Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროსადილი ლისის ტბის პირას


ქართული ელემენტებით და კახური ღვინის თანხლებით

გასულ კვირას ქალაქს გავერიდეთ და ვეწვიეთ ლისის ტბაზე მდებარე რესტორანს, რომელსაც რატომღაც კაფე ლისის ტბა ჰქვია. რესტორანი გარემონტებულ თეთრ საბჭოთა პავილიონშია. უზარმაზარი ეკრანი, მობილური აუზი, დასასვენებელი პუფები... ეს არასრული ჩამონათვალია „კაფეს” ატრიბუტებისა, რომელიც ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი - ხედით ტბაზე. მშვენიერი.
მენიუ ქართული და ევროპული კერძების სინთეზით არის შედგენილი. მივესალმოთ, რატომაც არა. ხაჭაპურების გვერდით პიცებია გაწერილი და სტეიკებთან ქართული კეცის კერძები თანამშრომლობენ. ტაში? ოფიციანტს ოთხ კაცზე გათვალისწინებული ერთადერთი მენიუ გამოვართვით და შატო მუხრანის საფერავი (2007) შევუკვეთეთ. ჩვენს ზემოთ შატო მუხრანის სარეკლამო პანოა აღმართული: Chateau Mukhrani, est. 1879! ამ უწყვეტი ტრადიციის ისტორიით დავინტერესდი და შატო მუხრანის საიტზე შევედი, მაგრამ ამაოდ - არ მუშაობს. იყოს, როგორც არის. დარჩეს ეს მუხრანის მეღვინეობის საიდუმლოდ. ამ მარნის გარდა, ღვინის ბარათი შედგება თბილღვინოსა და ქინძმარაულის მარნის ძვირად ღირებული ჩამოსხმებით. არის ორმოცდაათლარიანი და სამოცდაათლარიანი ღვინოებიც კი. გაუგებარია, რატომ ღირს ორ და სამწლიანი დაძველების ქართული ღვინო ასე ძვირი? ავიღოთ თუნდაც ეს შატო მუხრანის საფერავი, რომელიც 32 ლარი ღირს და მოდის ჩამოუყალიბებელი, არამდგრადი ბუკეტითა და უსიამოვნო დაბოლოებით. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ეს ღვინო პრესტიჟული ბრიტანული ჟურნალის Harpers Wine and Spirit-ის მიერ შარშან ვენაში ჩატარებული ქართული ღვინის დეგუსტაციის შედეგებით ათეულში მეცხრე ადგილზე მოხვდა. ნუთუ ეს არის საკმარისი?
სალათები ერთმანეთსაც ჰგავს და ტიპურ თბილისურ ევრორესტორანში მოღვაწე სალათებსაც. მწვანე სალათა პესტოთი და ნუშით (10ლ) - ინდუსტრიული, სუპერმარკეტში შეძენილი დაბალხარისხიანი პესტოთია გაწყობილი და ძალიან სუსტი გემო აქვს. სალათა კაპრეზე (10ლ) გაყინული მოცარელათია გაწყობილი, რომელმაც მოტანამდე გალღობა ვერ მოასწრო. რატომ? არ ჯობია, ისევ სულუგუნი იყოს, მით უმეტეს, თუ მენიუ ქართულ-ევროპული კერძებით არის შედგენილი? იყოს სულუგუნი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ყველის ნაირსახეობაშია (12ლ), მშრალი, მაცივარში დაძველებული სულუგუნით, გაყვითლებული, მლაშე იმერულით და როკფორით, რომელსაც ვერაფერი დააკლეს და შედარებით კარგია. ძირითადი კერძები გემრიელია, მათ სოუსებსაც თითქოს არა უშავს. ამ სოუსებს რაღაც პირველშობილი გემო აქვს, აშკარად დახვეწა აკლია. ასეთი იყო, მაგალითად, ღვინის სოუსი (სტეიკი ღვინის სოუსით, 20ლ) და სოკოს სოუსი (მედალიონები სოკოს სოუსით, 18ლ). კარგი იყო ორაგულის სტეიკი პესტოთი (20ლ), კარგად შემწვარი, მოზრდილი ორაგულის ნაჭერი; იმდენად კარგი, რამდენადაც ჩვენთან შესაძლებელია. ყველაფერ ამას მაინც მეგრული კუპატი (12ლ) ჯობდა. შებოლილი ქათამი კეცზე ქართულ სოუსში (14ლ) იყო რაღაც ექსპერიმენტის მცდელობა, თუმცა, რა ექსპერიმენტისა, ძნელი სათქმელია: ეს იყო ნაღების სოუსისა და ბაჟეს ელემენტების შეუღლების წარუმატებელი მცდელობა. შებოლილი ქათმის ხორციც ამ არშემდგარი ექსპერიმენტის სიმაღლეზე იდგა. თავისთავად ასეთი მცდელობები მისასალმებელია და ვესალმებით კიდეც, ოღონდ წარმატებას უფრო ვესალმებით, ვიდრე შეუსრულებელ საშინაო დავალებას. უხერხულია, როდესაც ასეთი კერძი სამზარეულოს კედლებს ტოვებს.
და მაინც, აქ გატარებული საღამო, თუ ამინდმაც ივარგა, თავისთავად მშვენიერია. თავი აგარაკზე გგონია და ლისის ტბაც კი, რომელიც დღის მშვენებით ვერ დაიკვეხნის, მწუხრისას არცთუ ისე ცუდი სანახავია.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად

მისამართი: ლისის ტბა
უბანი: ჩრდილოეთ საბურთალო
ტელ: 895 95 95 72 / 891 21 11 99
სამზარეულო: ევროპული, ქართული
საათები: 11:00 – 02:00 (სამუშაო
საათები დამოკიდებულია ამინდზე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 90 ლ (სადილი ორ კაცზე,
ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: საკუთარი


© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული