Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ღვინის ომმა" გლეხი არ უნდა შეიწიროს!

ლევან ფრუიძე  

ქართული ცივილიზაცია ყანასა და ვენახში იწყება...

საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის მიერ დაწყებული "ღვინის ომის" გამო, ქართული ღვინისათვის ბაზარს მთელ მსოფლიოში ეძებს, ჭირმა თავი არ დამალა და ჩვენთან ღვინის ფალსიფიკაციის შემაშფოთებელი ფაქტები გამოვლინდა. გაირკვა, რომ ხელაღებით ირღვევა კანონი "ვაზისა და ღვინის" შესახებ, რომელიც ყურძნის პროდუქტების შემოტანას კრძალავს. ამ კანონის დარღვევით საქართველოში ასეულ ათასობით ტონა .. "ღვინომასალები" შემოდის, უმრავლესობა ფალსიფიცირებული ღვინის დასამზადებლადაა გამოყენებული. ვაისპეციალისტთა ალქიმიკოსობა იმ დონეზე განვითარდა, რომ მათ ყურძენი უკვე აღარც სჭირდებათ, ყურძნის მომყვანი გლეხი კი დაზარალებული და გაღატაკებული რჩება. ბიზნესმენთა მანტიებით მორგებული მაქინატორები ყოველგვარ კანონს და ზნეობრივ ნორმას ფეხქვეშ თელავენ, სამაგიეროდ დიდძალ ფულს ატრიალებენ და ათეთრებენ. ათასწლეულთა მანძილზე ქართული ღვინის მიერ მოპოვებული საამაყო სახელი დღეს აშკარად იბღალება. მკვეთრი ღონისძიებების გატარების ნაცვლად ჩვენი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ფალსიფიკატორთა ნება-სურვილს ასრულებს და ყოველგვარ კომბინაციას, რომელსაც მათი ჯიბის გასქელება შეუძლია, ხშირად "კანონიერ" სახესაც კი აძლევს.

ასე, რომ დღეს, მესამე ათასწლეულის კვირაძალზე, იკარგება ქართული სახალხო მეღვინეობის ის მრავალათასწლოვანი ცოდნა-გამოცდილება, რისი მეოხებითაც ქართველი ქართველობდა, შინ დაყენებული ღვინით თავს იწონებდა, მტერ-მოყვარეს პასუხს სცემდა, ჭირსა და ლხინს აწესრიგებდა.

საქართველოს მეღვინეობაში კომბინატორთა პარპაში, ეროვნული, ხალხური მეღვინეობის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა საბჭოთა ხელისუფლების წლებში დაიწყო, როცა მევენახეს "მუდმივ სარგებლობაში მიცემული" - საკუთარი ვენახიდან სახელმწიფო ღვინის ქარხანაში, სიმბოლურ ფასად, უკანასკნელი ბიმბილი ყურძნის ჩაბარებას აიძულებდნენ, რათა მაღალხელისუფალთ ჩინ-მედლები და შრომის დაუმსახურებელი გმირობა მიეღოთ, სამაგიეროდ გლეხებს ფალსიფიცირებული ღვინის დასაყენებლად ჭაჭას აძლევდნენ. ეს გახლდათ ქართველი, შთამომავლობითი მევენახე-მეღვინის ეკონომიკური და სულიერი დეგრადაცია. იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებლობის ჟამს ამ ანომალიისთვის თავი დაგვეღწია, მევენახე და საერთოდ მიწათმოქმედი გლეხი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის ანტიეროვნული, ანტიგლეხური კანონმდებლობით დასაქმებას, ელემენტალურ შრომის პირობებს მოკლებულია და საკუთარ საცხოვრისს, საკომლო-საკარმიდამოს კარგავს. სადაც ტრადიციის ძალით გლეხური-საკომლო მეურნეობაში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, გლეხის ნაწარმს, მის მარანში დაყენებულ, პირმშოსავით ნასათუთევ, ღვინოს არავითარი ბაზარი არ გააჩნია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუ ქართველს ვენახი საკუთრებაში არა აქვს და ღვინოს არ აყენებს, არასრულფასოვანი ქართველია, ბოგანოა; მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, ღვინის გარეშე თვით მაღალმთიანეთიც არ რჩებოდა. პური, ღვინო და საქონელი მიწყივ საქართველოს სიმდიდრის და სიძლიერის წყარო იყო, კეთილდღეობის, ეკონომიკის საფუძველი და მამოძრავებელი. საქართველო მთელ კავკასიას და მახლობელ აღმოსავლეთს უმაღლესი ხარისხის პურითა და ღვინით კვებავდა. სოფლის მეურნეობა ხომ ქართველთა არა თუ უმთავრესი საქმიანობა, არამედ თვით ღვთაებრივი ბედისწერაა. დღეს გაუცნობიერებელი მტრის სატანური ზეწოლით, ქართველი ერი მშობლიურ მიწას, მის ძირითად საქმიანობას წყდება და, თუ ასე გაგრძელდა, მიგვაჩნია, რომ კაცობრიობას ქართული ცივილიზაცია საერთოდ დაეკარგება, ეს კი ზოგადსაკაცობრიო კულტურის კრახი იქნება. ქართული ცივილიზაცია ყანასა და ვენახში იწყება, მესაკუთრე მევენახისა და გუთნისდედის გარეშე მიწა მკვდარია.

დაქირავებული შრომა და ახლახანს, ჩვენს თვალწინ უცხო, სარეველასავით ამოსული, რაღაც აბსურდული პლანტატორული მეურნეობანი ქართულ მიწას ვერ გააცოცხლებს. სულ სხვაა კალიფორნიაში, ავსტრალიაში და გინდ ისრაელში გაშენებული ზვრები - ნაყოფი თანამედროვე ინდუსტრიისა. ჩვენს პლანტატორთა გასაგონად ერთხელ კიდევ უნდა განვაცხადო, რომ საქართველოში ეს არ გამოვა, ყოველი ქართველი მიწათმოქმედი ჭეშმარიტ მესაკუთრედ თვითონ უნდა იქცეს და ეს მხოლოდ ქართული ცხოვრების წესის და ეროვნული ტრადიციების აღდგენით განხორციელდება. თუ ამას მივაღწევთ, საქართველოში კვლავ მოხდება "სამეურნეო სასწაული" (ილიასეული ცნებაა), საქართველო აყვავდება. ვინც თანამედროვე ქართულ სოფელს იცნობს, დამეთანხმება, რომ იქ ყოფნა-არყოფნის ცოდვა-ბრალი ტრიალებს. სოფლები ნასოფლარებს დამსგავსებია. მოსახლეობას საკუთაირ გარემოს და თავის მართვის არავითარი უფლება არ გააჩნია. ხალხი ყოველდღიურ პრობლემებთან მარტოდმარტოა. დანიშნული მოხელეები ყოფა-ცხოვრებაზე მხოლოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენენ. ელექტროდენით ყოვლად გაუმართლებელმა მანიპულირებამ მეზობელი მეზობელს გადაჰკიდა. მტრის მიზანი მიღწეულია, მოყვასი მოყვასს ჩაუსაფრდა, უკვე სისხლიც კი იღვრება...

მიწასთან მიწათმოქმედი შიშველი ხელებითაა დატოვებული. ვენახის დამუშავებამ საერთოდ დაკარგა აზრი, წვითა და დაგვით მოყვანილი ყურძენი არავის უნდა. ღვინის ქარხნები თვითონ აწესებენ ფასებს და მევენახეს ჭირნახულში მიზერულ თანხას უხდიან. ახლა "ღვინის ომს" თუ რუსეთის ბაზრის დაკარგვა მოჰყვა, მევენახეს ის თანხაც სანატრელი გაუხდება. ფრიად სამწუხაროა, რომ ვინც ვალდებულია გლეხის გადასარჩენად იზრუნოს, მიწათმოქმედს ოფიციალური და ფარული ბეგარა-გადასახადებით სულს ხდის. განსაკუთრებულ დევნას განიცდიან ისინი, ვინც არახელსაყრელი გარემოს მიუხედავად, მაინც მოღონიერდნენ...

არადა საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ღვინოს გზა დიდმა ილიამ გაუკაფა. მან ჩვეული დამაჯერებლობით დაასაბუთა, რომ ქართული ღვინის მთავარი ღირსება მისი სიწმინდე და ბუნებრიობაა, დღეს კი ამ მრავალათასწლოვან მიღწევას ხელაღებით ვკარგავთ. ჯერ იყო და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული ღვინის ლიცენზიები, რატომღაც, უცხოელებს გადაულოცა. პირველ რიგში "ხვანჭკარა" გაიწირა. ეს ღვინო ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისით მონოგრაფიულად მაქვს შესწავლილი და უფლებამოსილი ვარ განვაცხადო: რიონი რომ დააგუბო და "ხვანჭკარად" ჩამოასხა, რაც "ხვანჭკარის" ეტიკეტით იყიდება, ამისათვის ისიც არ იკმარებს... ნამდვილი "ხვანჭკარის" მოსავალი ხომ ძალიან განსაზღვრულია. ეს უნიკალური ღვინო მხოლოდ თორმეტიოდე სოფელში მოდის და იქაც განსაკუთრებულ ადგილებში. ვინ მოთვლის "ხვანჭკარის" გაყალბებით რამდენი ვიგინდარა მდიდრდება. საუკუნეების სიღრმიდან შთამომავლობით მისი შემქმნელი და მომყვანი გლეხი კი უკიდურესად გაჭირვებულია. ყურძენს მოიყვანს თუ არა, აღვირახსნილი ნადირობა იმართება, თავისთვის ღვინის დაყენებას არავინ ანებებს, ანდა რომ დააყენოს კიდეც, რად უნდა, შინა და გარე ბაზარი წართმეული აქვს. დღემდე მოღწეული "ხვანჭკარა" ყოფნა-არყოფნის კრიზისშია: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მევენახე სახვანჭკაროში შეჭრილი პლანტატორების მარწუხებშია მოქცეული. იქაური სოფელი გაძარცული და გაუბედურებულია. სახნავ-სათესი აღარ გააჩნია, სათიბ-საძოვარი და ტყე. მტრად მოსული პლანტატორები უკანასკნელ მამაპაპურ ვენახს გროშებში ართმევენ. გარდა ამისა, მრავალი ბედისმაძიებელი დაეხეტება, ცდილობენ ძვირფასი სავენახე მიწები ჩალის ფასად ხელში ჩაიგდონ, ისედაც შეთხელებული მკვიდრი მოსახლეობა აყრაზეა. ასეთია ახლანდელი თემურ-ლენგობა და აღამაჰმადხანობა... არავინ ზრუნავს ადგილობრივ მცხოვრებლებს საარსებო პირობები შეუქმნას, მეურნეობა ააწყობინოს და გაამართვინოს. ქვეყნის მარჩენალ საშუალო ფენის შექმნაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია. ხელისუფლება ხშირად იცვლება და ხალხის საჭიროების გააზრება-მოგვარების ნაცვლად პირად მოსახვეჭელზეა გადაგებული, მწარმოებელი მოსახლეობა კი გაზაფხულის თოვლივით დნება.

ნიშანდობლივია, რომ იმის შემდეგ, რაც "ღვინის ომი" დაიწყო, რუსეთში ფალსიფიცირებული "ხვანჭკარის" ჩამოსხმა უფრო გაიზარდა. ამ ღვინოზე მოთხოვნილება იქ ძალიან დიდია, იგი მარტო ყოფაში კი არ არის დამკვიდრებული, არამედ ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში, ტელევიზიაში, საერთოდ ხელოვნების ყველა დარგში. თითოეული ოჯახი ცდილობს საზეიმო შეხვედრა "ხვანჭკარით" აღნიშნოს, ამიტომ ფალსიფიკატორებს განუწყვეტელი რთველი აქვთ, სამწუხაროდ, სახვანჭკარო კი გადაშენების გზაზეა დამდგარი...

ასეა თუ ისე, "ხვანჭკარა" ჯერჯერობით მაინც ცოცხალია, უფრო სწორედ სულთმობრძავია, ლეჩხუმში, "ხვანჭკარაზე" არანაკლები, "უსახელოური" საბჭოთა ხელისუფლების წლებში გარდაიცვალა. მისი აღდგენა-გადარჩენა, ქართულ წესსა და რიგზე, მიწის კერძო საკუთრების დამკვიდრებით შეიძლებოდა, მაგრამ თხუთმეტი წელია პატრონი არ გამოუჩნდა. ასეთ დღეშია ორბელური ოჯალეში და ტვიშური თეთრა, სამეგრელოს ოჯალეში, გურული ჩხავერი და ჯანი; სულკურთხეული ვახუშტი ბაგრატიონის მიერ ქართულ ღვინოთა მეფედ აღიარებული ატენური, ბუდეშური, ჩინური, თავკვერი და შავკაპიტო. დიდი საცოდაობაა ეროვნული მევენახეობა-მეღვინეობის უმთავრეს კერაში დიდებულ კახეთში. იქ პლანტატორები კი აღარ თარეშობენ, არამედ დაფუძნებულები და გალაღებულნი არიან. ღვინის ქარხნებით "დარეგულირებული ფასები" სწორედ მშრომელი მევენახის, მწარმოებლის წინააღმდეგაა მიმართული, შინ დაყენებული ღვინის ბაზარზე გატანა კი "კანონით აკრძალულია", ამიტომ დამოუკიდებლობის წლების ყოველ რთველზე კახელები ჭირნახულ ყურძენს დედაქალაქსა და ხშირად მთელ საქართველოში დაატარებენ - იქნებ გავყიდოთო. თავიანთ მარნებში ღვინის დაყენებას ერიდებიან, ღვინოს ვენახზე ნაკლები მოვლა არ სჭირდება, შრომა წყალში ეყრებათ, ბაზარს ვერ შოულობენ... ხალხურმა მეღვინეობამ საერთოდ დაკარგა აზრი. ახლა, რაც "ღვინის ომი", გაჩაღდა ბუნებრივია, პრესას გულმოდგინედ ვადევნებ თვალს, მაგრამ ხალხური მეღვინეობის დამცველი ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა, პირიქით ზოგიერთი მეღვინე-სპეციალისტი მოითხოვს: "ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, პირველ რიგში დაუფასოვებელი ღვინის რეალიზაციის აკრძალვით უნდა დაიწყოსო. "ჩამოსასხმელი ღვინო მხოლოდ მწარმოებელი კომპანიების საფირმო მაღაზიებში უნდა იყიდებოდეს" (საქართველოს რესპუბლიკა, 2006, # 87, 4 მაისი, გვ. 4). რაღა ლიგაჩოვისეული, ცნობილი "მშრალი კანონი" და რაღა ეს მოთხოვნა. გლეხის ფალსიფიკაცია შაქრის იქეთ არ მიდის, ხოლო მეღვინე-სპეციალისტთა და ღვინის ქარხნების მასშტაბები ამ მხრივ გრანდიოზულია. რამდენიმე წლის წინათ ფეკალური სპირტის გასაღების ფორპოსტად საქართველო იქცა და რუსეთს შეუტია. ჩვენთან მაგარი სასმელების რა ბუმი დატრიალდა, ბავშვმაც კი იცის, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ვინ იცის ცხონებული სარაჯიშვილი საფლავში რამდენჯერ გადატრიალდა.

ვიმედოვნებდი, ვარდების რევოლუციის მესვეურები არსებულ უმძიმეს ვითარებას ეროვნული სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან შეაფასებდნენ. ჩაწიხლული და გაპარტახებული ქართული სოფლის, სოფლის მეურნეობის მდგომარეობას კრიტიკულად გააანალიზებდნენ, ზარალის გამოსწორების და აღმშენებლობის გზებს დასახავდნენ, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ზედაპირული განსჯით, ტრაბახით და ზერელე ინტერვიუებით დანგრეული ქვეყანა არ აშენდება. ახლა "ღვინის ომით" რუსებმა ყურში ხელი წაგვავლეს. სამხედრო მინისტრი ამ ომს ვერ მოიგებს, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი კარდაკარ საწვავის და სასუქის დატარებით, მოსკოვში სირბილით, სადაც გამომწვევად უკეტავენ კარს, ვერაფერს შეცვლის. არ უნდა დაგვავიწყდეს ხალხური ანდაზა - "პური მეპურემ უნდა გამოაცხოს". რაც შეეხება ხალხურ მეღვინეობას, საქართველოში სასწრაფოდ უნდა აღირიცხოს რამდენი მწარმოებელი მევენახე-მეღვინე გლეხია დარჩენილი და მათ მიერ საკუთარ მარანში დაყენებულ ღვინის ფართო ბაზარი უნდა მიეცეს, რა თქმა უნდა, სათანადო დაჭაშნიკება-დეგუსტაციის შემდეგ. სწორედ ეკოლოგიურად სუფთა, ხალხური წესით მოყვანილი ღვინო და პური, სხვა მოსავალი უნდა გაიყიდოს აუქციონის წესით და არა ქართული მიწა...

ვიდრე გვიან არ არის, აგრარული კანონმდებლობა სასწრაფოდ უნდა გადაისინჯოს, რათა ქართული სოფელი და გლეხი, მთლიანად საქართველო, გადარჩეს!

 

© "საქართველოს რესპუბლიკა " # 114, 14 ივნისი, 2006 წელი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული