Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბერძნული დილემა

ბერძენ მეღვინეებს იგივე დილემა უდგათ, რაც მსოფლიო ბაზარზე ახლადშესულ ნებისმიერ  ქვეყანას: - განავითარონ ვაზის ადგილობრივი ჯიშები თუ უპირატესობა მიანიჭონ საერთაშორისოებს? ბევრისგან განსხვავებით, ბერძენთათვის საკუთარი ძირები მნიშვნელოვანია, თუმცა არის თუ არა ბერძნული ღვინო ანტიკური ღვინის სამყაროს პირდაპირი შთამომავალი, ვერ ამტკიცებენ.

გზა ევროპული ბაზრისკენ

ვაზის არცერთი ჯიში, რომელიც თანამედროვე საბერძნეთში მოდის, დარწმუნებით არ შეიძლება იწოდოს რომელიმე ძველბერძნული ჯიშის შთამომავლად. რაც შეეხება ანტიკური მეღვინეობის ტრადიციას, ის XV საუკუნეში ბიზანტიის დაცემით დასრულდა. ოთხი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე საბერძნეთი თურქეთს ჰყავდა დაპყრობილი, მისი თვითმყოფადი მეღვინეობისგან აღარაფერი დარჩა. რასაკვირველია, ბერძენი გლეხები ღვინოს ყოველთვის აწარმოებდნენ, მაგრამ დაბალი ხარისხის ტკბილი სასმელი ექსპორტზე არასოდეს გასულა. თანამედროვე ბერძნულ მეღვინეობას საფუძველი XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა. 1960-იან წლებში ამ ინდუსტრიის განვითარებაში მასშტაბური ინვესტიციები ჩაიდო. იმავე პერიოდში დაიწყო ბერძნული ღვინის ბოთლებში გაყიდვა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ინსტიტუტი ათენში ჯერ კიდევ 1937 წელს დაარსდა, პროფესიონალი ენოლოგების პირველი თაობა 1980-იანებში წამოვიდა. დღეს მსხვილი კომპანიების (Achaia Clauss, Boutari, Kourtakis დაTsantalis) გვერდით, რომლებიც შიდა ბაზრისთვის აწარმოებენ სუფრის ღვინოებს, საბერძნეთში სულ უფრო მეტი ხარისხზე ორიენტირებული ღვინის პატარა საწარმო ჩნდება.

დიდი ხნის განმავლობაში ბერძნული ღვინო სამშობლოს ფარგლებს არ გასცილებია, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი სამყაროს ქვეყნებისთვის ღვინის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნა, ბერძნებმა გადაწყვიტეს, რომ "რეცინას" (სასუვენირო ღვინოა, რომლის ყველაზე დიდი ღირსება ნაციონალურ სამზარეულოსთან კარგი შეთავსებადობაა) წარმოებაზე გაცილებით მეტი შეუძლიათ.

1998 წელს ინგლისურმა ღვინის სავაჭრო ქსელმა Oddbins-მა კლიენტებს ბერძნულ ღვინოთა დიდი ასორტიმენტი შესთავაზა (60-მდე დასახელების), რითაც ინგლისსა და ევროპაში მის შესახებ წარმოდგენა მკვეთრად შეცვალა. მყიდველთა გემოვნების გათვალისწინებით მათგან 40-მდე დასახელების სასმელი დარჩა. "ჩვენ მოგვწონს ბერძნულ ღვინოებთან მუშაობა, რადგან კარგად იყიდება. მათ ხარისხზე დადებითად მოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგრამ მთავარი ვაზის უნიკალური ჯიშები და მათი გასინჯვით მოგვრილი შთაბეჭდილებაა" - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, სტივ დენიელი.

მართალია, Oddbins-ის შემოთავაზებათა მესამედი საერთაშორისო ჯიშებით დამზადებულ ღვინოებზე მოდის (კაბერნე სოვინიონი, შარდონე და სირა), თავად დენიელი ადგილობრივი ჯიშების განვითარების მომხრეა. ეს გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება: ჯერ ერთი, ბერძნულ ჯიშებში გარკვევა ევროპელი მყიდველისთვის ადვილი არ იქნება. გარდა ამისა, მათი პოზიციონირება ღირებულების თვალსაზრისით თავგზას აუბნევს იმ კატეგორიასაც, ვინც მაღალ ფასზეა ორიენტრებული და იმათაც, ვინც იაფფასიან, მაგრამ ხარისხიან პროდუქტს ეძებს. ყველაფრის მიუხედავად, საბერძნეთის გასვლა ევროპულ ბაზარზე წარმატებული გამოდგა: გარდა იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში გაყიდვების მაჩვენებელი 100-150%-ით იზრდება, მათი პროდუქცია მედლებსაც იღებს. მართალია, "ოქრომდე" ჯერ ვერ ავიდნენ, მაგრამ ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Gaia Estate, Porto Carras დაDomaine George Kokotos, "ბრინჯაო" და "ვერცხლი" უკვე მოიპოვეს.

ორი მიმართულება

მეღვინეობა საბერძნეთში პროგრესის გზას 1980-იანი წლებიდან დაადგა, როდესაც არაერთ მამულში ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა შეიძინეს. ქვეყანამ ოფიციალურად განსაზღვრა ნაციონალური მეღვინეობის პრიორიტეტები, რადიკალურად შეცვალა ღვინის კანონმდებლობა და მაქსიმალურად შეუსაბამა ევროკავშირის მოთხოვნებს. საქმის გასამარტივებლად ბერძნებმა გადაიღეს ფრანგული ტერმინები - Appellation d’Origine Controlee და Vin de Pays. აპელასიონები ტრადიციული ჯიშებითა და მათგან ნაწარმოები ღვინით განისაზღვრა, Vin de Paysკი ძირითადადშემოტანილი ვაზით. დღეს ქვეყანაში მძლავრად ლობირებენ იდეას, რომლის თანახმადაც ბერძნული ღვინო არ უნდა მზადდებოდეს უცხოური ვაზის ჯიშებისგან. ნებისმიერი სასმელი, რომელიც აპელასიონის სტატუსზე აცხადებს პრეტენზიას, ადგილობრივი ყურძნისგან უნდა იყოს მიღებული. ნაციონალური ინტერესების დამცველად მსხვილი კოოპერატივები გვევლინება, რომელთა წილად წარმოებული სასმელის ნახევარი მოდის. მათ ოპოზიციას წარმოადგენენ კერძო მწარმოებლები, რომლებიც იზიარებენ ნაციონალურ ინტერესებს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ წარმატებას ორივე მიმართულების – ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშების განვითარებით მიაღწევენ.

განსხვავებული პოლუსები

თავად ბერძნებისთვისაც კი მათი ნაციონალური ჯიშები დღემდე გამოცანად რჩება. მეღვინეთა ახალი თაობის წარმომადგენელთაგან ბევრი საზღვარგარეთ სწავლობდა და გაცილებით უკეთ იციან ღირსეული კაბერნე სოვინიონის გაკეთება, ვიდრე ის, როგორ დაამზადონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ღვინო მავროდაფნის ან ასირტიკოსაგან.

ღვინის საწარმო Gaia Estate ლეონ კარასტალოსმა და იანის პარასკევოპულოსმა 1994 წელს დააარსეს. ეს უკანასკნელი ადგილობრივი მასშტაბით სერიოზულ მეღვინედ მიიჩნევა – სწავლობდა ბორდოში და მინიჭებული აქვს ენოლოგიის დოქტორის ხარისხი. "გადავწყვიტეთ, აქცენტი ბერძნულ ჯიშებზე გაგვეკეთებინა, - ამბობს პარასკევოპულოსი, - მაგრამ ეს არ იყო იოლი. ჩვენ არ ვიცოდით და დღემდე არ ვიცით მათი სრული პოტენციალი. პირადად ჩემთვის გაცილებით ადვილია გავაკეთო მორიგი კაბერნე, ვიდრე მუშაობა დავიწყო აგიორგიტიკოსთან. ეს რთულია, მაგრამ თუ ყველა ხელებს დავიბანთ და ვაღიარებთ, რომ მხოლოდ საშუალო ხარისხის კუპაჟთა წარმოება შეგვიძლია, ბერძნული ღვინო ინდივიდუალობას დაკარგავს."

ღვინის საწარმო Creta Olympias, რომელიც კრეტის შუაგულშია განთავსებული, ადგილობრივ ჯიშებთან მუშაობის ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი გამოცდილებით გამოირჩევა. აი, რას ამბობს ექსპორტის მმართველი სტავროს ბარბიკასი: "ღვინო უკვე 17 ქვეყანაში გაგვაქვს. სხვა ყველაფერთან ერთად, კომპანიის წარმატების საწინდარი ადგილობრივი ჯიშები - თეთრი ვილანი, წითელი კოსტიფალი და მანდილარია გახდა. მივაგენით საუკეთესო ჯიშებს და მევენახეებს, რომლებიც ჩვენს პრინციპებს იზიარებენ. ვცდილობთ, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ კრეტული ვაზის საუკეთესო მხარეები და ეს საერთაშორისო ჯიშთა დამატების გარეშე მოვახერხოთ."

Gaia Estate დაCreta Olympias -ისგან განსხვავებით, ბევრმა კომპანიამ შუალედური პოზიცია დაიკავა. ისინი ადგილობრივ ყურძენსაც იყენებენ და არც საერთაშორისო ჯიშებზე ამბობენ უარს. ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია Boutari-ის (ღვინო 25 ქვეყანაში გააქვს) მთავარი ენოლოგი, იანის ვოიატზისი განმარტავს: "სხვებზე უპირატესობის მოსაპოვებლად ბერძენმა მწარმოებლებმა ადგილობრივი ჯიშები უნდა გამოიყენონ, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი თავისებურება – მთელს მსოფლიოში ძალიან დიდია მოთხოვნა საერთაშორისო ჯიშებზე, რასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ ასორტიმენტში. ჩვენ დავამკვიდრეთ ბერძნული ჯიშები თანამედროვე კუპაჟებში, ისეთი, როგორიცაა Merlot/Xinomavro დაCabernet/Agiorgitiko. ადგილობრივი ვაზი უდავოდ არის ჩვენი კოზირი. მაგალითად, მოსკოფილერო ძალიან დიდ პოტენციალს ფლობს - მისგან დამზადებული ღვინო გაცილებით უკეთესია, ვიდრე  Pinot Grigio-თა უმეტესობა, რაც ბოლო წლებში გამისინჯავს. "

ამავე სტრატეგიას მისდევს Domaine Gerovassiliou, კომპანია, რომელიც 1988 წელს დაარსდა და ვენახებს სალონიკთან ახლოს ფლობს. "ჩემი მთავარი საყრდენია თეთრი ღვინო Ktima  - ასირტიკოსისა და მალაგუშის კუპაჟი. წითელ Ktima-ს 15% მერლოს ვუმატებ. ასევე მაქვს შარდონეს, სოვინიონ ბლანისა და ვიონიეს ვენახები, რომელთაგანაც სელაჟურ ღვინოებს ვამზადებ, თუმცა მათი ფართობის ზრდას არ ვგეგმავ" - ამბობს მამულის მეპატრონე და მთავარი ენოლოგი, ვანგელის გეროვასილიუ.

საწინააღმდეგო თვალსაზრისს ემხრობა საბერძნეთის საზღვრებს გარეთ კარგად ცნობილი საწარმო Porto Carras. მის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ბორდოელ ენოლოგს, ემილ პეინოს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ძირითადი ყურადღება აქ კაბერნე სოვინიონისა და მერლოს, ან კაბერნე ფრანის კუპაჟებზე აქვთ გადატანილი. სხვათა შორის, დღეს PortoCarras-იც კი სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენს სირას მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ სირა ახალი მოდაა მეღვინეებში, რომლებიც არ უარყოფენ საერთაშორისო ჯიშებს. ვანგელის გეროვასილიუ ურჩევს მეღვინეებს, რომ თუ არ შეუძლიათ ადგილობრივ ჯიშებზე მთლიანად კონცენტრირება, ბანალურ კაბერნე სოვინიონს ამჯობინონ სირა, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატში საოცარ კონცენტრაციას აღწევს.

პროგნოზები

შესაძლოა, მომავლის განჭვრეტის საუკეთესო საშუალება სანერგეებში შეხედვა და სხვადასხვა ჯიშზე მოთხოვნის შესწავლა იყოს. ბოლო წლებში გავრცელებული კაბერნესა და მერლოს ციებ-ცხელება უკვე ისეთი მძლავრი აღარ არის. დღეს ძალას იკრეფს სირა. ადგილობრივ ჯიშებზე მოთხოვნა კი არ იცვლება და კვლავინდებურად მაღალი რჩება. სპეციალისტების ვარაუდით, საერთაშორისო ჯიშებს შეუძლიათ დაიკავონ ბერძნული ვენახების არაუმეტეს 25%-ისა. მეორეს მხრივ, იკვეთება ინტერესი სპეციფიური ბერძნული ჯიშების მიმართ ქვეყნის გარეთ. კატალონიელი მევენახე მიგელ ტორესი იმდენადაა აღფრთოვანებული ქსინომავროთი, რომ ვაზის ამ ჯიშის გარკვეული რაოდენობა შეუკვეთა: "ჯერ არ გადაგვიწყვეტია, სად დავრგავთ ამ ძირებს, კატალონიასა თუ პირენეებში, სადაც ახლახან შევიძინეთ ვენახები" - ამბობს ამ კომპანიის წარმმადგენელი. რასაკვირველია, ადრეა იმაზე ლაპარაკი, არის ეს ტორესის მორიგი ექსპერიმენტი თუ ახალი ტენდენციის დასაწყისი, რომლის შედეგებსაც მომავალში მოვიმკით.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მოთხოვნადი ბერძნული ღვინოები მაინც ადგილობრივი ჯიშებისგან ნაწარმოები, თანამედროვე მეთოდებით დაყენებული უნიკალური გემოს მქონე სასმელებია. თუმცა ძნელია იმის განსაზღვრა, როგორი იქნება ბერძნული ღვინოების რუკა 10 წლის შემდეგ, რადგან დღეს ეს ყველაფერი ქმნადობის პროცესშია და ვნებები ჯერ კიდევ დუღს.

თავად ბერძენი მეღვინეები კი ცოტა ხნის წინათ სამწუხარო აღმოჩენის წინაშე დადგნენ, კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მაღალი ხარისხი და ინდივიდუალობა: მარეკეტინგი - აი, რა არის ყველაზე მთავარი. "PRძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდ ფინანსებს უკავშირდება. ერთი ახალი ეტიკეტის შემუშავება მოსავლის აღების ტოლფასია" - ამბობს ნემეის აპელასიონის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი წარმომადგენელი, თანასის პაპაიონუ. მისი მეზობელი პარასკევოპულოსი კი ამატებს: "არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია შენი პროდუქტი, მთავარია, რამდენად კარგად ახდენ მის რეკლამირებას. ამ მხრივ ჩვენ ძალზე პასიურები ვართ. ჯერ ისიც კი არ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ დასავლურ ბაზარზე ბერძნულ ღვინოთა კორპორატიული რეკლამირება. დღეს ბერძნულ ღვინოთა გაყიდვების მაჩვენებელი ინგლისურ ბაზარზე 1,7%-ია. არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ციფრი 5%-მდე გავზარდოთ, თუმცა, აუთვისებელი პროდუქტის პრობლემა არ გვაქვს: მთელი ჩვენი ღვინო შიდა ბაზარზე გაიყიდება სრულიად ნორმალურ ფასად. ასე რომ, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შევწყვიტოთ ექსპერიმენტები ვენახში და დავკავდეთ რეკლამით."

პარასკევოპულოსის ეჭვებს კელი პაპანტონისი, საბერძნეთის ქალ-მეღვინეთა ასოციაციის თავმჯდომარე პასუხობს: "იმიტომ, რომ ეს შეჯიბრია! ჩვენი მიზანი არ არის ვიყოთ უბრალოდ "რაღაც", არამედ ვიყოთ რაღაც განსაკუთრებული." ამით ყველაფერი ნათქვამია.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული