Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რიბერა-დელ-დუეროს უკიდურესობანი

ნანა კობაიძე

რიბერა-დელ-დუერო - ყველაზე ცნობილი ესპანური ღვინის, Vega Sicilia Unico-ს სამშობლოა. რეგიონის პრობლემა იმაშია, რომ ღვინის კრიტიკოსების უმეტესობა ამ ვარსკვლავის გარდა, ყველა სხვა საწარმოს შესაძლებლობას ეჭვით უყურებს. მართალია, საუკეთესო მეღვინეები მაღალ სტანდარტს იცავენ, მაგრამ ბაზარზე ბევრი მდარე ხარისხის სასმელიც გადის.  
არავინ დავობს იმაზე, რომ რიბერა-დელ-დუეროს შესანიშნავი წითელი ღვინის წარმოება შეუძლია. მწარმოებელთა ინტერესის ზრდაზე ბოდეგების  რაოდენობაც მიუთითებს. მეორეს მხრივ, ეს ფაქტი სულ უფრო მეტი უხარისხო სასმელის გამოჩენასაც არ გამორიცხავს.
 
სიცივიდან მოსული ტემპრანიიო
 
ადგილობრივი მეღვინეები ჭკვიანურად იყენებენ ყურძნის შესანიშნავ ესპანურ ჯიშს, ტემპრანიიოს, რომელიც აქ ტინტო ფინოს ან ტინტო დელ პაისის სახელითაა ცნობილი. რიბერაში იგი მსუყე ფერის, გამოხატული გემოს მქონე ღვინოებს იძლევა, რომელთა სხვა ღვინით გაზავება აუცილებელი არაა (ხანდახან გემოს შესარბილებლად მათში ცოტაოდენ ადგილობრივ თეთრ ჯიშს, ალბიიოს ურევენ).
რა განაპირობებს ტემპრანიიოს წარმატებას რეგიონში? ყველაზე მეტად  მაღალმთიანი კლიმატის ზეგავლენა. ზღვის დონიდან 500-900 მეტრ სიმაღლეზე ვაზის გამოყვანა ენოლოგს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. რისკი საკმაოდ დიდია, უპირველესად კი - მოყინვის საშიშროება. საფრთხეს ქმნის სიცივე წელიწადში 9 თვის განმავლობაში, ასევე, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.
ზოგიერთი მეღვინე რეგულარულ მსუბუქ ყინვებში დადებით ეფექტს ხედავს. ხავიერ ზაკანინი, ადგილობრივი მაკონტროლებელი ორგანოს, Consejo Regulador-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ყინვები მშვენივრად მოქმედებს ხარისხზე. მოსავლიანობის ბუნებრივ რეგულატორსაც კი უწოდებს, თუმცა მის მოსაზრებას ბევრი არ ეთანხმება. მათ შორისაა ტომას პოსტიგო, რომელიც ვითარებას სხვაგვარად აფასებს: "შესაძლოა, სიცივე მართლაც ასტაბილურებს რაოდენობას, სამაგიეროდ აუარესებს ხარისხს", - მიიჩნევს ის.  
ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ რეგიონში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი  (თუ ყინვებს არ ჩავთვლით) და მევენახეები ისეთ მოსავალს იღებენ, როგორიც თავად სურთ? რასაკვირველია, არა. DO-ს წესები აქაურებს კარნახობს, რომ ჰექტარ ვენახზე არა უმეტეს 70 ჰექტოლიტრი ბადაგი მიიღონ, რაც დაახლოებით 10 ტონა ყურძენს უდრის. ამ შემთხვევაში ყინვების მიზეზით მოსავლიანობის შემცირება სასურველიც კია. თავად მეღვინეები მიიჩნევენ, რომ რიბერა-დელ-დუეროს ტიპური ღვინოების ძირითად თვისებებს მოსავლის რაოდენობაზე მეტად ვაზის ასაკი განაპირობებს.
           
პატივისცემა მოხუცებს
 
მეღვინე ხოსე მანუელ პერესი ბოდეგა Perеz Pascuas-იდან, ამტკიცებს, რომ მის მიერ დამზადებული სასმელის კონცენტრაცია, სტრუქტურა და სხეულიანობა პირდაპირ უკავშირდება ვენახის ასაკს. მათი უმეტესობა 30-40 წლისაა და ჰექტარზე 3 ტონას იძლევა. საუკეთესო ღვინო - Perеz Pascuas Gran Selecciуn Gran Reserva დგება ვაზისგან, რომელიც პერესის ბაბუამ 55 წლის წინათ დარგო. პირველად ეს ღვინო 1990-ში დაწურა, 1991 წლის “ვინტაჟი” კი მხოლოდ 1998 წელს ჩამოასხა ბოთლებში. სასმელი მართლაც შესანიშნავია – ბალანსირებული, ჟოლოს ძლიერი არომატით, რომელიც პირის ღრუში ტრუფელის გემოს იძენს.
პერესის მოსაზრებას ვაზის ასაკსა და მოსავლიანობის შესახებ სხვა  მწარმოებლებიც იზიარებენ. Vega Sicilia-ს ტაქტიკა ძალზე მარტივია: Vega Sicilia Unico მხოლოდ 25 წლის და უფრო ძველი ვაზისგან მოკრეფილი ყურძნით მზადდება; 15-25-წლიანი ვაზის მოსავალს Valbuena-ში იყენებენ (ეს გახლავთ მეურნეობის მეორე ღვინო, რომელიც ბაზარზე მხოლოდ 5 წლის შემდეგ გადის), კომპანიის "ნაბოლარა" ღვინო -  Aliуn კი ყველაზე ახალგაზრდა, 7-15 წლოვანი ვაზისგან მზადდება. სამივე ღვინისათვის საჭირო ყურძნის რაოდენობა ტინტო ფინოს შემთხვევაში, ჰექტარზე საშუალოდ - 3, კაბერნესთვის კი -  3,5 - 4,5 ტონით განისაზღვრება.
რიბერა-დელ-დუეროში ტემპრანიიოსთან ერთად კაბერნე სოვინიონიც მოჰყავთ. Vega Sicilia-მ რეგიონის დანარჩენ ვენახებს მაგალითი მისცა. ტომას პოსტიგო აღნიშნავს, რომ 1998 წელს, როცა საქმიანობას იწყებდნენ, მხოლოდ 15% კაბერნე მოჰყავდათ, ახლა – 25%. გარდა ამ ჯიშისა, მცირე რაოდენობით მერლოსა და მალბეკსაც იყენებენ (ორივე მათგანი დაშვებულია DO-ს წესებით).  
ვაზის ხნოვანების გარდა წარმატების სხვა ფაქტორებიც არსებობს.  მაგალითად, გასხვლის ფორმა. ხოსე ლუის სანსი Dehesa Los Canonigos-იდან ხაზს უვამს, რომ მის ვენახებში კაბერნე სოვინიონი ტრადიციულ ესპანურ სტილში en vaso იზრდება. ეს იმისთვის, რომ მოსავლის რაოდენობა შეამცირონ, რაც საჭირო რაოდენობის ყურძნის მიღებაში ეხმარება.
 
დეტალებში დაფარული საიდუმლო
 
            ფასები რიბერა-დელ-დუეროს ღვინოებზე საკმაოდ მაღალია, მაშინ, როცა ბევრი მათგანი არაფრად ვარგა. უმეტესობას მკვეთრად გამოხატული სულფიდის არომატი აქვს, რომელიც ლაყე კვერცხის სუნს წააგავს. პასკალ დელბეკი, ამ რეგიონში მომუშავე ცნობილი ბორდოელი მეღვინე, ამტკიცებს, რომ ტინტო ფინოც და თავად ტემპრანიიოც მიდრეკილია სულფიდური ქცევისკენ, ამიტომ   განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, ეს რომ არ მოხდეს.
რიბერას რეგიონის უმთავრესი საზრუნავი ხარისხია, ხარიხის საიდუმლო კი დეტალებში იმალება. Vega Sicilia-სა და Bodegas Perеz Pascuas-ს მეღვინეები, ხავიერ ხესუს ოსასუ და ხოსე მანუელ პერესი ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ: ახალი ღვინოებისთვის ორივე მათგანი ახალი მუხის კასრებს იყენებს. Vega Sicilia Unico კასრებში (80% - ამერიკული მუხა; 20% - ფრანგული, ეს უკანასკნელი გამოიყენება კაბერნეს, მერლოსა და მალბეკისთვის) 3 წლამდე მწიფდება; Valbuena, ჩვეულებრივ, იმ კასრებში ძველდება, რომელშიც მანამდე Unico. Aliуn, Unico-ს უმცროსი ძმა კი სხვა მარანში მზადდება, თუმცა იგივე ტექნოლოგიით - 100% ტინტო ფინო და ახალი ფრანგული მუხის კასრები.
Unico და Valbuena,  ჩვეულებრივ, ფილტრაციას არ ექვემდებარება (ძალზე კონცენტრირებული მოსავლის გარდა), მაშინ როცა Aliуn ყოველთვის სუფთავდება კვერცხის ცილით. ამოსავალ წერტილად სამივე შემთხვევაში გადარჩევა ითვლება: მარცვლის გადარჩევა ვენახში, ნედლეულის გადარჩევა ფერმენტაციის წინ და ღვინის შერჩევა საუკეთესო კასრებიდან. Perеz Pascuas-ში ხოსე მანუელ პერესი იყენებს 90% ამერიკულ და 10% ფრანგულ მუხას - კაბერნესთვის, ასევე სისტემას ფერმენტაციისას ფსკერზე "ქუდის" დასაკავებლად, და ეს ყველაფერი - ფერისა და ინტენსივობის მაქსიმალური ნიშნულის მისაღწევად. სხვათა შორის, იგი არასოდეს სარგებლობს ფილტრით.
Vega Sicilia-ცა და Perеz-იც ვენახსა და მარანში გააზრებულად მუშაობის მაგალითია, თუმცა შეიძლება სხვა წარმატებულ მეღვინეთა დასახელებაც. ისინი შესანიშნავ ღვინოს ამზადებენ, თუმცა ვიდრე რიბერა-დელ-დუეროს იმიჯი  არასასიამოვნო რეპუტაციისგან არ გათავისუფლდება, საქმეს არაფერი ეშველება.
 
ბრძოლა რეპუტაციისთვის
 
ჯერ კიდევ 1988 წელს, DO-ს ჩამოყალიბებიდან 6 წლის შემდეგ, რიბერა მცირე კოოპერატივებისა და ოჯახური ბოდეგების ერთობლიობას წარმოადგენდა, რომლებიც ხარისხიანი ღვინის დამზადებას ცდილობდნენ. 12 წლის შემდეგ "გიგანტები" გაქრნენ, პატარა ბოდეგები კი მსხვილ საწარმოებად გადაიქცნენ. ზოგიერთმა სახელი მთელს მსოფლიოში მოხვეჭა (მაგ. Pesquera ან Mauro), თუმცა დღემდე ბევრი საწარმოს პრობლემა ინვესტიციების უქონლობაა. აქაური კლიმატი მეღვინეებს აიძულებს ღვინო დიდხანს დააძველონ ბოთლებსა და ბარიკებში, ეს კი ინვესტიციების ამოღებას ახანგრძლივებს და ამცირებს რეგიონის მიმზიდველობას პოტენციური კრედიტორებისთვის.
1989 წლიდან რიბერაში ბოდეგების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 157-ს მიაღწია, მაგრამ პრობლემად რჩება მათ მიერ წარმოებულ ღვინოთა  განსხვავებული ხარისხი. შესაძლოა, ზოგი ფინანსების ნაკლებობას განიცდის, ზოგი – გამოცდილების, ზოგიერთიც – ორივეს ერთად. ფაქტია, რომ რიბერა-დელ-დუეროში შესაძლებელია კარგი ღვინოების დამზადება და არაერთი მწარმოებელი ახერხებს კიდეც ამას, მაგრამ რეგიონის სამომავლო რეპუტაციისთვის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები არ კმარა, რეპუტაციას ხომ ყველა ერთად ქმნის.   
 
 
სახელწოდება      
Ribera del Duero - "მდინარე დუეროს ნაპირს" ნიშნავს.
წარმოების დასაწყისი
არქეოლოგიური კვლევები რაგიონში მეღვინეობის არსებობას ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ადასტურებს.
ჩვ.წ.Aაღ. XI-XIIსს         უკვე რგავენ დღეისთვის არსებულ ყველა ჯიშს, ხდება ვაზის კულტივაცია ეკლესია-მონასტრებში.
XIIIს - ჩნდება ღვინის პირველი სარდაფები.
XVII-XVIIIს - მევენახეობისა და მეღვინეობის აყვავების ხანა; ვენახების ფართობისა და წარმოებული ღვინის რაოდენობის ზრდა.
დაყოფა
4 პროვინცია: Burgos(60 მუნიციპალური ოლქი), Segovia (4 მუნიციპალური ოლქი), Soria (19 მუნიციპალური ოლქი), Valladolid (19 მუნიციპალური ოლქი).
ნიადაგი
მიწისქვეშა ფენა - ქვოვანი ქანების პლატო, ზედა ფენა – დანალექი ქანები, ქვიშა და ხრეში, კირქვის პლასტები.
ვაზის ჯიშები
ნებადართული ჯიშები: ტემპრანიიო (ტინტო ფინო/ტინტო დელ პაისი), გარნაჩა, ალბიიო. კაბერნე სოვინიონი, მერლო, მალბეკი – ექსპერიმენტული ჯიშების სტატუსით.
წესები
Ribera del Duer-ოდ მხოლოდ წითელი და ვარდისფერი ღვინოების კლასიფიცირება შეიძლება. მაქსიმალური მოსავლიანობა – 49ჰლ/ჰა.
მეღვინეობა
ახალგაზრდა წითელი ღვინოები (Joven) – ცივი ფერმენტაცია, სტაბილიზაცია და წმენდა. ამ ღვინოებს კასრში არ აძველებენ. დაძველების მაქსიმალური ვადა – 6 თვემდე ბოთლებში.
დაძველებული წითელი ღვინოები (Crianza, Reserva, Grand Reserva) - პირველადი დადუღება საფუვრით კონტროლირებად ტემპერატურაზე (ოქტომბერ-ნოემბერი).
ვაშლ-რძემჟავული ფერმენტაცია. დაძველება 1-4 წელი: Crianza – არანაკლებ 12 თვისა კასრებში; Reserva  - არანაკლებ 36 თვისა კასრებსა და ბოთლებში, აქედან არანაკლებ 12 თვისა კასრებში; Grand Reserva – არანაკლებ 60 თვისა, აქედან არანაკლებ 24 თვე - კასრში და 35 თვე - ბოთლში.
ვაჭრობა
აპელასიონ რიბერა-დელ-დუეროს ტერიტორია 10 357 ჰექტარზეა გადაჭიმული. განთავსებულია 160 მეღვინეობის მეურნეობა. ყოველწლიური წარმოება – 34 მილიონ ბოთლზე მეტი (წითელი და ვარდისფერი ღვინოები).
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული