Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

4 მაისი - „საამურად შერეკილების“ დღე

ლევან სეფისკვერაძე

4 მაისს ღვინის მოყვარულებს საქმე ასარჩევად ჰქონდათ თუ სად დაეჭაშნიკებინათ ქართული მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო. განსაკუთრებით მონდომებულები და მოხერხებულები მაინც ახერხებდნენ თბილისში გამართული ღვინის სალონ „საამურზე“ სტუმრობას და არც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში გამართულ ფესტივალ „შერეკილებს ტოვებდნენ „დაულაშქრავს.

ჩარდახელი „შერეკილები“

მაისის ღვინის დღეები 4 მაისს მცხეთის მუნიციალიტეტის სოფელ ჩარდახში მდებარე „იაგოს მარანში“ გამართული სალონური მცირე ფესტივალით - „შერეკილებით“ გაგრძელდა. ეს ღონიძიება 2023 წელს რამდენიმე მეღვინემ მოიფიქრა. ფესტივალის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორები მცხეთელი მევენახე-მეღვინე იაგო ბიტარიშვილი და იმერელი მეღვინე რამაზ ნიკოლაძე არიან, რომლებმაც პირველად 8 კოლეგა მეღვინესთან ერთად „იაგოს მარნის“ ეზოში მიიწვიეს ღვინით დაინტერესებული ადამიანები, სომელიეები, ღვინის სპეციალისტები და ჩატარდა ერთგვარი ღვინის დეგუსტაცია-ფესტივალი კულინარიული ელემენტებით.

მოწვეული  მეღვინეების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება და ნაწილი იცვლება, თუმცა ღვინის რამდენიმე მცირე მარანი ამ ფესტივალის ერთგვარ სახედ იქცა და ღვინის მოყვარულები განსაკუთრებით მათ ღვინის დაჭაშნიკებას ესწრაფვიან.

წელს „შერეკილებში“ გაერთიანებული მარნებიდან ოთხი მათგანი აღნიშნულ ღონისძიებაში პირველად იღებდა მონაწილეობას. ღვინოები წარმოადგინეს მეღვინეებმა ლეჩხუმიდან, ქართლიდან, კახეთიდან და იმერეთიდან. მონაწილეთა  შორის იყო მეღვინე ჩვენი მეზობელი სომხეთიდან. ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში ღვინის დამყენებელი ფრანგი მეღვინე მეგობრები. 

ნათია ჩეკურიშვილი, მარანი „თეთრი თუთა“: "შერეკილებში" მეორე წელია ვმონაწილეობ და აქაურობა ძალიან მომწონს, რადგან უფრო სალონის სახე აქვს და გაცილებით მეგობრული სიტუაცია ყალიბდება მონაწილეებსა და სტუმრებს შორის. მომწონს პირველ რიგში, ორგანიზება - ყველაფერი გათვლილი და მოწესრიგებულია, რისთვისაც მადლობა ყველას! მომწონს განწყობა, აურა, ფონი, სტუმრები -  მეღვინეები, ღვინის სფეროს წარმომადგენლები თუ უბრალოდ, ღვინის მოყვარულები. „შერეკილები“ წელს გამოირჩეოდა უცხოელი სტუმრების (იმპორტიორი, მეღვინე) რაოდენობითაც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით კარგია“.

მიუხედავად იმისა, რომ სალონურ ფესტივალში არცთუ ისე ბევრი მარანი  მონაწილეობდა, ღვინის არჩევანი დიდი და მრავალფეროვანი იყო. მეღვინეებს წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც თეთრი, ვარდისფერი და წითელი მშრალი ღვინო, ასევე ბოლო დროს ესოდენ პოპულარული ცქრიალა პეტ-ნატები. ასევე შესაძლებელი იყო ღვინის მარნებში დამზადებული კრაფტ-ლუდის დაგემოვნებაც.

„შერეკილების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, მევენახე-მეღვინე იაგო ბიტარიშვილი  კმაყოფილია ფესტივალის მასშტაბით. მისი აზრით, სალონური ტიპის ფესტივალებს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნიათ.

იაგო ბიტარიშვილი, მევენახე-მეღვინე, ფესტივალ „შერეკილების“ ორგანიზატორი: „ასეთი სახის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ღვინისთვის. ეს აყალიბებს ქვეყანაში ღვინის კულტურას, პოპულარულს ხდის ღვინოს და ეს იწვევს ახალი მარნების გაჩენას, ასევე ბევრ ახალგაზრდის რთავს საქმეში და სწორედ ესაა დარგის განვითარება. იყო დრო, როდესაც საქართველოში მხოლოდ ერთი ფესტივალი იყო და ახლა უკვე საფესტივალო კვირეული გვაქვს. რომ არ იყოს მოთხოვნა, არც გაჩნდებოდა ეს ღონისძიება.

„შერეკილებს“ კონცეპტუალურად არა აქვს მასშტაბური სახე და უფრო სხვა ფუნქცია გააჩნია. ჩვენ გვინდა შედგეს კომუნიკაცია მომხმარებლებსა და მეღვინეებს შორის. ხშირად მხოლოდ დეგუსტაციით ვერ ხვდები ღვინის არსს და საჭიროა მეღვინესთან უშუალო კომუნიკაცია, რათა ცხადი გახდეს როგორ აყენებს ღვინოს და რა ფილოსოფიის მატარებელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არ ხდება თბილისში და არის მცირე მასშტაბის, ვთვლი რომ „შერეკილები“ საკმაოდ კარგად ვითარდება. იმედია შემდეგში კიდევ ბევრი მსგავსი ღონისძიება გაჩნდება“.

ღვინის სალონი „საამური“ სულ უფრო პოპულარული ხდება

როგორვ უკვე ვქვით, 4 მაისს, „შერეკილების“ პარალელურად, ბუნებრივი ღვინის ბარ „საამურის“ ორგანიზებით „ფაბრიკა თბილისში“, "საამური ბუნებრივი ღვინის სალონი" გაიმართა.

უკვე მეოთხე წელია აღნიშნული ღვინის სალონი რამდენიმე მცირე საოჯახო მარნის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. ამ პატარა, თუმცა საინტერესო და მრავალმხრივ ღონისძიებაზე იმ მცირე მარნების ღვინის დაგემოვნება იყო შესაძლებელი, რომლებიც მხოლოდ ორგანულად მოყვანილი ყურძნისგან ბუნებრივი მეთოდით აყენებენ ღვინოს.

სალონის სტუმრებს ღვინოსთან ერთად შესაძლებლობა ჰქონდათ სხვა ქართული ალკოჰოლური სასმელებიც დაეგემოვნებინათ. აღსანიშნავია, რომ 10-დან 12 საათამდე სალონმა მხოლოდ ღვინის პროფესიონალებსა და ექსპორტიორებს უმასპინძლა, ხოლო 12-დან 19 საათამდე ყველა მსურველს შეეძლო ღონისძიებაზე დასწრება და საუკეთესო ბუნებრივი ღვინოების დაგემოვნება და შეძენა.

გია ლაფაური, საოჯახო მარანი „ლაფაური“: „საამურის" ღვინის ფესტივალზე მესამედ მივიღე მონაწილეობა. კარგად ორგანიზებულია და  მასშტაბიც ემატება. ბევრი მეღვინესთან და ღვინის სფეროში მოტრიალე ხალხთან ურთიერთობა სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. მე 4 სახეობის ღვინო (კლასიკური ქვევრის რქაწითელი-მწვანე, 2024. საფერავი 2024. ჟღია-კაჭიჭი 2024, საფერავი-კაჭიჭი 2021, ჭაჭა და ჯინი მქონდა მაგიდაზე. + ჩემი პროექტის "კისისხევის ისტორიული ძეგლების" რუკა მედო ტერუარების და ჩემი ვენახების მდებარეობის აღნიშვნით. სხვათა შორის ძალიან ბევრი დაინტერესდა ამით, განსაკუთრებით უცხოელი მეღვინეები და ჟურნალისტები. კარგი იყო ინფორმაციების გაცვლა და ჭიქების მიჭახუნებაც. საინტერესო პეტ-ნატები და სიდრიც გავსინჯე. გამიკვირდა, რომ ჩემი ექსპერიმენტი (ყოველ წელს სხვადასხვანაირი მაცერაციით ვაყენებ) "ჟღია-კაჭიჭი" აღფრთოვანებას იწვევდა. მოკლედ კარგი იყო, დავიღალე და დავთვერი კიდევაც“.

„საამურზე“ საქართველოს თითქის ყველა მეღვინეობის კუთხიდან იყო  მარნები წარმოდგენილი - სამეგრელო, რაჭა, ლეჩხუმი, კახეთი, ქართლი და იმერეთი. იმპორტიორები იყვნენ დანიდან, საბერძნეთიდან, ნიდერლენდებიდან და საფრანგეთიდან. ღვინის გარდა წარმოდგენილი იყო ნატურალური სიდრი, ლუდი და ჯინი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული