ნენე - 23 აპრილი, 2011 - 02:12
როცა ეკლესიის ეზოში ძველი ქვევრები ვნახე დავინტერესდი და აი, რა გავიგე ჩემი მამამთილისგან;
წინათ კაცი სახლის მშენებლობას ქვევრის ჩადგმით იწყებდა, ამიტომ ასეთ ქვევრს ზედაშეს ( "ზედ ააშენე") ანუ ფუძის ანგელოზს ეძახდნენ. ამის შემდეგ შენდებოდა საცხოვრებელი სახლი, ხოლო ქვევრები მარნად იქცეოდა... რაც შეეხება ზედაშეს, ის განსაკუთრებული ქვევრი იყო, რომელშიც ისხმებოდა წინწანაქარი, საუკეთესო ყურძნის წვენი , რომელიც დაწურვამდე გასდიოდა დაკრეფილ ყურძენს საწნახელიდან...
მისგან დაყენებული საუკეთესო ღვინო აუცილებლად გაიცემოდა - ეკლესიისთვის შესაწირად, უპოვართა სამადლოდ და მიცვალებულთათვის ქელეხში მოსაკითხად ანუ - საღვთოდ გაიცემოდა.
ცარიელ ქვევრს, ახალი ღვინით ავსებამდე კი , ძალიან დიდი პატივით ექცეოდნენ- სუფთად ინახავდნენ და პერიოდულად სანთელსაც უნთებდნენ, აქვე იყო სამლოცველო კუთხეც..
როდესაც კომუნისტების დროს ეს ტრადიცია მოიშალა, ეკლესიებიც დაიხურა და მადლის გაცემაც დავიწყებას მიეცა ( ზედმეტი არ უნდა გქონოდა), ხალხმა ეს ზედაშეები ამოთხარა და ეკლესიის ეზოში მიიტანა, ეშინოდათ უფუნქციო ქვევრისა - მისი მომვლელიც არავინ იყო წესისამებრ და ამიტომ მიჰქონდათ ეკლესიებში. ასეთი ქვევრებით სავსე იყო თითქმის ყველა ტაძარი ...
ხათუნა წიქარიშვილი - 23 აპრილი, 2011 - 01:45
არჩვეულებრივი წამოწყებაა, მივესალმები და მიხარია... ქვევრი ჩვენი საგანძურია. მიყვარს და მაინტერესებს ყველაფერი ქვევრის შესახებ.
ხათუნა წიქარიშვილი - 23 აპრილი, 2011 - 01:42
არაჩვეულებრივი წამოწყებაა, მივესალმები და მიხარია.... მიყვარს და ყველაფერი მაინტერესებს ქვევრის შესახებ.
ჩარდახი - 22 აპრილი, 2011 - 23:48
ბატონო ვასილ,
ზუსტად თქვენისთანა ხალხს ვეძებთ და მასეთი ისტორიებია ჩვენთვის ძალიან საინტერესო.
ჩემთვის განსაკუთრებით რადგანაც ქართლზეა საუბარი და გული მწყდება, რომ დღეს დღეობით ეს რეგიონი ისე შთამბეჭდავად არ გამოიყურება მეღვინოების დარგში როგორც მის ისტორიულ წარსულს ეკადრება.
ახლა თუ არის შემორჩენილი რაიმე ნაშთები მაინც ან იმ ქვევრების ან კიდევ მარნების?
დიდი სიამოვნებით ვინახულებდით.
აქვე გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და შემოგთავაზოთ მაგ მხარეში თუ გეგულებათ ადამიანი რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საინტერესო ღვინო იქნებ ეცადა ჩვენს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვუგულშემატკივრებდით და ხელს შევუწყობდით.
ვასილ, ურბნისი - 22 აპრილი, 2011 - 23:26
დიდი მადლობა! ისე მარანი ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ვებ–გვერდია და ამაზე არაერთხელ ამიღნიშნავს კიდეც მარანის საკონტაქტო მაილზე.
კიდევ ერთხელ მადლიერებით გეტყვით, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ! გაგაძლიეროთ ღმერთმა!!!
მალხაზ ხარბედია - 22 აპრილი, 2011 - 22:42
დიდი მადლობა ვასილ ამ კომეტარებისთვის. ხშირად შემოიხედე ხოლმე :)
ვასილ, ურბნისი - 22 აპრილი, 2011 - 22:28
საუბარი მაქვს კომუნისტების დროზე, როდესაც ეკლესია უმოქმედო იყო. აგერ დასაზუსტებლად ამ წუთსაც ვკითხე დედაჩემს და მეუბნება, რომ მის ბავშვობაში კიდევ უფრო ბევრი ქვევრები იყო ტაძრის ეზოში (უამრავი)! ისინი ძირითადად შეწირულები იყო ტაძარს – მოსახლეობისაგან (უფრო ადრე ალბად სასულიერო პირებს მარანი ჰქონდათ ტაძართან და იქ სწირავდნენ ხალხი ქვევრებს, სავარაუდოდ).
გარდა ამისა საინტერესო ისიცაა, რომ ხალხს გატეხილი ქვევრებიც კი მიჰქონდათო იქ. მთლად დაფშხალული კი არა, უბრალოდ გამოუსადეგარი, საქმე ისაა, რომ გადაგდებაც ენანებოდათ ქვევრისა და ტაძრის ეზოში ამიტომ მიიტანდნენ ხოლმე.
რაც შეეხება სანთლის დანთებას და ქვევრის წამოღებას. ვისაც სჭირდებოდა მიქონდა ქვევრი სახლში და ვინაიდან სასულიერო პირები აღარ იყვენენ ტაძარში, დაუკითხავად წამოღება რომ არ ყოფილიყო, სანთელს ანთებდნენ, ერთგვარად ნებართვას იღებდნენ ღმერთისგან და მხოლოდ ამის მერე წაიღებდნენ ხოლმე შინ. თუ ქვევრი დიდ ხანს ჩერდებოდა ამ ოჯახში მამა შვილს უბარებდა, რომ ეს წმინდა სტეფანეს, ანუ ჩვენი ეკლესიის ქვევრია და როცა იქნება უნდა დააბრუნოო (გამოყენების დრო შეზღუდული არ იყო). ამასთან ეკლესიის ქვევრში დაყენებული ღვინის ზედაშე რამდენიმე ლიტრი აუცილებლად ეკლესიაში გადაქონდათ და ეზოში ღმერთი სადიდებელს ამბობდნენ....
მალხაზ ხარბედია - 22 აპრილი, 2011 - 21:11
ამ ბოლო ამბავზე უფრო კონკრეტულად ხომ არ იცით რამე? "საინტერესოა, რომ ქვევრი თუ დასჭირდებოდათ ურბნისელებს მიდიოდნენ ტაძარში, სანთელს ანთებდნენ ერთგვარად ნების დართვის მიზნით და მიჰქონდათ ქვევრი შინ, მერე რამდენიმე წელიწადს გამოიყენებდნენ მას და აბრუნებდნენ ისევ ეკლესიის ეზოში....".
წინასწარ დიდი მადლობა.
ვასილ, ურბნისი - 22 აპრილი, 2011 - 20:09
უფროსებისგან ვიცი, რომ 50–60–იან წლებში ჩვენთან ურბნისში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას თითქმის ყველგან, სადაც ~ბარს დაკრავდნენ~ ნახულობდნენ ქვევრებს. შემდეგ უკვე ჩემს ხსოვნაშიც იყო ასეთი შემთხვევები, მაგალითად სოფლის გამგეობის ამჟამინდელი შენობისთვის საძირკველის გაჭრისას (რომელიც პირდაპირ ურბნისის გალავანის ნარჩენების მიმდებარე ტერიტორიაზეა) თუ არ ვცდები ოცამდე ქვევრი იპოვეს ერთად. ბევრი ქვევრი ურბნისის ტაძრის ეზოშიც იყო ხოლმე, ოღონდ მაღლა მიწაზე ელაგა. არ ვიცი საიდანმე იყო ამოღებული, თუ იქვე ეკლესიის ეზოში მდებარეობდა მარანი და იქიდან ამოყარეს (სავარაუდოდ ბოლშევიკებმა). საინტერესოა, რომ ქვევრი თუ დასჭირდებოდათ ურბნისელებს მიდიოდნენ ტაძარში, სანთელს ანთებდნენ ერთგვარად ნების დართვის მიზნით და მიჰქონდათ ქვევრი შინ, მერე რამდენიმე წელიწადს გამოიყენებდნენ მას და აბრუნებდნენ ისევ ეკლესიის ეზოში....