Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გზამკვლევი - Loire - მომავლის ღვინო

 

თამარ სუხიშვილი

ხეობის სახელი Loire მოდის ლათინური სიტყვიდან - Liger. ასე ეძახდნენ გალები საფრანგეთის ყველაზე გრძელ - 1000 კმ სიგრძის მდინარეს, რომლის ნაპირზეც დღეს ღვინის კულტურა ყვავის. ლუარას ხეობის ვენახები სხვადასხვა კლიმატურ ზონებშია მოქცეული - კონტინენტურიდან (სანსერი და პუიი-ფიუმე) ზღვის ჰავამდე (მუსკადეს ოლქი) - და, შესაბამისად, დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ყურძნის ჯიშები

თეთრი: შენენ ბლანი (პინო დე ლა ლუარი), მუსკადე (მელონ დე ბურგონი), სოვინიონ ბლანი, გრო პლანი, რომორანტენი.

წითელი: კაბერნე ფრანი, გამე, გროლო, პინო ნუარი, კაბერნე სოვინიონი, მალბეკი, პინო მენიე, არბუა, პინო დ’ონისი.

მეღვინეობის თავისებურებები

ფერმენტაცია კასრებში, ტკბილის დაშაქვრა.

თეთრები: რძემჟავიანი ფერმენტაცია (სოვინიონი: კანთან კონტაქტი ფერმენტაციის წინ).

წითლები: ხანგრძლივი კონტაქტი კანთან, ტემპერატურის კონტროლი (გათბობა/ტკბილის გაყინვა), დატუმბვის რეჟიმი.

მუსკადე: ღვინის დატოვება ნალექზე (sur lie), ბოთლებში ჩამოსხმა კასრიდან გაწმენდისა და ფილტრაციის გარეშე.

"საფრანგეთის წალკოტი" - ასეც მოიხსენიებენ ხოლმე ლუარის ხეობას. ამ ეპითეტის შემდეგ ხეობის მართლაც რომ მომაჯადოებელი პეიზაჟების აღწერას აღარ მოვყვები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ადგილის მკვიდრნი ისტორიული მემკვიდრეობითაც იწონებენ თავს. აქაურობამ ჯერ კიდევ X საუკუნიდან მიიქცია ფრანგ მონარქთა ყურადღება და ამ ადგილებში ნელ-ნელა გაჩნდა ფრანგული ციხე-სიმაგრეები - შატოები. მართალია, XVI საუკუნის შუა ხანებში მეფე ფრანსუა I-ს ისევ პარიზისკენ გაუწია გულმა, ხოლო XVII საუკუნეში მეფე ლუი XIV-მ მთავარი რეზიდენცია ვერსალში გადაიტანა, მეფეებსა და მსხვილ ბურჟუებს მაინც ლუარისკენ ეჭირათ თვალი, განსაკუთრებით - ზაფხულში. მზე რომ დააცხუნებდა, ფრანგი დიდგვაროვანნი ლუარის ხეობის სიგრილეს აფარებდნენ ხოლმე თავს და იწყებოდა ამ შატოებში დიდი დროსტარება და ღვინის სმა...

საფრანგეთის რევოლუციის დროს ბევრი შატო დაინგრა და განადგურდა, მათი სიმდიდრეებიც განიძარცვა. I და II მსოფლიო ომების დროს რამდენიმე შატოში სამხედრო შტაბ-ბინაც კი განათავსეს. დღესდღეობით ზოგი შატო ტურისტებისთვის ღიაა, ზოგში - პრივატული რეზიდენციაა, ზოგშიც სასტუმროა განთავსებული.

2002 წლის 2 დეკემბერს ლუარის ხეობის ერთი მონაკვეთი Sully-sur-Loire-დან Chalonnes-მდე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ტრადიცია

როგორც ამბობენ, ვაზი აქ რომაელებს ჩვ.წ. I საუკუნეში დაურგავთ. თუმცა რეგიონის მეღვინეობის ტრადიცია რომაელი იმპერატორის - მარკუს ავრელიუს პრობუსის (ჩვ.წ. III ს.) სახელს უკავშირდება. პრობუსი ჯარისკაცებს თურმე მოსვენებას არ აძლევდა და ლაშქრობიდან ლაშქრობამდე, უქმად რომ არ მოცდენილიყვნენ, ხან რას ავალებდა და ხან - რას. ასე დარგეს პრობუსის ბრძანებით ვაზი გალიაში, პანონიასა და სხვა ადგილებში, რათა ეს გადახრიოკებული მიწები აეყვავებინათ, ასე აღადგინეს ხიდები და სარწყავი არხები ნილოსზე და სხვა და სხვა.

ესეც ლუარის მეღვინეობის რომაული ისტორია. თუმცა ამასწინანდელი არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ ამ ტერიტორიაზე მეღვინეობა არსებობდა (ყოველ შემთხვევაში ლუარის ზემო წელის ტერიტორია) ჯერ კიდევ ახ.წ. I საუკუნეში, და V-VI საუკუნეებისთვის უკვე კარგად იყო განვითარებული. რაღა თქმა უნდა, რომაელების შემდეგ აქ ბევრი რამ შეიცვალა, ახალი ჯიშები შემოვიდა, ღვინის დაყენების ახალი პრაქტიკა დამკვიდრდა...

ლუარის მეღვინეობის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის თავის "ფრანკთა ისტორიაში" გრიგორი ტურენელი (593-594 წწ.) ის დაწვრილებით გვიამბობს ბრეტონთა ხშირ მცდელობებზე ნანტის ოლქის ვენახების ხელში ჩასაგდებად. ლუარის ღვინოები კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ბრეტონელებმა თავდასხმები შეწყვიტეს და ლუარის ღვინის შესყიდვა დაიწყეს. ტურენი საექსპორტო ღვინოებსაც აწარმოებდა.

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, მეღვინეობის აღზევებაში აქაც დიდი როლი ითამაშეს რელიგიურმა ორდენებმა... მაგალითად, Bourgueil მონასტრის წინამძღვარმა 1089 წელს რეგიონს თურმე კაბერნე ფრანი გააცნო. ამის შემდეგ საფრანგეთის სამეფო კარზე ორლეანისა და ანჟუს ღვინოებს დიდად გაუთქვამთ სახელი. შუა საუკუნეებში ლუარადან საექსპორტო ღვინო ჯერ დასავლეთით - ნანტში და მერე ზღვით - ინგლისსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაჰქონდათ; აღმოსავლეთით კი ძირითადად შიდა ბაზარზე - პარიზში გადიოდა.

უკვე XI საუკუნის ბოლოს ცნობილი იყო სანსერის ღვინო, როდესაც მისი ექსპორტი დაიწყეს ფლანდრიაში. ფლანდრიასთან ვაჭრობით განსაკუთრებით გამდიდრდა ანჟერი, იქ ყველგან აშენებდნენ ვაზს, ზედ ქალაქის გალავანთანაც კი. გრაფმა ანჟუელმა უბოძა ანჟერს ღვინის ტრანსპორტირების მონოპოლიური უფლება - მენისა და ლუარის გავლით ბრეტონთა პორტ ენგრანდამდე. გარდა ამისა, მხოლოდ ანჟერში ჰქონდათ ვაჭრებს ღვინის ყიდვის უფლება პირდაპირ ვენახებში. ანჟუს ღვინო დიდი რეპუტაციით სარგებლობდა ფლანდრიასა და ინგლისში მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. საფრანგეთში ყველაზე უფრო ძვირფასი ღვინო იყო სენ-პურსენი. XIV საუკუნეში სენ-პურსენი ძალიან ძვირად ფასობდა და, სხვათა შორის, ავინიონში ის პაპის კარის საყვარელი ღვინო გახლდათ.

ვიცით ისიც, რომ 1709 წელს საშინელ ყინვებს ნანტში მთელი ვაზი გაუნადგურებია. XVIII საუკუნეში ბურგუნდიიდან შემოუტანიათ და ხელახლა დაურგავთ მელონი, თუმცა ერთი საუკუნის შემდეგ ანჟუში ფილოქსერამ თითქმის მთელი ვენახები მოსპო...

ბევრი რამ არც არის ცნობილი ლუარის ხეობის მეღვინეობის ისტორიიდან, ისევე როგორც არ არის ცნობილი ლუარის ბევრი კარგი ღვინო; არადა, ამ რეგიონში დიდი საგანძური ინახება - უკვე აღმოჩენილიც და ჯერ აღმოუჩენელიც.

ჯიშები

ლუარაში გავრცელებულია სამი ძირითადი თეთრი ჯიში და ორიც წითელი. თეთრებს შორის უპირატესობა ენიჭება შენენ ბლანს (რომელიც ასევე ცნობილია პინო დე ლა ლუარის სახელით). შენენ ბლანი ტურენის (განსაკუთრებით კი ანჟუს) დომინანტი ჯიშია. მისგან წურავენ კარამელისებურ, პრაქტიკულად უჭკნობ, დესერტის ღვინოებს. ასევე აყენებენ ცქრიალა Saumur-ს, ამ ცქრიალა ღვინოს შენენ ბლანი მრავალფეროვანი გემოებით ამდიდრებს - ნეიტრალურიდან დაწყებული, მომჟავოთი დამთავრებული. Saumur-ის მთავარი ღირსება ძალიან ნაზი ბუკეტია: კომში, ციტრუსები და მწვანე ვაშლი. მჟავიანობის დიდი შემცველობით და განვითარების მერე შაქრის დიდი დოზითაც გამოირჩევა. კიდევ ერთი მახასიათებელი: Saumur-ი სანამ არ მომწიფდება, არომატიც არა აქვს.

ანჟუს ქვევით, მდინარის დინების მიმართულებით თუ დაუყვებით, თქვენს თვალწინ მუსკადეს ვენახები გადაიშლება. ამ ჯიშზე ვრცლად ქვემოთ მოგიყვებით.

კაბერნე ფრანი - ლუარის შესანიშნავი ყურძენია, ყველაზე კარგად გრძნობს თავს ტურენში და რამდენიმე ადგილას ანჟუშიც. კაბერნე ფრანი, რომელსაც აქ ხშირად "ბრეტონს" უწოდებენ, ლუარის საუკეთესო წითელი ჯიშია, მისგან დამზადებული მშრალი ვარდისფერი ღვინო ჟოლოს ბუკეტით მართლაც რომ გამორჩეულია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველგან მაინც გამეს ჩრდილქვეშ ექცევა. გამე ნაჯერ, ცინცხალ, მსუბუქ და საშუალო სიმაგრის ღვინოებს გვაძლევს; გროლოსთან ერთად კი მიმზიდველი ვარდისფერ ღვინოებს გვთავაზობს, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელს.

ლუარის ღვინის იარლიყებზე ზოგიერთი ჯიში მითითებულიც კია: თეთრი გრო პლანი მუსკადესაგან, პინო ნუარი, რომლისგანაც იღებენ წითელ ღვინოს სანსერში, ო-პუატუში - შარდონე.

ადრე რეგიონში ბევრი სხვა ჯიშიც ხარობდა, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს "სუსტი" ჯიშები განდევნეს ძირითადმა ჯიშებმა და მათმა შემცვლელებმა: კაბერნე სოვინიონი, მალბეკო (აქ კოს ეძახიან), პინო მიონიე; ასევე ადგილობრივი არბუა და პინო დ’ონისი, უნგრული ფურმინტი, მადეირას ვერდელო. 

მოგზაურობა ღვინის ხეობაში

ლუარის ხეობის ღვინის მარშრუტი ასეთია: ნანტი - ანჟუ-სომიური - ტურენი და ცენტრალური ვენახები, რაც ნანტის ოლქთან ერთად კლასიკურ რეგიონს ქმნის და ერთდროულად სხვადასხვა სახის ღვინოებს აწარმოებს - არაცქრიალადან დაწყებული ცქრიალათი დამთავრებული. მათ შორისაა სახასიათო Cremant de Loire-ც, ძალიან მშრალი და მწკლარტე ღვინოებიც და მსუყე (თუმცა მაღალი მჟავიანობით გამორჩეული) ლიქიორებიც. შეფერილობაც სულ სხვადასახვაა: გამჭვირვალედან დაწყებული მუქი ძოწისფერით დამთავრებული.

ლუარის ღვინის ხარისხი მოსავლიდან მოსავლამდე საგრძნობლად იცვლება. გაზაფხულის ყინვები ვაზს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ძალიან ცხელ ზაფხულში გამორჩეულად ტკბილი თეთრი ღვინო იცის (ასე იყო 1989 და 1990 წლებში), თუმცა ამავდროულად ცხელ ამინდში შესაძლოა თეთრმა მშრალმა სოვინიონმა ენერგია დაკარგოს, მუსკადე დასუსტდეს და ა.შ. ვინაიდან რეგიონი საკმაოდ დაშორებულია ეკვატორისგან, მის წითელ ღვინოებს ვერ დავადანაშაულებთ ტანინების სიჭარბეში, დამახასიათებელი მაღალი მჟავიანობის გამო კი ლუარის ყურძენი ცქრიალა ღვინოებისთვის იშვიათ ნედლეულს წარმოადგენს. წლების მანძილზე ლუარის წითელი ღვინოები ექსტრაქციის ნაკლებობას განიცდიდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1980-იან წლებში ღვინის ბაზარზე კონკურენცია გამწვავდა, ლუარის ღვინის სარდაფები საექსპერიმენტო სამუშაოებმა მოიცვა. წითელი და თეთრი ღვინოების დაყენების პროცესში ჩართეს კასრებში გაჩერება, ზოგჯერ - კასრებში ფერმენტაციაც კი. ზოგიერთმა მეღვინემ მცირე ლაქტიკური ფერმენტაცია გამოიყენა, წითელი ღვინის მწარმოებლები კი ცდილობდნენ, რომ ყურძნის ტკბილისგან რაც შეიძლება მეტი ფერი და ტანინი გამოეწურათ კანთან ხანგრძლივი კონტაქტის, ტემპერატურის კონტროლისა და გადატუმბვის რეჟიმის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ ტემპერატურის კონტროლი ლუარის შემოდგომისა და ზამთრის პირობებში გულისხმობს არა მხოლოდ ყურძნის ტკბილის გაყინვას, არამედ მის შეთბობასაც. ფერმენტაციის პროცესის წინ კანთან კონტაქტი ჩართეს ზოგიერთი თეთრი ღვინის (განსაკუთრებით სოვინიონის) წარმოების პრაქტიკაშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ტკბილის დაშაქვრა - ნორმალური მოვლენაა ლუარის როგორც წითელი, ისე თეთრი ღვინოებისთვის.

ნანტის ოლქი და მუსკადე

ხეობის თავისებურებების მიმოხილვას ნანტის ოლქიდან და ე.წ. ნეპტუნის ზვრებიდან დავიწყებთ. ნეპტუნის ზვრებს სწორედ მუსკადეს ვენახებს ეძახიან.

მუსკადე - ასე ჰქვია ყურძენს, ღვინოს და თავად იმ რაიონს, სადაც ეს ჯიში იზრდება და მისგან ღვინო იწურება. მუსკადე მშრალი ფრანგული თეთრი ღვინოა. მას ლუარის ხეობის დასავლეთ ნაწილში აყენებენ, ქალაქ ნანტის მახლობლად, პაის დე ლა ლუარას რეგიონში, რომელიც ბრეტონის რეგიონს ესაზღვრება. ის მზადდება ყურძენ - მუსკადესგან (იგივე მელონი).

ამ რეგიონში მუსკადე პირველად მე-16 საუკუნეში დარგეს. დომინანტი ჯიში ის 1709 წლის შემდეგ გახდა, მას მერე, რაც დიდმა ყინვებმა ვაზის დიდი ნაწილი დააზიანა. ჰოლანდიელმა ვაჭრებმა, რომლებიც იმ დროს დიდ როლს თამაშობდნენ ღვინით ვაჭრობაში, ამ სასმელის გავრცელებას შეუწყეს ხელი და eau de vie (სიცოცხლის წყალი) გასაყიდად ჩრდილოეთ ევროპაში გაჰქონდათ (eau de vie ფრანგული ტერმინია უფერო ბრენდისთვის, რომელიც ფერმენტირებული ხილის წვენისგან არის გამოხდილი).

ნანტის ოლქი ახლა უკვე მუსკადეს სამშობლოდ ითვლება. მუსკადეს ღვინის მწარმოებელ რეგიონში სამი აპელასიონია - მუსკადე კოტ დე გრანდლიუ, მუსკადე სევრე ე მეინი და მუსკადე კოტ დე ლა ლუარ. ყველაზე საუკეთესო რეპუტაციის მქონეა სევრე ე მეინი.

მუსკადე მშრალადაა დაყენებული და ეთანხმება Appelation d’Origine Controlee ნორმებს. ისტორიულად ამ ტერიტორიაზე ხანდახან აწარმოებდნენ გვიანი მოსავლის მუსკადესაც, მაგრამ ახლა ეს უკვე იშვიათობად ქცეულა.

მუსკადეს გემო მსუბუქი მინერალებისა და ციტრუსის ტონებით და მწვანე ვაშლის, თეთრი ყვავილისა და იოდიანი მარილის ნიუანსებით არის გაჯერებული. ეს სასმელი ზღვის პროდუქტების საუკეთესო მეწყვილეა.

მუსკადეს 11-13 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურისას სვამენ. ეს ღვინო ჩვეულებრივ სამი წლის განმავლობაში უნდა დაილიოს. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, მაგ. 10-წლიანი შენახვის ვადით.

აქვე ერთ ამასწინანდელ ამბავსაც გავიხსენებ. მუსკადეს მწარმოებელმა ერთმა ოჯახმა მას ბრეტონული ღვინის იარლიყი მიაკერა, რასაც სასამართლო პროცესი მოჰყვა. ძმებმა კრისტოფ და ფილიპ შენოებმა გამოუშვეს ღვინო Breizh Gwin Gwen ანუ Breton White Wine (ბრეტონული თეთრი ღვინო). მართალია, საფრანგეთის სამომხმარებლო გაყალბების სამსახურმა გააპროტესტა იარლიყზე ასეთი წარწერა, რადგანაც ღვინო ლუარას ადმინისტრაციულ ოლქში იყო ჩამოსხმული, მაგრამ ვერ შეძლო ძმების დადანაშაულება ფრაზისთვის Breizh Gwin Gwen, რადგანაც საფრანგეთი ოფიციალურად არ ცნობს ბრეტონულ ენას. ეს ძალიან გახმაურებული და კურიოზული პროცესი გახლდათ. სხვათა შორის, მეღვინეებს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, განსაკუთრებით ბრეტონული ასოციაციები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისტორიულად ლუარას ატლანტიკური ნაწილი ბრეტონის მხარე იყო. ბრალმდებლებმა პროცესი წააგეს, ბრეტონთა ასოციაციის წევრებმა კი გამარჯვება იზეიმეს.

მოდით, ისევ მუსკადეს თავისებურებებს დავუბრუნდეთ. ეს ჯიში უაღრესად ფრთხილ მოპყრობას მოითხოვს, რათა წყალწყალა და უღიმღამო სასმელი არ მივიღოთ. კარგი მეღვინის ხელში კი არაჩვეულებრივი სასმელი დადგება, განსაკუთრებით გამოირჩევა ის ღვინო, რომელსაც იარლიყზე მითითებული აქვს: sur lie.

მუსკადე ნაადრევად მწიფდება, დაახლოებით 15 სექტემბრისთვის. ეს საშუალებას გვაძლევს ყურძენი მანამდე მოვკრიფოთ, სანამ ამ ქარიან და ნესტიან რაიონში შემოდგომის წვიმები დაიწყება. მუსკადეს დაბალი მჟავიანობა აქვს. მჟავიანობის თავიდან ასარიდებლად და კიდევ იმისთვის, რომ ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო ახალი და სასიამოვნო გემოსი იყოს, ადგილობრივი ტრადიცია გვირჩევს, ახალგაზრდა ღვინო ფერმენტაციის ბოლოს როფში ან კასრში დავტოვოთ, ნალექის (საფუარის) ფენაზე (sur lie) და ბოთლებში მარტში ან აპრილში პირდაპირ კასრიდან ჩამოვასხათ. ღვინოს გაწმენდისა და ფილტრაციის გარეშე ასხამენ ბოთლებში, რათა ციტრუსის და ვაშლის არომატს თანდაყოლილ საფუარის გემოს ნამდვილი ნახშირბადის ორჟანგის "ნაპერწკალი" დაემატოს. ასეთი აკურატული ჩამოსხმა პირდაპირ კასრიდან თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში სულ უფრო და უფრო იშვიათობა ხდება. თუმცა მეღვინეთა უმეტესობა ცდილობს, რომ მისმა მუსკადემ უფრო მეტ ხანს გაუძლოს შენახვას. მუსკადეს უმეტესობა გამოშვებულია შავი იარლიყით და წარწერით - "დალიეთ ხვალ", მაგრამ ღვინო, რომელიც წარმოებულია ერთ მამულში და აღნიშნულია როგორც sur lie - გაცილებით უფრო საინტერესოა. ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, sur lie-ის მიხედვით ბოთლებში ჩამოსხმა აპელასიონების მიხედვით დანაწევრებას დაემგვანა. ახლა გვაქვს, მაგალითად, Muscadet და Muscadet sur lie, Muscadet de Sevre et Maine და Muscadet de Sevre et Maine sur lie და ა.შ.

sur lie-ის აღსანიშნავად დღეს გამოიყენება საგანგებო თლილი ბოთლი. ამ მეთოდის მთავარი მახასიათებელი არის მოსავლიანობა და ბოთლში ჩამოსხმის დრო მოსავლის აღების შემდეგ. sur lie-ის ღვინოების მოსავლიანობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ერთი ჰექტარიდან 55 ჰექტოლიტრს (მაშინ, როცა ჩვეულებრივი მუსკადესათვის შეიძლება ერთ ჰექტარზე 68 ჰექტოლიტრი მოდიოდეს). 1997 წლიდან sur lie-ის ღვინო ბოთლებში იმავე მარანში უნდა ჩამოისხას, სადაც ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობდა.

მუსკადეში სხვადასხვა სტილებია, მათი მკვეთრი გამიჯვნა ჭირს. სხვადასხვა მწარმოებლის სასმელი სხვადასხვა სტილით გამოირჩევა. უკიდურესობებია: ძალიან მსუბუქი, ხილის, მთლიანობაში საკმაოდ სუსტი ღვინო, ან პირიქით, ღვინო მკვეთრი ბალახეულობის ანუ "ველური" ბუკეტით, რომელიც ნამდვილი მისწრებაა ხამანწკებთან. ასეთი ღვინო კარგად ძველდება და შესანიშნავ რბილ სიმშრალეს აღწევს.

ნანტის ოლქში მნიშვნელობით მეორე ჯიში გახლავთ გრო პლანი ან ფოლ ბლანში. გრო პლანისა და მუსკადეს დამოკიდებულება დაახლოებით ისეთივეა, როგორც ალიგოტესი შარდონესთან. როგორც ამბობენ, მისი მდგომარეობა ღარიბი ნათესავის მდგომარეობას ჰგავს, თუმცა მასაც ჰყავს თავისი მიმდევრები.

რეგიონი წითელი ღვინის ფართო არჩევანსაც გვთავაზობს. ქალაქ ანსენის გარშემო მოყვანილი გამესა და კაბერნესაგან წითელ და ვარდისფერ ღვინოს აკეთებენ, რომელიც იყიდება იარლიყით - VDQS Coteaux d’Ancenis. ანსენიში ასევე იწარმოება მალვაზია (პინო გრინი) - ძალიან მშრალი ღვინო ადგილობრივი რეცეპტით. კაბერნეს, გამესა და პინო ნუარის ნაზავი გამოიყენება იმ VDQS ღვინოებში, რომლებზეც მწარმოებლები დიდ იმედებს ამყარებენ და რომლებიც ცნობილია როგორც Fiefs Vendeens – ატლანტის სანაპიროზე მდებარე ვანდეის სახელიდან, მუსკადედან სამხრეთით.

ანჟუ-სომიური

უკვე დროა, ნანტის ოლქის პატარა დასახლებები დავტოვოთ და ლუარის ნაპირებისკენ ავიღოთ გეზი. აქ მდებარეობს ამაყი ქალაქი ანჟერი - ანჟუ-სომიურის კარიბჭე. სომიურის კოშკი ზემოდან მედიდურად დაჰყურებს ქალაქსა და მდინარეს, კლიმატი აქ უფრო კონტინენტურია, თბილი და მშრალი.

ანჟუში ღვინოების გამა ისევე ფართოდაა წარმოდგენილი, როგორც საფრანგეთის სხვა რეგიონებში. რეგიონში ყველაზე დიდი გაყიდვები ვარდისფერ ღვინოებს აქვს, ანჟუს ცქრიალა ღვინოების ინდუსტრია მხოლოდ შამპანისას თუ ჩამორჩება. კარგი ღვინოა წითელი კაბერნეც. მაგრამ ანჟუს საამაყო შვილი მაინც ტკბილი და მშრალი თეთრი შენენ ბლანი გახლავთ - საფრანგეთის სახელგანთქმული აპერიტივი და სადესერტო ღვინო. 1989 წლის მოსავლის წარმატებამ ამ ღვინოების პრესტიჟი საგრძნობლად აამაღლა.

ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ბაზარზე ტრიალებს Rose d’Anjou და Cabernet d’Aunis. Rose d’Anjou - მოტკბო მსუბუქი ვარდისფერი ღვინოა, ძირითადად გროლოსგანაა დამზადებული, დამატებული აქვს კაბერნე, კო, გამე, ადგილობრივი პინო. ფართო გაქანების სასმელი არ გახლავთ, თუმცა ერთ დროს საკმაოდ ცნობილი იყო, მაგრამ საექსპორტო ბაზარზე ჯერ ვერ დაუბრუნებია ძველი ადგილი. ვარდისფერ Cabernet d’Aunis-საც უმთავრესად მხოლოდ შიდა ბაზარზე იცნობენ, თუმცა მისი პოზიციები საკმაოდ მყარია. ხარისხს კიდევ უფრო აუმჯობესებს ანჟუს მშრალი თეთრი (Anjou Blanc) და წითელი (Anjou Rouge და Anjou-Villages) ღვინოებიც.

სომიურს - აღმოსავლეთ ანჟუს ცენტრს, აპელასიონების საკუთარი სისტემა აქვს შენენ ბლანისგან დამზადებული მშრალი და ნახევრად მშრალი თეთრი ღვინოებისთვის და მათი მუსირებული ვარიანტებისთვის. სომიურში ასევე არის აპელასიონები კაბერნე ფრანისა და პინო დ’ონისისგან დამზადებული წითელი და ვარდისფერი ღვინოებისთვის. აპელასიონმა სომიურ-შამპინიმ (რომელსაც 2500 აკრამდე მიწის ნაკვეთი უჭირავს) ამასწინათ საყოველთაო აღიარება მოიპოვა თავისი მსუბუქი, პიკანტური და სანელებლიანი წითელი ღვინოებით. მათ პოპულარობას ხელი შეუწყო 1976 და 1989 წლების გამორჩეულმა მოსავალმა (ვინტაჟებმა), როცა ღვინოებმა Chateau-მ და Chaintres-მ ძლიერი და ღრმა ტონები შეიძინეს. ასეთი არაჩვეულებრივი კონცენტრაცია ჩვეულებრივ დიდი იშვიათობაა ხოლმე.

სომიურის სამხრეთით, ტუარის ხეობაში, აქვთ საკუთარი VDQS წითელი გამესთვის და თეთრი შენენისთვის, ახლომდებარე ქალაქის საპატივცემულოდ ამ ღვინოებს ეძახიან - Vins de Thouarsais.

ანჟერის ქვემოთ კოტო დიუ ლაიონის ვენახები მოჩანს, მათ მიღმა კი არანაკლებ მნიშვნელოვანი და ძვირფასი სავინიერი იმალება - სადაც შენენ ბლანი იზრდება და არაჩვეულებრივად გადმოგვცემს მოლურჯო, ქვიანი ვულკანური ნიადაგის მთელ სიკეთეს. ეს ვენახები გადაჭიმულია ანჟერიდან სამხრეთით, მდინარე ლაიონის შესართავის მოპირდაპირე მხარეს. შენენის ვენახები დაბალმოსავლიანობითა და ალკოჰოლის მაღალი პროცენტით გამოირჩევა, და დახვეწილ, არომატულ ღვინოებს გვაძლევს, მშრალს, მაგრამ საოცრად მდიდარს, თაფლის ნაირგვარი ტონებით. აქ, სავინიერში, წამყვანი მეღვინეები აუცილებლად დიდი სიამაყით გაგიმხელენ თავიანთ საიდუმლოს: თუ როგორ შეიძლება აქციო ყველაზე არაპოპულარული ყურძენი ყველაზე პოპულარულ ღვინოდ. ერთ-ერთი წამყვანი მეღვინის, ნიკოლაი ჟოლის Coulee de Serrant-იდან, ღვინო მსოფლიოს საუკეთესო Grands crus-ს გვერდით დგას. შენენის საფირმო მჟავიანობა გვიჩვენებს, რომ საუკეთესო ღვინომ შეიძლება სულ ცოტა 10-წლიან დაძველებას გაუძლოს.

ჟოლის კიდევ ერთი მიზეზი აქვს საამაყოდ. თავის 7 ჰა-იან ვენახში მოსავალს "ბიოდინამიკური სისტემით" იღებს. ჰერბიციდებსა და ქიმიურ სასუქებს არ ეკარება და მთლიანად მიწასა და ბუნებას ენდობა. "ვაზს საკვები თვითონ ნიადაგმა უნდა მიაწოდოს თავისი მიკრობიოლოგიური პროცესების მეშვეობით, ეს ანიჭებს მცენარეს ინდივიდუალობას," - ამბობს ჟოლი. ის ბუნებას მიჰყვება და ზუსტად იცის, როდის რა სჭირდება ვენახს. ის ბევრს საუბრობს ბუნების მოვლენებსა და ნიადაგის კოსმიურ ვიბრაციებზე, და იქვე დასძენს: "ღვინის ერთი ყლუპიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ბოდვა არ არის". ბოდვა ნამდვილად არ არის. შედეგს გვერდს ვერ ავუვლით.

აქვე ორიდე სიტყვით უნდა მოვიხსენიო შენენისგან დაწურული Anjou Blanc-ის მშრალი ღვინოები მსხლის, ვაშლის, გარგარის არომატებით. ეს არომატი ტიპიურია შენენისათვის და მას ზოგჯერ "რბილი მატყლის" სახელითაც მოიხსენიებენ.

შენენის მოქნილობა არსად არ ჩანს ისე ნათლად, როგორც ანჟუ-სომიურში, სადაც ის გვაძლევს როგორც მშრალ და ნახევრად მშრალ, ასევე ტკბილ და არაჩვეულებრივ მშრალ ცქრიალასაც კი. ეს არის "ტრადიციული მეთოდით" დამზადებული ღვინოები - შამპანურის არაჩვეულებრივი ალტერნატივა, რომელიც შეგიძლიათ ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ.

ტურენი

ტურენი ლუარის შუა დინების აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მისი ცენტრია ქალაქი ტური, აქ მოედინება სამი მდინარე - შერი, ინდრი და ვიენი. ტურენში, ზედ ანჟუს საზღვართან, ლუარის საუკეთესო წითელ ღვინოს ამზადებენ, მაგალითად, Chinon და Bourgueil. ეს გახლავთ აქაური კაბერნე ფრანი, კაბერნე სოვინიონის ოდნავი დამატებით, ან მის გარეშე. არაჩვეულებრივი ღვინოა, ჟოლოს არომატით, მსუბუქი და ზოგჯერ ოდნავ მომწკლარტო გემოთი. ამასთან, საოცრად სრულყოფილი სტრუქტურით გამოირჩევა. კარგი მოსავლიანობის პერიოდში მისი შენახვა ისევე დიდხანს შეიძლება, როგორც ბორდოსი - მინიმუმ 7-8 წელი.

ტურენის თეთრი ღვინოები დიდი ინტენსიურობით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ თქვენ შეძლებთ კარგად დააგემოვნოთ სოვინიონ ბლანის განსაკუთრებული - ხურტკმლის გემო.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მდინარის ნაპირას გაშენებული ვენახები მსუბუქ, სწრაფად მომწიფებად ღვინოებს იძლევა, და საგრძნობლად განსხვავდება თიხიან-ტუფიან ფერდობებზე გაშენებული ვენახების ღვინოსგან.

მდინარის ფართოდ განტოტილი კალაპოტის მეორე მხარეს მდებარეობს როშფორნა-ლუარე. აქედან ლაიონის ხეობაში შევდივართ. ამ რაიონში ორი ცნობილი Grands Crus-ა: Quarts de Chaume და Bonnezeaux - აბსოლუტურ კონცენტრაციას ღვინის სიმაგრე 13-14 გრადუსამდე აჰყავს. რამდენიმე კარგი ლაიონური ღვინო მზადდება დაჩამიჩებული ან გადამწიფებული ყურძნისგან. ეს ყურძენი სპეციალურ ვენახებში იკრიფება და ხშირად ამ ყუძნისგან დამზადებული ღვინის იარლიყზე იკითხება სიტყვები: Selection de Grains Nobles.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს კეთილშობილი ღვინოები პრაქტიკულად არ ინახება კასრებში. ისინი სამარკო პორტვეინის მსგავსია. ახალგაზრდა ისხმება ბოთლებში, პირველსავე გაზაფხულზე, რათა განვითარების ყველა ეტაპი გაიაროს და მჟავასთან მინიმალური შეხება ჰქონდეს. შედეგად მიიღება წმინდა ყვავილოვან-ხილოვანი ბუკეტი, რომელსაც ყურძნის გემო აქვს, თაფლოვანი სითბოთი და რეზონანსით გაჯერებული.

მდინარის ზევით, კირქვიან-ტუფის ნიადაგზე განთავსებულ გორაკზე, მდებარეობს კარგად დაცული და თბილი ვუვრე, რომელიც ყველაზე მეტად არის სახელმოხვეჭილი თავისი ტკბილი და ნახევრად მშრალი ღვინოებით. აქაც შენენ ბლანი იჩენს თავის მოქნილობას და გამორჩეულად მშრალ თეთრ ღვინოებს გვაძლევს. აქ ყველაზე მდიდრულ ტკბილ შენენ ბლანს აყენებენ, რომელიც სიტკბოსა და მჟავიანობის საუკეთესო ბალანსს ინარჩუნებს. თბილი და მშრალი შემოდგომა ყურძენს ზედმეტად ამწიფებს, რაც ღვინოს სპეციფიკურ გემოს ანიჭებს. ასეთი სანიმუშო შემოდგომა იყო 1989 წელს, რომელიც მეღვინეობის ისტორიაში შევიდა. თუმცა ნებისმიერ ამინდში შენენ ბლანის მაცოცხლებელი ბალანსი არ ირღვევა.

ვუვრე თავის წარმატებას უნდა უმადლოდეს გასტონ იუეს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თითქმის მარტო იცავდა და უფრთხილდებოდა Vouvray-ს პრესტიჟს. ახლა მას უკვე მეღვინეების ახალი თაობა უდგას მხარში და ძველ ტრადიციებს აგრძელებს.

ჩამოთვლილი ღვინოების გვერდით უბრალო და უნივერსალურ AOC Touraine-ის ღვინოებს სატრაბახო ბევრი არაფერი აქვს, თუმცა ეს ღვინოები სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. მომავალი, როგორც ჩანს, ყველგან გავრცელებულ სოვინიონს და გამე დე ტურენს აქვს. ისინი მდიდრული ღვინოები არ არის, სამაგიეროდ, გაცილებით იაფი ღირს. გარდა ამისა, მეღვინეებს განსაკუთრებით იზიდავს გამეს, კაბერნესა და კოს ნაზავი. ზოგიერთი მეღვინე კუპაჟებსაც უშვებს, რომლებიც თავისი სუბრეგიონის სახელს ატარებს: მაგ. Touraine Tradition და Francois I-er – ღვინოები ტურენ-ამბუაზიდან. 

ლუარის ზემო წელი

სალონი, კინსი და რეი ლუარის ხეობის ნაკლებად ცნობილი ვენახებია, თუმცა ისინი შესანიშნავ ღვინოს გვაძლევენ, თანაც - ძალიან იაფია. მათი ფასი სასაცილოც კია ცნობილ მეზობლებთან - სანსერთან და პუიისთან შედარებით. სანსერი და პუიი მდინარის სათავესთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, აქ მცირე ზომის ზვრებია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, აქაურობა მოდერნიზებულიც არ არის. ლუარის ზემო წელში მოწეული ღვინის სტილი ძალიან საცნობია, მძაფრი და ძარღვიანი ღვინო, ცივ კლიმატში გამოზრდილი სოვინიონ ბლანის სუნითა და გემოთი.

მიუხედავად იმისა, რომ სოვინიონ ბლანი გაცილებით მეტია ბორდოში, ამ ჯიშს არსად არა აქვს ისეთი სახასიათო ბუკეტი, როგორც ლუარაში. ბორდოული ტრადიციის მიხედვით, მას უფრო ზომიერ და ნეიტრალურ სემიიონთან აზავებენ. მაგრამ სტატისტიკა ასეთია: მთელი მსოფლიო ყიდულობს ლუარის სოვინიონს თეთრი ბურგუნდიულის ფასად, ასე რომ ბორდოს სხვა გზა არა აქვს, მან უნდა აღიაროს ლუარის სოვინიონის ღირსებები.

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიომ სოვინიონ ბლანი და მისი უნიკალური გემო აღმოაჩინა სანსერის პატარა ვენახისა და კიდევ უფრო პატარა პუიის მეშვეობით.

Sancerre და Pouilly-Fume-ს მიმზიდველი სურნელი, შავი მოცხარის გემო და ნამდვილი მაცოცხლებელი მჟავიანობა აქვს. ჩვეულებრივ Sancerre უფრო სრულსხეულიანია და უფრო მაღალი მჟავიანობაც ახასიათებს, ამის გამო ის შეიძლება 2-3 წლის განმავლობაში გავაჩეროთ, Pouilly-Fume-სთვის კი ერთი წელიც საკმარისია.

Fume-ს ბუკეტი ისეთი ძლიერი არომატით გამოირჩევა, რომელიც არასოდეს არაფერში აგერევათ. დეგუსტატორთა ერთი ნაწილი ამას გრდემლზე ჩაქუჩის დარტყმით ანთებული ნაპერწკლის სურნელს ადარებს. ამ ტერმინის გამოყენება კალიფორნიელებმაც დაიწყეს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი სოვინიონ ბლანით მიაღწიონ ლუარის სოვინიონის გემოს.

პუიის ვენახებში იზრდება მცირე რაოდენობით ნეიტრალური შასლიც, რომელიც არ შეიძლება გაიყიდოს როგორც Fume, არამედ როგორც Pouilly-sur-Loire.

სანსერი თეთრ სოვინიონთან ერთად წითელი და ვარდისფერი პინო ნუარითაც ამაყობს. მართალია, ბუკეტითა და შემადგენლობით ისინი ვერ შეედრება დიდებულ ბურგუნდიულ ღვინოებს, მაგრამ საუკეთესო ადგილობრივი მწარმოებლები მსუბუქი წითელი ბურგუნდიულების ადეკვატურ სასმელს ამზადებენ. თუმცა უმეტესწილად გამოდის ოდნავ წყლიანი ღვინო გერმანული Spatburgunder-ის სტილში.

ნიშანდობლივია, რომ ამ რეგიონში ღვინოს მხოლოდ მშრალი დამზადების წესით აკეთებენ. ამავდროულად, არასოდეს ინახავენ ღვინოს მუხაში. მეღვინეები გვარწმუნებენ, რომ მუხის ჩარევა რეგიონისთვის მახასიათებელ არაჩვეულებრივ, ცოცხალ და ნათელ ხილის არომატებს გააუბრალოებს.

მაგრამ, რა თქმა უნდა, გამონაკლისები აქაც არსებობს. მეღვინე დიდიე დაგენოს წარმატება მხოლოდ მისი პუიი-ფიუმეს ხარისხით კი არ არის განპირობებული, არამედ იმითაც, რომ მისი ღვინო მუხაშია შენახული.

სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ აქ უკვე წერტილი უნდა დავსვათ. კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ დამებოლოვებინა ჩვენი დღევანდელი გზამკვლევი, რაღაც მასალებში ვიქექებოდი და ამ ქექვაში ლუარის ხეობის ღვინის პროგნოზს გადავაწყდი. პროგნოზი ძალიან იმედისმომცემია, 21-ე საუკუნეში ლუარის ღვინის კულტურას დიდი მომავალი აქვს. სამწუხაროდ, მიზეზი, რომელიც ხეობას წარმატებას უქადის, იმედისმომცემი ვერ არის - ღვინის გაუმჯობესებას გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილება გამოიწვევს. თუმცა თუ კატასტროფა გარდაუვალია, იქნებ ჯობდეს კიდეც, რომ ამ კატასტროფას ფხიზელ გონებაზე მაინც არ შევხვდეთ. 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული