Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

South Africa - იმედის კონცხის იმედები

თამარ სუხიშვილი

ქრონოლოგია:

1655 წ. - კაპის პროვინციის პირველმა გუბერნატორმა, ჰოლანდიელმა იან ვან რიბეკმა ამ ტერიტორიაზე პირველი ვაზი ჩაყარა.

1918 წ. - შეიქმნა მევენახეთა კოოპერატივების ასოციაცია (KWV).

1950 წ.-დან - მეღვინეობის პრაქტიკაში თანდათანობით ინერგება ღვინის ცივი ფერმენტაციის პროცესი, რასაც ნაყოფიერი შედეგი აქვს - ცინცხალი და არომატული მშრალი ღვინოები.

1973 წ. - შემოღებულ იქნა ღვინის წარმომავლობის (Wine of Origin) განსაზღვრის სისტემა.

1985 წ. - დამზადდა კასრში ფერმენტირებული პირველი ღვინო.

დაყოფა:

1973 წლის კანონის შესაბამისად, რომელიც სამხრეთ აფრიკის მეღვინეობას არეგულირებს, შემდეგი ტერმინები გამოიყოფა:

Estate (მამული) - მეღვინეობის კერძო მეურნეობა, ფრანგული Chateau-ს ან Domaine-ის ანალოგი.

Ward (ოლქი) - ტერიტორია, რომელიც მეღვინეობის მეურნეობის ნაწილთან ერთად ჩვეულებრივ (თუმცა არა აუცილებლად) მოიცავს მეღვინეობის რაიონის ნაწილსაც.

District (რაიონი) - ხშირ შემთხვევაში მეღვინეობის რაიონების საზღვრები რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს ემთხვევა.

Region (რეგიონი) - აქ შედის სხვადასხვა რაიონები, ან რაიონებისა თუ ოლქების ერთი ნაწილი.

Geographical Unit (გეოგრაფიული ერთეული) - დღესდღეობით ორი გეოგრაფიული ერთეულია გამოყოფილი: დასავლეთ კეიპი და ჩრდილოეთ კეიპი.

ინდუსტრიული სტრუქტურა:

საადგილმამულო ვენახები - სადაც ღვინო იწურება მხოლოდ ამ მიწაზე მოწეული ყურძნიდან;

დამოუკიდებელი მარნები - რომლებიც ღვინოს ძირითადად წურავენ საკუთარ მიწაზე მოწეული ყურძნისგან, მაგრამ შეუძლიათ ასევე იყიდონ ყურძენი და ღვინო და მერე ჩამოასხან თავისი ბრენდის სახელით;

საბითუმო მოვაჭრეები - რომლებიც ისევე მოქმედებენ, როგორც დამოუკიდებელი მარნები;

კოოპერატივები - ისინი კოოპერატივში გაწევრიანებული ფერმერების ყურძნისგან წურავენ ღვინოს.

ნიადაგი

ოკეანის სანაპიროზე გვხვდება ხრეში, ნეშომპალით მდიდარი თიხიანი და ქვიშიანი ნიადაგები, თიხოვანი ფიქალი და გრანიტული წარმოშობის ნიადაგები; მდინარის პირას არის ნატანებითა და კირით მდიდარი ნიადაგები, ქვიშაქვები და წითელი ფიქლის თიხა

ყურძნის ჯიშები

თეთრი (ვენახების 63,8%): შენენ ბლანი/სტენი (ვენახების 19,8%), სოვინიონ ბლანი, შარდონე, კოლომბარი, კეიპის რისლინგი, სემიიონი, რისლინგი, ალექსანდრიული მუსკატი, მიუსკადე...

წითელი (ვენახების 36,2%): კაბერნე სოვინიონი (9,8%), პინოტაჟი (6,5%), მერლო, პინო ნუარი, შირაზი (სირა), სენსო, ტოურიგა ნესიონალი, ტინტა რორიცი...

მეღვინეობა

თებერვალ-მარტში დღის შედარებით გრილ მონაკვეთში, ზოგჯერ ღამითაც კი, ყურძენს ხელით კრეფენ. ღვინის დამზადების ერთიანი ტექნოლოგია არ არსებობს, სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, გერმანელი და ფრანგი მეღვინეების რეცეპტით სარგებლობენ. ღვინის წარმოებაში მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება ცივი დუღილის შემოტანა, ტკბილის ჩაციება, რძემჟავის ფერმენტაციის კონტროლი, მუხის კასრებში დუღილი. შაპტალიზაცია აკრძალულია.

წესები

ტერმინი, რომელიც მოსდევს მეღვინეობის აპელასიონს, აღნიშნავს, რომ 100% ყურძნისა, რომლისგანაც ღვინოა დამზადებული, მოცემულ (აღნიშნულ) ტერიტორიაზეა მოყვანილი. ყველა საექსპორტო ღვინო ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას, რომელსაც გასცემს ღვინისა და სპირტიანი სასმელების სახელმწიფო კომიტეტი, 1989 წლის კანონის მიხედვით. კომიტეტი აკონტროლებს ღვინის ხარისხს, თითოეულ ბოთლს ადებს ბეჭედს, რომელიც ადასტურებს ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება მის წარმომავლობას, მოსავლის აღების წელს და ყურძნის ხარისხს, რომლისგანაც ღვინოა დამზადებული. ყურძნის 75% უნდა იყოს იმ წელს მოწეული, რომელიც ღვინის ეტიკეტზეა მითითებული, დანარჩენი 25% კი - წინა ან იმის წინა წლის მოსავლისა. ღვინოში სულ ცოტა 75% უნდა იყოს ყურძნის ის ჯიში, რომელიც მითითებული იქნება ეტიკეტზე, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გასაგზავნ ღვინოებში - 85%.

ვაჭრობა

300-ზე მეტი მეღვინეობის კერძო მეურნეობა და 60-ზე მეტი კოოპერატივი ყოველწლიურად 800 მილიონ ლიტრამდე ღვინოს ასხამს.

მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში მკაცრი სელექციის პროგრამას დაუჭირეს მხარი, აქაური ღვინოები თანდათანობით გაუმჯობესდა. ღვინის გაუმჯობესების პროცესს სამხრეთ აფრიკაში საფუძვლად კლონური სელექცია, ჯიშების გაუმჯობესება და ტერუარის ორფაზიანი ანალიზი დაედო. შედეგად, ამ ქვეყნის ვენახებმა ბოლო წლებში ახალი სიცოცხლე შეიძინა. დღესდღეობით სამხრეთაფრიკული ღვინის ხასიათი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და გამდიდრებულია, ვიდრე მაშინ, როდესაც ნელსონ მანდელა დიდი ხნის პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა. სამხრეთაფრიკული ღვინო, რომელიც იმ დროს ბარე 10 წლით ჩამორჩენილი იყო, ახლა თანდათანობით ხიბლს იძენს. მულტირასობრივი დემოკრატიის მიღებით სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო ბაზარზეც გააღწია.

დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეღვინეობის "აღორძინებაზე" საუბარი უკვე აღარავის აკვირვებს. ამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანამ ღვინის წარმოების მხრივ ახალ ეპოქაში შეაბიჯა. მეტად საგულისხმოა თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში სპეციალიზებული ჟურნალ-გაზეთები (მაგალითად, ჟურნალი Wine-ი) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სამხრეთ აფრიკის ღვინოებს. თვით ბრიტანელი ჟურნალისტებიც კი, ეს "ძველი სამყაროს სნობები", როგორც თავის თავს უწოდებენ - "ტერუარისტები", აღიარებენ, რომ სამხრეთ აფრიკას დიდი პოტენციალი აქვს ღვინის წარმოების მსოფლიო ელიტაში მოსახვედრად. რამდენიმე წლის წინ ჟურნალ Wine-ის რედაქტორი რობერტ ჯოზეფი შეეცადა შეეკრიბა როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ექსპერტების ბოლოდროინდელი ცნობები სამხრეთ აფრიკის მეღვინეობის შესახებ. რაღა თქმა უნდა, აქ კრიტიკაც ბევრი იყო და ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებიც, მაგრამ ზოგადად იმედის კონცხის პროგნოზი იმედისმომცემი გამოდგა.

ქარიშხლიანი დასაწყისიდან იმედიან დასასრულამდე

კეთილი იმედის კონცხი პირველად ინდოეთის მაძებარმა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ბარტოლომეუ დიაშმა აღმოაჩინა 1488 წელს და მას ქარიშხლის კონცხი Cabo das Tormentas უწოდა, პორტუგალიის მეფემ კი - კეთილი იმედის კონცხი, მას იმედი ჰქონდა, რომ აქედან ინდოეთს მიადგებოდა.

დასახლებით ევროპელები პირველად ამ კონცხზე 1652 წელს დასახლდნენ. კონცხის პირველი მმართველი იყო ჰოლანდიელი იან ვან რიიბეკი, რომელმაც მოსახლეობა დაარწმუნა, რომ კონცხის კლიმატი შესანიშნავი იქნებოდა ვაზის მოსაშენებლად. პირველი ვენახი 1655 წელს გააშენეს, 1659 წლის 2 თებერვალს კი რიიბეკს დღიურში ჩაუწერია: "დღეს, ღვთის შეწევნით, კონცხის ყურძნიდან პირველად დაიწურა ღვინო."

1679 წელს ახალი მმართველი სიმონ ვან დერ სტელი მოვიდა, ისიც მეღვინეობის მხურვალე გულშემატკივარი გახლდათ. ერთადერთი, რაც დაიწუნა, აქაური ღვინის სიმწარე იყო. მან საკუთარი ვენახები გააშენა კონსტანციაში. მოგვიანებით კონსტანციას ღვინოებმა თავისი განსაკუთრებულობით და სიტკბოთი გაითქვა სახელი. ათიოდე წლის შემდეგ აქაურობას რელიგიურ დევნას გამოქცეულმა ფრანგებმა შეაფარეს თავი. რასაკვირველია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი ცოდნა და მეღვინეობის გამოცდილება თავის სასიკეთოდ გამოიყენა. სამხრეთაფრიკული, უფრო სწორად კონსტანციას ღვინოების პოპულარობა ჰენდრიკ კლეტეს სახელთან არის დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე ჯიშს ურევდა და ასე ამზადებდა ღვინოს, რომელიც ევროპელი მეფე-იმპერატორების საყვარელ სასმელად იქცა: ფრედერიკ დიდით დაწყებული ნაპოლეონით დამთავრებული. სამწუხაროდ, ფილოქსერამ თვით ძლევამოსილ იმპერატორთა ინტერესებიც კი არ გაითვალისწინა, კლეტეს ოჯახი გაკოტრდა და ვენახი Groot Constantia სახელმწიფოს მიჰყიდა. თუმცა გავიდა ხანი და უკვე XX საუკუნის 80-იან წლებში დაგი ჯუსტმა იყიდა Klein Constantia, თანამედროვე ყაიდაზე გარდაქმნა და ღვინის მოყვარულთ Vin de Constance შესთავაზა.

სამხრეთი აფრიკის მეღვინეობა ახალ სამყაროში უძველესად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ამ მხრივ პირველობა მექსიკაზე მოდის, როდესაც კონცხზე პირველი მოსახლეები გამოჩნდნენ, მექსიკაში უკვე ყურძნის მოსავლის აღების ასწლიანი გამოცდილება ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ამერიკაში ესპანელმა მისიონერებმა ვერ შეძლეს ისეთი ღვინის შექმნა, როგორიც არის XVII საუკუნეში სამხრეთაფრიკული Vin de Constance მუსკატისაგან, რომელიც ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლებოდა ტოკაის შემდეგ. შესაძლოა პარადოქსულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ნაპოლეონის დროინდელ საფრანგეთში, საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, გარკვეულ წრეებში შორეული აფრიკიდან შემოტანილი ღვინოები უკვე პოპულარობით სარგებლობდა, მაშინ როცა Lafite და Romanee-Conti-ის სახელები მხოლოდ აქა-იქ თუ გაიელვებდა-ხოლმე.

სანამ ისტორიულ მიმოხილვას წერტილს დავუსვამდეთ, კიდევ რამდენიმე დეტალზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. სამხრეთაფრიკული ღვინის ინდუსტრიალიზაცია და პოპულარიზაცია დიდწილად ბრიტანეთის მიერ კონცხის ოკუპაციასთან არის დაკავშირებული.

არა მარტო ღვინის, არამედ სამხრეთ აფრიკის და, საერთოდ, მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი იყო ერთი რევოლუციური მოვლენა: XX საუკუნის 60-იანი წლებში გაუქმდა კანონი, რომელიც კრძალავდა "თეთრების სითხის" მიყიდვას შავკანიან, აზიელ და ფერადკანიან სამხრეთ აფრიკელებზე.

კონცხზე ცვლილებების ქარმა გადაიქროლა

ახალი სამყაროს ღვინის ბაზარზე სამხრეთაფრიკული ღვინის გამოჩენას თან სდევდა დავა სამხრეთაფრიკული ღვინის პოპულარობისა და ავკარგიანობის შესახებ.

ღვინის გამოფენებზე ყურადღებას იპყრობდა ის ფაქტი, რომ ბევრი მეწარმე თითქოს ამაყად მიუთითებდა ბროშურებსა და ბოთლების იარლიყებზე: "შეიქმნა 1694 წელს" ან "1789 წელს" და ა.შ. შემდგომ კი ირკვეოდა, რომ ეს ერთგვარი ხრიკი გახლდათ, თარიღები აღნიშნავდა ამა თუ იმ მეურნეობის დაარსების დროს, იმის მიუხედავად, მეურნეობაში იმ დროს ქლიავი იკრიფებოდა თუ ვაშლი. უმრავლეს შემთხვევაში კი ამ მეწარმეებმა ყურძნის მეურნეობას მხოლოდ XX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ჩაუყარეს საფუძველი.

თუ არ ჩავთვლით Vin de Constance-ს წარმატებებს, სამხრეთაფრიკული მეღვინეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყურადღების მიღმა რჩებოდა, განსაკუთრებით XX საუკუნის ბოლო 50 წლის მანძილზე უყურებდნენ ეჭვის თვალით. თუმცა ადგილობრივი ღვინოები ზოგჯერ წარმატებითაც გადიოდა ექსპორტზე, აკრძალვების მიუხედავად, ხოლო კეთილმეგობრულად განწყობილი კრიტიკოსები თანაუგრძნობდნენ აფრიკის მეღვინეებს და მათთვის საქებ სტატიებსაც არ იშურებდნენ, ტურისტები კი ყველგან ავრცელებდნენ ხმებს კონცხის თეთრი და წითელი ღვინოების ღირსებების შესახებ.

მაგრამ არსებობდა მეორე ფრთაც, არანაკლებ ძლიერი. ჟურნალ Wine-ს ერთ-ერთ სპეცგამოშვებაში კეიპტაუნის ცნობილი ექსპერტი ჯონ პლეტერი აღნიშნავდა, რომ ჯერჯერობით სარ-ში არ დაუყენებიათ ისეთი ღვინო, რომ საქვეყნოდ გამხდარიყო ცნობილი, როგორიც არის მაგ. Grande, ან Opus One, ან კიდევ, Cloudy Bay. ექსპერტთა ერთი ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ კონცხის მეღვინეებს თავი ისე ეჭირათ, თითქოს მათ უბრალოდ ბედი არ სწყალობდათ და არ ეთანხმებოდნენ იმ აზრს, რომ მათი ღვინოები არ იყო საკმარისად ხარისხიანი მსოფლიო ბაზრისთვის.

მაგრამ ეს უკვე წარსულია. ბოლო ხანებში აქაურ მეღვინეობაში მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყო. კონცხის ვენახებზე ცვლილებების ქარმაც გადაიქროლა, რის შედეგადაც ახალი თანამედროვე ღვინოებიც მივიღეთ: უფრო კომპლექსური და გამდიდრებული. მეღვინეობის ერთ-ერთი რევოლუციონერის სიტყვები რომ გავიმეოროთ: "სამხრეთ-აფრიკელი მეღვინეები ადრე დაღლილები და მოხუცებულები იყვნენ, ახლა ისინი თითქოს გაახალგაზრდავდნენ...".

ბრძოლა ვირუსებთან

მეღვინეებმა ძველ შეცდომებზე სათანადო დასკვნები გამოიტანეს და მათი გამოსწორებაც დაიწყეს. შეიძლება წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს წვრილმანი ნამდვილად სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მეღვინეებს ახლო წარსულში. სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ არა მხოლოდ მოძველებული ვაზის ფოთლები ავადდება ვირუსით, რომელიც შემდგომ ნაყოფს ხელს უშლის ნორმალურად დამწიფებაში, არამედ ხშირად ახალიც, ზოგჯერ KWV-ში (მევენახეთა კოოპერატივის ასოციაცია) გამოყვანილი ჯიშებიც კი არის დაავადებული და საჭიროებს შეცვლას. სულ რამდენიმე წლის წინ ვირუსი leafroll, fanleaf, corky, რომელიც აზიანებს ვაზის ფოთლებსა და ქერქს, თითქმის ყველგან გავრცელდა.

სწორედ ამით აიხსნება საერთო გატაცება მაღალმოსავლიანი და გამძლე ჯიშებისადმი, როგორებიცაა სენსო და შენენ ბლანი. რატომღაც ხელისუფლება არ ჩქარობდა ვირუსებზე შემოწმებული კლასიკური ჯიშების გამოყვანას. გასული საუკუნის 80-იან წლებში თითქმის ყველგან გავრცელდა დაავადებული შარდონეს კლონები. ამის გამო ბევრი მევენახე იძულებული იყო კალმები კონტრაბანდით შემოეტანა, რის გამოც მოგვიანებით დიდი სკანდალი აგორდა კონტრაბანდისტების წინააღმდეგ. ხელისუფალთ მხოლოდ ამის შემდეგ გადახედეს ნედლეულის გამოყვანის შესახებ პროგრამას და 80-იანი წლების ბოლოს უკვე შესაძლებელი გახდა ე.წ. ვირუსებისგან თავისუფალი ვენახებიდან მოსავლის აღება. თითქმის 15 წელი დასჭირდა იმის გაგებას, რომ მევენახეებს თვითონვე გამოეყვანათ ვირუსებისგან დაცული სასურველი ნერგები და აღარ ყოფილიყვნენ დამოკიდებული საზოგადოებრივ სანერგეებზე. ამჟამად ეს ზღუდე გადალახულია და ახალი ტალღის მეწარმეები (მაგ. საიმონ ბარლოუ რუსტენბერგიდან) საკუთარი სანერგეების წყალობით ვენახების ბედს თვითონვე განაგებენ. "ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა. მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და იარაღის შეძენა უაზრობაა, თუ დარწმუნებული არ ხარ ყურძნის ხარისხში," - ამბობს ბარლოუ.

აღმოჩენები

ჯერ კიდევ დიდი ძვრებია საჭირო იმისთვის, რომ მეღვინეებმა გაიზიარონ ერეტიკული იდეები და დარწმუნდნენ, რომ არ არის აუცილებელი საუკეთესო ღვინოები იყოს მხოლოდ ძველი და საპატიო რეგიონებიდან. 90-იანი წლებიდან საკმარისია ჰკითხოთ ახალი სამყაროს მეღვინეობის ნებისმიერ სპეციალისტს სამხრეთ აფრიკის შესახებ, რომ მაშინვე ჩამოგითვლით ღვინოებს: კონსტანცია, სტელლენბოში, პაარლი და ფრანშჰუკი, ისევე, როგორც ფრანგული ღვინოების ხსენებისას - მედოკს, სენტ-ემილიონს, კოტ დ’ორს და სხვ. კონსტანციას ძველი დიდება ემყარება გვიანი მოსავლის თეთრ ტკბილ ღვინოებს, რადგანაც წითელი ძირითადად შემაგრებული და უფრო უხეში ჩანს. რა თქმა უნდა, მიზეზი კლიმატური პირობებიდან გამომდინარეობს. ჩარლზ ბლეკის აზრით, ხშირად ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ რეგიონის ზედმეტად ცხელ კლიმატს. მაგალითად, სამხრეთი აფრიკის შედარებით გრილი კონსტანცია სინამდვილეში გაცილებით თბილია, ვიდრე პრიორატ, ყველაზე ცხელი რეგიონი ესპანეთში.

თუმცა კონსტანცია ზოგიერთმა სულ ახლახან აღმოაჩინა. აქ მთის თავისუფალ ფერდობებზე, ოკეანესთან ახლოს თანდათან ახალი ვენახები ჩნდება; აღმოსავლეთი სანაპიროების კლიმატი მკვეთრად განსხვავდება შიდა ცხელი რაიონებისაგან: ელგინი, სადაც ვაშლის ბაღები უკვე ვენახებით შეიცვალა, უოლკერის ყურე, სადაც მოჰყვათ ყველაზე კარგი აფრიკული პინო ნუარი (მაგ. ჰამილტონში Russel და Bouchard-Finlayson).

აქაურმა კლიმატურმა პირობებმა რეტკლიფებიც მიიზიდა, ძველი ვენახები გოლფის მოედნებად აქციეს და სამაგიეროდ მთის ფერდობებზე ახალგაშენებული ვენახებით დაინტერესდნენ. ამ ფერდობებზე ზღვის დონიდან 800 ფუტის სიმაღლეზე პოლ დე ვეტმა შირაზის ჯიში მოაშენა და ამით რონის ხეობის მეწარმეების ყურადღებაც მიიპყრო, რომლებიც უკვე ფიქრობენ კიდეც ვეტთან ერთად წარმოების გახსნაზე.

ფრანშჰუკის მევენახეები კიდევ უფრო ზემოთ, მთებისკენ მიიწევენ. რონელ ვიიდი, რომელიც აქამდე ბოშენდალში (Boschendal Estate) მუშაობდა, ძალიან დაინტერესდა მთის კლიმატით: "ფრანშჰუკი მდებარეობს მაღალ ღარტაფზე ფერდობებს შორის და განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა. აქ უღელტეხილიდან ხეობის მიმართულებით სამხრეთ-აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ქრის და ჰაერს აგრილებს." ამ პატარა ხეობაში მოგზაურობისას BMW-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გეორგ შლიხტმანმა პენსიაზე გასვლის შემდეგ, მისივე თქმით, "თავისი ოცნების მეურნეობა" იპოვა. მან 1992 წელს აქ ღვინის წარმოება დააფუძნა, რომელსაც Von Ortloff უწოდა. მისი აზრით, ვაზისთვის აქ არა მარტო კარგი კლიმატური პირობები, არამედ ნიადაგიც საუკეთესოა: "ცოტა ორგანული ნაერთები და საკმარისი რაოდენობის კირქვა".

ახალი ექსპერიმენტები

"ახალი ტალღის" მეღვინეები ყველაფერს თავიდან იწყებენ: სუფთა ვაზის ჯიშები და ახლადჩაყრილი ვენახები - ზოგიერთს ეს შეიძლება უაზროდაც ეჩვენოს. თუ გავიხსენებთ ენციკლოპედიურ სტატისტიკურ მონაცემებს: სამხრეთი აფრიკა ღვინის წარმოების მოცულობის მიხედვით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა და ყოველწლიურად აწარმოებს 10 მლნ ჰექტოლიტრ ღვინოს, ეს მაშინ, როცა ვენახების ფართობების მიხედვით მას მხოლოდ მე-20 ადგილი უჭირავს, ანუ საერთო მსოფლიო ფართობის 1%. ვინაიდან მოსავლიანობის რაოდენობაზე კონტროლი არ არსებობს, უმეტესი რაოდენობა ვენახებისა ირწყვება და, აქედან გამომდინარე, მოსავალიც შესაბამისად ყოველ ერთ აკრზე 20 ტონით მატულობს, ეს კი ზოგიერთი ფრანგული ღვინისთვის დასაშვებ ნორმაზე დაახლოებით 9-ჯერ მეტია. საშუალოდ ქვეყანაში მოსავლიანობა 1 აკრიდან 4,4 ტონას უდრის. ეს უკვე ბევრად მაღალია, როცა საუბარი ხარისხს შეეხება.

"ახალი" მეღვინეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. იმის გარდა, რომ ვენახები ფერდობებზე გააშენეს, სადაც ყურძენს უფრო დიდხანს უწევს მწიფობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს და დაიწყეს აპელასიონების გადარჩევა (მაგ. სტელენბოშის რამდენიმე ნაწილად დაყოფა უფრო კარგად ასახავს ამ ადგილის მრავალფროვნებას).

ზოგადად, აპელასიონების კონტროლის შესახებ სამხრეთ აფრიკელებმა შეიტყვეს ჯერ კიდევ 1973 წელს, როდესაც მიიღეს კანონი Wine of Origin. კანონი ძირითადად ეყრდნობოდა სახელმწიფო კონტროლს და სერტიფიცირების წესებს. ამით წერტილი დაესვა ნებაყოფლობითი ეტიკეტების ეპოქასაც. რადგან სერტიფიცირების სისტემა ნებაყოფლობითი იყო, ღვინოებიდან მხოლოდ 10% თუ გადიოდა მას, საკმარისი იყო მხოლოდ სანიტარული ნორმების ანალიზი.

აქვე წარმოგიდგენთ 1973 წლის კანონის Wine of Origin ამონაწერიდან ზოგიერთ პუნქტს:

ღვინო სერტიფიცირებული უნდა იქნეს წარმოშობის რეგიონის ან რაიონის მოსავლის და ყურძნის ჯიშის მიხედვით;

კუპაჟი განისაზღვრება იმ ჯიშის მიხედვით, რომელიც შემადგენლობაში ძირითადია და უდრის არანაკლებ 75%-ს. თუ კუპაჟს არა აქვს ერთი რომელიმე ჯიშის სტატუსი, მაშინ მითითებული იქნება ჯიშების თანაფარდობა;

სერტიფიკაციისთვის წარდგენილი ღვინო გაივლის ანალიტიკურ ტესტს და დეგუსტაციას მთავრობის მიერ დაწესებულ საბჭოზე. ექსპერტებს უფლება აქვთ დაიწუნონ ღვინო, როგორც ცუდი და არატიპური (სხვათა შორის, ეს საკმაოდ ხშირად ხდება);

ცქრიალა ღვინოებს, შამპანურის წესით დამზადებულს, ეწოდება Methode Cap Classique; შემაგრებული ღვინოები Soliera-ს წესით დაყენებული, ექსპორტზე ვერ გადის, როგორც ხერესი - ეტიკეტზე უნდა მიეთითოს Flor.

აკრძალულია შაქრის ან ნებისმიერი სხვა პროდუქტის დამატება ყველა სახის ღვინოში;

შემჟავება დასაშვებია;

აკრძალულია კვებითი დანამატები;

იარლიყზე მითითებული უნდა იყოს სიმაგრე (ნახევარი პროცენტის ცდომილებით);

მართალია, კანონის პუნქტები ნასესხებია საფრანგეთისა და გერმანიის კანონმდებლობიდან, აქ არ არის შეზღუდვები მოსავლიანობის რაოდენობაზე, სასუქების რაოდენობასა და მორწყვის ხარისხზე. წარმოშობის ადგილის მითითება ზოგჯერ გაუგებრობასაც იწვევდა. ძალიან ხშირად ერთ კუპაჟში ერთიანდებოდა მთლიანად ერთი დასახელების მასალა, მაგრამ თუ ვიგულისხმებთ, რომ ერთი რეგიონი შესაძლოა მოიცავდეს, მაგ. 400 კმ ფართობის ვენახს, არ იქნებოდა მართებული ამ ფართობისთვის ერთი აპელასიონი გვეწოდებინა. ამ შემთხვევაში მეღვინეს შეეძლო ეწარმოებინა ვთქვათ ხუთი დასახელების ყურძნიდან მხოლოდ ერთი ღვინო იმ სახელით, რომელიც ყველაზე საუკეთესოდ ითვლებოდა. ამ აღრევის თავიდან ასაცილებლად შემოიღეს ახალი წესი და უწოდეს "შერეული ღვინოების სერტიფიკაცია". მაგრამ ყველაზე უცნაური Wine of Origin-ში კი ე.წ. ტიტულების სისტემაა, რომელიც საუკეთესო ღვინოებს ენიჭება. ღვინო, რომელიც მიიღებდა 7,5 მეტ ქულას, ენიჭებოდა ტიტული - Superior და ეს აღინიშნებოდა ბოთლის სახურავზე დიდი ოქროსფერი ბეჭდით, ჩვეულებრივი შავ-თეთრის ნაცვლად, რომელიც მიანიშნებდა ძალიან ჩვეულებრივი ღვინის სერტიფიცირებას. ფერადი ზოლებიდან კი - წითელი მიანიშნებდა ვინტაჟს, ლურჯი - რაიონს, მწვანე ხარისხს; აგრეთვე, ეტიკეტზე დაუმატეს ხმიანობის მაჩვენებელიც, რომელსაც აფრიკელებმა "ავტობუსის ბილეთი" უწოდეს.

სულ მალე, 1993 წელს გადახედეს ტიტულოვანი ღვინოების ეტიკეტების დიზაინს (შემოიღეს ერთფეროვანი უფრო მცირე ზომის ბეჭედი ზოლების გარეშე) და მთავარი საზომი გახდა აპელასიონი. ცხადია, ქვეყნის ათამდე რაიონში, სადაც ერთ ჰექტარ ვენახზე ზოგჯერ 5 სხვადასხვა ტიპის ნიადაგი გვხვდება, ხოლო ზღვის დონე 200 მეტრის ფარგლებში მონაცვლეობს - ეს უკვე მეტისმეტი იყო. ამგვარად, დღეისათვის უპირატესობა ენიჭება აპელასიონს, რომელიც ნიადაგის ტიპებზეა დამოკიდებული. სამხრეთ აფრიკაში არა მარტო აითვისეს "ტერუარის" ცნება, არამედ ისიც დაადგინეს, თუ რა მრავალფეროვანი და ნაყოფიერია ადგილობრივი ტერუარები მეღვინეობისთვის.

მომავალში, როგორც კალიფორნიული ღვინის მოყვარულები მოიკითხავენ ხოლმე მთიანი რეგიონის ღვინოებს - ჰაუელს ან კარნელოსს და არა ნაპუს, ისე კაპის მოყვარულები ყოველთვის იყიდიან ჰელდერბერგულს ან სიმონსბერგულს. სამხრეთ აფრიკის მეღვინეობის ტენდენციები ისეთნაირად იკვეთება, რომ კარგად ჩანს, ე.წ. ახალბედებს მსოფლიო კლასის ღვინოების წარმოება შეუძლიათ.

კიდევ ერთ დასკვნამდე მივიდნენ სამხრეთაფრიკელიმეღვინეები: არ არის აუცილებელი, რომ კარგი ღვინო მაინცდამაინც ერთი ვენახიდან იწარმოებოდეს. თუ მაგალითად, სამხრეთ ავსტრალიაში სხვადასხვა მხარეებში მოწეული ყურძნის ნაკრებს წურავენ, რატომ არ შეიძლება აქაც იგივე გაიმეორონ?

თანამედროვე მიდგომებს ავსტრალიელებს დაესესხნენ. თუმცა არ ცდილობენ, რომ ბრმად მიბაძონ ახალი სამყაროს ან თუნდაც დიდი ტრადიციის მქონე ქვეყნებს. მთავარია, სხვების გამოცდილება კარგად გაითავისონ და საკუთარი ორიგინალური შტრიხიც დაუმატონ.

შედეგი ასეთია: აფრიკული ღვინის ბაზარზე გაყიდვები მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნებში უდიდესი სისწრაფით იზრდება, ყველაზე დიდი მომხმარებელი დიდი ბრიტანეთია.

ჯიშები

დღეს მეღვინეთა ერთი ნაწილი პინოტაჟის თვისებებზე ამყარებს დიდ იმედებს. ამ ჯიშს მომხრეებიც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

თუმცა სამხრეთაფრიკული ღვინის მომავლის მხოლოდ მასთან დაკავშირება მართებული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს. თვით თავისი საუკეთესო გამოვლინებებშიც კი ეს ჯიში იშვიათად აღწევს ჭეშმარიტ ბრწყინვალებას.

პინოტაჟის ერთგულმა გამოცდილმა მეღვინეებმა კარგად იციან ისიც რომ პინოტაჟი სხვა ჯიშებში არ უნდა აურიონ, რადგან ეს არღვევს არა მარტო თვითონ პინოტაჟის ჰარმონიას, არამედ სრულიად ანადგურებს მისი კომპანიონების საუკეთესო თვისებებსაც.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამხრეთ აფრიკამდე ახალი ზელანდია იყო ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პინოტაჟი გვხვდებოდა, ახლა ზელანდიაში დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ მის ძირფესვიანად ამოძირკვას და მის ჩანაცვლებას ბორდოს, რონის ხეობისა და ბურგუნდიის ცნობილი ჯიშებით.

მეღვინეებს შორის სამხრეთ აფრიკაში, ისევე როგორც ყველგან, კონსერვატორებიც არიან და ექსპერიმენტატორებიც. სწორედ ექსპერიმენტატორთა წყალობით შემოვიდა აქ ამ ადგილისთვის სრულიად უცხო პინო ნუარი. ბევრმა აიტაცა იდეა, რომ სამხრეთი აფრიკა ჭირვეული პინოს ახალ სამშობლოდ აქციონ. მეღვინეებმა, რა თქმა უნდა, იციან, რომ პინო დიდ მსხვერპლს მოითხოვს - დიდ თავდადებასა და მოწიწებულ ზრუნვას. მაგრამ საკმაოდ სერიოზული კომპანიები დიდ იმედებს ამყარებენ ამ ჯიშზე - მაგალითად: Klein Constantia, Meerlust, Steerberg. Barefoots Pinot Noir-ის შემქმნელი კეტი მარშალი ამტკიცებს, რომ კაპის პინოსთვის ბრძოლა ახლა იწყება. ის ამჯობინებს, არ გაფილტროს თავისი პინო, და ამის გამო დიდი დაკა-დაკა აქვს სერტიფიცირების ინსტიტუტებთან, რომლებიც კრისტალურად სუფთა ღვინოების პროპაგანდას ეწევიან.

ჯერ კიდევ 2000 წელს International Wine Challenge 2000-ზე პინომ - Bouchards-Finlayson 1997 მთავარი პრიზი მოიპოვა. ეს იყო პიტერ ფინლეისონის ექსპერიმენტი, რომელმაც პირველი პინო ნუარის ფერმენტაცია გააკეთა, რასაც Bouchards-Finlayson წამოწყება მოჰყვა და საბოლოოდ წარმატებიტაც დასრულდა. დღესდღეობით პინო ნუარს სამხრეთ აფრიკაში ვენახების 15 აკრი უკავია. ვაზის ასაკი 2-დან 10 წლამდეა. ერთი ვაზიდან დაახლოებით ერთ ბოთლ ღვინოს იღებს, საერთო ჯამში დაახლოებით 3 ათასი ყუთი ღვინო მიიღება. ტრადიციული ფერმენტაციის მერე ღვინო 10-15 თვის განმავლობაში ღვინდება მუხის კასრებში.

ფინლეისონი აღიარებს, რომ მთავარი მოსავლის ხარისხია. ამიტომაც სახელგანთქმული Galpin Peak Tete de Couvee მხოლოდ საუკეთესო წლებში მზადდება. ფინლეისონისთვის პინო ნუარი ოპერას ჰგავს, როდესაც ის ნამდვილად კარგია, სიამოვნებისა და აღტაცებისგან თითქოს სხეულში ჭიანჭველები გივლიან, მაგრამ საშუალო პინო არ არსებობს. იდეალს თუ არ მიაღწია, ესე იგი, სრული კრახია.

თეთრებს შორის სამხრეთ აფრიკაში კვლავ შენენ ბლანი დომინირებს. საპიკნიკედ პოპულარულია მოტკბო Steins, რომლებიც ყუთებით იყიდება და აწერია "5-1". თუმცა, ე.წ. ელიტურ ღვინოებში სამხრეთაფრიკული სამელებიდან მაინც წითელი ღვინოები სახელდება.

მეღვინეობის მოდა

ორი ტენდენცია შეინიშნება სამხრეთაფრიკულ მეღვინეობაში. 1. ვენახის შეძენა სამხრეთ აფრიკაში მოდასავით შემოვიდა. ვისაც ფული აქვს და გადაწყვეტს, რომ სიბერე მყუდრო გარემოში გაატაროს და თანაც არ ეზარება, რომ რაღაც სასარგებლოც გააკეთოს, მეღვინეობას ჰკიდებს ხელს. თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ყიდულობს ამ ტერიტორიაზე ვენახებს და ღვინოს აწარმოებს. ამის ნათელი მაგალითია ევროპელი და აზიელი ინვესტორების მიერ დაარსებული ახალი ღვინის საწარმო Ashanti. აქაურობა ფრანგ მეღვინეს ვენსან რიდონს აბარია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რობერტ მონდავისთან მუშაობდა. უცხოელთა შორის ცნობილია კალიფორნიელი მეღვინეების - ზელმა ლონგისა და ფილ ფრიზის ღვინოებიც. სახელგანთქმულია Roupert and Rotschild. ეს საწარმო არაჩვეულებრივ ადგილას მდებარეობს, ის დააარსა სამხრეთ აფრიკელმა ანტონი რუპერტმა ბარონ ედმონდ როტშილდის ვაჟთან ბენჯამენთან ერთად, ცნობილი ფრანგი ენოლოგის - მიშელ როლანის დახმარებით. 2. მეღვინეთა რიგებში ძალიან ბევრი ადგილობრივ ფერადკანიანი მოსახლეც ჩაეწერა. ძალიან კარგად ფინანსდება ენოლოგების სასწავლო პროგრამები და საკმაოდ დიდი რაოდენობის სტიპენდიებია გამოყოფილი სწორედ შავკანიანი ახალგაზრდებისათვის. ამას "ძალაუფლების გადაცემას" ეძახიან. ამ ინიციატივის ძირითადი პრინციპი ის გახლავთ, რომ რაც შეიძლება მეტმა შავკანიანმა ახალგაზრდამ მიიღოს განათლება და, შესაბამისად, შემდგომში დასაქმების შანსი.

ღვინო საყვარელი ქალივითაა

ერთ-ერთ ინტერვიუში ერთი აქაური მეღვინე ამბობს: ღვინო საყვარელი ქალივითაა, ზოგი მხოლოდ ერთი დღით არის შენს გვერდით, ზოგი კი მთელი ცხოვრება შენი ერთგული რჩება. ჩვენ გვინდა ღვინის მოყვარულთ არჩევანის საშუალება მივცეთ. მერე მათი გადასაწყვეტია.

მომხმარებლის გულის მოსაგებად სამხრეთაფრიკელი მეღვინეები დაუღალავად შრომობენ. სხვადასხვა საშუალებებით ცდილობენ საკუთარი ღვინის რეკლამირებას, განსაკუთრებით გავრცელებულია ეტიკეტებზე ე.წ. ეთნიკური სიმბოლოების გამოყენება. მიზანი ერთია: მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სამხრეთ აფრიკის გემო.

სამხრეთაფრიკელიმეღვინეები საკმაოდ იმედიანად გრძნობენ თავს. ტყუილად ხომ არ არიან იმედის კონცხის მაცხოვრებლები. © „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული