Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იშვიათი ღვინოები - მრავალფეროვნების დაბრუნება

ალეკო ცქიტიშვილი

5 ივნისს "ღვინის კლუბის" მორიგ დეგუსტაციას "მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტმა" უმასპინძლა. კლუბის წევრების გარდა, დეგუსტაციაში ინსტიტუტის მეცნიერები და ენოლოგები მონაწილეობდნენ. ამჯერად დეგუსტაცია იშვიათ ქართულ ღვინოებს მიეძღვნა და მიზნად ისახავდა როგორც ბაზარზე წარმოდგენილი ღვინოების ხარისხის კვლევას, ასევე ქართული მეღვინეობის ახალი ტენდენციების გაცნობას. სადეგუსტაციო ნიმუშები "ღვინის კლუბმა" სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში კვლავ საკუთარი სახსრებით შეიძინა, რათა კომპანიების მხრიდან ღვინოების შერჩევა და დეგუსტაციის შედეგებზე ზეგავლენა გამორიცხულიყო. ამ ღვინოებს დაემატა რამდენიმე ნიმუში ოჯახური მარნებიდან.
 
დეგუსტაციას უძღვებოდა "ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელს, ლევან უჯმაჯურიძეს, რომელიც იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ექსპერტია. მისი ხელმძღვანელობით ბოლო წლებში არაერთი საკოლექციო სანერგე გაშენდა, სადაც უნიკალური ქართული ჯიშებია დაცული. მათ შორის ყველაზე საამაყოა "ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის" კოლექცია საგურამოში, სადაც 425-ზე მეტი ვაზის ჯიშია თავმოყრილი.
დეგუსტაციის დაწყებამდე გაჩნდა კითხვა: რატომ უნდა ჩაითვალოს ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშების - ცოლიკოურისა და მწვანე კახურის ღვინოები იშვიათად? "ღვინის კლუბის" პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას განმარტებით, მიუხედავად გავრცელების დიდი არეალისა, ცოლიკოურს ღვინის წარმოებაში ჯერჯერობით ნაკლებად იყენებენ, თუ არ ჩავთვლით ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებად ღვინოს - "ტვიშს", რომელიც უკვე ბევრი კომპანიის არსენალშია და ორ კომპანიას, რომელიც მშრალ ცოლიკოურს აწარმოებს. იგივე შეიძლება ითქვას მწვანე კახურზეც, უფრო კონკრეტულად კი მანავის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოზე. მართალია, მწვანე კახური ფართოდ გამოიყენება როგორც ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინის – "წინანდლის" ღვინომასალად, ასევე კახური ღვინოების კუპაჟშიც, მაგრამ ცალკე მწვანე კახურს მხოლოდ 2 კომპანია აწარმოებს. "მანავის მწვანე" კი ბოლო დროს საერთოდაც დიდი იშვიათობა გახდა. დეგუსტაციისთვის "ღვინის კლუბმა" მაღაზიებში მხოლოდ ერთი ნიმუშის მოპოვება შეძლო. ეს არის "ბადაგონის" "მანავი – 2008", რომელიც დეგუსტაციის მონაწილეებმა საუკეთესო ხუთეულში დაასახელეს.
ისტორიულად სახელგანთქმული ყურძნის ჯიშები ნელ-ნელა ბრუნდება დასავლეთ საქართველოს მეღვინეობაში. თუმცა, საბჭოთა პერიოდში ლიხს იქითა მეღვინეობას იმდენად ბევრი პრობლემა შეექმნა, რომ ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ჩხავერისა და სხვა დასავლური ჯიშების ღვინოების ხარისხი ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი.
იშვიათი ღვინოების დეგუსტაციაზე გასინჯული 19 ნიმუშიდან საუკეთესო ხუთეულში 7 ღვინო დასახელდა (ზოგიერთს თანაბარი ქულები ერგო). აქედან მხოლოდ ორი იყო დასავლეთ საქართველოდან – კომპანია "მილდიანის" "ცოლიკოური 2007" და თეიმურაზ შარაშიძის "ჩხავერი 2009" - ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხიდან. ამ უკანასკნელს, მართალია, საოჯახო ღვინოს ვერ ვუწოდებთ, რადგან კახეთის ერთ-ერთ ქარხანაშია დამზადებული, მაგრამ როგორც ჩანს, ვენახის პატრონს ყურძენი კარგი მეღვინისთვის ჩაუბარებია – ღია ძოწისფერმა "ჩხავერმა" დეგუსტაციზე გულგრილი არავინ დატოვა. შარაშიძეს ასევე წარმოდგენილი ჰქონდა იგივე მოსავლის ორნაირი თეთრი ჩხავერი. ერთი - ქარხნული წესით დამზადებული, მეორე კი საკუთარ მარანში მის მიერვე დაწურული ორგანული ღვინო. "ღვინის კლუბის" წევრებს შარაშიძის სამნაირმა "ჩხავერმა" ამ ჯიშზე, შეიძლება ითქვას, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩხავერის უნიკალური თვისებამ – მისგან ერთნაირი წარმატებით შეიძლება როგორც წითელი, ისე თეთრი ღვინოს დამზადება.
მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტული მარნის უფროსის, თამაზ კობაიძის შეფასებით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იმერული "ციცქას" ნიმუშებში დამახასიათებელი ჯიშური არომატი ნაკლებად ჩანდა, თუ არ ჩავთვლით რამაზ ნიკოლაძის ოჯახურ ციცკა-ცოლიკოურს (2009 წ.) ნახშირღელედან, რომელიც კობაიძეს ყველაზე მეტად მოეწონა. კომპანია "ხარებას" "კრახუნაზე" კი გამოითქვა ეჭვი, რომ მასში შესაძლოა, შერეული იყოს ციცქა ან ცოლიკოური.
ლევან უჯმაჯურიძის თქმით, ამ ეჭვის მიზეზი ორ პრობლემაში უნდა ვეძებოთ. პირველი პრობლემა ეს არის სელექციური საფუარების მოჭარბებულად გამოყენება ღვინის ინდუსტრიაში: "ყველა ტიპის საფუარი ყველა ტიპის ღვინოს არ ერგება. აუცილებლად უნდა შეირჩეს ისეთი საფუარი, რომელიც ამა თუ იმ ჯიშს თავის არომატს არ დაუკარგავს". მეორე პრობლემა უკავშირდება რთველს, როცა ღვინის ქარხნები თვითონაც არ არიან დარწმუნებული, რომ მოსახლეობიდან ნამდვილად იმ ჯიშს იბარებენ, რომელიც მათ ჭირდებათ. ამიტომაც "კრახუნა" სინამდვილეში, შესაძლოა, ცოლიკოურისგან იყოს დამზადებული და არა კრახუნასგან. ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება ანალიზი და გამოსწორება.
სამი თვის წინანდელი "საფერავების" დეგუსტაციისგან განსხვავებით, იშვიათი ღვინოების დეგუსტაცია საკონკურსო ხასიათს არ ატარებდა და ნიმუშებიც დაგემოვნებისას დაფარული არ იყო. დეგუსტაციაში მონაწილეობდა სხვადასხვა რეგიონის, სხვადასხვა ტიპისა და სხვადასხვა საფასო სეგმენტის ღვინოები, რომელთა ერთმანეთთან "გაჯიბრება" ლოგიკას მოკლებული იქნებოდა. თუმცა, ცხადია, დეგუსტაციაზე დასახელდა რამდენიმე საუკეთესო ღვინო, რომელთა შესახებ გაზეთ "მარანის" მკითხველებს, ვფიქრობთ, ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა კომპანია "ვაშაძე და ძმების" "ქისმა" (2007 წლის მოსავალი). კომპანიის დამფუძნებელია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე - ცნობილი ბალერინას, ნინო ანანიაშვილის მეუღლე. დეგუსტაციის მონაწილემ, მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა, ბონდო კალანდაძემ "ვაშაძე და ძმების" "ქისი" ენამოსწრებულად დაახასიათა: "ამ ღვინოში შესანიშნავადაა შერწმული პუანტები და დიპლომატია, საიდანაც ვიღებთ საუკეთესო კლასიკურ ღვინოს".
საუკეთესოთა ხუთეულში დასახელდა და დიდი ინტერესი გამოიწვია "თელავის მარნის" ღვინომ - "კონდოლი, ქისი-მწვანე" (2008 წ.), ასევე - "ვინოტერას" (2006 წ.) და "ვინივერიას" "ქისმა" (2005 წ.).
შედარებით შეუსწავლელი ჯიშის – ქისის შეკუპაჟება კარგად შესწავლილ მწვანე კახურთან ბოლო წლების თამამ და წარმატებულ ექსპერიმენტად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ირკვევა, კახური ვაზის ჯიშების – ქისისა და ხიხვის პოტენციალი მეღვინეობაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოვლენილი. დეგუსტაციაზე დისკუსია მოჰყვა საკითხს, როგორი ტიპის ღვინო უკეთესი გამოვა ამ ჯიშების მონაწილეობით – კახური თუ ე. წ. ევროპული.
 
ენოლოგი ზურაბ სტურუა მიიჩნევს, რომ ქისის ყველაზე ცნობილ მიკროზონაში – მაღრაანში და ასევე მთლიანად ახმეტისა და თელავის რაიონებში დაკრეფილი ქისი უკეთესი იქნება ევროპული ტიპის ღვინისათვის. ხოლო თუკი ეს ვაზის ჯიში ტიბაანში, ანაგაში და კახური ღვინისთვის კარგად დაცდილ სხვა ცნობილ მიკროზონებში გაშენდება, ამ ვენახების ქისის გამოყენება კახურ ღვინოებშიც გაამართლებს. პირადად ზურაბ სტურუა ქისს უფრო მსუბუქი ღვინოების მასალად წარმოიდგენს და თვლის, რომ მისგან საუკეთესო ევროპული, ასევე -  ნახევრადტკბილი, ნახევრადმშრალი და ცქრიალა ღვინოები დამზადდება. ამის თქმის საფუძველს აძლევს დეგუსტაციაზე წარმოდგენილი "კორპორაცია ქინძმარაულის" ნახევრადტკბილი "ქისი" (2009 წლის მოსავალი).
რაც შეეხება "ვინოტერასა" და "ვინივერიას" "ქისს", მალხაზ ხარბედიას თქმით, ეს ღვინოები რამდენადმე აფართოებს კახური ღვინის თვალსაწიერს, ისევე, როგორც კახურად დაყენებული სხვა "ქისები". "ვინივერიას" "ქისი" იმდენად არაორდინალური აღმოჩნდა დეგუსტაციაში მონაწილეებისათვის, რომ აზრი რადიკალურად გაიყო - ნაწილმა უმაღლესი ქულით შეაფასა, ნაწილმა კი საერთოდ დაიწუნა. თუმცა, საერთო ჯამში, დეგუსტაციაზე ამ ღვინომ მაინც საუკეთესო ხუთეულში დაიმკვიდრა ადგილი. როგორც ჩანს, კახური ღვინის ეტალონად მაინც რქაწითელისგან დამზადებული ღვინოები მიიჩნევა და კახურად დაყენებულ ქისსა და ხიხვს ჩვენს წარმოდგენაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან კარგა ხანს მოუწევს ბრძოლა.
"ვინოტერასა" და "ვინივერიას" ღვინოების ავტორია წარმატებული მეღვინე გოგი დაქიშვილი, რომელიც ღვინის დაყენების ტრადიციულ კახურ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას. მასვე ეკუთვნის, ასევე, "ვინივერიას" "ხიხვი", რომელიც დეგუსტაციის მონაწილეებმა ასევე ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ აღიარეს.  
"ქისისა და ხიხვის ღვინოებში ტროპიკული ხილის სურნელები იგრძნობა და ამ ტერმინებს უფრო თამამად გამოვიყენებდი. რაც მეტ სიახლეს შევიტანთ ჩვენს შეხედულებებში კახური ღვინის შესახებ, მით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი იქნება კახური ღვინის ასორტიმენტი", - აღნიშნა ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა.
მხცოვანი მეღვინის, გივი ჩაგელიშვილის თქმით, ინსტიტუტის საკოლექციო საცავებში დაცულია საბჭოთა პერიოდში ჩამოსხმული "ხიხვის" არაერთი ნიმუში, მათ შორის – შემაგრებული ღვინოებიც. "ხიხვის ყველანაირი ღვინო გამისინჯავს და მინდა ვთქვა, რომ უკეთესი იქნება, თუკი ამ ჯიშისგან კახური ღვინოები დამზადდება. ვფიქრობ, სწორედ კახურ ღვინოში ავლენს საკუთარ თავს ხიხვი მკვეთრი ჯიშური არომატებით", - აღნიშნა ჩაგელიშვილმა.
თუმცა, ასევე საუკეთესოთა შორის მოხვდა "ქინძმარაულის მარნის" "ხიხვი 2006", რომელიც კლასიკური (ე.წ. ევროპული) მეთოდითაა დაყენებული. ეს არის, ფაქტობრივად, ხიხვის ღვინის პირველი პარტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. თავის დროზე "ქინძმარაულის მარანმა" ხიხვის ვენახი ლევან უჯმაჯურიძის ხელმძღვანელობით გააშენა და ამჟამად ამ ჯიშის ყურძნის ღვინოებს სტაბილურად აწარმოებს.
დეგუსტაციამ აჩვენა, რომ როგორი მრავალფეროვანიცაა ვაზის ქართული ჯიშები, ასეთივე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს მოსაზრებები მათ შესახებ. იმედია, ქართული მეღვინეობაც კიდევ რამდენიმე ჯიშს გააცნობს მომხმარებელს და დისკუსიაც გაგრძელდება.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.