Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ერთი აპელასიონის ისტორია - Coteaux du Layon Chaume

საფრანგეთის ღვინის აპელასიონთა სისტემა საკმაოდ კარგად არის დარეგულირებული კანონმდებლობით. ამის მიუხედავად, ეს ადგილწარმოშობის დასახელებები გამუდმებით ვითარდებიან და სახეს იცვლიან. ბოლო შემთხვევა აპელასიონ Coteaux du Layon Chaume-ს უკავშირდება.

თითოეული აპელასიონი მოცემული რეგიონის ისტორიას ასახავს. რასაკვირველია, ნებისმიერ მწარმოებელს სურს ღვინის ეტიკეტზე სასურველი АОС წარწერის ხილვა, თუმცა ყველას არ გამოსდის - ნანატრი აბრევიატურის მისაღებად რთული გზაა გასავლელი. საწარმოო პროცესთან დაკავშირებული მოთხოვნების გარდა, როგორიცაა მოსავლიანობა, ვაზის ჯიშები, წარმოების ტექნოლოგია, დანამატები, არსებობს რიგი საკითხები, რომელთაც მეღვინეობასთან კავშირი არა აქვს. საფრანგეთში, სადაც სახელმწიფო ბიუროკრატია საკმაოდ ძლიერი და გავლენიანია, ეს ყველაფერი აპელასიონის სტატუსის მიღებას კიდევ უფრო ართულებს. აი, ცინცხალი მაგალითი.

ლუარის ველზე, მდინარე Layon-ის ნაპირზე მდებარეობს აპელასიონი Coteaux du Layon, სადაც შენენ ბლანისგან თეთრ ღვინოს ამზადებენ. აპელასიონის შემადგენლობაში 27 სოფელი შედის, რომლებიც სხვადასხვა ხარისხის სასმელს აწარმოებს. ექვს საუკეთესოს აპელასიონის დასახელების შემდეგ ეტიკეტზე თავისი სახელწოდების მითითების უფლება მიეცა. მათ შორისაა Chaume. წესების თანახმად, ამ სოფლის ღვინო Coteaux du Layon Chaume-ად უნდა წოდებულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ მეზობლებისგან განსხვავებით, მის მიმართ მოთხოვნა ყოველთვის უფრო მაღალი იყო. 2003 წელს INAO-მ (ფრანგული სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც აპელასიონებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს განაგებს) ამ სოფლის ღვინოთა ცალკე აპელასიონად გამოყოფა გადაწყვიტა, მაგრამ შემდეგ მოვლენები არცთუ სასიამოვნოდ განვითარდა. INAO-მ ახალ აპელასიონს Chaume Premier Cru des Coteaux du Layon უწოდა. ვითარება ტერმინმა premier cru-მ გაამწვავა, რაც სხვა ლუარელი მწარმოებლებისთვის ბურგუნდიაზე ერთგვარ მინიშნებად იქცა. საფრანგეთის ამ რეგიონის აპელასიონთა დასახელებაში grand cru ან premier cru ხშირად ფიგურირებს, ლუარისთვის კი ეს პირველი შემთხვევა იყო. ადგილობრივმა მეწარმეებმა ასეთი "არათანაბარი" მიდგომის გამო პროტესტი გამოთქვეს, რის შემდეგაც INAO-მ გადაწყვეტილება შეცვალა და Chaume-ს ისევ ძველი სახელწოდება (Coteaux du Layon Chaume) დაუბრუნა.

წინააღმდეგობის მიუხედავად, ორგანიზაციას ამ სოფლის ღვინოთათვის ცალკე სტატუსი მინიჭების მცდელობა არ შეუწყვეტია. 2007 წელს INAO-მ ახალი აპელასიონი - Coteaux du Layon Chaume АОС შექმნა, რომელიც 130 ჰა ტერიტორიას მოიცავს.

ამ მიდამოებში 1954 წლიდან კიდევ ერთი აპელასიონი - Quarts de Chaume AOC არსებობს, რომელშიც სულ რაღაც 33 ჰა ვენახი შედის. ცნობილია თეთრი ტკბილი ღვინით, რომელიც იმავე შენენ ბლანის ბოტრიტიზებული ყურძნისგან მზადდება. ამ აპელასიონის წარმომადგენლები უკმაყოფილონი იყვნენ Quarts de Chaume AOC და Coteaux du Layon Chaume АОС სახელწოდებათა მსგავსებით. მიაჩნდათ, რომ ეს მათ რეპუტაციას დააზარალებდა და მყიდველსაც დააბნევდა. განსაკუთრებით აქტიურობდა ანჟუს რაიონის წამყვანი მწარმოებელი Domaine des Baumard, რომელმაც მეღვინეთა ჯგუფთან ერთად სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით 2009 წელს აპელასიონ Coteaux du Layon Chaume АОС-ს მეორედ შეუცვალეს სახელი და საწყისი სტატუსი - Coteaux du Layon Chaume (სანატრელი АОС-ის გარეშე) დაუბრუნეს.

ბოლოს როგორც იქნა მოიძებნა ბრძნული გადაწყვეტილება და ყველამ თავისი მიიღო: აპელასიონ Quarts de Chaume AOC-ს პირველად ლუარას ველის ისტორიაში grand cru სტატუსი მიანიჭეს, Coteaux du Layon Chaume-ს ღვინოებს კი Coteaux du Layon Premier Cru Chaume АОС სტატუსი "ერგო" (ფაქტობრივად 2003 წლის დასახელება დაუბრუნდა).

როგორც ხედავთ, მთელ ამ პერიპეტიებს ღვინის ხარისხთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ მავანთა ამბიციის დაკმაყოფილებას ემსახურება, რაც, თავისთავად, ძალზე ცუდი ფაქტია.

ამ ცვლილებათა ძალაში შესვლას საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ხელმოწერა სჭირდება, თუმცა ეს წმინდა ფორმალობაა და რაიმე სახის სირთულეს არ უკავშირდება.

 

საცნობარო ინფორმაცია:

ღვინის ტერმინოლოგიაში არსებობს cru-ს ცნება. ეს ფრანგული ტერმინია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით "მოსავალს" ან "პროდუქტს" ნიშნავს. "ადგილი, სადაც ვაზი ხარობს" - ასე შეიძლება მისი ფორმულირება. ძირითადად მაღალი ხარისხის ვენახთა დახასიათებისას იყენებენ. ტერმინი ფართოდ გამოიყენება ფრანგულ ღვინოთა კლასიფიკაციისას. არსებობს მისი რამდენიმე კატეგორია: Grands Crus, Premiers Crus და ა.შ.

ამგვარი კლასიფიკაციის პირველი მცდელობა ძველ რომში ჩვ.წ. აღ-მდე II საუკუნეში გვხვდება. Premier Cru-ს ცნება უმაღლესი ხარისხის ღვინოს უკავშირდება, რომელიც ჩვ. წ. აღ-მდე 121 წლის შესანიშნავი მოსავლიდან მიიღეს. იმ წელიწადს რომის კონსულად ლუციუს ოპიმიუსი აირჩიეს და მის საპატივცემულოდ მოსავალს "ოპიმიანური" უწოდეს. ის Falernum-ის ვენახიდან იყო ნაწარმოები.

ცნება grand cru "დიდებულ მოსავალს" ნიშნავს. საფრანგეთში მას შემდეგი მეღვინეობის რეგიონების აღსანიშნავად იყენებენ:

ბურგუნდიაში - რაიონები Cote de Nuits და Cote de Beaune (34 ვენახი), Chablis (7 ვენახი - climats);

ელზასში (51 ვენახი);

შამპანში (17 სოფელი, რომელთა ვენახებსაც 100%-იანი რეიტინგი აქვს);

grand cru სენტ-ემილიონის (Premiers Grands Crus Classes და უბრალოდ Grands Crus Classes) ღვინოთა კლასიფიკაციისთვისაც გამოიყენება, თუმცა იქ ცოტა სხვაგვარი მნიშვნელობა აქვს;

მედოკისა და გრავის 1855 წლის სახელგანთქმული ღვინოთა კლასიფიკაცია ტერმინ Grand Cru Classe-ს მასში შემავალი სხვადასხვა რანგის ღვინისთვის იყენებს. მაგალითად, Chateau Margaux-ს ეტიკეტზე მითითებულია Premier Grand Cru Classe, ამასთან, უფრო მსხვილი ასოებით, ვიდრე ფრაზა Appellation Margaux Controlee, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი INAO-ს მონაცემებს მიმაგრებული ოფიციალური სტატუსია, პირველი კი მეურნეობის პოზიციას განსაზღვრავს 1855 წლის კლასიფიკაციაში, რომელიც ოფიციალური არ არის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე "გრან კრუს" განსაზღვრება არ არსებობს. სხვა სიტყვებით, არსად წერია, რას შეიძლება ერქვას cru, grand cru და ა.შ. თუმცა ეს ცნება ისტორიულად ჩამოყალიბდა, ყველამ აღიარა და საყოველთაოდ მიღებულ ტერმინად იქცა. ამ თვალსაზრისით განსაზღვრება cru რაღაცით წააგავს წარწერას ეტიკეტზე - "...…ძველი ვაზისგან", რომელსაც ხშირად შეხვდებით. აქაც მსგავსი ისტორიაა. არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ წერია, რას შეიძლება ეწოდოს "ძველი ვაზი." ამ ტერმინის გამოყენება მწარმოებლის ერთგვარი მარკეტინგული ხერხია, რომელიც კონკრეტული ღვინის გაყიდვას ისახავს მიზნად. 

აპელასიონი Quarts de Chaume AOC ლუარას ველზე ანჟუ-სომიურის ზონაში მდებარეობს. ეს არის ანკლავი უფრო მსხვილი აპელასიონის, Coteaux du Layon-ის შიგნით. ადგილობრივი თეთრი სადესერტო ღვინოები შენენ ბლანის გვიანი მოსავლისგან მზადდება სოტერნების პრინციპით, თუმცა მათზე ოდნავ მსუბუქია, სასიამოვნოდ მაცოცხლებელი მჟავიანობით. Quarts de Chaume -ს ღვინოთა ხარისხი და რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე მის გარშემო მდებარე შედარებით მსხვილი Coteaux du Layon-ის. სახელწოდება Quart-ის წარმოშობა ორ ვერსიას უკავშირდება: ერთის მიხედვით, სიტყვა Quart - Chaume-ს რაიონის "ნაწილს" ან "კვარტალს" აღნიშნავს (ფართობის მნიშვნელობით) . სხვა ვერსიით, აპელასიონის დასახელება შუა საუკუნეებში მცხოვრები ადგილობრივი ფეოდალის, ბარონ Lord of Chaume-ს სახელიდან მომდინარეობს, რომელიც თავის ვენახებს არენდით აძლევდა ადგილობრივ გლეხებს, რისთვისაც ისინი მოსავლის მეოთხედს (Quart) უხდიდნენ.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული