Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Grand cru ფალსიფიკაცია

როდესაც ღვინის ბოთლზე დაკრულ ეტიკეტს შეხედავთ, გახსოვდეთ, რომ მასზე გამოსახული წარწერა ბოთლის შიგთავსს ყოველთვის არ შეესაბამება. თავის სტატიაში რობერტ ჯოზეფი მოგვითხრობს თაღლითობაზე, რომელიც მეღვინეობის სფეროში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა.

კონტრაფაქტური ისტორია

კარგი ღვინის მოყვარულთა და დამფასებელთა გაცურებას თაღლითები საუკუნეების წინაც ცდილობდნენ. როგორც როდ ფილიპსი თავის "ღვინის მოკლე ისტორია"-ში მოგვითხრობს, ეს პრობლემა ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს აწუხებდათ. ისინი ცდილობდნენ, არ დაეშვათ იმ პერიოდისთვის ძალზე პოპულარული ტკბილი ღვინის ფალსიფიცირება, რომელიც კუნძულ თასოსზე იწარმოებოდა. გამოსცეს კანონები, რომლის თანახმადაც იგი მხოლოდ გარკვეული ტიპის ამფორებში უნდა გაყიდულიყო (რომელთაც ასევე კუნძულ თასოსზე ამზადებდნენ) და კრძალავდა მის შემოტანას სხვა რაიონებიდან.

ღვინის ფალსიფიცირების ყველაზე ადრეული მაგალითი პომპეის ტავერნებში გაყიდული სასმელია, რომელიც, თაღლითთა მტკიცებით, სახელგანთქმული ფალერნული ვენახების მოსავლიდან იყო დამზადებული. შანსი, რომ ამ დაწესებულების სტუმრები ნამდვილი ფალერნული ღვინის გემოს ამოიცნობდნენ, სახლის გვერდით მდებარე მაღაზიაში კონიაკ Napoleon-ის ან ბანგკოკის სტრიპტიზ-კლუბში ნამდვილი შამპანურის ყიდვის შესაძლებლობას უთანაბრდებოდა.

მოგვიანებით, უკვე ჩვ. წ.აღ. XIV საუკუნეში, ჯეფრი ჩოსერი თავის "კენტერბერიულ მოთხრობებში" ერთ-ერთი გმირის პირით ამცნობდა საზოგადოებას იმ პერიოდისთვის გავრცელებულ ესპანურ ღვინოთა ფალსიფიკაციის შესახებ: "შორს დაიჭირე თავი თეთრი და შავი, განსაკუთრებით კი, ესპანური ღვინოებისგან, რომლებიც ფიშ-სტრიტსა და ჩიპსაიდზე იყიდება. მათ რაღაც საოცრებებით აზავებენ მეზობელი რაიონების სხვა ღვინოებთან." 300 წლის შემდეგ კი, როგორც ტიმ ანვინი წიგნში - "ღვინო და ვაზი" მოგვითხრობს, უოლტერ ჩარლტონმა გაამხილა, რა საშუალებებით შეიძლებოდა ლა-როშელისა და კონიაკის დაბალხარისხიანი ღვინო რესპექტაბელურ "რეინულად" გარდაქმნილიყო. ანდა, როგორ შეიძლებოდა ანწლის მარცვლებით უფერული კლერეტისთვის მკვეთრი ფერი და მძაფრი გემო მიენიჭებინათ.

ღვინის გაყალბება დღემდე ძალზე მომგებიან და შემოსავლიან საქმედ ითვლება. მისი დაყოფა პირობითად ორ "ნაწილად" შეიძლება: ორდინარულ და სახელგანთქმულ ფალსიფიცირებულ ღვინოებად.

არ დალიო ღვინო, გერტრუდა...?

2000 წლის ნოემბერში გაყალბებასთან მებრძოლმა იტალიურმა ორგანიზაციამ 9 თაღლითისგან შემდგარი ბანდა აღმოაჩინა. მათ ბრალად ედებოდათ მილიონ ბოთლზე მეტი Chianti-სა და 20 000-მდე - 1994-95 წლების Sassicaia-ს ფალსიფიცირება. ეს ციფრები მხოლოდ ქსელში ჩაშვებამდე დაპატიმრებულ პროდუქციას ასახავს. სინამდვილეში თაღლითური ოპერაციის საერთო მოცულობა გაცილებით მასშტაბური იყო და შესაძლოა, Chianti-ს სახელით გაყიდულ ღვინოთა 10%-ც კი შეედგინა.

ერთი წლით ადრე, კომპანია P&O Ferries აიძულეს ქსელიდან ამოეღო ესპანური ღვინის ბოთლები ყალბი ეტიკეტებით, რომელთაც ორი წლის განმავლობაში საკუთარ გემებზე არსებულ მაღაზიებში ყიდდა. ყველაფრიდან გამომდინარე, ამ საზღვაო სატრანსპორტო კომპანიის არცერთ კლიენტს არ შეუმჩნევია და არ გაუპროტესტებია იაფფასიანი რიოხა, რომელიც სინამდვილეში კიდევ უფრო იაფი ლა-მანჩური ღვინო აღმოჩნდა. ამჯერად ესპანური პოლიციის ბადეს 30 000 ბოთლი და 300 000 ეტიკეტი ამოჰყვა.

2000 წელს სკანდალების სერიამ ბურგუნდიას გადაუარა, 2002-ში კი ბორდოს ჯერი დადგა. თებერვალში ლაფში ამოისვარა ექვსი ყველაზე მსხვილი და საპატიო ღვინით მოვაჭრის სახელი: გაირკვა, რომ ისინი გარეულნი იყვნენ მილიონნახევარ ტონაზე მეტი ყალბი Bordeaux-ის ყიდვა-გაყიდვაში, რომელიც შემდგომში უკანონოდ ერეოდა ლანგედოკ-რუსიიონურ ღვინოს. ადამიანს, რომელიც მათ სამი წლის განმავლობაში ჰყიდდა კასრის ღვინოს, წვრილ მოვაჭრე ჟან ემერს, შეეძლო დაედასტურებინა, რომ უმსხვილესმა ბორდოელმა ნეგოციანტებმაა ზუსტად ისევე ვერ გაარჩიეს სიყალბე რეალობისგან, როგორც ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა. არავის შეუტანია ეჭვი ნაყიდ ღვინოთა ორიგინალობაში და მოსჩვენებია, რომ ღვინო, რომელშიც 2000 წლის ლანგედოკური სირა შედიოდა, ბორდოს ღვინოთა კლასიკური გემოსგან მკვეთრად განსხვავდებოდა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა სამხრეთული ღვინო ბორდოს კუპაჟში. ფრანგული კანონებით, ღვინის წარმოშობა ეტიკეტზე მითითებულ ადგილს უნდა შეესაბამებოდეს. ახალ სამყაროში მეღვინეებს შეუძლიათ სხვა მოსავლის, რეგიონის ან ჯიშების მხოლოდ 15%-ის დამატება. მაგრამ ზოგჯერ მათ თავისუფლების ეს ხარისხიც არ აკმაყოფილებთ. ფრედ ფრანზია, ღვინის კალიფორნიული ინსტიტუტის პრეზიდენტი, არასწორი შემადგენლობის ზინფანდელის გაყიდვისთვის რამდენიმე წლის წინათ 500 000 დოლარით დააჯარიმეს. სერიოზულად დასაჯეს ღვინის ახალზელანდიური საწარმო Coopers Creek, რომელიც გაცილებით ნაკლებ სოვინიონ ბლანს შეიცავდა, ვიდრე მითითებული ჰქონდა.

საინტერესოა, რომ მყიდველები სიამოვნებით მიირთმევდნენ ფრანგულ ღვინოს ექვსი წლის განმავლობაში და არ ჩიოდნენ; ახალზელანდიელი მსაჯები კი Sauvignon Blanc-ს ბრმა დეგუსტაციების საფუძველზე პრიზებს ანიჭებდნენ.

ღვინის მეორე სიცოცხლე

თუ ადამიანები, რომლებიც ოქროს ქორწილს აღნიშნავენ, არცკი უკვირდებიან, რა ასხია მათ ბოკლებში, ის, ვის წინაშეც ასწლიანი ღვინის ბოთლი დევს, ჩვეულებრივ, საოცარ მღელვარებას განიცდის. ამ უკანასკნელთ იმის გაფიქრებაც არ უნდათ, რომ სასმელი დასალევადაა განკუთვნილი. ეს ფაქტი კარგად გამოიყენეს თაღლითებმა და გასული საუკუნის ბოლოს დაუჯერებელი რაოდენობით ღვინო "1900" გამოუშვეს.

აუქციონის სახლ Sotheby-ს ღვინის ექსპერტის, სირინა სატკლიფის თქმით, ძველი ღვინოების დამზადებასა და გაყიდვას ჩვენს დროში უზარმაზარი მოგება მოაქვს. თაღლითები, რომლებიც ძირითადად ევროპაში მოღვაწეობენ, ძველ ბოთლებს ყიდულობენ და საეჭვო ხარისხის სითხით ავსებენ. ეტიკეტის მიმსგავსება გაცილებით იოლი საქმეა, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე პრინტერთა შესაძლებლობებს, ძველი საცობების გაყალბება კი განსაკუთრებულ დახელოვნებას მოითხოვს. აი, რით აიხსნება ფალსიფიკატორთა ჩანაფიქრი, რომელნიც ამჯობინებენ გასაყიდად გამოიტანონ ძველი ბოთლები, რომელნიც ცოტა ხნის წინათ "ხელმეორედ დაიბეჭდა".

რასაკვირველია, არსებობს ძველი კლერეტები, რომელთაც ნაკლულ სითხეს ამატებს და შემდეგ ხელახლა ბეჭდავს იმავე შატოს უფროსი მეღვინე, სადაც იგი დაამზადეს, თუმცა, ეს გამონაკლისია წესიდან. საილუსტრაციოდ ბელგიური წარმოშობის ბორდოელი ნეგოციანტის, ჰალედ რუაბის მაგალითი გამოდგება, რომელიც ყოველგვარი წესების დარღვევით ძველ ბოთლებში ახალგაზრდა ღვინოს ასხამდა. მან 360-მდე ბოთლი შეასაღა მყიდველებს და არავინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა მისი ქცევა, რომ არა პარიზელი ფრანსუა მანო, რომელმაც 108 ბოთლში 70 000 დოლარი გადაიხადა, ისე, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. სასამართლო პროცესზე რუაბის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაურღვევია კლასიკური ბორდოული რეკონსტრუქციის წესები, თუმცა სპეციალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბოთლებში მოთავსებული სითხე 50 წელს არ აღემატებოდა. ამის შემდეგ სასამართლო საქმის პიკანტურ დეტალებს საფუძვლიანად ჩაუღრმავდა. სხვათა შორის, რუაბის ბიზნეს-პარტნიორი სწორედ ის ბატონი ემერი იყო, რომელიც ბორდოში ლანგედოკურ ღვინოებს ყიდდა.

ღვინო, რომელიც არასოდეს ყოფილა

ერთხელ ერთმა ამერიკელმა, რომელიც Domaine de la Romanée-Conti-ს ესტუმრა, გადაწყვიტა თავი ადგილობრივი ღვინოების კარგი ცოდნით გამოეჩინა. - განსაკუთრებით მომეწონა 1949 წლის Romanée-Conti - თქვა მან. - საინტერესოა, სად ნახეთ ეს ბოთლი? - იკითხა მამულის ერთ-ერთმა მმართველმა, ლალუ ბიზ-ლერუამ. - ერთ-ერთ წვრილ ვაჭართან, რომელმაც მისი ნამდვილი ფასი არ იცოდა, - იყო პასუხი. მაშინ ბიზ-ლერუამ მიუგო, რომ ასეთი Romanie-Conti უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. 1945 წლის შემდეგ მამულში ვაზის უკანასკნელი ძირებიც ამოძირკვეს, რომელიც ფილოქსერამ დააზიანა. შემდეგი Romanée-Conti მხოლოდ 1952 წელს გამოვიდა. ცხადი იყო, რომ ამერიკელს გაყალბებული ღვინო შეასაღეს.

ეს საუბარი 20 წლის წინათ შედგა. რამდენიმე წლის წინათ კი ყველაზე ცნობილი აზიელი ღვინის სპეციალისტი დოქტორი იონგი სინგაპურში სადილობდა, სადაც მას სიამაყით შესთავაზეს Chateau Pétrus 1949. მდიდარმა მასპინძელმა იგი ლონდონელ ვაჭართან შეიძინა და ბედნიერი იყო, რომ საშუალება ეძლეოდა ასეთ საპატიო სტუმარს გამასპინძლებოდა. თუმცა, შეისუნთქა თუ არა ღვინის არომატი, დოქტორმა იონგმა იგრძნო, რომ რაღაც კარგად არ იყო. რა სასიამოვნო სასმელიც უნდა ყოფილიყო ბოკალში, მას არაფერი ჰქონდა საერთო Pétrus 1949-თან. უფრო დაკვირვებით შეისწავლა ეტიკეტი და დარწმუნდა, რომ ღვინო ყალბი იყო.

მზაობა იმისა, რომ სააშკარაოზე გამოიტანონ გაყალბებული სასმელები, პროფესიონალებსაც და მოყვარულებსაც თანაბრად აქვთ. სირინა სატკიფის თქმით, ამერიკასა და აზიაში უამრავი სარდაფია, სადაც ბევრი საინტერესო რამ ინახება. მაგალითად, ბოთლები შესანიშნავი ეტიკეტებით, რომელთა შიგთავსი აბსოლუტურად არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

"მე ვვარაუდობ, რომ 1999 წელს გაიყიდა 1949 წლის საუკეთესო შატოთა მეტი ვინტაჟური ბორდო, ვიდრე ის საერთოდ იყო შექმნილი" - აღნიშნავს იგი.

ვინ უშველის ჩაძირულებს?

ბუნებრივია, ამგვარ საქმიანობას ღვინის კანონმდებლობის სხვადასხვაგვარი ფორმა, რომელიც ბოლო ასწლეულში ევროპასა და ახალი სამყაროს ქვეყნებში შემოიღეს, უკანონოდ მიიჩნევდა. თუმცა, იმ სკანდალთა გრძელი ჩამონათვალი, რომლებიც ბოლო ოც წელიწადში თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანას შეეხო, გვიჩვენებს, რომ ჯერ არ გამოუგონებიათ მექანიზმი, რომელიც სრული გაუყალბებლობის გარანტიას მოგცემთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ Chateau Margaux-ს ქმედება, რომელმაც ხმაური ატეხა, როდესაც აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ბოთლში 1900 წლის ღვინო 1995 წლის სასმელთან იყო შერეული და ამასთან, აღწერილი, როგორც "რეკონსტრუირებული." მაგრამ ბორდოს სხვა შატოებმა, ბატონი მანოს თქმით, სირაქლემას პოზიცია დაიჭირეს, ნაცვლად იმისა, რომ გამყალბებელთათვის პასუხი მოეთხოვათ. ასევე მოიქცა ბევრი სხვა შატოც, რომელნიც სიხარულით ადევნებდნენ თვალს, როგორ კატასტროფულად იზრდებოდა მათი პროდუქციის ფასები და თითიც არ გაუნძრევიათ საკუთარი პროდუქტისა და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. მათ ნამდვილად არ აწყენდათ ავსტრალიაში BRL Hardy-ს ოფისების სტუმრობა. სადაც ნახავდნენ, როგორ იცავენ ამ კომპანიის წარმომადგენლები გაყალბებისგან საკუთარ პროდუქტს: წითელი Eileen Hardy ისხმება ბოთლებში, რომლებზეც აკრავენ სპეციალურად მელნით დაბეჭდილ ეტიკეტებს. ეს მელანი შეიცავს 125 წლის წინათ ავსტრალიაში გამოშვებული ღვინის მოლეკულის დნმ-ს. შემდგომში მისი აღმოჩენა სპეციალური სკანერითაა შესაძლებელი, რაც ძალზე მარტივად დაამტკიცებს ღვინის ორიგინალობას.

როგორ აღმოვაჩინოთ გაყალბება?

საშუალებები, რომლებიც გარანტირებულად აღმოგაჩენინებთ გაყალბებას, რეალურად არ არსებობს, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია შესაძლოა გამოგადგეთ;

*ღვინო მხოლოდ ცნობილ, კარგი რეპუტაციის მქონე გამყიდველებთან შეიძინეთ, რომელთაც ენდობით. მართალია, ფალსიფიკაციისგან არც ამ შემთხვევაში ხართ დაზღვეული, მაგრამ მეტი შანსია, რომ ზარალი აგინაზღაურონ. თუ ღვინოს აუქციონზე ყიდულობთ, გახსოვდეთ, რომ სააუქციონო სახლი ჩაქუჩის მესამე დარტყმის შემდეგ მასზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის.

*აუცილებლად ჩაატარეთ საკუთარი გამოძიება. ძველი ავტომობილების მყიდველები ყოველთვის ამოწმებენ, ხომ არ არის მასზე ახალი საღებავის კვალი; შეესაბამება თუ არა ავტომობილის გარბენი მის რეალურ მდგომარეობას? ასევე, თქვენც, აუცილებლად იკითხეთ, სად და როდის შეიძინეს კონკრეტული სასმელი? სად და როგორ პირობებში ინახებოდა? როგორ გამოიყურება ეტიკეტი და კაფსულა?

*იმ შემთხვევაში, თუ ლაპარაკია ბოთლის ხელმეორე დალუქვაზე, გაარკვიეთ, არსებობს თუ არა ამის დამადასტურებელი საბუთები, მოითხოვეთ იმის დამტკიცებაც, ვინ და რა პირობებში მოახდინა ეს პროცესი?

*თუ ღვინო ზემოთჩამოთვლილ პუნქტებს დააკმაყოფილებს, შეამოწმეთ საცობი - არის თუ არა იგი საკმარისად ძველი? რამდენად ორიგინალურია მასზე გამოსახული დამღა? როგორია ღვინის ფერი და შეესაბამება თუ არა სასმელის გემო თქვენს მოლოდინს?

*შედეგების შეჯამებისას ბოლო და მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მათ, ვინც ძველი ღვინის შეძენას გეგმავს - აუცილებლად ეწვიეთ რამდენიმე ისეთ დეგუსტაციას, როგორსაც მართავენ ინგლისელი მოვაჭრეები - Lay&Wheeler, Bibendum და la Vignerone და სთხოვეთ, მოგცენ საცობებისთვის თვალის შევლების საშუალება.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული