Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მიშლენის მეგზური / MICHELIN, LE GUIDE ROUGE

ამირან ბაბუნაშვილი

ნებისმიერი ავტომოყვარული იცნობს მიშლენის შესანიშნავ საბურავებს და მის ცნობილ სიმბოლოს - საბურავებისგან შექმნილ მხიარულ კაცუნა ბიბენდუმს (Bibendum - ლათინური გამონათქვამისგან "Nunc bibendum" - "ახლა კი დავლიოთ"). თუმცა, მათი უმრავლესობა მხრებს აიჩეჩავს, თუ ჰკითხავთ - რაა "მიშლენის წითელი წიგნი".

ძმები ანდრე და ედუარდ მიშლენები 1891 წელს იმით გახდნენ ცნობილი, რომ მათ მიერ შექმნილი ველოსიპედის რევოლუციური საბურავით აქამდე სრულიად უცნობ ველომრბოლერს, შარლ ტერონს გამარჯვება მოუტანეს. 10 წლის შემდეგ Michelin-ის ქარხანა უდავო ლიდერი გახდა არა მარტო ველოსიპედების, არამედ ახლახან გამოგონებული ავტომობილების ბორბლების წარმოების დარგში.

1900 წელს ანდრემ, ავტომობილით მოგზაურობის მოყვარულთათვის ტექნიკური მომსახურების გარდა, რჩევის მიცემაც გადაწყვიტა - მოგზაურობისას სად შეიძლებოდა კარგად დაესვენათ და კარგადაც დანაყრებულიყვნენ. ამავე წელს საფრანგეთის გზებისთვის მიშლენის გზამკვლევის პირველი, საპილოტო ვარიანტი გამოვიდა. ამ 400-გვერდიან წითელ წიგნში მაშინ სასტუმროების, ავტომობილის სადგომების, სასაუზმეების, სარემონტო საამქროების სია განთავსდა. ანუ, იმ ადგილების, რომელიც შეიძლება ავტომოგზაურს გამოსდგომოდა. მეგზური თავიდან უფასოდ ვრცელდებოდა და არც მოთხოვნა იყო დიდი.

აი, ასე დაიწყო მიშლენის მეგზურის ისტორია.

მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ფასი მეგზურს მხოლოდ 1920 წელს დაედო. ამ მომენტიდან მას რესტორნების საკმაოდ მარტივი, ფასით შეფასებული, რეიტინგიც დაემატა. მაშინ გამოჩნდა პირველად ყვავილის მსგავსი ვარსკვლავი, რომლითაც მაღალფასიანი რესტორნები იყო მონიშნული.

1926 წელს რესტორანთა რეიტინგის პოლიტიკა ძირეულად შეიცვალა - რესტორნის სახელთან განთავსებული ვარსკვლავი გამორჩეული სამზარეულოს ნიშანი გახდა. 30-იანი წლების დასაწყისში კი, მას შემდეგ, რაც რეიტინგს კიდევ ორი ვარსკვლავი დაემატა, მან საბოლოო, დღემდე შენარჩუნებული სახე მიიღო.

ვარსკვლავთა შინაარსი ძალიან მარტივია:

* - თავის კატეგორიაში ძალიან კარგი რესტორანია. თუ გზაზე შეგხვდათ, ღირს შეჩერება.

** - გამოირჩევა განსაკუთრებული სამზარეულოთი. ღირს ცოტა მარშრუტიც გაიმრუდოთ და რესტორნის კერძები დააგემოვნოთ.

*** - გამოირჩევა შეფ-მზარეულის შესანიშნავი მუშაობით. ასეთ რესტორანში სპეციალური მოგზაურობა შეიძლება დაგეგმოთ.

მაშასადამე, რესტორნის შეფასება, სინამდვილეში, სამზარეულოს კლასის შეფასებას ნიშნავს. სხვათაშორის, თუ შეფ-მზარეული რესტორნიდან მიდის, მიშლენის ვარსკვლავი თან მიაქვს!

დღეს მიშლენის მეგზურის რეპუტაცია უნაკლოა. შეუძლებელია მიიღოთ მაღალი შეფასება ნაცნობ–მეგობრობით ან ფულით. როგორც ამბობენ, რესტორანთა შეფასებისას 14 კრიტერიუმი გამოიყენება, თუმცა ისინი საიდუმლოს წარმოადგენს, რათა რესტორნებმა "ვარსკვლავმფლობელთა" იმიტაცია არ დაიწყონ. ცნობილი მხოლოდ ყველაზე ცხადი კრიტერიუმებია - რესტორნის საზოგადოების მხრიდან აღიარება, სერვისის დონე და, განსაკუთრებით, სამზარეულოს ხარისხი.

ისიც ვთქვათ, რომ მეგზური არასდროს უთითებს ფასებს. მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება თუ გვკარნახობს, რომ ერთვარსკვლავიან რესტორანში მენიუ კაცზე 25-75 ევრო დაგიჯდებათ, ორვარსკვლავიანში - 55-240, სამვარსკვლავიანში - 85-350 ევრო. როგორც ხედავთ, ფასებში საკმაოდ დიდი გადახრაა - ვარსკვლავს ხომ ფასების გაუთვალისწინებლად ანიჭებენ.

კიდევ ერთი რამ - რესტორანს უფლება არა აქვს მიუთითოს, რომ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელია! ამის თაობაზე კლიენტმა მხოლოდ მეგზურიდან უნდა შეიტყოს. ეს წესი იმდენად მკაცრია, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში რესტორანი შეიძლება სარეიტინგო სიიდან საერთოდ ამოიღონ.

მიშლენის გზამკვლევი მუდმივად იხვეწებოდა და ნელ-ნელა კულინარიის სფეროში ეტალონად იქცა. დღეს წითელი წიგნის მოცულობა 2000 გვერდს აღემატება და 8500-მდე რესტორნის აღწერას მოიცავს!

მიშლენის მეგზურის რეპუტაცია იმდენად გაიზარდა, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში მოხვედრა ბევრის ოცნებაა. მიშლენის ვარსკვლავის მიღება რესტორნის პოპულარობის ფანტასტურ ზრდას მოასწავებს, ხოლო მისი დაკარგვა - ტრაგედიის ტოლფასია. აი, მაგალითიც. 2003 წელს, ცნობილმა ფრანგმა მზარეულმა ბერნარდ ლოიზეომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ქალაქ Saulieu-ში (ბურგუნდია) მდებარე მისი რესტორნის Coete d’Or რეიტინგი მომავალი წლიდან სამიდან ორ ვარსკვლავამდე შემცირდებოდა.

ამჟამად მიშლენის მეგზური სხვადასხვა ქვეყნებისთვის გამოიცემა. მათ შორისაა: საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია (ერთად). შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია (ერთად), ბენილუქსის ქვეყნები (ერ- თად). უკვე არსებობს ცალკე მეგზურები: ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი, ლას-ვეგასი, სან-ფრანცისკო, ტოკიო და პარიზი.

საინტერესოა, რომ ტოკიოს მეგზური 2008 წელს გამოვიდა, "იმავ წამს" ქალაქ-გურმანებს სათავეში მოექცა და პირველობა პარიზს ჩამოართვა 93 ჯამური ვარსკვლავით (8 სამვარსკვლავინი, 25 ორვარსკვლავიანი და 117 ერთვარსკვლავიანი რესტორანი!).

რა თქმა უნდა, მსოფლიოში სხვა მრავალი ცნობარი და მეგზური არსებობს. თუმცა მიშლენი მიუღწეველია, სარგებლობს უპირობო ავტორიტეტით და კონკურენტებს არნახულად უსწრებს.

© „ბიზნესი - ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული