Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ქართული ღვინის გზამკვლევი 2014" - ტრადიცია გრძელდება

ნანა კობაიძე

გასულ კვირას ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ქართული ღვინის გზამკვლევის" ახალი, 2014 წლის გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. მესამე წელია "ცხელი შოკოლადისა" და "ღვინის კლუბის" ერთობლივი გამოცემა, რომლის ავტორი მალხაზ ხარბედიაა, ამ სფეროში არსებული სიცარიელის ამოვსებას ცდილობს და ღვინის მოყვარულებსა და დარგის პროფესიონალებს ძალზე საჭირო და საინტერესო გამოცემას სთავაზობს.

წლების განმავლობაში არსებულმა არასახარბიელო ვითარებამ ქართველი ღვინის მომხმარებელი გააზარმაცა და გემოვნება დაუჩლუნგა. რვა ნომერს, ხვანჭკარასა და საფერავს შეჩვეული მამების თაობას პლასტმასის ბოცებში ჩამოსხმულ ღვინოზე "გაზრდილი" შვილების თაობა ჩაენაცვლა, რომელთათვისაც 90-იანი წლების ბოლოს კარგი ღვინო ფუფუნება იყო. ახალი ეპოქის დადგომასთან ერთად ვითარება ნელ-ნელა შეიცვალა. რუსეთის ბაზრის დაკარგვამ ქართველი მწარმოებლები საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე დააფიქრა და ხარისხისა და სახეობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა დააწყებინა. გლობალიზაციისა და ინტერნეტის შემოსვლამ ჩვენს ყოფაში ევროპულ ფასეულობებთან ერთად ღვინის მიმართ ევროპული დამოკიდებულებაც შემოიტანა. ჭიქა ღვინის დაგემოვნება, სხვადასხვა კერძთან შეხამება, მის გემურ თვისებებსა და ხასიათში გარკვევა, ერთი სიტყვით, ღვინის სწორად მირთმევა მომხმარებლის გარკვეული ნაწილისთვის ცხოვრების წესად იქცა. ასეთები უცხოეთში "ღვინის კლუბებში" და მსგავსი ტიპის გაერთიანებებში წევრდებიან, სადაც საერთო ინტერესის მქონე ადამიანებს ხვდებიან, ახალ სასმელებს სინჯავენ, ამ სფეროში განათლების დონეს იმაღლებენ და უბრალოდ, ურთიერთობენ.

უცნაურია, რომ ღვინის სამშობლოში ასეთი გაერთიანებები თითზე ჩამოსათვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს ბევრი ქართული ოჯახი აყენებს, ძალიან დაბალია განათლების დონეც. მარტივი გამოკითხვით დარწმუნდებით, რომ მოსახლეობის უმეტესობამ ადგილობრივი ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ თითქმის არაფერი იცის, ხვანჭკარა და მუკუზანი კი ვაზის ჯიში ჰგონია. სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა (და არა მხოლოდ მათთვის) განკუთვნილი "ქართული ღვინის გზამკვლევი": "ეს არის გამოცემა, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებულ ყველანაირ ინფორმაციას მოიცავს - ქართული ღვინის ისტორიას, რეგიონებს, ჯიშებს, ადგილწარმოშობის დასახელებებს. გარდა ამისა, წიგნში გაეცნობით იმ ღვინოთა დახასიათებასაც, რომელიც ჩემი აზრით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს " - ამბობს ავტორი.

"სასიხარულოა, რომ წიგნი უკვე ტრადიციად იქცა. თამამად შეიძლება ითქვას, იგი უკვე ყოველწლიური, სტაბილური გამოცემაა, სადაც ყველა იმ სიახლეს შეიძლება გაეცნოთ, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა ქართული ღვინის სამყაროში" - ვკითხულობთ შესავალში. ამ გამოცემას უკვე ჰყავს ერთგული მკითხველები და გულშემატკივრები, რომელთა ერთმა ნაწილმა პრეზენტაციაზე მოიყარა თავი. მათ შორისაა მიხეილ ალხანიშვილი, რომელიც "ქართული ღვინის გზამკვლევთან" გამოცემის დღიდან მეგობრობს. "მესამე წელია ინტენსიურად ვადევნებ თვალს ამ წიგნის განვითარებას, რომელიც ყოველ ჯერზე სულ უფრო დახვეწილი და კომპლექსური ხდება. ეს განსაკუთრებით ბოლო გამოცემას ეხება, სადაც ამომწურავი ინფორმაციაა თავმოყრილი ქართული ღვინის წარსულისა და აწმყოს შესახებ,  ერთნაირად საინტერესო როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკითხველისთვისაც" - მიიჩნევს ის.

რაც შეეხება უცხოელ მკითხველს, წიგნი ორენოვანია - ქართულ-ინგლისური და ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთაც ქართული ღვინის შესახებ კომპეტენტური ინფორმაციის მიღება სურთ. ასევე, ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირებს, რომელთათვისაც გზამკვლევში ცალკე ქვეთავია განკუთვნილი. აქ 75 დასახელების ღვინის კომპანიის, დიდი თუ მცირე, სამონასტრო და საოჯახო მარნის, ღვინის ბარის, მაღაზიისა და რესტორნის ჩამონათვალს გაეცნობით. მათგან ზოგიერთი სრულად აკმაყოფილებს ღვინის ტურიზმის მოთხოვნებს, ზოგი კი ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს. ყოველ შემთხვევაში, გზამკვლევში მოცემული ცნობებითა და სიმბოლური აღნიშვნებით მათ შესახებ ზოგად წარმოდგენას შეიქმნით, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიებაში კი აქვე მითითებული საკონტაქტო მონაცემები დაგეხმარებათ.

გამოცემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია რუკა, რომელიც შარშანდელთან შედარებით უფრო ვრცელი და ინფორმაციულია. "იდეა მალხაზს ეკუთვნის. შარშან შედარებით მოკრძალებული რუკა გამოგვივიდა, რომელიც საქართველოში ვაზის გავრცელების არეალებს, ადგილწარმოშობის ზონებს, მეღვინეობის კერებს და ძირითად ჯიშებს მოიცავდა. წელს ეს ინფორმაცია კიდევ უფრო დაზუსტდა, განახლდა და მეორე გვერდიც დაემატა, სადაც 18-ვე ადგილწარმოშობის დასახელების დეტალურ ტოპოგრაფიულ რუკას იხილავთ" - ამბობს "ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი ზაზა გაგუა, რომელიც რუკაზე წიგნის ავტორთან ერთად მუშაობდა.

ეს სპეციფიური კარტოგრაფიული სამუშაოა, თუმცა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. ინფორმაციის მოძიება, დადასტურება და განვრცობა სხვადასხვა წყაროებიდან უწევთ. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში ვაზის გავრცელების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არსებობს. არის მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ვაზის გავრცელების არეალს მოიცავს. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაიწყო საქართველოს მასშტაბით ვენახების კადასტრირება და თუ ეს პროცესი მომავალ წლამდე დასრულდა, 2015 წლის "ღვინის გზამკვლევში" მკითხველს დეტალურ ინფორმაციას შესთავაზებენ - რუკას, სადაც ასახული იქნება სად და რა ფართობზეა გაშენებული კონკრეტული ვენახი. გარდა ამისა, "ღვინის ინფოგრაფიკების" სერიით კეთდება საქართველოს რეგიონების რუკებიც, უკვე გამოვიდა იმერეთის რუკა, მომდევნო - კახეთის ზონას მოიცავს და ასე თანმიმდევრობით.

"ღვინის კლუბისა" და "ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის" მომდევნო ერთობლივი პროექტი ღვინის ტურიზმს ეხება, შემდეგ მიკროზონების ძალზე მსხვილმასშტაბიანი დეტალური რუკების შედგენას გეგმავენ, საბოლოო მიზანი კი საქართველოს ღვინის ატლასის გაკეთებაა, რომელიც ყველა თავმოყვარე ღვინის ქვეყანას აქვს, ჩვენ კი, ისევე, როგორც ბევრი რამ - ჯერჯერობით არ გაგვაჩნია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ეს წამოწყება უახლოეს მომავალში დღის სინათლეს იხილავს. მანამდე ისევ დღევანდელი წერილის "გმირს," "ქართული ღვინის გზამკვლევს" დავუბრუნდეთ და მოკლედ იმ სიახლეებს შევეხოთ, რომლითაც წლევანდელი გამოცემა გამოირჩევა.

ავტორის თქმით, 360-გვერდიანი წიგნის დაახლ. 70% განახლებულია. მეორდება მხოლოდ ისტორიული ნაწილი. მნიშვნელოვნად გაიზარდა თავები რეგიონების შესახებ, რომლებსაც ბევრი კონკრეტული ინფორმაცია დაემატა - ნიადაგები, კლიმატი და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. გაჩნდა ახალი ქვეთავებიც, მაგალითად, ცალკე, საკმაოდ მოზრდილი ქვეთავი ეთმობა ადგილწარმოშობის დასახელებებს, სადაც ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული კონკრეტული მიკროზონის შესახებ – დაწყებული ფართობით, ნიადაგითა და კლიმატით, ვაზის ჯიშების, ღვინის დაყენების მეთოდებისა და ისტორიული ექსკურსების ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ავტორის მოსაზრებას ქართული ღვინის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, გასული წლის ქრონიკას, 2013 წლის მოსავლის მიმოხილვას საქართველოს მასშტაბით, ჯილდოებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიათა ღვინოებმა დაიმსახურეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვეთავი ღვინის დახასიათებებს ეთმობა – დაწყებული ქვევრის ღვინოებიდან - სხვადასხვა სახის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოების ჩათვლით. ქვევრის ღვინისთვის გასული წელი განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება: 2013 წელს Unesco-მ ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო რამდენიმე წელიწადია ადგილობრივ მეღვინეებთან ამ მიმართულებით საგრძნობი გამოცოცხლება იგრძნობა და შედეგიც სახეზეა: თუ პირველ გამოცემაში ქვევრში დაყენებული 21 ღვინის დახასიათების გაცნობა შეგეძლოთ, მესამე გამოცემაში ეს რიცხვი უკვე 50-მდე გაიზარდა, ამასთან, პირველისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ კახური ქვევრის ღვინოები იყო მიმოხილული, წლევანდელ გამოცემაში ქართლის, იმერეთისა და გურიის რეგიონთა ნიმუშებსაც გაეცნობით. რაც შეეხება დანარჩენ ღვინოებს, წარმოდგენილია 81 სხვადასხვა ნიმუშის აღწერილობა (თეთრი მშრალი - 29, ცქრიალა - 3, თეთრი ნახევრადტკბილი/ნახევრადმშრალი - 3, თეთრი ტკბილი - 1, ვარდისფერი - 7, წითელი მშრალი - 31, წითელი ნახევრადმშრალი - 7) და გასტრონომიული "ურთიერთობები". ავტორი ჭაჭისა და ქართული ბრენდის რამოდენიმე საინტერესო ნიმუშის ჩამონათვალსაც გვთავაზობს.

წიგნის ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა ღვინის ბიზნესში ჩართული ადამიანებისთვის, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ბაზარზე არსებულ ვითარებას, შეადარონ გასული წლის მონაცემებს და გარკვეული ანალიზიც ჩაატარონ. "ღვინო საკმაოდ დიდი და კომპლექსური სფეროა, სადაც სწორი ინფორმაციის წყაროს არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია. "ქართული ღვინის გზამკვლევი" ერთადერთი ბეჭდური გამოცემაა, სადაც ასე საინტერესოდაა გაერთიანებული მთელი საქართველოს საუკეთესო ღვინოები - მათი ხასიათებისა და თვისებების გათვალისწინებით. ვფიქრობ, ეს წიგნი ამ სფეროში მოღვაწეთათვის სამაგიდო გახდება " - ამბობს "შატო მუხრანის" ღვინის მთავარი კონსულტანტი ალექს ბადუაშვილი.

ვიმედოვნებთ, "ქართული ღვინის გზამკვლევი" ღვინის სფეროში მოღვაწე  ადამიანებთან ერთად სამაგიდო წიგნად მათთვისაც გახდება, ვისაც ეს სასმელი უყვარს, მოსწონს, აინტერესებს და ვისაც ქართული ღვინის მომავლის სჯერა. ასეთთა რიცხვი კი მერწმუნეთ, არცთუ ისე ცოტაა.

P.S. წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ გალაკტიონ ტაბიძის 15–ში ღვინის ბარ ღვინო ანდეგრაუნდში, ასევე მაღაზია ვინოთეკაში, ლესელიძეზე, და პარნასის წიგნის მაღაზიებში, ვაკეში და ლესელიძეზე.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული