლივს რომ იყურებიან-რის ფასად უწევთ დათმონ <<ბრილიანტი>>


ბატონო (იქნებ – ქალბატონო?) სტაქან, ძალიან კარგად მაქვს გასინჯული 10–ლარიანი ღვინოც და ბატონი ელიზბარის მარნის 4–5 ლარიანიც. ამასთან, 10–ლარიანი – ძალიან ბევრჯერ! ასე რომ, ჩემი აზრი კარგად მაქვს ჩამოყალიბებული. ჩემი მოკრძალებული აზრით, ალავერდის მონასტრის მარნისა და ელიზბარ თალაკვაძის მარნის ღვინოები ორივე კარგი ხარისხისაა, მაგრამ ამ ღვინოების ხარისხიდან გამომდინარე, ფასებიც კარგად არის შეხამებული. ზემოთ აღნიშნული "ლეგენდა", რითაც სხვათაშორის ბატონი ელიზბარის "წარაფიც" გამოირჩევა, ორივე ღვინოს ალბათ ოდნავ უმატებს რენომეს და ფასს. სხვათაშორის, რაკი სიტყვამ მოიტანა და ამ ორი ღვინის შედარება/შეფასებაზე მიდგა საქმე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ კონკრეტულ დეგუსტაციაში ორივე ღვინო მონაწილეობდა და როგორც ხედავთ, ამჯერად, ბატონი ელიზბარი ღვინო ხუთეულში ვერ მოხვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს კარგი, უკეთესი და საუკეთესო ქვევრის ღვინოები. ღმერთმა ნუ გამოგვილიოს!


მოედანსაც ხომ აქვს მნიშვნელობა? მარტში ვაპირებთ "ქართული ღვინის ცენტრის" გახსნას ძველი ქალაქის გალავანში, ბარათაშვილზე და გთავაზობთ მორიგი დეგუსტაციის ჩატარებას. ვნახოთ, საკუთარ მოედანზე როგორ ვიასპარეზებთ:)


რავი, დეგუსტაცია დაფარულია ხოლმე, ასერომ მოედანს მხოლოდ რაღაც მისტიკური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს :))



ქვეყანაში სიღატაკე სუფევს და ქართულ ღვინოებს 80 და 100 ლარები ადევთ. ჩამოსასხმელი ათი ლარი ღირს და თურმე ვისაც ეძვირება იმან ცივი წყალი დალიოს. რით უნდა გაამართლო ეს. ვიღაცა ზემოთ ალავერდზე და მის "ლეგენდაზე" საუბრობდა, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ მაიკლ პორტერის წიგნების ზედმეტად კითხვას, რეალობისთვის შეგვეხედა თვალებში ის აჯობებდა. ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე, სადაც საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს და პლუს ამას ეს ხელფასი უზომოდ არათანაბრადაა გადანაწილებული. ვიღაცა კიდე მაკროეკონომიკის სპეციალისტი აღმოჩნდა და გვიხსნის რანაირად ყალიბდება ფასი ბაზარზე. როცა შენი მთავარი კლიენტი სახელმწიფო და მისი ორგანიზებით მოწყობილი ბანკეტებია, მაშინ ლაპარაკი არ შეიძლება იყოს მოთხოვნა მიწოდებაზე და მსგავს ბოდვაზე. ამას რეგულირებული სფერო ქვია ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში. ჩვეულებრივი ქართველი ღვინის მოყვარული რო ღვინოს ვერ გასინჯავს საგანგაშოა ეს ფაქტი. ...და ჩვენ ქვევრის ღვინოების პოპულარიზაციას ვაპირებთ?


ჩემის აზრით ლიტრობით ღვინის სმას უნდა დავანებოთ თავი და მერე მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში "პახმელიაზე" გამოსვლის ფიქრის ნაცვლად, ბევრი საქმის კეთებაზე რომ იყოს გადასული, ქვეყანასაც ეშველება და ღვინის განვითარებასაც. მე მაგალითად ბოლო წელს სულ ორჯერ გავსინჯე ქვევრის ღვინო, მაგრამ იმის მაგივრათ რომ გამომტყვრალვიყავი, უფრო ღვინის გემო მაინტერესებდა და მაგიტომაც 20 ან 30 ლარი (ეგეთი ღვინოებიც არსებობს) არ მენანება სიამოვნების მიღებისთვის. ანუ ჯობს ცოტა და ხარისხიანი. მაგრამ ბევრ ღვინოს გაბერილი ფასები რომ აქვს საქართველოში, ესეც რეალობაა. ამიტომ მე ყოველთვის ღვინის მწარმოებელსაც ვაკვირდები.


მოგესალმებით სუყველას და მადლობას მოვუხდი ამ დეგუსტაციის ორგანიზატორებს, რაც მეტი იქნება უკეთესია. ვფიქრობ, რომ აქ სიღატაკეზე საუბარი უადგილოა და ამა თუ იმ ღვინის ფასზე. მითუმეტეს თუ დაფარულია. ამ შემთხვევაში ფასს არ განუსაზღვრავს გამარჯვებული... და რაც შეეხება მაკეტინგს( ამ შემთხვევაში ლეგენდას) ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საფრანგეთშიც კი ყველამ იცის რომ 75% ფასებში არის მარკეტინგის დამსახურება და არა ხარისხის. და რაც შეეხება სიღარიბეს.... წინა კვირას გამოაქვეყნეს სტატისტიკა 2015 წლის ( კომპანია მგონი Apple) სადაც ნაჩვენებია რომ 2015 წელს საქართველოში გაიყიდა 1 700 000 მხოლოდ iPhone...... ყველა კომპანიას აქვს უფლება ფასთან მიმართებაში, უბრალოდ ვფიქრობ რომ უნდა იყოს მაკონტროლებელი რომელიც უფლებას მისცემს დააწეროს , რომ ნამდვილად ქვევრის ღვინოა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული