Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

5 საუკეთესო მუკუზანი

ალეკო ცქიტიშვილი

6 ნოემბერს რესტორან "დაინინგ რუმში" "ღვინის კლუბმა" ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინის - "მუკუზანის" დეგუსტაცია მოაწყო. ამჯერად, დეგუსტაცია დაფარულად მიმდინარეობდა. მონაწილეებს მხოლოდ ღვინის მოსავლის თარიღს კარნახობდნენ, რათა შეფასებისას გაეთვალისწინებინათ ის ღირსება თუ ნაკლი, რაც ამა თუ იმ ასაკის "მუკუზანს" უნდა ახასიათებდეს.

დეგუსტაციის მონაწილე ენოლოგებისა და კლუბის წევრთა შეფასებით, ბოლო წლებში "მუკუზანის" ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამავე დროს, დეგუსტაციაზე გამოიკვეთა მთავარი პრობლემებიც, რაც დღეს ამ სახელგანთქმულ ბრენდს ახასიათებს. ძირითადად, ეს არის ზედმეტად უხეში მუხის ტონები. ასევე, როგორც ჩანს, სარეალიზაციო ქსელში უფრო მეტია დაუვარგებელი ნიმუშები, ვიდრე დავარგებული. ზოგჯერ "მუკუზანს", რომელსაც ეტიკეტზე მოსავლის თარიღად 2005 ან 2006 წელი აწერია, ახალგაზრდა ღვინისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს.

"ღვინის კლუბმა" ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას და სადეგუსტაციო ნიმუშები საკუთარი სახსრებით შეიძინა სპეციალიზებულ მაღაზია "ღვინის სამყაროში". ამ გზით კლუბი არა მხოლოდ სინჯავსამა თუ იმ ღვინოს, არამედ სწავლობს, რა სახით მიდის იგი მომხმარებლამდე. დეგუსტაციაში მონაწილეობდნენ "ღვინის კლუბის" წევრი ენოლოგები - გიორგი სამანიშვილი, თემურ გონჯილაშვილი, ბონდო კალანდაძე, დავით ჩიჩუა, ასევე “ღვინის კლუბის” სხვა წევრები.

დეგუსტაციაზე გაისინჯა "მუკუზანის" 14 ნიმუში: "შუხმანის ღვინოები" - "მუკუზანი" (2005 წლის მოსავალი); "თბილღვინო" - "მუკუზანი" (2007 წ.); "შუმი" - "მუკუზანი" (2007 წ.), "ქინძმარაულის მარანი" - მუკუზანი" (2005 წ.); "თბილღვინო" – მუკუზანი, რეზერვი" (2008 წ.); შპს "კახური" – "მუკუზანი" (2005 წ.); "ჯი ვი ესი" – "მუკუზანი" (2005 წ.); "ბესინი" – "მუკუზანი" (2006 წ.); "მილდიანი" – "მუკუზანი" (2005 წ.); "ბადაგონი" - "მუკუზანი" (2007 წ.); "კორპორაცია ქინძმარაული" - "მუკუზანი" (2003 წ.); შპს "კახური" - "მუკუზანი, ელიტარული" (2004 წ.); "თელიანი ველი" - "მუკუზანი" (2006 წ.); "თელავის ღვინის მარანი" - მუკუზანი" (2005 წ.).

დაფარული დეგუსტაციის შემდეგ დანომრილი ნიმუშები გაიშიფრა და გამოვლინდა საუკეთესო ხუთეული. ღვინოები ოცბალიანი სისტემით ფასდებოდა. საბოლოო შეჯამებით, საუკეთესო ხუთეულის ღვინოები ერთმანეთს მცირედით ჩამორჩნენ. მაგალითად, "თელიანი ველის" "მუკუზანი" "კორპორაცია ქინძმარაულის" ღვინოს მხოლოდ ერთი მეათედი ხმით უსწრებდა.  

I. შპს "კახური" - "მუკუზანი ელიტარული" (2004 წ.) – 17,8 ქულა;

II. "ბადაგონი" - "მუკუზანი" (2007 წ.) – 17,2 ქულა;

III. "თელიანი ველი" - "მუკუზანი" (2006 წ.) - 16,8 ქულა;

IV. "კორპორაცია ქინძმარაული" - "მუკუზანი" (2003 წ.) - 16,7 ქულა;

V. "ქინძმარაულის მარანი" - "მუკუზანი" (2005 წ.) – 15,7 ქულა;

"ძველი სტანდარტით, "მუკუზანი" მუხის კასრში სამწლიანი დავარგებით უნდა ყოფილიყო. დღეს ეს მოთხოვნა აღარ არსებობს, რამაც ერთი მხრივ, გაამრავალფეროვნა "მუკუზანი", მაგრამ მეორე მხრივ, მწარმოებლები ხშირად ამ ღვინის დავარგებას საჭიროდ აღარ თვლიან. ამიტომაც, თანამედროვე ბაზარზე "მუკუზანს" გარკვეული პრობლემები აქვს. მას უყენებენ პრეტენზიას, რომ ხშირად ცინცხალი და აგრესიული ღვინოა. იმ ნიმუშებს კი, რომლებიც მუხის კასრებშია დავარგებული, ხშირად გაუმართლებლად უხეში მუხის ტონები აქვს. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს ე. წ. მუხის ჩიფსებით, რასაც მწარმოებლები იყენებენ, მაგრამ ამას ეტიკეტზე არ უთითებენ", - აღნიშნა "ღვინის კლუბის" პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ ჯერ კიდევ დეგუსტაციის დასაწყისში. შედეგების შეჯამებისას დასახელებული პრობლემები მართლაც გამოიკვეთა.

ღვინის გურმანებს ხშირად უჩნდებათ ეჭვი, რომ ამა თუ იმ ქართულ ღვინოში არ არის გამოყენებული ყურძნის შესაფერისი ჯიში. მსგავსი პრეტენზიები მეტწილად სწორედ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოების მისამართით გაისმის. ეს პრობლემა გამოიკვეთა "ღვინის კლუბის" საზაფხულო ღვინოების დეგუსტაციაზეც, როცა აღმოჩნდა, რომ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო "ტვიშის" დამზადებისას ზოგჯერ ან საერთოდ არ იყენებენ ამ ღვინისთვის სტანდარტებით განსაზღვრულ ყურძნის ჯიშს – ცოლიკოურს, ან გამოყენებულია ისეთი ცოლიკოური, რომელიც ტვიშის მიკროზონაში არ იკრიფება.

საინტერესოა, რომ "მუკუზანის" დეგუსტაციაზე არც ერთ მონაწილეს არ გასჩენია მსგავსი ეჭვი და არავის უთქვამს, რომ რომელიმე "მუკუზანი" საფერავით არ იყო დამზადებული. როგორც ჩანს, კახეთში იმდენი საფერავია, რომ მასში რომელიმე სხვა ყურძნის ჯიშის შერევამ აზრი დაკარგა. თუმცა, რუსულ ემბარგომდე "მუკუზანში" ვაქირულასა და კახეთში გავრცელებული სხვა ჰიბრიდების გემოსაც შენიშნავდით. როგორც ჩანს, იმ პერიოდში უკიდეგანო რუსულ ბაზარს ათასობით ტონა საფერავი მაინც ვერ აუდიოდა. ამჟამად ასე აღარაა, მაგრამ, სავარაუდოდ, ჯერ მაინც ვერ კონტროლდება, "მუკუზანის" ყველა მწარმოებელი ნამდვილად იყენებს თუ არა იმ რეგიონში დაკრეფილ საფერავს, რაც სახელმწიფო სტანდარტით არის დადგენილი.   

"საქპატენტის" დახასიათებით, "მუკუზანი" ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე - სრული, ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი; გამოხატული ჯიშური სპეციფიკური არომატით და ბუკეტით, მაღალექსტრაქტული. მუკუზანის მიკროზონა მდებაროებს აღმოსავლეთ საქართველოს შიგნით კახეთში, გურჯაანის რაიონის მდ. ალაზნის განედური მიმართულების ხეობის მარჯვენა სანაპიროზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანებაზე, ზღვის დონიდან 350-750 მ სიმაღლის ფარგლებში. ხოლო იმ ტერიტორიების არეალი, სადაც ღვინო "მუკუზანისთვის" ყურძენი უნდა დაიკრიფოს, მოიცავს: დედოფლის ზვარის, ფაფრის მინდვრების, დამარჩინეს, ნადარბაზევის, სოფ. ზეგაანის, მუკუზანის ტერიტორიებს მთლიანად, ჩუმლაყის, ველისციხისა და ვაზისუბნის ტერიტორიების ნაწილს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში საფერავისგან სულ რამდენიმე ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი მშრალი წითელი ღვინო მზადდებოდა - "მუკუზანი", "ყვარელი", "ნაფარეული", "კოტეხი"... ყველა მათგანის წარმატებას განსაზღრავდა ყურძნის უნიკალური ქართული ჯიში - საფერავი, რისგანაც პარალელურად ნახევრადტკბილი ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოებიც მზადდებოდა ("ქინძმარაული", "ახაშენი"). საფერავი პრაქტიკულად ერთადერთი ჯიში იყო კახეთის რეგიონში, რითაც საბჭოთა მეღვინეები წითელ ღვინოებს აყენებდნენ. სხვა წითელყურძნიანი ვაზის კახური ჯიშები უსამართლოდ დაივიწყეს და ეს ვითარება დღესაც შენარჩუნებულია.

შეიძლება ითქვას, კახეთის წითელი მშრალი ღვინოებიდან "მუკუზანი" ყველაზე პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის ბაზარზე. ეს პოპულარობა დღესაც კი შენარჩუნებული იქნებოდა, რომ არა ქართულ ღვინოებზე დაწესებული რუსული ემბარგო. თუმცა, თანამედროვე პირობებში "მუკუზანი" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ღვინოდ შეიძლება იქცეს დასავლეთის ბაზარზე, რადგან იქ უფრო მეტად აფასებენ დავარგების დიდი პოტენციალისა და ღრმა შინაარსის მქონე მშრალ ღვინოებს.

"ამ ღვინოს ქართულ სუფრაზე ორლიტრიანი ყანწით ვერ დალევ. ეს დაგემოვნებით უნდა სვა და ისიამოვნო", - თქვა მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა, ბონდო კალანდაძემ "ბადაგონის" "მუკუზანის" გასინჯვისას. "ამავე დროს ნაზი ღვინოა, გემო დიდხანს რჩება და დაბალანსებულია", - დასძინა "ქინძმარაულის მარნის" მთავარმა ტექნოლოგმა თემურ გონჯილაშვილმა. დაახლოებით იგივე შეფასებები გამოითქვა შპს "კახურის" "მუკუზანი ელიტარულის" მისამართით. შეიძლება ითქვას, ეს ღვინო დეგუსტაციის მონაწილეებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო - ბევრი არ ელოდა, რომ ნაკლებად ცნობილი კომპანიის "მუკუზანი" ყველაზე მაღალ ქულებს დააგროვებდა.

სხვადასხვა ღვინოების დახასიათებისას დეგუსტაციაზე გამოიკვეთა, დაახლოებით როგორია თანამედროვე "მუკუზანი". ფერზე ხშირად ძოწისფერია (კარგი ნიმუშები - სხივიანიც), მუქი წითელი ფერი წლების შემდეგ ღიავდება და აგურისფერში გადადის. სურნელით – მუხის ტონებთან ერთად, იგრძნობა კენკრის, ტყავის, ჩირის, სიგარისა და ე. წ. კომფიტიურის – მოხარშული ხილის ან მურაბის ტონები (განსაკუთრებით - ალუბლის). დაგემოვნებისას საუკეთესო ნიმუშებს ახასიათებს ხანგრძლივი დაბოლოება, ჰარმონიულობა, ხშირად - სასიამოვნო ტანინები, შედარებით ახალგაზრდა ნიმუშებში შეიძლება შეგხვდეთ ხალისიანი მჟავიანობა.  

"საინტერესოა, რომ ყველა ღვინო, რომელიც დეგუსტაციაზე იყო წარმოდგენილი, ასე თუ ისე, აკმაყოფილებდა პირობებს. იყო განსხვავებული წლები, განსხვავებული კომპანიები და სასიამოვნოა, რომ საერთო დონე არის დადებითი. ნებისმიერ რესტორანში "მუკუზანს" ვაძლევ რეკომენდაციას, რომ კარგი ღვინოა და შეუძლიათ თამამად დალიონ", - აღნიშნა ბონდო კალანდაძემ დეგუსტაციის შედეგების შეჯამებისას.  

"ბოლო წლებში "მუკუზანის" ხარისხმა წინ წაიწია. პირველი დეგუსტატორთა საბჭო რომ შეიქმნა, მახსოვს, გასინჯული ღვინოების 80%-ს იწუნებდა. ახლა კი, პირიქით, 14 გასინჯული ნიმუშიდან მხოლოდ 2 იყო დაავადებული, რომელიც არ შევაფასე. 70% მაღალი დონის ღვინო იყო, 30% საშუალო ხარისხის", - განაცხადა თემურ გონჯილაშვილმა.

მალხაზ ხარბედიას აზრით, ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოების ცისტერნებში შენახვა მიზანშეწონილი არ არის. ღვინის მთელი პარტია, დავარგებული იქნება თუ ახალი, ბოთლებში ერთხელ უნდა ჩამოისხას და ამ სახით გავრცელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ერთი და იგივე მოსავლის, მაგრამ სხვადასხვა დროს ჩამოსხმული ღვინოები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. ასე გამოდის, რომ იგივე "მუკუზანის" ეტიკეტზე ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ მოსავლის, არამედ ჩამოსხმის თარიღსაც.

"ღვინის კლუბის" თავს იკავებს დაავადებული ნიმუშების დასახელებისაგან და ყველა კომპანიას ურჩევს, ღვინის ხარისხს ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ დამზადებისას, არამედ რეალიზაციისას. გამორჩეული ხარისხის "მუკუზნების" ავტორებს კი უსურვებს, თამამად გააგრძელონ ექსპერიმენტები, რადგან ამ ღვინოს დასავლეთის ბაზარზე თავისი სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“



martlac kargi shercheuliaaa


meamayeba rom MUKUZNELI var ^_^

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.