Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სენ-ჟულიენის თავისებურებანი

ამ აპელასიონში არ არის არცერთი პრემიერ კრუ, მაგრამ ვერც მეხუთე კატეგორიაში შემავალ ვენახებს ნახავთ. ადგილობრივი "მეორე კრუები" იმდენად ხარისხიანია, რომ სპეციალურად მათთვის სახელწოდება - "სუპერმეორე" მოიგონეს. აქაურ ღვინოებს ბეთჰოვენის მუსიკას ადარებენ - მათი დაბალანსებულობისა და მომნუსხველი ექსპრესიულობის გამო. ლაპარაკია სენტ-ჟულიენზე, რომელიც ყველაზე პატარაა მედოკის ოთხ აპელასიონს შორის. მისი თითქმის ყველა შატო 1855 წელს მინიჭებულ კლასს შეესაბამება. ბევრს, არცთუ უსაფუძვლოდ, უფრო ზემოთ წაწევის პრეტენზიაც აქვს. ადგილობრივი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ცნობადობით არ გამოირჩევა, ამიტომ კარგი ბორდოს მოყვარულთათვის სენტ-ჟულიენის ღვინოები სასიამოვნო აღმოჩენად იქცევა ხოლმე. დღეს სენტ-ჟულიენის თავისებურებებზე მოგითხრობთ და იმ ძირითად შატოებს მიმოვიხილავთ, რომლებიც აპელასიონის იმიჯს ქმნის.

2-emes crus
Chateau Ducru-Beaucaillou/შატო დიუკრუ-ბოკაიუ
Ducru-Beaucaillou-ს სენტ-ჟულიენის Lafite-Rothschild-ს უწოდებენ და მეორე კლასის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ბორდოდ მიიჩნევენ. პარკერის აზრით, ის არაფრით ჩამოუვარდება "პრემიერ კრუს" სახელგანთქმულ ღვინოებს.
ქრესტომათიული ბორდოს მწარმოებელს ბორდოს შატოებისთვის ტიპური ისტორია აქვს: დაარსდა XVII საუკუნის ბოლოს; არაერთი მფლობელი გამოიცვალა და 1860 წელს ჯონსტონების სანეგოციანტო სახლის ხელში გადავიდა. 1941 წელს შატო ფრანსის ბორიმ შეიძინა. ამჟამად იქ მისი ვაჟი, ჟან-ეჟენი ცხოვრობს და ღვინის წარმოების პროცესს უძღვება.
Ducru-Beaucaillou- ღვინოთა სტაბილურ ხარისხს რეგულარული გადარჩევა განაპირობებს. 1953 წლიდან შატოს კონსულტანტი ბორდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფერმენტოლოგი, ემილ პეინო გახდა. მისი ხელმძღვანელობით  დაწურულმა ღვინომ იმავე წელს პარკერის შეფასებით 93 ქულა დაიმსახურა.
 უმაღლესი ქულა – 96 ქულა მსოფლიოს პირველი კრიტიკოსისგან Ducru-Beaucaillou-მ ლეგენდარულ 1961 წელს მიიღო. ეს იყო მუქი ლალისფერი ღვინო ვანილის, კარამელის, პიტნისა და კედრის ეგზოტიკური ბუკეტით. ორ გამორჩეულ მოსავალს შორის – 1961 და 1982 წლებში, საუკეთესო გახდა 1970 წლის ღვინო, რომელმაც 91 ქულა დაიმსახურა. იგი დაახასიათეს, როგორც ძალზე სურნელოვანი, შესანიშნავი აგებულების და საუკეთესო თვისებებით გაჯერებული. 1978-ში Ducru ისევ გამარჯვებულია სენტ-ემილიონის მასშტაბით: ამჯერად 90 ქულა პიკანტური ღვინისთვის. 1982 წელს უდავოდ შესანიშნავი, საოცრად სავსე და სხეულიანი ღვინო დამზადდა, რომლის მსგავსი სენტ-ემილიონში დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა (94 ქულა). კარგი იყო 1989 წლის მოსავალიც, რომელსაც პარკერი 1982 და 1986 წლების ღვინოთა ნაზავს ადარებს (92 ქულა). დასკვნა კი ასეთია: ჩამოთვლილ წლებში დამზადებული სასმელი მაღალი ხარისხისაა და ტოლს არ უდებს ბორდოს ნებისმიერ პრემიერ კრუს.
 
Chateau Gruaud-Larose/შატო გრუო-ლაროსი
 
ამბობენ, რომ სენტ-ჟულიენის ვაკეზე ვაზი საუკუნეების წინ ველურად ხარობდა, ვიდრე XVIII საუკუნეში უპატრონო მიწებს თვალი მხცოვანმა მეღვინემ, გრუომ არ დაადგა. მან საჩვენებელი ვენახი გააკეთა, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა (მეორე ნაწილი გრუოს მემკვიდრის, გენერალ-ლეიტენანტ მუსიე ლაროსის "ანგარიშზეა"). მოგვიანებით ვენახი დაანაწილეს. ხელახლა მედიცინის დოქტორმა კორდიემ გააერთიანა, რომელმაც 1993 წელს შატო კომპანია Alcatel Alshtom-ს მიჰყიდა. 1997-ში ის სავაჭრო ფირმა - Bernard Taillan Vins-მა გამოისყიდა, თუმცა მმართველად კვლავ ჟორჟ პოლი დარჩა.
Gruaud-Larose-ს ძველი ვინტაჟებიდან დღემდე საუკეთესოდ ითვლება 1928 წლის ღვინო (პარკერმა 1988 წელს იგი 98 ქულით შეაფასა); 1950-იანები შატოსთვის მაინცდამინც წარმატებული არ გამოდგა; როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალ შეფასებას იმსახურებს 1961 წლის ვინტაჟი (96 ქულა); კარგია 1975 წლის ღვინოც, მაგრამ ნამდვილ ტრიუმფთა სერია 1980-იანებიდან იწყება, როდესაც შატოს სასმელი პირველი კლასის ღვინოებს გაუთანაბრდა. 1982 და 1986 წლების მოსავალი 97 ქულით აღინიშნა, ამასთან, 1986 წლის ღვინო იმდენად გრანდიოზულ პოტენციალს და სტრუქტურას ფლობს, რომ პარკერმა მას "მომავალი თაობის ბორდო" უწოდა. შემდგომი კარგი ვინტაჟები 1983 და 1985 წლებზე მოდის (90 ქულა). ეს უკანასკნელი ძალზე მხატვრულადაა აღწერილი: "მომხიბლავი, ტკბილი, სურნელოვანი, კენკრის, მუხისა და ტრუფელის არომატით."
 
Chateau Leoville Las Cases/შატო ლეოვილ ლას კაზი
 
Leoville Las Cases ღვინოთა შესანიშნავ ხარისხს პოლ დელონისა და მისი ვაჟის, მიშელის დამსახურებად მიიჩნევენ. ეს უკანასაკნელი ამჟამად შატოს დირექტორია და სენტ-ჟულიენში პირველობაზე ოცნებობს. ამისათვის უკან არაფერზე იხევს და ხშირად ექსცენტრულადაც იქცევა, თუმცა მისი ღვინო სპეციალისტთა მაღალ შეფასებას იმსახურებს. მათი სტილი ასკეტურია, თავად სასმელი კი - მშრალი და არომატული.
განსაკუთრებული გამოდგა შატოსთვის 1982 წელი. პარკერმა ვინტაჟი 100 ქულით შეაფასა და "ჩვენი დროის სუპერვარსკვლავი" უწოდა. ეს ნამდვილი სენსაცია იყო. ამ ფონზე მომდევნო წელი "ჩავარდა" (90 ქულა), თუმცა აპელასიონის მასშტაბით ლიდერობა არავის დაუთმო. რაც შეეხება 1986 წლის ღვინოს, თავად დელონი მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის და მას 1966, 1961 წლების ვინტაჟს ადარებს. პარკერის აზრით კი ეს ღვინო ხარისხით მხოლოდ 1982-ის სასმელს ჩამორჩება (97 ქულა). 1988-ში, რომელიც სხვა შატოებისთვის წარუმატებელი გამოდგა, Leoville Las Cases ღვინო, 1966 წლის მსგავსად, იდეალურად დაბალანსებული გამოვიდა: ალუბლისა და ახალი მუხის ინტენსიური ტონებით.
 
Chateau Leoville-Poyferre/შატო ლეოვილ-პუაფერე
 
          1840 წელს, Leoville-ს მამულის დაყოფისას ძველი ციხესიმაგრე Leoville-Poyferre-ს მხარეს აღმოჩნდა. 80 წლის შემდეგ ბარონმა დე პუაფერემ მამული კიუველეს ოჯახს მიჰყიდა, რომელთაც ომიანობის პერიოდში ეს ადგილები დაკარგეს. 1979 წელს ახალგაზრდა დიდიე კიუველემ საოჯახო ვენახები ისევ დაიბრუნა. ამ ტერიტორიის უდიდეს პოტენციალს ყოველთვის აღნიშნავდნენ. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ სენტ-ჟულიენის დანარჩენ "სუპერმეორეთაგან" აქ ყველაზე კარგი ნიადაგია, მაგრამ ღვინოზე ეს არ აისახება. კიუველეს არაერთმა მცდელობამ, გაეუმჯობესებინა ვითარება, ნაყოფი არ გამოიღო. უკანასკნელი 20 წელი შატოს ღვინოებს საუკეთესო რეპუტაცია ნამდვილად არა აქვთ. ჯონსონი მიიჩნევს, რომ ისინი Leoville Las Cases და Ducru-Beaucaillou-ს ბევრად ჩამორჩება, პარკერი კი მამულის IV კლასამდე ჩამოქვეითებას ითხოვს. მისი აზრით, დაბალ ხარისხს მოსავლის ნაადრევი კრეფა იწვევს, რაც მის გადამეტებულ მჟავიანობაშიც აისახება.
 
Chateau Leoville-Barton/შატო ლეოვილ-ბარტონი
 
თუ Leoville-Poyferre-ს მთავარი პრობლემა არარეალიზებული ნიადაგია, Leoville-Barton-ის აქილევსის ქუსლად არასტაბილურობა რჩება. საბედნიეროდ, 1980-იანებში ეს საკითხი მოგვარდა და კარგი ღვინოების წყებამ კრიტიკოსებს ნაკლოვანებები დაავიწყა. ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ შატო თავის კლასს შეესაბამება, თუმცა უმაღლეს შეფასებას ჯერჯერობით არ იმსახურებს.
მამულის პირველი მფლობელი, ჰიუ ბარტონი სანეგოციანტო სახლ Barton et Guestier-ის დამაარსებლის, ტომას ბარტონის შვილიშვილი გახლდათ. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც შატოს უკვე ორი საუკუნეა ერთი ოჯახი ფლობს. ამჟამინდელმა მმართველმა, ენტონი ბარტონმა 1983 წელს პოსტი ბიძამის რონალდისგან ჩაიბარა. რონალდი საფრანგეთიდან ფაშისტების ოკუპაციისას გაიქცა და უკან 1945 წელს დაბრუნდა. მისმა გულმოდგინე მცდელობებმა ნაყოფი გამოიღო: 50-იან წლებში შატო სენტ-ჟულიენში ერთ-ერთ საუკეთესო სასმელს აწარმოებდა. ამ პერიოდის ღვინოები ნამდვილი შედევრი იყო – სქელი, მდიდრული, ეგზოტიკური არომატით. პარკერი მათ 93-98 ქულით აფასებდა. 1961 წლიდან დაღმასვლის პერიოდი დაიწყო, რომელიც 1982-მდე გაგრძელდა. ამ წლის ღვინომ 1961 წლის ვინტაჟსაც კი გაუსწრო(93 ქულა). წარმატებული იყო შემდგომი რამდენიმე წელიც, რომლის დროს დაყენებულმა ღვინოებმა სპეციალისტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.
 
 
3-иmes crus
Chateau Langoa-Barton/შატო ლენგოა-ბარტონი
 
თავის ჩანაწერებში ჰიუ ჯონსონი ამტკიცებს, რომ ჰიუ ბარტონმა, რომელმაც ვერ შეძლო დაებრუნებინა საფრანგეთის რევოლუციამდე მის საკუთრებაში არსებული Chateau Lafite, კომპენსაციად 1821 წელს შეძენილი Langoa მიიჩნია. ამ მამულში ციხესიმაგრე ჯერ კიდევ 1755 წელს აიგო. Langoa-Barton სრულებით შეესაბამება თავის კლასს, თუმცა, პარკერის სიტყვებით, ღვინის ფასი ხარისხისთან შედარებით დაბალია. იგი განსაკუთრებით 4 ვინტაჟს გამოყოფს და 1952, 1970, 1975 და 1985 წლების ღვინოს 88 ქულით აფასებს. 1961 და 1982 წლების დიდი ვინტაჟები კიდევ უფრო არომატულია: მუქი-ლალისფერი, ხისტი სტრუქტურისა და უზარმაზარი პოტენციალის სასმელი, რომელიც სრულად 2010 წელს გაიხსნება. პარკერი მათ 89 ქულას ანიჭებს. ყველაზე მაღალი შეფასება კი ძველმა ღვინოებმა მიიღო: 1953 წელს - 90 ქულა, 1948-ში - 93 ქულა.
 
Chateau Lagrange/შატო ლეგრანჟი
 
        ეს მიწა ოდესღაც ჰოსპიტალიერების ორდენს ეკუთვნოდა. პირველი არენდატორი XVIII საუკუნეში სენიორ დე პოიაკი იყო, შემდეგ  - სენიორ დე ლა გრანჟი, მამულის აყვავება კი ჟან ვალერ კაბარუს უკავშირდება, რომელიც ნაპოლეონ I-ის ფინანსთა მინისტრი გახლდათ. შატომ წლების განმავლობაში არაერთი მფლობელი გამოიცვალა, სანამ 1983 წელს იაპონურმა ფირმა Suntory-მ არ შეიძინა. კონსულტანტად არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ჰყავდათ, ვიდრე არ გამოჩნდა მარსელ დიუკასი, რომელმაც მოკლე ხანში საოცარ შედეგებს მიაღწია.
        Suntory-მდე შატო საშუალო დონის პროდუქციას აწარმოებდა. საუკეთესოდ ითვლებოდა 1961 წლის ვინტაჟი (85 ქულა პარკერის მიხ.). 1985-ში, რომელიც ზოგადად წარუმატებლად ითვლება, აქაურმა ღვინოებმა 89 ქულა დაიმსახურა. ნაყოფიერი გამოდგა 1986 წელიც  - ხანგრძლივმაცხოვრებელი ღვინით (მისი პიკი 2025 წელს დადგება). მუქი ლალისფერი სასმელი ახალი მუხის, შავი კენკრისა და ყვავილების ტონებით ხასიათდება.  
 
სენტ-ჟულიენი
Saint-Julien- კომუნალური აპელასიონი, განლაგებული რეგიონული აპელასიონის, მედოკის ცენტრში.
 
დაყოფა
აპელასიონის ძირითადი კომუნა – სენტ-ჟულიენი, ასევე შედის კომუნების – კიუსაკისა და სენტ-ლორანის პატარ-პატარა მონაკვეთები. სენტ-ჟულიენის კომუნის 16ჰა პოიაკის აპელასიონში შედის.
 
წარმოების დასაწყისი
XVII საუკუნე – მეღვინეობის დასაწყისი, მხვილი მეღვინეობის მამულების ჩამოყალიბება. XIX-XX ს. – ვენახების ჩაყრა. XXს შუა წლები – მეღვინეობის აღდგენა.
 
ყურძნის ჯიშები
კაბერნე სოვინიონი, მერლო, კაბერნე ფრანი, პტი ვერდო, მალბეკი, კარმენერი.
 
მოამზადა ნანა კობაიძემ
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული