Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაგა მარგველაშვილი - ქართული ღვინის ბაზრის სირთულეები და გამოსავლის გზები მიმდინარე მოვლენების ფონზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უდიდეს დანაშაულთან ერთად, რაც ქვეყანაში ხდება, ბიზნესის არაერთი აღმოჩნდა სექტორი სირთულეების წინაშე. მთლიანად ცივილიზებული სამყარო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და შესრულებას განაგრძობს, ქვეყანა ფინანსური კრახის წინაშეა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ღვინის ექსპორტის თითქმის 60% რუსეთში ხორციელდება, შეუძლებელია მიმდინარე მოვლენებს მთლიანად სექტორზე გავლენა არ მოეხდინა. არსებულ სირთულეებსა და გამოსავლის გზებზე კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელ გაგა მარგველაშვილს ვესაუბრეთ.

- რამდენადაა ქართული ღვინის ბაზარი რუსეთში ექსპორტზე დამოკიდებული? და რა ეკონომიკურ საფრთხეებს შეიცავს იგი?

 დღეს შექმნილი კრიზისი, როგორც უკრაინისა და რუსეთის, ისე ბელორუსიის მდგომარეობასაც ემყარება. თუ შევხედავთ ჩვენ სტატისტიკას, გასული წლის მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის 58% რუსეთში, 12% კი უკრაინაში გადის. ეს ორი ყველაზე მსხვილი ბაზარია, ჯამში 70%-ით. თუ მივუმატებთ ბელორუსიასაც, 75% გამოვა. პრაქტიკულად, ახლა ქართული მეღვინეობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მისი ექსპორტის 75%-ის პოტენციალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

უკრაინაში უდიდესი ტრაგედია ხდება, რაც იმედია მალე დასრულდება. ამის შემდეგ ქვეყანას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება რეაბილიტაციისთვის, მთელი წელი ან უფრო მეტი. გამოდის, რომ ამ ეტაპზე დარგს ეს წილი მოსაძიებელი გვაქვს.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ის რამდენიმე სახის საფრთხეს შეიცავს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ბაზარზე ისეთივე ოპერირებას, როგორიც აქამდე გვქონდა, დავდგებით ორი ტიპის საფრთხის წინაშე: ეკონომიკურის და რეპუტაციულის. მოვლენები რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს, თუკი რუსეთის ბაზარზე ექსპორტი არ შეიზღუდება, წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ღვინო წარუმატებლობისთვისაა განწირული.

წარმოვიდგინოთ, რომ დარგის წარმომადგენლები აგრძელებენ რუსეთში ოპერირებას, ყველაფერი იმის ფონზე რაც ახლა მიმდინარეობს: დარგს დაუდგება რეპუტაციული საფრთხე, რადგან დანარჩენი სამყარო რუსეთის ბაზარს მთელ რიგ სანქციებს უწესებს. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაპოპულარულია. ეს ქართული ღვინის დისკრედიტაციას გამოიწვევს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გარდა, რუსეთის ბაზარი ყოველთვის რისკებთან იყო დაკავშირებული, რაც თავის კულმინაციას აღწევს. ამ ბაზარზე ოპერირება უზარმაზარ ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან არავინ იცის ქვეყანა როდის გახდება გადახდის უუნარო.

- რა შეიძლება კეთდებოდეს საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

- ჩემი აზრით, გარდა დარგის ქცევისა, ძალიან მნიშვნელოვანია დარგის მარეგულირებლის, კერძოდ მთავრობის, პოზიცია. კრიზისიდან გამოსვლის გზას სამი მიმართულებით ვხედავ. პირველი, რუსეთზე არაჯანსაღი, ჭარბი დამოკიდებულების შემცირება. მეორე, აუცილებელია ალტერნატიული ბაზრების მოძიება და ათვისება. მესამე - სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დაფინანსებებზე წვდომა.

სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს რათა ეს დამოკიდებულება, როგორც მინიმუმ, არ გაიზარდოს. ამ ვითარებაში, მოკლე ვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდის რისკი არსებობს, რადგანაც რუსეთს დღეს მთელი რიგი პროდუქტების მიწოდება ეზღუდება. რაც შეეხება ღვინოს, დღეისათვის პრაქტიკულად ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ ღვინის მიწოდება შეზღუდა, გარდა ლათინური ამერიკისა. სავარაუდოა, რომ მათ ბაზარზე სომხური, აზერბაიჯანული, და რუსეთში წარმოებული ღვინოები დარჩება. ეს ქართულ ღვინოზე მოთხოვნას გაზრდის, სანამ ეკონომიკურ კრიზისი არ გაუარესდება. ამიტომ, ეს ჭარბი დამოკიდებულება, რაც დღეს არის, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

არსებობს ფინანსური რისკები, რომ რუსული ბაზარი გადახდის უუნარო გახდება. ყველაზე გონივრული ბაზრის დროებით დაკეტვა მგონია, ამის საშუალება სახელმწიფოს აქვს. რადგან არსებობს პოლიტიკური, განსაკუთრებით კი ფინანსური მიზეზები - კომპანიები რომლებიც გააგრძელებენ ამ ბაზარზე მუშაობას, ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ გასული წლის მაისიდან სახელმწიფომ ხარისხის კონტროლის ახალი მეთოდი შემოიღო, იზომება ბევრი პარამეტრი, მაგალითად, იზოტოპები, მოწმდება სითხის ყურძნისეული წარმოშობა. ეს ხდება შერჩევით, მოწმდება ყოველი მეთხუთმეტე ან მეოცე მანქანა. ამით გადაცდომებიც ვლინდება. ამ კრიტიკულ მომენტში შერჩევა უნდა გაიზარდოს. თუმცა, ეს მხოლოდ რუსეთის ბაზრისთვის თუ იქნება, მაშინ მსგავსი გადაცდომის მქონე პროდუქცია სხვა ბაზრებზე განაწილდება, ამიტომ ხარისხის კონტროლის ეს მექანიზმი მათაც უნდა შეეხოთ.

მეორე მიმართულება ახალი ბაზრების ათვისებაა. მრავალი წელია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო ბიუჯეტიდან თანხას გამოყოფს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს საკმარისი არაა, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ავარიულ ბაზრებზე ამხელა დამოკიდებულება არ გვექნებოდა. 2006 წელს ემბარგოს დაწესების შემდეგ დამოკიდებულება შემცირდა - იმ დროისთვის 90%-ს აჭარბებდა, მაგრამ 60%-ც კრიტიკულად ბევრია.

 უნდა ვაღიაროთ, ამდენი წლის მანძილზე ბაზარზე დამოკიდებულების მინიმიზაცია ვერ მოხერხდა. ამიტომ მიზნობრივი ბაზრების იდენტიფიკაცია და მასშტაბური მოქმედებებია საჭირო. აუცილებელია შემდეგი სტრატეგიული ბაზრების სამიზნეში ამოღება: აშშ, გერმანია, ინგლისი, სამხრეთ კორეა და ჩინეთი, - ჩემი აზრით, მოკლე დროში გადადგმული მასშტაბური ნაბიჯებით შეიძლება შედეგის მიღწევა.

აქაც ორ მიმართულებას გამოვყოფდი: კიდევ უფრო მასშტაბური საიმიჯო კამპანიის წარმოება და ამ ბაზრების სავაჭრო ქსელებთან პირდაპირი მოლაპარაკება. აუცილებელია ქართული ღვინის კატეგორიის თაროების შექმნა, ამისთვის ნაციონალურ ქსელებთან სახელმწიფო მოლაპარაკებებია საჭირო. ამაში, რა თქმა უნდა ქსელები ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვენ, სწორედ ამაზე უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტი. შემდეგ, ტენდერების მეშვეობით, ღირსეული მწარმოებლები შეირჩეს, ვინც ამ მასშტაბურ კამპანიაში მოხვდებიან. შერჩეული ღვინო არამარტო დახლზე გამოჩნდება, პარალელურად საიმიჯო კამპანია მათ გაყიდვებს უზრუნველყოფს. სახელმწიფომ მსგავსი მასშტაბური კამპანია ტურიზმის კუთხით აწარმოა. პანდემიამდე შედეგი ძალიან მკაფიო იყო - ტურისტულ დარგს 2.5 მლრდ შემოსავალი შემოჰქონდა.

მესამე მიმართულება დაფინანსებებზე წვდომაა. კომპანიებს ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდებათ. კრიზისამდე არაერთ კომპანიას ექსპანსიის პროექტები ჰქონდათ. მათი ფინანსირების მეთოდები შეღავათიანი ხერხებითაა გამოსანახი. სახელმწიფოს კრედიტების საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირების გამოცდილება აქვს, რასაც დარგი საკმაოდ კარგად ითვისებდა. ასევე, დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების დაწყებაა შესაძლებელი.

თუმცა, დონორი ორგანიზაციები დახმარებას არ გაგიწევენ თუ არ დაინახეს, რომ რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულება მცირდება. რა დროს იმსახურებ დახმარებას? მაშინ, როდესაც ბაზარი შეზღუდული გაქვს - თუ რუსეთზე ოპერირებას გავაგრძელებთ და კიდევ უფრო გავზარდეთ, რა თქმა უნდა, დონორი ორგანიზაციები ზურგს შეგვაქცევენ.

- არსებულ სიტუაციაში, რისი გაკეთება შეუძლია კერძო სექტორს?

კერძო სექტორი ინტენსიურ დიალოგში უნდა იყოს მთავრობასთან, რათა მათი ნაბიჯები შეთანხმებული იყოს და საერთო მიზნებს ემსახურებოდეს. კერძოდ, სხვა ალტერნატიულ, სტაბილურ ბაზრებზე ადგილის მოპოვების ხარჯზე, მთლიან ექსპორტში რუსეთის წილს ამცირებდნენ.

- როგორია „თბილღვინოს“ დამოკიდებულება რუსული ბაზრისადმი? უკრაინულისადმი? როგორ ცდილობს კომპანია თავის დაზღვევას ეკონომიკური საფრთხისგან?

ჩვენი კომპანიის ექსპორტის 25% მოდის რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე ერთად. ჩვენს შემთხვევაში თითქოს 75% გვაქვს სხვა ბაზრებზე - ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავია, ცოტა აზიის ბაზრებიც, მაგრამ 25%-ის დანაკარგი ძალიან დიდია, რაც საინვესტიციო და ექსპანსიის პროექტების განხორციელებას საფრთხის ქვეშ აყენეს.

- როგორია ქართული ღვინის სექტორისა და უკრაინული ბაზრის ურთიერთდამოკიდებულება? როგორ ხედავთ ამის სამომავლო განვითარებას?

უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. მესმის, როგორც დარგი, რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჩვენ ინტენსიურად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ ქვეყანას, ვისაც რა შეგვიძლია. აქაც მნიშვნელოვანია რომ დარგი გაერთიანდეს, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. როგორც ვიცი ახალი ღვინის ფესტივალზეც იგეგმება მსგავსი აქტივობები. ჩვენ ამ ქვეყანას განვითარებაში უნდა დავეხმაროთ. ბევრ კომპანიას, მათ შორის ჩვენც, წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში. აუცილებელია ქვეყნის რეაბილიტაციაში მხარდაჭერა. მშვიდობა იმედია მალე დადგება, ამის შემდეგ კი ქვეყნის რეკონსტრუქცია იქნება საჭირო. ჩემი აზრით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს უკრაინას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.