Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურია ადესას გარეშე

ჰიბრიდების ეპოქა მთავრდება

ალეკო ცქიტიშვილი
 
გურიაში ისტორიული მეხსიერება იღვიძებს. რამდენიმე ენთუზიასტი გურული ამ მხარეში გამეფებულ ადესას კულტს დაუპირისპირდა და ჩხავერის, ჯანის, საკმიელას, კლარჯულის, სხილათუბანის, ალადასტურისა და სხვა უნიკალური, აბორიგენული ვაზის ჯიშების გამრავლებას მიჰყო ხელი. ამ ადამიანების პირველი ნაბიჯები სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ უვარგისი ჰიბრიდების ასწლოვანი ბატონობის დასასრული გურიისთვის უჩვეულოდ ნელი, რაჭული ტემპით დაიწყო.
ისინი სხვადასხვა სოფლებში არიან გაფანტულები და ერთმანეთს შორიდან, ან საერთოდ არ იცნობენ. საერთო საქმეს კი უხმაუროდ აკეთებენ - შეთქმულებივით, რომლებიც თავსმოხვეული გემოვნებისა და ყავლგასული შეხედულებების საპირისპიროდ, ცნობიერებაში რევოლუციას ამწიფებენ.  
 
ადესა – სარეველა
 
ჰიბრიდული ვაზის ჯიშები საქართველოში მე-19 საუკუნის 60-70-იანი წლებიდან გავრცელდა და თანდათან მასობრივად შეავიწროვა აბორიგენული ჯიშები. ჰიბრიდების გავრცელებას პრაგმატული მიზეზი ჰქონდა – ისინი ევროპიდან საძირედ შემოიტანეს, რათა მასზე კულტურული ჯიშები დაემყნოთ და ამ გზით გადაერჩინათ ვერაგი მავნებლისგან, ფილოქსერასგან. ვინაიდან ჰიბრიდებს არც ფილოქსერა და არც სოკოვანი დაავადებები არ უჩნდებოდა, გლეხებმა მათ პირდაპირ ვენახში მიუჩინეს ადგილი და ღვინოდაც დააჭაშნიკეს. მართალია, გემოვნური თვისებებით დიდად ჩამოუვარდებოდა გურული ვაზისგან დაწურულ ღვინოს, მაგრამ სამაგიეროდ, ჰიბრიდს მოვლა პრაქტიკულად არ ჭირდებოდა. ამავე დროს, საბჭოთა პერიოდში დასავლეთ საქართველოს პრიორიტეტად ჩაი და სხვა ციტრუსები გამოცხადდა. მევენახეობა კი თავის ნებაზე იყო მიშვებული, თუ არ ჩავთვლით იმერეთში ორიოდე ვაზის ჯიშის გამოყენებას ცქრიალა ღვინოების წარმოებაში; ასევე - ბახვის ჩხავერის მეურნეობას, სადაც სტალინისთვის საუკეთესო ღვინოებს აყენებდნენ და მოსკოვში აგზავნიდნენ.
ასეთ ვითარებაში დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით - გურიაში მევენახეობა თანდათან იქცა უკონტროლო, კუსტარულ სახალხო მეურნეობად. იზაბელა კი სარეველასავით გავრცელდა და თვითონვე შეუტია ვაზის კულტურულ ჯიშებს, რომელთა გადასარჩენადაც იგი ერთ დროს ოდესიდან ჩამოიტანეს (აქედან მისი მეტსახელი – ადესა).
დღესდღეობით გურიაში რამდენიმე ჰიბრიდული ვაზის ჯიში ბატონობს, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია ადესა, ნოე (ნოვე, ნოველა) და ჭეიშვილი. გურულების დიდ ნაწილს ადესა იმდენად მშობლიურ ყურძნად მიაჩნია, რომ მასზე აუგს ადვილად ვერ ეტყვი. ადესას ღვინის დაწუნება კი შესაძლოა, უფრო ძვირადაც დაგიჯდეთ. გურიაში მოგზაურობისას "ღვინის კლუბის" წევრებმა მრავალი სათუთად მოვლილი ადესას ხეივანი, ტალავერი და მაღლარი ვნახეთ. ასევე ვიხილეთ შაბიამნით შეწამლული ულამაზესი ახალშენი და ძალიან დაგვწყდა გული, რომ ისიც ჰიბრიდული ჯიშისა აღმოჩნდა.
გურულს ჰიბრიდის ნაცვლად რომელიმე კულტურული ვაზის გაშენებას თუ ურჩევ, მაშინვე გკითხავს: "წამლობა თუ უნდა მაგას?" ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ კარგს მოვლაც კარგი სჭირდება. ზოგიერთს კი, უბრალოდ, შრომა ეზარება.
"აგერ, ამხელა სოფელში წვეთი ღვინო არა აქვთ სახლში. ამ ხალხს არ აინტერესებს არაფერი. მარტო ღვინის დალევა უნდათ", - წუხს ლიხაურელი მევენახე, 72 წლის რეზო პატარავა, რომელსაც ამავე სოფლის დატერასებულ ფერდობზე ცოლიკოურისა და ალადასტურის სანიმუშო ვენახი აქვს გაშენებული. ვაზის ასეთ წალკოტს საქართველოში იშვიათად თუ ნახავთ სადმე. ჩვენთან საუბრისას, პრობლემის უკეთ გადმოსაცემად, გურულ იუმორს იშველიებს: "კარგი ღვინის დალევა, იცოცხლე, ყველას უხარია. დალევენ და მეკითხებიან - წამლობა თუ უნდა ამასო. კი უნდა-მეთქი, ვპასუხობ და სახე ეღუშებათ, თითქოს ეშინიათო, ჭიქა უვარდებათ ხელიდან. რისი გეშინია, ბიძია, თავზე კი ნუ დაისხამ იმ წამალს, ვენახს მიასხი-მეთქი, ვეუბნები... მარა ვინ გიგდებს ყურს?!"
 
ჩხავერის საძმო
 
         ზემოთ შეთქმულები ვახსენეთ და შეგვიძლია, ისინი ჩხავერის საძმოდ მოვიხსენიოთ. საბედნიეროდ, გურულების ცნობიერებიდან ჯერ კიდევ არ წაშლილა ინფორმაცია უნიკალური ჯიშის - ჩხავერის შესახებ. ამიტომ ჩხავერი საუკეთესო იარაღია იმ ენთუზიასტებისთვის, რომლებიც გურიაში ძირძველი ვაზის ჯიშების აღორძინებას და პოპულარიზაციას ესწრაფვიან.
            "ღვინის კლუბმა" ჩხავერი დაბლაციხელი მეღვინის, ზურაბ თოფურიძის ღვინით გაიცნო. 8 მაისს "ახალი ღვინის ფესტივალზე" თოფურიძემ სამნაირი ჩხავერი წარმოადგინა. აქედან ორი ქარხნულად იყო დამზადებული, ერთიც - ოჯახური წესით. ფესტივალის სტუმრებზე სამივემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
            ერთი თვის შემდეგ, 5 ივნისს, “ღვინის კლიბის” მიერ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში მოწყობილ იშვიათი ღვინოების დეგუსტაციაზე დიდი ეფექტი მოახდინა ბუკისციხელი მევანახის, თემურ შარაშიძის "ჩხავერმა". ეს იყო ერთადერთი ღვინო, რომელსაც დეგუსტაციის მონაწილეებმა ტაში დაუკრეს. ასეთი აღფრთოვანება მოულოდნელობით უფრო იყო გამოწვეული, რადგან "ადესას რეგიონიდან" ასეთ შინაარსიან ღვინოს არავინ ელოდა.       
            ამ დეგუსტაციამ ერთგვარად დააჩქარა "ღვინის კლუბისა" და გაზეთ "მარანის" ექსპედიცია გურიაში (12-13 ივნისი), რომელიც სწორედ თემურ შარაშიძის ვენახისა და მარნის გაცნობით დავიწყეთ. მასპინძელი თავდაპირველად მარანში შეგვიძღვა, სადაც ცენტრალურ ადგილს ათი წლის წინ დამზადებული საწნახელი იკავებს. მარნის შესასვლელთან სხვადასხვა ხელსაწყო-იარაღებია გამოფენილი. როგორც ჩანს, ამ მარანს უფრო სანახაობითი, შემეცნებითი ფუნქცია აქვს და მისი კარი ხშირად ჭრიალებს ტურისტებისთვის. ღვინოს კი შეწუხება დიდად არ უყვარს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ თემურ შარაშიძის ოჯახური ღვინო ხარისხით ჩამოუვარდება თელავის ერთ-ერთ ღვინის საწარმოში იგივე ყურძნისგან დამზადებულ "ჩხავერს".
"აქამდე სოფელში დიდად ვერავინ დავაინტერესე ამ ჯიშით. ჯერ ისევ ადესას სვამენ და მთელი დღე ბირჟაზე ბელოტს თამაშობენ.თუმცა, გაზეთმა "მარანმა" ჩემი ღვინო რომ შეაქო და ფოტოც გამოაქვეყნა, ამან აქ ეფექტი მოახდინა", - ამბობს თემურ შარაშიძე და თავისი ვენახის ისტორიას გვიყვება: "ბავშვობიდან სულ ჩხავერის დიდება მესმოდა და ინსტიტუტი რომ დავამთავრე, გადავწყვიტე, მისი ვენახი გამეშენებინა. აქვე ბუკისციხეში ერთი დიდებული კაცი ცხოვრობდა - ცნობილი მევენახე და პატრიოტი შოთა შარაშიძე. თავის საკოლექციო სანერგეში ოცამდე ჯიში ჰქონდა დაცული – ჯანი, სხილათუბანი, კლარჯული, თეთრი კამური, საკმიელა, ჭუმუტა, სამარხი, ალადასტური და სხვა. სანამ ვენახის გაშენებას დავიწყებდი, მივედი მასთან და ვთხოვე - ერთი შენი ჩხავერი გამასინჯე-მეთქი. უარი მითხრა - შენ ჯერ ეგ ჩხავერი დარგე და ღვინოს მერე გაგასინჯებო. წავედი, დავრგე და მერე მართლაც გამასინჯა". 
მას შემდეგ 30 წელი გავიდა. 1978 წელს დარგული ჩხავერის ახლა ოლიხნარზე ლამაზადაა შეფენილი და პატრონს იმ წლებს ახსენებს, როცა მისი შვილები დაიბადნენ. ვენახთან ერთად ბიჭებიც დავაჟკაცდნენ და მამას როგორც შეუძლიათ, გვერდში უდგანან. ოჯახის საკუთრებაში 2 500 კვ/მ-ზე გაშენებული ჩხავერის ვენახია. აქედან 1000 კვ/მ 4 წლის წინ ჩაყარეს. ამის გარდა, შარაშიძეებს აქვთ 3000 კვ/მ-ზე გაშენებული ცოლიკოური. ვენახში ზოგ ადგილას მწკრივებს შორის დიდი ადგილი იყო და ახლახანს ახალთახალი ნამყენი ნერგები გამორგეს - ჯანი (88 ძირი), სხილათუბანი (15 ძირი) და ოჯალეში (100 ძირი).
თემურ შარაშიძე მომავალ გეგმებს სწორედ ამ პატარა ნერგებს უკავშირებს: "ჩემი მიზანია, ვენახში მქონდეს ხუთი უნიკალური ჯიში და ხუთივესგან ღვინოს ვწურავდე. თითო ჯიშისგან, სულ ცოტა, 200 ბოთლი ღვინო მაინც უნდა გამომივიდეს".
"ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა, ლევან უჯმაჯურიძემ თემურ შარაშიძეს 300ნერგი გადასცა და სთხოვა, ნაწილი სოფელშიც დაერიგებინა. ლევან უჯმაჯურიძე თვითონაც გურულია და ცდილობს, მშობლიურ კუთხეს ძვირფასი ნერგებით და სასარგებლო რჩევებით დაეხმაროს.
"ამ ადესას ბოლო დღე დარჩენია", - ნაკვეთის ღობესთან მაღლარზე აშვებულ ჰიბრიდზე გვითითებს კიდევ ერთი ბუკისციხელი, ნუგზარ სიხარულიძე და ვენახში ამაყად მიგვიძღვება, - "აქ დარგული მაქვს ჩხავერი, ალადასტური, ალექსანდროული, ოჯალეში, იმერული მწვანე... ზურაბ თოფურიძემ აქედან წაიღო ყურძენი. "ახალი ღვინის ფესტივალზე" რომ ღვინო ჰქონდა, სწორედ ჩემი ჩხავერისა იყო. მაგ ღვინომ მერე ბათუმში ოჯახური ღვინოების კონკურსზე გაიმარჯვა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი შრომა ასე მაღალ დონეზე შეაფასეს და დააფასეს".
ნუგზარ სიხარულიძის წინა ეზო მთლიანად ჩხავერის მაღლარს და ალადასტურის ტალავერს უკავია. მარტო ამ ტალავერიდან 500 კგ. ალადასტური იკრიფება.  
 
ჩაი, თხილი თუ ვენახი?
 
გიგლა ბორჩხაძე სოფელ ბაღდადიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" წევრია. ჩხავერის მაღლართან ერთად ეზოში ადესაც აქვს, მაგრამ ჩხავერს განსაკუთრებული ყურადღებით უვლის. ძველად მამისეული დაბლარიც ჰქონდა, სადაც ვენახის ნახევარი ცოლიკოურს ეკავა, ნახევარი - ნაკაშიძის ჯანს. ახლა ამ ვენახის აღდგენას გეგმავს. აპირებს, ამერიკული საძირეები იშოვოს და ზედ ნაკაშიძის ჯანი თვითონვე დაამყნოს. "აი, ეს არის ნაკაშიძის ჯანი", - გვიჩვენებს ერთ ძირს ნაკვეთის ნაპირზე. ნამყენი კარგად არის განვითარებული - მცოდნე კაცის ხელი ეტყობა.
"გურიაში მევენახეობას ძალიან უჭირს. ჯერ იყო და ვენახი ჩაით შეცვალეს.Aახლა კი ჩაის პლანტაციების ადგილას ყველგან თხილს აშენებენ. მარტივი საქმე ურჩევნიათ. მეღვინეობა და ვენახი აღარავის უნდა. იშვიათად თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ახალი ვაზის ჩაყრას მოინდომებს", - წუხს გიგლა ბორჩხაძე.
მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ცნობილმა მევენახემ ვაჟა გოცირიძემ 5 წლის წინ გიგლა ბორჩხაძის ჩხავერიდან ლერწები აჭრა და ბახვში წაიღო. მისი ხელმძღვანელობით ბახვში ხელახლა დაიბადა სახელგანთქმული ჩხავერის მეურნეობა, რომელმაც მრავალი ჭირ-ვარამი გადაიტანა.
"სტალინი ბახვის ჩხავერს სვამდა. ეს მეურნეობაც მის დროს - 1929 წელს დაარსდა. "უდიპლომო სასიძო" აქ არის გადაღებული. თუ ეს ფილმი გინახავთ, შეამჩნევდით, აქ როგორი მოვლილი ვენახი იყო. სტალინის დროს შეამოწმეს გუდაუთის, ქედის, საჭამიასერისა და ბახვის ნაკვეთებზე გაშენებული ჩხავერის ხარისხი და ყველას ბახვის ჩხავერმა აჯობა", - გვიამბობს80 წელს მიტანებული ბონდიკო დოლიძე - ამ მეურნეობის ცოცხალი მატიანე. მას გული წყდება, რომ რამდენიმე წლის წინ 155 ძირ ხურმაზე ასული ჩხავერის მაღლარები ტრაქტორებით მოთხარეს და მის ნაცვლად თხილის პლანტაცია გააშენეს. უნიკალური მეურნეობა თხილის ბუმმა შეიწირა. 5 წლის წინ კი ეს ტერიტორია (სულ 22 ჰექტარი) შპს "ქართული ორიგინალური ღვინოების" საკუთრებაში გადავიდა. ახალმა მეპატრონეებმა ახლა თხილი ამოთხარეს და მის ნაცვლად 10 ჰექტარზე ჩხავერის ვენახი გააშენეს, ამჯერად – დაბლარი. კომპანიამ პირველი მოსავალი შარშან მიიღო. სულ მალე ბაზარზე ნახევრადმშრალი "ჩხავერი" გამოვა და საზოგადოება თვითონვე შეაფასებს ბახვის ჩხავერის ღირსებებს.
გურიის ვაზის ჯიშების გადარჩენისა და გამრავლების საქმეში ცალკე აღნიშვნის ღირსია ოზურგეთელი ენთუზიასტის, ანდრო ვარშალომიძის დამსახურება. ვარშალომიძის საძმოს შესახებ "მარანი" უახლოეს ნომერში გიამბობთ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


საინტერესოა ძალიან, მაგრამ ნაკაშიძის ჯანი არაა მემგონი გურული ჯანი


გმადლობთ მოხსენიებისთვის! გურიაში ყოფილხართ, ეხლა წავიკითხე ეს სტატია. ეს ალბათ ის ვიზიტია, მე რომ დამირეკეთ და შემდეგ ვერ მობრძანდით. გაზაფხულისთვის ალბათ დავამთავრებ მარანს, და ჩამობრძანდით თუ სურვილი გექნებათ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული