Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული მეღვინეობის პერსპექტივების შესახებ

ნინა ახლოური   

 მას შემდეგ, რაც ჩვენს ღვინოს რუსეთის ფედერაციამ ემბარგო დაუწესა, ქართველმა მეწარმეებმა ახალი კავშირების, ახალი ბაზრების ძიება დაიწყეს. მათთვის დასავლეთში გასვლა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა გახდა. თუმცა, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა – ევროპელებისა და ამერიკელებისთვის მათთვის ჯერ უცნობი ღვინით დაინტერესება არა მხოლოდ მისი ხარისხის ამაღლების გზაზე გადის. საჭიროა საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვება და მედლების აღების გზით აღიარების მოპოვება, სწორი მარკეტინგული გათვლები, სარეკლამო კამპანიები და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ქართული ღვინის წარმატებას უცხოეთში გამართულ გამოფენებსა თუ კონკურსებზე, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ, პროგრესი ნათელია. ექსპორტის ზრდაც ღვინის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციებზე მიუთითებს. თუმცა, როდესაც უცხოელი ექსპერტები ქართულ ღვინოებზე ლაპარაკს იწყებენ, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ განვითარების პროცესი გრძელია და საკმაოდ რთულიც, რომელიც არცთუ მცირე რესურსებს მოითხოვს. ამიტომ დასაფიქრებელია, კეთდება კი ყველაფერი იმისათვის, რომ წარმატების მაჩვენებელი გაიზარდოს? რა ფაქტორების გათვალისწინება შეიძლება, როდესაც ამ სფეროს სტრატეგიულ გეგმას ვსახავთ და საერთოდ, რაზეა დამოკიდებული შემდგომში ღვინის წარმოების განვითარება?
     ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კითხვას შესანიშნავად პასუხობს გიორგი ბერულავას ჩატარებული სამეცნიერო კვლევა. ამ უკანასკნელის სახელია "ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გავლენა ქართული ღვინის ინდუსტრიაზე: კონკურენტუნარიანობის ანალიზი". ბატონი გიორგი მკვლევარია, თანამშრომლობს სხვადასხვა კვლევით ცენტრებთან და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. მითხრა, რომ ეს კვლევა ევროპული პროექტის შემადგენელი ნაწილია, ანუ ქართველებისგან მსგავსი დაინტერესება არ წამოსულა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ დადებულა და კვლევაც 2008 წელს ჩატარდა, ბერულავას მიაჩნია, რომ პრობლემის გადაჭრის გზები, რომელიც ნაშრომშია ჩამოყალიბებული, ახლაც აქტუალურია.
     ავტორმა სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის შედეგად ნათლად ჩამოაყალიბა, თუ რა მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქართული ღვინის ბიზნესს ამ შეთანხმების დადების შემთხვევაში. ვინაიდან ევროკავშირთან აღნიშნული შეთანხმების დადებაზე ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამ სტატიაში ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტებზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ და კვლევის მთავარ, ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავალ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილიც ამ შეთანხმების ჭრილშია განხილული, მისი შინაარსი გაცილებით დიდი დატვირთვის მატარებელია და პორტერის ანალიზზე დაყრდნობით, გვისახავს მთავარ გზებს იმისათვის, თუ ზოგადად რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად, რაც, თავისთავად, ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას გულისხმობს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
 
     როგორც ბერულავა თავისი ნაშრომის დასაწყისში აღნიშნავს, ერების განვითარება და კეთილდღეობა, განსაკუთრებით თუ პატარა განვითარებად ეკონომიკაზეა საუბარი, დამოკიდებულია არა იმდენად ბუნებრივ რესურსებზე, არამედ ქვეყნის უნარზე, გახდეს კონკურენტუნარიანი ინოვაციების დანერგვისა და შიდა წარმოების განახლების საშუალებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ დიდი ეკონომიკური კრიზისი განიცადა, თუმცა მთავარი სირთულეები, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებს უკავშირდებოდა, დაძლეულია. მიუხედავად იმისა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მივაღწიეთ,  თუ გავითვალისწინებთ ექსპორტის მოცულობას, ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ხარისხი მაინც ძალიან დაბალია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, გაიხსნება თუ არა პირველ ივლისს ქართული პროდუქციისთვის გზა რუსეთის ბაზარზე (შეგახსენებთ, რომ ამ დღეს რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირის ახალი ნორმები შედის ძალაში, რაც ავტომატურად ემბარგოს გაუქმებას გამოიწვევს), ჩვენს მთავარ ამოცანად მაინც დარგის შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა რჩება, რადგან ამის შემდეგ ნებისმიერ ბაზარზე წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ კონკურენტუნარიან წარმოებას შევქმნით. სწორედ ეს არის ბერულავას კვლევის ცენტრალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – პორტერის თეორიაზე დაყრდნობით კონკურენტუნარიანობის ანალიზი და შემდეგ შესაბამისი პოლიტიკის გატარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
     პორტერის თეორიის მიხედვით, არსებობს ე.წ. "ბრილიანტის მოდელი", რომელიც აერთიანებს გარკვეულ დეტერმინანტებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ გავზომოთ ფირმის თუ ინდუსტრიის შესაძლებლობა, იყოს კონკურენტუნარიანი გლობალურ დონეზე. ეს დეტერმინანტებია: საწარმოო ფაქტორი, მოთხოვნის ფაქტორი, მხარდამჭერი და მონათესავე ინდუსტრიები, ფირმის სტრატეგია, სტრუქტურა და კონკურენტუნარიანობა. ამის გარდა, არსებობს სახელმწიფოს ზეგავლენა და სხვა გარე-ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც წინასწარ არ შეიძლება.
     საწარმოო ფაქტორი, რომელზეც ძირითადად იგება კომპანიის თუ დარგის წარმატება, თავის თავში მოიცავს როგორც კლიმატურ და ბუნებრივ პირობებს, ასევე ადამიანურ რესურსებსაც. ამ ძირითადი მაჩვენებლების გარდა, აქ შედის ასევე ინფრასტრუქტურა, დახვეწილი კვლევითი სისტემის, მაღალი განათლების ქონა და ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობა. მოთხოვნის ფაქტორიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნებში, სადაც მყიდველი პრეტენზიულია და გათვითცნობიერებული, წარმოებას მეტი სტიმული აქვს, რომ განვითარდეს და ხარისხი გააუმჯობესოს. ამას მოჰყვება კლასტერის კონცეფცია, რადგან, პორტერის შეხედულებით, სამრეწველო ჯგუფების არსებობა, რომელშიც შედიან ურთიერთდაკავშირებული კომპანიები, განაპირობებს ეფექტიანობის  და შესაბამისად, კონკურენტუნარიანობის ზრდასაც საერთაშორისო ბაზარზე. ბოლო კომპონენტი - ფირმის სტრატეგია და სტრუქტურა, ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია. რადგან სხვადასხვა ინდუსტრიები სხვადასხვა ტიპის მენეჯმენტით იმართება, სწორი მართვის სტილის შერჩევა და ადეკვატური ორგანიზაციული მოწყობა წარმატების საწინდარია.
     აქვე უნდა აღინიშნოს სხვა ფაქტორების გავლენაც ბიზნესის განვითარებაზე. პირველი, სახელმწიფოს როლი,  რომელსაც გააჩნია უამრავი საშუალება, გავლენა მოახდინოს მთლიან ბიზნესზე – შეუქმნას საინვესტიციო გარემო, დაუწესოს შეზღუდვები, წაახალისოს კონკურენცია ან, პირიქით, მხარი დაუჭიროს მონოპოლიას და ამით შეაფერხოს მთელი რიგი წარმოებების განვითარება. ასევე, აღსანიშნავია ისეთი შემთხვევების როლი, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ, მაგალითად, ომები, პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები და ა.შ.
     ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორმა კითხვარების და ინტერვიუების მეშვეობით შეაჯამა ექსპერტთა, ღვინის ბიზნესში ჩართული პირების და მთავრობის წარმომადგენლების აზრი და ამის საფუძველზე კონკურენტუნარიანობის SWOT ანალიზი შეიმუშავა. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების გამოვლენას გულისხმობს. ამიტომ, ფაქტიურად, ეს ანალიზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სტრატეგიის საფუძველი, რომელიც ღვინის ბიზნესს უკავშირდება. როგორც ჩანს, ტარიფთან დაკავშირებული ბარიერი არ არის ის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებას უკავშირდება. მთავარ როლს ის ფაქტორები თამაშობენ, რომლებიც გავლენას ახდენენ დარგის კონკურენტუნარიანობაზე. აქედან გამომდინარე, პორტერის "ბრილიანტის მოდელსა" და SWOT ანალიზზე დაყრდნობით, მკვლევარმა შეიმუშავა რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ქართული ღვინის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე ხანგრძლივ ვადიან პირობებში.
     იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ ამ რეკომენდაციების არსი, თავდაპირველად, თვალი უნდა გადავავლოთ დეტერმინანტთა ანალიზს. როგორც კვლევის შედეგად დადგინდა, საწარმოო ფაქტორებს გააჩნია საშუალო ზეგავლენა დარგის კონკურენტუნარიანობაზე. მიუხედავად კარგი ბუნებრივი პირობებისა, საქართველოში არის ღვინის მაღალკვალიფიციური ტექნოლოგების დეფიციტი. მოთხოვნის ფაქტორი, სულაც, შემაფერხებელ გავლენას ახდენს დარგის განვითარებაზე, რადგან ქართველი მომხმარებელი არცთუ პრეტენზიულია და ამასთან, დიდად არ დაგიდევთ პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეს. კომპანიების სტრატეგიული კომპონენტიც ასევე ზღუდავს წინსვლას, ვინაიდან ნაკლებ ყურადღებას აქცევს მაღალ ტექნოლოგიებსა და ადამიანურ რესურსებშიც არ ახდენს დიდ ინვესტირებას. რაც შეეხება კლასტერებს, ამ მხრივაც არის პრობლემები, რადგან აღჭურვილობა, სასუქები და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში არ იწარმოება და უმეტეს შემთხვევაში, უცხოეთიდან შემოდის. ღვინის კვლევით ინსტიტუტებს ძალიან სუსტი გავლენა აქვთ ინდუსტრიის ეფექტიანობის ზრდაზე. აქედან გამომდინარე, ურთიერთდაკავშირებული კომპანიების ფაქტორის დადებითი გავლენაც ძალიან სუსტია. ეფექტური კანონმდებლობის, კვალიფიციური საჯარო მოხელეების და ზოგადად, სახელმწიფოს როლსაც ავტორმა საშუალო კოეფიციენტი მიანიჭა. რჩება ისეთი ფაქტორები, რომლებსაც არაერთგვაროვანი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ ინდუსტრიის განვითარებაზე. მაგალითად, თუ ძლიერი ლარი აფერხებს, ბიოტექნოლოგიების განვითარება მხოლოდ ხელს უწყობს წინსვლას, მაგრამ მსგავს მოვლენებს წინასწარ ვერ გათვლი. ამიტომ, SWOT ანალიზმა უფრო მეტი სისუსტე გამოავლინა, ვიდრე ძლიერი მხარე. სამაგიეროდ, მეწარმეებს და სახელმწიფოს ეს საშუალებას აძლევს, სტრატეგიული დაგეგმვა უკეთ განახორციელონ.
     პირველი რეკომენდაცია, რომელიც საწარმოო ფაქტორების გაუმჯობესებას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია. ბერულავა აქ რამდენიმე ძირითად მიმართულებას გამოჰყოფს: 1. ვენახების და აღჭურვილობის რეგისტრაცია, რუკების გაკეთება; 2. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; 3. ღვინის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება; 3. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მხარდაჭერა. ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება და ტექნოლოგების განათლებაზე ზრუნვა, ასე ვთქვათ, ერთგვარი წინაპირობაა დარგის შემდგომი განვითარებისათვის.
     მოთხოვნის ფაქტორზე რთულია იმოქმედო, ვინაიდან მომხმარებელი, ძირითადად, თავად განსაზღვრავს თავის პრიორიტეტებს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, მევენახეებმა და მეწარმეებმა ზუსტად იცოდნენ, თუ კონკრეტულად როგორ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას მყიდველი. შესაბამისად, საჭიროა კვლევების სისტემატურად ჩატარება ამ კუთხით.
 
     ნაშრომში სასარგებლო რეკომენდაციებია მოცემული ფირმების სტრუქტურასა და სტრატეგიასთან დაკავშირებით. აქ უნდა გამოვყოთ რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება. პირველ რიგში, ფირმებმა უნდა აწარმოონ მსოფლიო კლასის ღვინოები, მითუმეტეს, თუ მთავარი გათვლა ექსპორტზე კეთდება, ამასთან, უარყონ ყოველგვარი ფალსიფიკაცია. მეორე პუნქტი ბრენდზე ზრუნვას გულისხმობს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს უახლესი ტექნოლოგიების მოხმარებას და პროფესიონალი მუშა-ხელის დაქირავებას. ამასთან, ავტორი გვახსენებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის წინაპირობა ადგილობრივ ბაზაზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნაა.
     უნდა დაინერგოს სისტემა, რომელიც განავითარებს ურთიერთდაკავშირებულ ფირმებს და კლასტერების თანამშრომლობას უფრო ეფექტიანს გახდის.
     რაც შეეხება სახელმწიფოს, მას დარგის განვითარების საქმეში ყველაზე მეტი სამუშაო ეკისრება. ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა, საჭირო კანონების მიღება, სამეცნიერო სამუშაოების წახალისება, ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქართული ღვინის სახელის დაცვა საერთაშორისო ბაზარზე, ინდუსტრიული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ინვესტიციების მოზიდვისკენ იქნება მიმართული, ბიზნესის მონიტორინგი, არსებული ტექნოლოგიებისა და ვენახების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, მევენახეობის დაგეგმვა ქვეყნის მასშტაბით, რუკების შექმნა - ეს იმ რეკომენდაციათა ჩამონათვალია, რომელთა შესრულებაც მთავრობას მოუწევს იმისათვის, რომ ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ბაზარზე თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს.
     მთლიანობაში,  ჩამოთვლილი სტრატეგიის დაგეგმვა ხელს შეუწყობს მეღვინეობის დარგის განვითარებას და გახდის მას კონკურენტუნარიანს საერთაშორისო ბაზარზე, თანაც არა მოკლე ხნით, არამედ გრძელვადიან პერიოდში. ჩემის მხრივ, მინდა სინანული გამოვხატო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ასეთი კვლევები მსგავს აქტუალურ საკითხებზე იშვიათად ტარდება და რაც ყველაზე უცნაურია, დაინტერესებაც არცთუ დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული ნაშრომი (რომელიც გიორგი ბერულავამ ინგლისურ ენაზე დაწერა)  დღემდე არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


გამარჯობა! ვინმეს ხომ არ გაგაჩნიათ ბატონი გიორგი ბერულავას საკონტაქტო ინფორმაცია? გმადლობთ ყურადღებისთვის


879311343

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული